მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, წმ. მამათა საგანძურიდან > წმიდა თეოდორე სტოდიელი
წმიდა თეოდორე სტოდიელი17-03-2014, 00:02 |
საერთოდ
წვალებანი მსგავსნი არიან ეშმაკის მიერ დაწნული ჯაჭვისა. ისინი ერთმანეთზე არიან შეჭიდებულნი
და ყველანი ერთ სათავეზე არიან დამოკიდებულნი - უსჯულოებასა და უღმრთოებაზე, თუმცა
კი განსხვავდებიან: სახელებით, დროით, ადგილით, რაოდენობით, ძალითა და მოქმედებით.
ასევე ერთი და იგივე სხეული შედგება არა ერთი, არამედ მრავალი ნაწილისაგან და განსხვავებულია
მათი ერთმანეთზე გავლენა, ძალა, თვისებები, დამოკიდებულებები და მნიშვნელობა (წერილი
ნოვკრატის - სულიერ შვილს [20, გვ. 286]).
* * * თუნდაც იგი მამა იყოს შენი, თუნდა დედა, თუნდა ძმა ან სხვა ვინმე სიკვდილამდე წვალებასთან ერთობაში მხილებული, იგი არ უნდა იქნეს მოხსენიებული წირვაზე; არამედ თითოეულ ადამიანს შეუძლია ილოცოს ასეთებზე თავის გულში და გასცეს მათ სახელზე მოწყალება. როგორ შეიძლება ის, ვინც სიცოცხლეში მწვალებელთა თანაზიარი იყო და ასეთ მდგომარეობაში მიაბარეს მიწას, შეტანილ იქნეს მოსახსენებელში მართლმადიდებელთა მღვდელმსახურებისას? (სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტა [20, გვ. 633]).
* * * უწინდელ დროში მადლმა გამოირჩია ისინი, ვინც არჩეულ იქმნენ მოწამეთა რიცხვში. საუკუნეთა განმავლობაში გამოჩნდებიან ხოლმე მოწამეები; მაგრამ ქრისტემ ბრძანა „უნებლიაითცა მომავალ არიან საცთურნი" (მათე 18.7), რათა რჩეულნი მზესავით გაბრწყინდნენ, ხოლო ღვარძლი წარმოსდგეს, როგორც წყვდიადი. ჰოი, ძმანო, ამ ბოროტსა და გამრუდებულ მოდგმაში ვიყოთ როგორც მნათობნი, მწვალებლობის წყვდიადში მანათობელნი, რამეთუ ქრისტემ გამოგვირჩია ჩვენ თავისი დღესასწაულისათვის, მართლმადიდებლობის სადიდებლად, რათა როგორც ძველები ჩვენთვის, ასევე ჩვენც მომავალ თაობათათვის აღმოვჩნდეთ სიმტკიცედ და მაგალითის მიმცემად, და ქრისტეს მოსვლის დღეს ვდღესასწაულობდეთ. (წერილი ძმას, მთავარეპისკოპოს იოსებს [20, გვ. 811]).
* * * დღეს სხვაგვარი, მწვალებლური ბრძოლაა განფენილი მთელ ქვეყანაზე; თუ გნებავთ გადახედეთ გონების თვალით და დაინახავთ მთელ ცისქვეშეთს, ამ ბრძოლაში დაჭრილებით ავსებულს; რადგანაც არა მარტო მწვალებლებს, არა მარტო მემრუშეთა, მსიძველთა და მსგავსი უწესობის მოქმედთა მიითვალავს გველი თავის სამფლობელოში, არამედ იმათაც, ცინც განურჩევლად ეხება ასეთებს და შედის მათთან ურთიერთობაში, რამეთუ უტყუარია სიტყვა: „რომელი შეეხოს ფისსა, გაშავდეს და რომელი ეზიაროს ამპარტავანსა, მიემსგავსოს მას" (ზირ. 13.1; [27, გვ. 444]).
* * * იტყვის უფალი, ვითარმედ: „გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ" (მათე 10.5). ესე მცნებაი დავიმარხოთ მწვალებელთა მიმართ და ნუ შევალთ ეკლესიათა მათთა, და ნუცა სახლთა მათთა, არამედ სადაცა იყოს ძე მშვიდობისა და თესლი ღმრთის-მსაურებისა, მუნ სავანე ვჰყოთ, და მიერ გამოვიზარდნეთ, ვითარცა წინანდელთა მათ ჟამთა. ვეკრძალნეთ მჩემებელთაგან ჭეშმარიტებისათა, რომელნი უწოდებენ თავთა თვისთა წინამძღურად და არა არიან წინამძღუარნი, არამედ მაცთურნი და გონებაცთომილნი, რომელთა სასჯელი ცხად არს. დავიცვათ სარწმუნოებაი მიუდრეკელად და ცხორებაი შეუგინებლად, და ნუ განვყურნით ერთსა ერთითა, არამედ ორ-კერძოვე ვიქმნნეთ სრულ და უვნებელ (საკითხავი დიდი მარხვის პირველი კვირიაკის შაბათის მწუხრზე, მართლმადიდებლობის ზეიმზე. „რათა მხნედ და მტკიცედ ვიყუნეთ მართალსა შინა სარწმუნოებასა" [6, გვ. 168]). უკან დაბრუნება |