მთავარი > მოდერნიზმი, მთავარი გვედის ფოტო > საღვთისმეტყველო მოდერნიზმი

საღვთისმეტყველო მოდერნიზმი


2-01-2021, 00:03

საღვთისმეტყველო მოდერნიზმი

 

   საუკუნის დასაწყისში რუსეთში მოდერნიზმის კიდევ ერთი მიმართულება წარმოიშვება. ამის გამოვლინებაა სახელგანთქმული მღვდლის პავლე ფლორენსკის საღვთისმეტყველო ნაშრომი „სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა", მღვდ. სერგი ბულგაკოვის „ნათელი დაუღამებელი", „ტარიგი ღვთისა" და სხვა, პარიზის სერგის ინსტიტუტის კედლებში, უკვე ემიგრაციაში ყოფნისას დაწერილი საღვთისმეტყველო შრომები.

   საღვთისმეტყველო მოდერნიზმი, უპირველეს ყოვლისა, სოფის - ღვთის სიბრძნის შესახებ სწავლების, ე.წ. „სოფიოლოგიის" ანუ „სოფიანელობის" შექმნაში გამოიხატა.

   მართლმადიდებლური ტრადიცია და ეკლესიის მამები ღვთის სიბრძნის სახელს წმიდა სამების მეორე პირს - ძე ღვთისას, უფალ იესო ქრისტეს, როგორც წმ. სამების ზრახვის აღმსარულებელს, მიაკუთვნებენ.

   მღვდლები პავლე ფლორენსკი და სერგი ბულგაკოვი თავიანთ საღვთისმეტყველო თხზულებებში უფრო სოფიისა და საყოველთაო ერთიანობის შესახებ ვლ. სოლოვიოვის მოდერნისტული შეხედულებებისა და იდეების მემკვიდრეებად მოგვევლინენ, ვიდრე მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების წმიდა მამებისეული ტრადიციის გამგრძელებლებად. სწავლებას სოფიის შესახებ მთავარი ადგილი ეკავა. ვლ. სოლოვიოვის მთელ რელიგიურ ფილოსოფიაში, თავისი სწავლების შექმნისას იგი ცდილობდა ქრისტეანობის სინთეზირებას გნოსტიციზმთან, კაბალისტურ და სხვა მისტიკურ სწავლებებთან.

   ვლ. სოლოვიოვს სოფია ესმოდა ხან როგორც „ქვეყნიერების მფარველი ანგელოზი", ხან როგორც „მარადიული ქალურობა", ხან როგორც „ქვეყნიერების სული".

   სწავლება სოფიის შესახებ ვლ. სოლოვიოვის „სოფიასთან მისტიკური შეხვედრების" სულიერ ხიბლს უკავშირდება, რომლებიც მეორდებოდა მთელი მისი ცხოვრების მანძილზე მეოცე საუკუნის რუსულ ღვთისმეტყველებასა და რელიგიურ ფილოსოფიაში. სოფიანელობით გატაცებას სათავე სწორედ ვლ. სოლოვიოვმა დაუდო. მღვდლები პავლე ფლორენსკი და სერგი ბულგაკოვი თავიანთ შრომებში ცდილობდნენ მართლმადიდებლური ღვთისმეტყველები წმ. მამებისეული ტრადიციის მოდერნიზებას, მასში სოფიოლოგიური სწავლების შეტანას.

   „სოფიის, როგორც ქვეყნიერების სულისა და მარადიული ქალურობის შესახებ ახალი სწავლების" განვითარებისას მღვდ. სერგი ბულგაკოვი წერდა: „ქვეყნიერების საიდუმლო ქალურობაში მდგომარეობს, სამყაროს შექმნა მთელი წმიდა სამების, ყოვლი მისი იპოსტასის მოქმედებაა, რომელიც აღმქმელ არსებას, მარადიულ ქალურობას გადაეცემა, რისი მეშვეობითაც იგი ქვეყნიერების საწყისი ხდება".

   მღვდ. სერგი ბულგაკოვი სოფიას თავის შრომებში „მეოთხე იპოსტასს", „ყოფიერების დედობრივ წიაღს" უწოდებს.

   მღვდ. ს. ბულგაკოვის სოფიოლოგიის საღვთისმეტყველო მოდერნიზმი მართლმადიდებელ ღვთისმეტყველთა მხრივ მძაფრ კრიტიკას წააწყდა. მთავარეპისკოპოსმა სერაფიმე სობოლევმა მას უძღვნა მთელი წიგნი „ახალი სწავლება სოფიის შესახებ". სოფიოლოგიის წინააღმდეგ მართლმადიდებლური მოძღვრების დასაცავად წერდნენ მღვდ. გ. ფლოროვსკი, ვდ. ლოსკი, სტაროგოროდელი მიტროპოლიტი სერგი და სხვები. 1935 წელს მართლმადიდებელმა ღვთისმეტყველებმა მღვდ. სერგი ბულგაკოვის სწავლება სოფიის - ღვთის სიბრძნის შესახებ მავნე და საშიშ სოფიოლოგიურ მწვალებლობად ცნეს.

 

 

 

წიგნიდან „ლიმონარი 2" 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება