მთავარი > წმიდათა ცხოვრება, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > საქართველოს ზეციური მფარველები - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 3)

საქართველოს ზეციური მფარველები - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 3)


27-07-2018, 00:03

საქართველოს ზეციური მფარველები - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 3)

 

 

 

   ჯალალ-ედ-დინმა ბრძოლის ველზე სძლია საქართველოს ჯარს და ამის შემდეგ სხვა რამ ჩაიფიქრა: ქრისტეს ძლევა. მას სურდა სულიერად გაენადგურებინა საქართველო, მუსლიმანურ სახანოდ ექცია იგი და ქართველებისთვის ქრისტეს უარყოფა და ისლამის მიღება აეძულებინა.

   მაგრამ თბილისი მტერს ჯერ კიდევ უწევდა წინააღმეგობას, ისნის ციხესიმაგრეში შეკრებილი იყო ჯარი, რომელსაც ბოცო წინამძღოლობდა. მეომრებმა ფიცი დადეს, რომ მოკვდებოდნენ და მტერს არ დანებდებოდნენ. ციხე შიგნიდან ტყდება, ისნის ციხეში კი მოღალატეები არ იყვნენ. ამიტომ ჯალლ-ედ-დინის მცდელობები მისი აღებისა წარუმატებელი იყო. გარნიზონი მაშველ ჯარს მოელოდა, ის კი არ ჩანდა. ბოლოს რუსუდან დედოფალმა გამოგზავნა წერილი, რომელშიც ჯარს უბრძანებდა, დაეთმო ციხესიმაგრე. მხედრიონი მის ბრძანებას უნდა დამორჩილებოდა. ხორეზმელებთან მოლაპრაკების მიხედვით, ქართელ მეომართა რაზმმა ქალაქი ისე დატოვა, რომ იარაღი არ ჩაუბარებია მტერისთვის და საბრძოლო დროშები არ დაუხრია.

   ამის შემდეგ ჯალალ-ედ-დინს თავისუფლად შეეძლო დიდი ხნის ჩანაფიქრის ასრულება. მან თბილისელებს უბრძანა, ისნის მხრიდან წასულიყვნენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მეჩეთის მიმართულებით. სიონის ტაძრიდან გამოიტანეს მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები და ხიდზე დააწყვეს. ვინც ქრისტეს განუდგებოდა, მისი უარყოფის ნიშნად ხატებისთვის უნდა მიეფურთხებინათ და მას სიცოცხლეს შეუნარჩუნებდნენ. მათ, ვინც ჩუმად გაივლიდა ან ხატების წინაშე პირჯვარს გამოისახავდა, თავებს ჰკვეთდნენ, მახვილით განგმირავდნენ, ლახვრებზე წამოცმულებს მაღლა სწევდნენ და ხიდიდან ყრიდნენ. მტკვარი უზარმაზარ სასაფლაოდ იქცა. ისინი, ვინც ქრისტეს უარყოფაზე დათანხმდებოდა, ხორეზმელებს მეჩეთში უნდა მიეყვანათ, რათა მათ ყურანის პირველი სურა წარმოეთქვათ იქ, მამაკაცები კი წინადაცვეთაზე უნდა დათანხმებულიყვნენ. მაგრამ მეჩეთის ეზო თითქმის ცარიელი აღმოჩნდა.

   დავით აღმაშენებლის დროს ქართველებმა ომით დაიბრუნეს თბილისი და მუსლიმანები კი არ განდევნეს დედაქალაქიდან, არამედ ძმურად ექცეოდნენ მათ. დავითმა მათ შეღავათები და პრივილეგიებიც კი მისცა, ანგარიშს უწევდა მათ ჩვეულებებს და თბილისში მუსლიმანი პოეტების სასახლე ააშენა, რომლის სადარი შენობა არც შემახაში იდგა და არც განჯაში. ახლა კი ისინი ქართველებს იმით უხდიდნენ სამაგიეროს, რომ გულს უწერტდნენ ქვეყანას, რომელმაც ისინი შეიფარა. ქართველი მეფეები მუსლიმანურ სკოლებსა და მეჩეთებს არ ანგრევდნენ თბილისში, ახლა კი ამ მეჩეთებში ქართველები ქრისტეს უნდა განდგომოდნენ სიკვდილის შიშისაგან. ადამიანმა მგლის ლეკვი გამოზარდა თავის უბეში. ის კი გაიზარდა, მგლად იქცა და მას მეგობრობა კი არ გაუწია, არამედ უეცრად მივარდა და ღრღნა დაუწყო, რათა თავისი მარჩენალის სისხლითა და ხორცით გამაძღარიყო და თითქოს სისხლიანი ნადიმი მოეწყო მისსავე სახლში.

   ჯალალ-ედ-დინმა სიონის ტაძრის გუმბათი მოაშლევინა, მის ნაცვლად თავისი ტახტი დადგა სიონის თავზე და იქიდან უმზერდა ქრისტიანების დასჯას. ბრძოლის ველზე მეომრის სიკვდილი დამარცხებაა, ხოლო ქრისტესთვის სიკვდილი სულიერი ბრძოლის ველზე - გამარჯვება. მთელი თვის განმავლობაში გრძელდებოდა საქართველოს ისტორიაში არნახული ხოცვა-ჟლეტა. პირველი ბრძოლა ჯალალ-ედ-დინმა მოიგო, მაგრამ მეორე ბრძოლა, რომლიც თავის ტრიუმფად უნდოდა ექცია, წააგო. თბილისელ მოწამეთა გმირობა სამაგალითო გახდა მთელი ქვეყნისთვის და შემდგომი თაობებისთვის, ხოლო ჯალალ-ედ-დინის მიერ ჩადენილმა ურიცხვმა ბოროტმოქმედებამ, იგი უმოწყალო მხეცად გამოაჩინა მუსლიმანური სამყაროს წინაშეც კი. მისი სამხედრო გამარჯვება საქართველოზე პირველი და უკანასკნელი იყო მისთვის. შემდგომში მას უიღბლობა, წარუმატებლობა და მარცხი სდევდა თან. იგი არა მარტო საქართველოს მოევლინა შემმუსვრელ მახვილად, არამედ მუსლიმანურ სამყაროსაც ჭირად და უბედურებად დაატყდა თავს. ჯალალ-ედ-დინის მეომრებმა სამუსლიმანო მტრულ ბანაკებად დაყვეს, მას ძალ-ღონე გამოაცალეს, ძლიერი მოკავშირე დაკარგეს საქართველოს სახით. ამიტომ მონღოლებმა იხილეს არა ძლიერი კავშირი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისა, არამედ სისხლისგან დაცლილი სახელმწიფოები, რომელთა დაპყრობაც ძნელი არ იყო. მუსლიმანური სასულთნოები ერთიმეორის მიყოლებით ემხობოდა. თავლაფდასხმულმა, ყველასგან მიტოვებულმა ჯალალ-ედ-დინმა, ქრისტიანებიცა და მუსლიმანებიც რომ შეაჩვენებდნენ, გაქცევით უშველა თავს. ის ქურთისტანის მთებში ეძებდა თავშესაფარს. მაგრამ იქ მას შეხვდა ქურთი მწყემსი, რომელიც მოიხიბლა მისი ძვირფასი ქამრით და, მძინარე, სიცოცხლეს გამოასალმა. ავაზკმა მოკლა ავაზაკი. აღმოსავლეთის მბრძანებლობის მსურველი ერთმა უბრალო მწყემსმა ჩაახრჩო ქოფაკივით.

   საქართველოს ძალა აღარ შესწევდა მონღოლების წინააღმდეგ ახალი ძალების გამოსაყვანად, ახალი დამპყრობლები კი არანაკლებ ულმომბელი აღმოჩნდნენ, ვიდრე მათი წინამორბედები. მთელ ქვეყანაში დაძრწოდნენ ისინი, დათარეშობდნენ, ადამიანებს ძარცვავდნენ და აკვდინებდნენ, ტაძრებს ანგრევდნენ და მასში მღვდლებსა და ბერებს წვავდნენ.

   მყოვარჟამიერი ღამე და წყვდიადი ჩამოწვა საქართველოზე. ქვეყანა თითქოს დაქცეული იყო და იმედი აღარსად ჩანდა. მაგრამ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია. მოხდა სასწაული, ქვეყანა აღდგა, აღემართა და ისტორიის გრძელი ღამე გათენდა.

   ისანი თბილისის აკვანია. აქედან დაიწყო ქალაქის გაშენება და მისი კედლები უფრო და უფრო შორს გადაჰქონდათ. აქ იდგა თამარის ერთ-ერთი სასახლე და ეკლესია, რომელშიც იგი ლოცულობდა ომების წინ. ამ ადგილზე საქართველომ ღმერთს შესწირა ყველაზე დიდი მსხვერპლი - სისხლი ასი ათასი მოწამისა, რომლებიც ქრისტეს არ განუდგნენ. აქ მიწის ყოველი მტკაველი მოწამეთა სისხლითაა გაჟღენთილი, ყოველ ქვაშია გამჯდარი მათი მართალი სისხლი. მიწის წიაღი აქ ქრისტეს უსახელო მოწამეთა ძვლების კიდობანს ჰგავს; მდინარე მტკვარი აქ იორდანეს ემსგავსება. ეს ადგილი წმინდა უნდა იყოს ყოველი ქართველისთვის, თბილისში მცხოვრები ყოველი ქრისტიანისთვის, მათთვის, ვისაც არ დაუვიწყებია თავისი სამშობლოს ისტორია და თავისი სარწმუნოება ოცდაათ ვერცხლად არ გაუყიდია იუდასავით.

   ქრისტიანო! გონებაში ფეხსაცმელი გაიხადე, მეტეხის ქვებზე რომ დააბიჯებ. გახსოვდეს, აქ წყდებოდა ურიცხვი ადამიანის ხვედრი, - რას აირჩევნენ ისინი: კდემასა და წარმავალ ცხოვრებას, რომელიც წუთხითა და წყლით მთავრდება საფლავში, თუ საუკუნო ცხოვრებას ქრისტესთან ერთად.

   ჯალალ-ედ-დინი მოითხოვდა, რომ მოღალატეებს ხატებზე დაეფურთხებინათ და ქრისტეს უარყოფის სიტყვები წარმოეთქვათ. მაგრამ შეიძლება ეს არ გააკეთო, და უსიტყვიდაც განუდგე ქრისტეს, უღალატო მას შენს სულში, უღალატო მას შენი ცხოვრებით, სარწმუნოებაში გულგრილობით და სახარების მცნებების გათელვით. იფიქრე, ვისთან ყოფნა გინდა საუკუნოებაში, - ქრისტესთვის წამებულებთან თუ განდგომილებთან.

   მეტეხის კლდე, მდინარის ტალღებში რომ შეჭრილა თავისი ქვიანი კვარცხლბეკით, საგუშაგო კოშკს ჰგავს, საიდანაც ვუმზერთ საქართველოს ისტორიას, შეგრაგნილსა და შეკუმშულს გრანიტის გრაგნილად. იქ ადამიანი თავისი ქვეყნის წარსულის წინაშე დგას. ეს მიწა უსახელო მოწამეთა სისხლისა და ძვლების საცავია. ამიტომ ადამინი აქ თავისი სინდისის წინაშე წარდგება. სინას მთაზე უფალმა მოსეს უთხრა: „განიძარცვე ფერხთ-შესასხმელი ფერხთაგან შენთა, რამეთუ მიწა, რომელსაცა ზედა დგა, წმიდა არს". მოსემ კვერთხი დადო და მუხლი მოიყარა მაყლოვანის წინაშე, რომელსაც ცეცხლი ეკიდა და არ იწვოდა. ალმოდებული მაყვლოვანი საქართველოს სიმბოლოა, რომელიც ომებისა და ტანჯვა-წამების ალში განირთხეოდა, მაგრამ მაინც არ იწვოდა, ფერფლად და ნაცრად არ იქცოდა, არ ნიავდებოდა ბევრი ხალხივით, რომლებიც მსოფლიოს რუკიდან უხილავი ხელის მიერ წაშლილი სურათივით გაქრნენ.

   მეტეხი - კლდე, რომელიც მტკვარს გადმოჰყურებს, თითქოს ღვთისათვის აღმართული საკურთხეველია, ისტორიის საიდუმლო კუნძულია, ტაძრებით შემკული ციხესიმაგრეა. ეს ის ადგილია, სადაც თითქოს თვით ზეცა ჩაეკვრის მიწას და სადაც დრო მარადისობის სუნთქვითაა გაჟღენთილი.

   თბილისი ლამპარს ჰგავდა, რომელიც მართლმადიდებლობის ნათელს აფრქვევდა მთელ აღმოავლეთს. იგი მტრის ხელით შეიმუსრა, მაგრამ მისი ნათელი არ დაიშრიტა - მოწამეთა სისხლი მისთვის ახალ ზეთად იქცა. მტრებმა დაანგრიეს თბილისი, მაგრამ ვერ აღგავეს იგი პირისაგან მიწისა, როგორც აღხოცეს ტროა და ნინევია.

   კავკასიის დედაქალაქი კვლავ აღდგა და ხელახლა აყვავდა წყლების სათავეში დანერგილი საოცარი ყვავილივით. ზარების რეკვა კვლავ გაისმა ქალაქში. მისი ქუჩები და მოედნები მდინარეები ნაკადებივით ახმაურდნენ. ხელახლა ააშენეს ტაძრები და სიონის გუმბათი მაღლა ასწიეს, როგორც თავი უძველეს ტახტზე მჯდომარე მეფისა.

   თბილისი ჩვეულია ბრძოლას, წამებასა და ძლევას, და თუკი მომავალი მას ახალ განსაცდელებს უმზადებს, ისინი უწინდებურად ვერ დაშრეტენ ალმოდებული მაყვლოვანის ცეცხლს.

 

 

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) 

Xareba.net - ის რედაქცია 

 


უკან დაბრუნება