მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > წერილი №54 - წმიდა ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
წერილი №54 - წმიდა ეგნატე (ბრიანჩანინოვი)30-08-2018, 00:03 |
მშვენიერია თქვენი სურვილი - გამოცდილი მოძღვრის სრულ მორჩილებაში ყოფნა. მაგრამ ჩვენს დროში აღარ არის ეს ღვაწლი - არათუ ერში, არამედ მონასტრებშიც კი. აზროვნებისა და ნების მოკვდინება არ ძალუძს მშვინვიერ კაცს რაგინდ კეთილი და სათნო არ უნდა იყოს თავისთავად ეს კაცი. ამ საქმისთვის აუცილებელია მადლმოსილი მამა: მხოლოდ მას ძალუძს მოწაფის სულის ხედვა, მხოლოდ იგი ჭვრეტს, საიდან საით მიემართებიან სულიერი მისწრაფებანი წურთვნილში. მოწაფე მოვალეა საკუთარი სინდისის სიწმინდისათვის ზუსტად და დაწვრილებით აღიაროს თავისი გულისთქმები, მაგრამ მოძღვარი მოწაფის სულიერი მდგომარეობის შეფასებისას ამ აღსარებით როდი უნდა ხელმძღვანელობდეს, იგი სულიერი ხედვით უნდა ჩაწვდეს მოწაფის სულს და აუხსნას მისი მდგომარეობა. ასე იქცეოდნენ პახუმი დიდი, თეოდორე განწმენდილი და ბერ-მონაზონთა სხვა წმიდა მასწავლებლები. „მამხილე, მამაო!" - სთხოვდნენ თეოდორე განწმენდილს მისი მოწაფეები, და იგიც, შთაგონებული სულითა წმიდითა, თვითოეულს გამოუცხადებდა მათში დაფარულ სულიერ წყლულებს. ეს დიდი მამები „მონაზვნურ მორჩილებას" სული წმიდის განსაკუთრებულ ნიჭად მიიჩნევდნენ, ამას ამოწმებს მათი თანამედროვე, ღირსი კასიანე. მორჩილება „სასწაულია რწმენისა", და მისი აღსრულება მხოლოდ ღმერთს ძალუძს. ამიტომაც სჩადიოდნენ ამ სასწაულს მარტოოდენ ის ადამიანები, რომელთაც ნიჭი მორჩილებისა ზეგარდამო ჰქონდათ მომადლებული. მაგრამ როდესაც კაცნი განიზრახავენ საკუთარი ძალისხმევით მიაღწიონ იმას, რასაც მხოლოდ ღმერთი იძლევა, მაშინ მათი შრომა ფუჭია და ამაო, ისინი ჰგვანან სახარებაში ნახსენებ მშენებლებს, რომლებმაც შესაფერისი მასალის გარეშე წამოიწყეს სვეტის შენება. ყველა გამვლელი, ანუ დემონები და ვნებები, სასაცილოდ აიგდებს ამგვარ მშენებლებს, რამეთუ ერთი შეხედვით ისინი კეთილ საქმეს სჩადიან, სინამდვილეში კი მწარედ ტყუვდებიან, საკუთარ ვნებებს ემონებიან და ეშმაკის ნებას მისდევენ. მრავალს ეგონა, მოძღვრის მორჩილებაში ვიმყოფებიო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საკუთარ ჟინს იკმაყოფილებდნენ და გულის განხურვებით იყვნენ ცთუნებულნი. ბედნიერია იგი, ვინც სიბერეში მაინც მოასწრებს სინანულის ცრემლის ჩამოგდებას სიყრმის გატაცებების გამო. ბრმა წინამძღოლება და მათ მიმდევრებზე ბრძანა უფალმა: „ბრმაი ბრმასა თუ წინა-უძღვინ, ორნივე მთხრებელსა შთაცვივიან" (მთ. 15, 14). სხვაგვარი ღვაწლი ხვდა წილად ჩვენს დროს, შეერთებული მრავალ სიძნელესა და წინააღმდეგობასთან. მოგზაურობა გვიხდება არა დღისით, მზის სინათლეზე, არამედ ღამით, მთვარის და ვარსკვლავების მკრთალ შუქზე, სახელმძღვანელოდ მოგვეცა წმ. წერილი - ამას პირდაპირ ამბობენ ბოლო დროის წმ. მამები. საღმრთო წერილით ხელმძღვანელობისას სასარგებლოა ჩვენთა მოყვასთა რჩევებიც, იმათი, ვინც თვითონ ცხოვრობს მამათა ნაწერების მიხედვით. ნუ იფიქრებთ, თითქოს ჩვენი ღვაწლი მოკლებული იყოს მწუხარებებსა და გვირგვინებს - არა! იგი მოწამეობასთანაა შეერთებული. ეს მოწამობა ჰგავს ლოთის ტანჯვას სოდომში: მართალი ლოთის სული იტანჯებოდა გარშემო გამეფებული გაუთავებელი და დაუოკებელი მრუშობით. ჩვენც ვიტანჯებით, ყოველი მხრიდან გარემოცულნი ადამიანებით, რომლებმაც უღალატეს ჭეშმარიტებას, ცოდვილი კავშირით შეეკრნენ სიცრუეს, შეიძულეს ღმრთივ შთაგონებული წმ. წერილი, ჯოჯოხეთური ლანძღვა-გინება, ცილისწამება და დაცინვა დაატეხეს მას. ჩვენი ღვაწლი სათნოეყოფა ღმერთს: მის სასწორზე აწონილი ჩვენი უძლურებაც, შესაძლებლობებიც, გარემოებებიც, და თვით ჩვენი დროც. ერთ დიდ მამას ასეთი გამოცხადება ჰქონდა: იხილა ამსოფლიური ცხოვრება ზღვის სახით. ძველი დროის მოღვაწეებს ცეცხლოვანი ფრთები მიეცათ და მათ ელვასავით გადაუარეს ვნებათა ზღვას. ბოლო დროის მოღვაწეებს ფრთები არ მიეცათ, ისინი ზღვის პირას ისხდნენ და ტიროდნენ. მაშინ მათაც უბოძეს ფრთები, მაგრამ ცეცხლოვანი კი არა, სხვაგვარი, სუსტი. მათაც დაიწყეს ზღვის გადალახვა, მაგრამ რადგანაც ძლიერი ფრთები არ გააჩნდათ, ხშირად ცვიოდნენ წყალში, ძლივსძლივობით აღწევდნენ თავს ტალღებს და ფრენას განაგრძნობდნენ. ბოლოს, მრავალი გაჭირვებითა და დიდი წვალებით, ნაპირს მიაღწიეს. ნუ მივეცემით სასოწარკვეთილებას. განუსჯელად ნუ მოვინდომებთ თავს ვიდოთ დიდი მოღვაწეობა, რომელიც აღემატება ჩვენ ძალებს, მოწიწებით მივიღოთ მცირე ღვაწლი, თითქოსდა ხილულად რომ გვაძლევს ღმერთი: სწორედ ისაა ჩვენი უძლურების შესაფერი. აღვასრულოთ ეს ღვაწლი წმ. ჭეშმარიტების ერთგულებით და ამა სოფლის ხმაურიანი, უზარმაზარი ბრბოდან, რომელიც ფართო და ვრცელი გზით მიჰყვება რაციონალიზმს, გადავიდეთ ეკლესიის და წმ. მამების მორჩილების ვიწრო გზაზე, რომელიც ღმერთისაკენ მიდის. ცოტანი მიდიან ამ გზით: მერე რა! უფალმა ბრძანა: „ნუ გეშინინ მცირესა მაგას სამწყსოსა, რამეთუ სათნო-იყო მამამან თქუენმან ზეცათამან მოცემად თქუენდა სასუფეველი. შევედით იწროისაგან ბჭისა, რამეთუ ვრცელ არს ბჭე და ფართო არს გზაი, რომელსაც მიჰყავს წარსაწყმედელად, და მრავალნი ვლენან მას ზედა. ვითარ-იგი იწრო არს ბჭე და საჭირველი გზაი, რომელი მიიყვანებს ცხოვრებასა. და მცირედნი არიან, რომელნი ჰპოვებენ მას". (ლკ. 12, 32; მთ. 7, 13-14).
წიგნიდან „ლიმონარი 2"
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |