მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ჭეშმარიტი მწყემსობის არსი და მეთოდები ჩვენს დროში (ნაწილი 1)
ჭეშმარიტი მწყემსობის არსი და მეთოდები ჩვენს დროში (ნაწილი 1)1-08-2018, 00:01 |
ამქვეყნად არაფერია სამწყემსო მსახურებაზე მაღალი, რადგან სამწყემსო მსახურება ყველაზე დიდი და წმიდა საქმის, ადამიანთა სულების ხსნის მსახურებაა. რისგან ხსნისა? ცოდვისაგან, სულის იმ ცოდვიანი წყობისგან, რომლითაც იბადება ქვეყნად ყოველი ადამიანი ჩვენი წინაპრების ცოდვით დაცემის შემდეგ. იმ საუკუნო დაღუპვისაგან, რომლისკენაც მიყავს ადამიანი ცოდვას. ამიტომ უმაღლეს მიზანს ისახავს სამწყემსო მსახურება, - მიზანს, რომელსაც ვერცერთი საქმე ვერ შეედრება. ჭეშმარიტ მწყემსობას ასე განსაზღვრავს დიდი მოციქული წმიდა პავლე თავის ეპისტოლეში ეფესელთა მიმართ (4, 12-13): იგია „დასამტკიცებლად წმიდათა, საქმედ მსახურებისა, აღსაშენებლად გუამისა ქრისტესისა, ვიდრემდე მივიწინეთ ყოველნი ერთობასა სარწმუნოებისასა და მეცნიერებასა ძისა - ღმრთისასა მამაკაცად სრულად, საზომად ჰასაკისა სავსებისა მის ქრისტესისა". ჭეშმარიტი მწყემსობის მთავარი საწინდარი, როგორც წმიდა პავლე მოციქულივე მიუთითებს, თავად მწყემსის პიროვნებაშია, რადგან იგი უნდა იყოს მაგალითი თავისი სამწყსოსათვის ცოდვასთან ბრძოლისას, ქრისტიანული სრულყოფილებისაკენ სწრაფვის დროს: „სახე ექმენ მორწმუნეთა მათ სიტყვითა, სლვითა, სიყუარულითა სრულითა, სარწმუნოებითა, სიწმიდითა" (1 ტიმ. 4, 12). უნაყოფო იქნება მწყემსის ყოვლგვარი ძალისხმევა თავისი სამწყსოს ქრისტიანული სრულყოფილების გზაზე ტარებისას, თუკი მასში არ დაინახავენ ამ მაღალ ქრისტიანული იდეალისკენ სწრაფვას. ღმერთმა ნუ ქნას! ის საწინააღმდეგო, უარყოფით მაგალითს მისცემს მათ: ცოდვასთან ბრძოლის ნაცვლად ცოდვისგან საკუთარი თავის სრული დათრგუნვის მაგალითს. ცოდვასთან ბრძოლა ქრისტიანული სრულყოფილების მისაღწევად - აი, ქრისტიანული ცხოვრების მიზანი; სამწყემსო მსახურების არსია ხელი შეუწყოს, დაეხმაროს ადამიანებს ამ ბრძოლაში, სულიერად უხელმძღვანელოს, მიუთითოს სწორი გზა. ცხადია, ასეთი ხელმძღვანელობისას წარმატების მისაღწევად მწყემსი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი გამოცდილებით უნდა იცნობდეს კარგად ამ მხსნელი ბრძოლის მეთოდებს. კიდევ რა სჭირდება მწყემსს წარმატებული და ნაყოფიერი მსახურებისათვის? პასუხს მივიღებთ ცნება „მწყემსის" ფილოლოგიური გარჩევისას, როგორ გამოიყენება იგი წმიდა წერილის ძველსა და ახალ აღთქმებში. ძველ აღთქმაში სიტყვა „მწყემსი" გადმოიცემა ძველებრაული სიტყვით „როე", „რაა"-ს მიმღეობით, რაც ნიშნავს: „მოხრა", „დახრა", ხოლო საერთო გვარში - დახრა საითკენმე, მიდრეკილების ქონა რაიმესადმი. შემდგომ „რაა" ნიშნავს: სწრაფვა საითკენმე, მიდრეკილების ქონა რაიმესადმი, თვალის დევნება, მოვლა, განსაკუთრებით ფარის. აქედან „როე" - მწყემსი, ადამიანთა მიმართ ზმნა „რაა" შეიძლება ნიშნავდეს: მართვა, დამოძღვრა. თუკი ამ მნიშვნელობებს შევაერთებთ, აღმოჩნდება, რომ მწყემსი არის ახლობელი, თავისი სამწყსოთი ძლიერად დაკავებული ადამიანი, რომელიც ყურადღებითაა მის მიმართ, უვლის, ხელმძღვანელობს და მართავს მას ერთგულებითა და სულიერი კეთილგანწყობილებით. შემთხვევითი არ არის, რომ წოდებით „მწყემსი" მწყემსური ყოფიდანაა ნასესხები და მიუთითებს მწყემსის მოღვაწეობის იმ ნიშანზე, როდესაც მწყემსის ყურადღება მიმართულია ფარის თითოეული ცხვრისაკენ ცალ-ცალკე. აი, რას ამბობს ძველ აღთქმაში წმიდა წინასწარმეტყველი იეზეკიელი სამწყემსო მსახურების არსის შესახებ და ხაზს უსვამს თითოეულ, ცალკეულ სულზე ინდივიდუალური ზრუნვის ამ ნიშანს. „ძეო კაცისაო - ასე ეუბნებოდა თავად უფალი წმიდა იეზეკიელს - წინასწარმეტყველებად მწყემსთა ზედა ისრაილისათა, წინასწარმეტყველებდ და არქუ მწყემსთა: ამათ იტყვის ადონაი უფალი ჰოი, მწყემსნო ისრაილისანო, ნუ აძოებენა მწყემსნი თავთა თვისთა, არა ცხოვართა აძოებენა მწყემსნი; აჰა, სძესა შესჭამთ და მატყლთა შეიმოსთ და პოხილთა დაჰკლავთ, ცხოვართა ჩემთა არა აძოებთ. მოუძლურებული არა განაძლიერეთ, და სნეულნი არა განამრთელეთ, და შემუსვრილი არა შეჰკართ, და ბოროტად მყოფსა არა უსხეულსაქმეთ, და ცთომილი არ მოაქციეთ და წარწყმედული არ მოიძიეთ, და ძლიერი იქმენით შრომით და სიმტკიცით სწუართენით იგინი და ლაღობთ. და განიბნინეს ცხოვარნი ჩემნი არყოფისათვის მწყემსთაითსა და იქმნეს დასაჭმელ ყოველთა მხეცთა ველისათა და განითესნეს და შესცთეს ცხოვარნი ჩემნი ყოველსა ზედა მთასა და ყოველსა ზედა ბორცუსა მაღალსა და პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა, განითენეს ცხოვარნი ჩემნი, და არა იყოს გამომეძიებელი და არცა მომაქცეველი. ამისთვის, მწყემსთა ისმინეთ სიტყუაი უფლისაი: ცხოველ ვარ მე, - იტყვის ადონაი უფალი, არა თუ ქმნისა წილ ცხოვართა ჩემთაისა მხეცთა ველისათა არყოფისაგან მწყემსთაისა, და არ გამოიძინეს მწყემსთა ცხოვარნი ჩემნი, არამედ აძოებდეს მწყემსნი თავთა თვისთა, ხოლო ცხოვართა ჩემთა არა არა აძოებდეს. ამისთვის მწყემსთა ისმინეთ სიტყუაი უფლისა, ამათ იტყვის უფალი: აჰა, მე მწყემსთა ზედა და გამოვიძინე უცხოვარნი ჩემნი ხელთაგან მათთა და დავაცადნე იგინი არამწყსად ცხოვართა ჩემთა; და არა ჰმწყსიდენ მათ მერმე მწყემსნი, და გამოვიხსნე ცხოვარნი ჩემნი პირისაგან მათისა, და არა მერმე იყვნენ მათდა შესაჭმელ" (იეზეკ. 34, 2-10). რა საშინელია უღირს მწყემსთა მიმართ თქმული ღმრთის ეს გაფრთხილება ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში. შემდეგ თავად უფალი მიუთითებს სამწყემსო მსახურების არსზე, რაც თითოეულ, ცალკეულ სულზე მწყემსის ზრუნვას გულისხმობს „და მე ვაძოვნე ცხოვარნი ჩემნი და განუსუენო მათ და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი, - ამათ იტყვის ადონაი უფალი, წარწყმედული გამოვიძიო და შეცთომილი მოვაქციო, და შემუსვრილი შევხვიო და მოუძლურებული განვაძლიერო, და პოხიერი და ძლიერი დავიცვა და ვაძოვნე იგინი მსჯავრისა მიერ" (იქვე 15-16). (გაგრძელება...)
მთავარეპისკოპოსი ამბერკი წიგნიდან „ლიმონარი 2"
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |