მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > „წარვწყმიდო სიბრძნე იგი ბრძენთა“ - ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

„წარვწყმიდო სიბრძნე იგი ბრძენთა“ - ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი


24-07-2018, 00:03

 

   „რამეთუ სიტყუაი იგი ჯუარისაი წარწყმედულთა მათთვის სიცოფე არს, ხოლო ჩუენ ცხოვრებულთა ამათთვის ძალ ღმრთისა არს, რამეთუ წერილ არს წარვწყმიდო სიბრძნე იგი ბრძენთაი, და მეცნიერებაი იგი მეცნიერთა შეურაცხ-ვყო" (1 კორ. 1; 18, 19).

   ყოველი უსჯულო ბრძენი წარწყმდება, ამას პავლე მოციქული ასაბუთებს ესაია წინასწარმეტყველის სიტყვებით (ესაია 29; 14). ამქვეყნიურ სიბრძნეში არ არის ჭეშმარიტი გონიერება, უფრო მეტიც, იგი არ არის სიბრძნე. მრავალს საკუთარი თავი მეცნიერად და სწავლულად მიაჩნია, ღმერთი კი უარყოფს მათ მეცნიერებას.

   „სადა არს ბრძენი? სადა არს მწიგნობარი? სადა არს გამომეძიბელი ამის სოფლისაი? ანუ არა განაცოფაა ღმერთმან სიბრძნე იგი ამის სოფლისა?" (1 კორ. 1; 20).

   მოციქული ელინთ აფრთხილებს სიტყვებით: „სადა არს ბრძენი" ანუ ფილოსოფოსი, ასევ იუდეველთ: „სადა არს მწიგნობარ", ხოლო გამომეძიებელი ამის სოფლისა უწოდა მათ, ვინც ყველაფერს საკუთარ გამოკვლევასა და ბრძნობაზე აფუძნებს. არა ერთმა რომლიმე მათგანმა, არამედ უბრალო მეთევზეებმა გამოგვიყვანეს უმეცრების უკუნეთიდან ასე - ინება ღმერთმა, მათი სიბრძნე კი განაცოფა უფალმა, რამეთუ ვერც ერთმა ვერ მიაკვლია ჭეშმარიტებას, თუმცა კი იჩემებდნენ ამას.

   „რამეთუ ვინაითგან სიბრძნითა მით ღმრთისაითა, ვერ იცნა სოფელმა სიბრძნითა თვისითა ღმერთი, ჯერ-იჩინა ღმერთმან ქადაგებითა მით სისულელისაითა, ცხორებაი, მორწმუნეთაი მათ". (კორ. 1. 1; 21). რადგანაც სოფელმა საკუთარი სიბრძნით ვერ შეიცნო შემოქმედი, ღმერთმა სათნო-იჩინა მორწმუნენი მარტივი ქადაგებით გადაერჩინა, რომელიც ამა სოფლის ბრძენთ სისულელედ მიაჩნდათ, სინამდვილეში კი უდიდესი სიბრძნე იყო. ელინებს მოძღვრად ქმნილება ჰყავდათ, თავად ყოველი ქმნილების შემოქმედი კი ვერ შეიცნეს, რადგანაც მჭერმეტყველებაში ეძიებდნენ სიბრძნეს.

   „ვინაითგან ჰურიანიცა სასწაულსა ითხოვენ, და წარმართნი სიბრძნესა ეძიებენ, ხოლო ჩუენ ვქადაგებთ ქრისტესა ჯუარ-ცმულსა: ჰურიათა სამე საცთურ და წარმართთა სისულელე" (1 კორ. 1, 22, 23).

   ჰურიათათვის საცთურს, ჯვარცმის საიდუმლოს ელინები დასცინოდნენ როგორც სისულელეს, რადგანაც ქადაგება ჯვარზე, რწმენით არის შემკული და არა რიტორიკით, რომელზეც ისინი იყვნენ მიჯაჭვულნი.

   „რამეთუ სულელი იგი ღმერთისაი, უბრძნეს კაცთა არს, და უძლური იგი ღმერთისაი უძლიერეს კაცთა არს" (1 კორ. 1; 25).

   ჯვარს ფილოსოფოსნი უგუნურებად რაცხავდნენ, სინამდვილეში კი თავად იყვნენ დაკავებულნი უსარგებლო საგნებით, ხოლო ჯვარმა კაცთა მოდგმა გადაარჩინა.

   „რამეთუ სულელნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან, რაითა არცხვინოს ბრძენთა, და უძლურნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან, რაითა არცხვინოს ძლიერთა" (1 კორ. 1; 27).

   მართლაცდა ელინთათვის უდიდესი სირცხვილი იყო იმის დანახვა, რომ უბრალო მეთევზურნი და ხელოსანნი აღემატებოდნენ მათ სიბრძნეში.

   „ხოლო სიბრძნესა ვიტყვით სრულთა მათ მიმართ, ხოლო სიბრძნესა არა ამის სოფლისასა, არც მთავართა მათ ამის სოფლისათა, რომელნი განქარვებად არიან" (1 კორ. 2, 6).

   ის, რასაც ფილოსოფოსნი უგუნურებას ეძახდნენ, სინამდვილეში ჭეშმარიტი სიბრძნეა. მოციქული სრულებს უწოდებს მორწმუნეებს, რამეთუ მათ მოიძულეს ყოველივე ამქვეყნიური და ზეციურისაკენ მიილტვიან. სიბრძნეს ამის სოფლისას - არქმევს გარეშე სიბრძნეს, რამეთუ ის დროებითია და ამქვეყნიურ ცხოვრებასთან ერთად მთავრდება.

   „რომელსაცა - ესე ვიტყვით არა სწავლულებითა კაცობრივისა სიბრძნითა სიტყუათაითა, არამედ სწავლითა სულისა წმიდისაითა, სულიერთა სულიერად შევატყუებთ, ხოლო მშვინვიერი კაცი არა შეიწყნარებს სულსა ღმრთისასა, რამეთუ სიცოფე უჩნნ მას; და ვერ შემძლებელ არს ცნობად, რამეთუ სულიერად განიკითხვნინ" (1 კორ. 2; 13, 14).

   ჩვენ, ამბობს მოციქული, აღმატებული სიბრძნე მოგვეცა ელინელ ფილოსოფოსთაგან განსხვავებით, რამეთუ მათ ადამიანთაგან ისწავლეს, ჩვენ კი სული წმიდითა ვართ განბრძნობილნი. მშვინვიერი კაცი ისაა, ვინც ფიქრობს, რომ არ სჭირდება შეწევნა ღმრთისა, არც რწმენა მისი. რისი დამტკიცებაც ლოგიკით შეუძლებელია, უგუნურებად მიაჩნია. ამრიგად, ის ვინც ფიქრობს, რომ ყველაფერი ბუნებრივი კანონებით ხდება და ზებუნებრივს უარყოფს - მშვინვიერად იწოდება.

   „ნუვინ თავსა თვისსა აცთუნებნ: უკუეთუ ვისმე ბრძენ ჰგონიეს თავი თვისი თქუენ შორის ამას სოფელსა, სულელ იქმენინ, რაითა იყოს იგი ბრძენ. რამეთუ სიბრძნე ამის სოფლისა სიცოფე არს წინაშე ღმრთისა, რამეთუ წერილ არს: რომელმან შეიპყრნის ბრძენნი სივერაგითა მათითა" (1 კორ. 3; 18, 19).

   საღმრთო სიბრძნის შესაძენად ამქვეყნიური სიბრძნის უარყოფაა აუცილებელი - ბრძანებს პავლე მოციქული, უფრო მეტიც, მას არ უთქვამს „განაგდე", არამედ თქვა „სულელ იქმენ", რაც გაცილებით უფრო მეტია და ნიშნავს ბრძნობას არა თავით თვისით, არა საკუთარ აზრებზე დაყრდნობას, არამედ ვითარცა ცხოვარისაგან მწყემსის მორჩილებას. „სიბრძნე ამის სოფლისა" - არათუ ხელს უწყობს საღმრთო სიბრძნის შეძენას, არამედ ხელს უშლის მას, რამეთუ ამა სოფლის სიბრძნეს ქედმაღლობა, და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა ახასიათებს, ამით კი საღმრთო სწავლების უარყოფამდე მივდივართ. ამიტომ გარეშე სიბრძნის მქონენი ვითარცა სულელნი და უგუნურნი შეიქმნებიან ღმრთისაგან სულიერი თვალსაზრისით. „რომელმან შეიპყრნის ბრძენნი სივერაგითა მათითა" - მოჰყავს იობის წიგნიდან, რათა გვიჩვენოს უმწეობა კაცობრივი სიბრძნისა. ღმერთი ვითარცა სულელთ, ისე გამოაჩინებს ამა სოფლის ბრძენთ. მიუხედავად მათი განსწავლულობისა და მოხერხებულობისა, ისინი მხილებულნი არიან სიბრიყვეში და უგუნურებაში. მაგალითად: ისინი ფიქრობდნენ, რომ ღვთის გარეშეც ყველაფერს მიაღწევდნენ, მაგრამ საქმემ გამოაჩინა, რომ ცოდნამ და სიტყვის ხელოვნებამ არანაირი სარგებელი არ მოუტანა მათ. მიუხედავად თავიანთ განსწავლულობისა და მჭერმეტყველებისა, რის გამოც საკუთარ თავს ფილოსოფოსნი ყოვლისმცოდნეებად თვლიდნენ, ისინი აბსოლუტურად უმეცარნი აღმოჩნდნენ ყველაზე მნიშვნელოვანში და ბევრად უფრო გაუნათლებელნი, ვიდრე მეთევზეები და მეტყავეები.

   „და კუალად იტყვის: უფალმან უწყის ზრახვანი ბრძენთანი რამეთუ არიან ამაო" (1 კორ. 3; 20).

   პავლეს მოჰყავს ფსალმუნის სიტყვები და ამხილებს კორინთელთ: თუკი უფალი გვმოძღვრავს, რომ კაცთა ყოველი ბრძნობა ამაოა და უსარგებლო, რამეთუ მათში არაფერია აუცილებელი და მაცხოვნებელი. მაშ, რატომღა განარისხებენ ისინი (კორინთელნი) ღმერთს და ფუჭად ჰკარგავენ დროს უსარგებლო სწავლებათა გამოძიებით.

 

 

წიგნიდან „ლიმონარი 2" 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება