მთავარი > წმიდათა ცხოვრება, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > საქართველოს ზეციური მფარველები - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 1)
საქართველოს ზეციური მფარველები - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 1)25-07-2018, 00:03 |
საქართველოს ისტორია კავკასიის რელიეფს ჰგავს. მასში ერთიმეორეს ენაცვლებიან მთაგრეხილები, ღრმა ხევები და ვაკეები, ხშირად კი თავბრუდამხვევი უფსკრულები. მოგზაური ციცაბო ფერდობზე ადის და მის წინაშე თვალუწუვდენელი გაშლილი სივრცის საკვირველი სურათი იშლება: ღრუბლები გუნდ-გუნდად დაცურავენ მზის სხივებით, როგორც ოქროს მბზინვარე ნართით შემკული ზეცის ცისფერ ოკეანეში. ტყითა და ბუჩქნარით შემოსილი მთები, შუბლი თეთრი ჩაჩქანებით რომ დაუბურავთ, ჭაღარა თმა-წვერიანი მოხუცებივით შეყრილან თითქოს და ერთიმეორეს ესაუბრებიან... მოგზაურის წინაშე კვლავ ფლატე ჩნდება და ყოველი არაზუსტი ნაბიჯი დაღუპვას უქადის მას. მერე ის ისევ ძაბავს ძალებს, მთების ქვის ფერდებით, როგორც მიტოვებული ტაძრის საუკუნოვანი საფეხურებით მიემართება ზევით და კვლავ ხედავს შორს ფირუზისფერ კლდეებს, მუდამ ყინულის ჩაფხუტით შემოსილ მოელვარე მყინვარებს. კავკასიონის თვალები თითქოს უძირო ზეცისკენ არიან მიპყრობილნი. თამარ მეფის დროს საქართველომ თავისი ძლიერებისა და იდეების მწვერვალს მიაღწია. ირანის ლომი მისი ტახტის კვარცხლბეკთან იყო გაწოლილი. თუკი რუსთაველმა თავის სიმბოლურ პოემაში „ვეფხისტყაოსანი" რაინდის ვეფხვთან შებმა აღწერა, თამარ მეფემ თავისი ხელით ორჯერ მოაშთო ვეფხვები, რომლებიც ოსმალეთიდან და არაბეთიდან დაესხნენ თავს მის ქვეყანას. მან ჯვრებით შეამკო კავკასიონის მთების მწვერვალები, ისევე, როგორც ნათელღებულს ჰკიდებენ ჯვარს. მის სახელს აკურთხევდნენ კავკასიის ხალხები, მისი სახელის გაგონებაზე ძრწოდნენ საქართველოს მტრები. ავაზაკების ურდოებს ქვეყნის საზღვრებთან მიახლოებისა ეშინოდათ, როგორც მხეცებს ეშინიათ ცეცხლის ალთან მისვლისა. მისი მეფობის დროს საქართველომ მარცხი არ იცოდა და სიტყვა „ბრძოლა" ქართველთა ჯარისთვის „ძლევად" ისმოდა. დედოფლის სახელი ტრაპეზუნდიდან სკვითიის სტეპებამდე გავრცელდა საგალობელივით და ამ საგალობლის ექო ჯერ კიდევ ჟღერს ხალხის გულში. მისი მეფობის დროს მრავალწლიანი გაზაფხული იყო საქართველოსთვის, და თვით ხსენებაც წმინდა მეფე თამარისა აღესრულება მაისის პირველ დღეს, ვარდების დღესასწაულზე. მაგრამ საქართველოს კვლავ იმგვარი განსაცდლები ატყდებოდა თავს, რომ მათთან კავკასიის მთებიც კი თითქოს იძვროდნენ და ირყეოდნენ. მონღოლთა ტომებს სათავეში ჩაუდგა ჩინგიზ-ხანი - ახალი ატილა და არგანი ღვთისა. მან მანჯურია და ჩინეთი დაიპყრო და თავის მეტოქესთან - ხორეზმ-შაჰთან სისხლისმღვრელ ომში ჩაერთო. იმხანად ცოტა რამ იცოდნენ მონღოლებზე საქართველოსა და ევროპაში. ვრცელდებოდა ხმები, რომ ის იყო აღმოსავლეთში მცხოვრები მეფე-მღვდელი, სახელად იოანე, რომელიც მოდიოდა ქრისტიანების გასათავისუფლებლად მუსლიმანთა უღლისგან. მონღოლები მომთაბარე ხალხი იყო. მათ საქმიანობას მეცხოველეობა და ნადირობა შეადგენდა. ისინი ჩარდახიან ეტლებში ცხოვრობდნენ, ხოლო მათი ქალაქები იყო ბანაკები, რომლებშიც ისინიც თავიანთ კარვებს დგამდნენ. ნადავლისა და საქონლის საკვების მოსაპოვებლად ისინი სტეპებისა და უდაბნოების უზარმაზარ სივრცეებს კვეთდნენ, გეგონება აფრააშვებული გალერების ფლოტილია უნაპირო ზღვას სერავსო. მათი შვილები თითქმის ფეხის ადგმისთანავე სწავლობდნენ ცხენზე ჯდომას, ერთიმეორეს ცხენის მართვაში ეჯიბრებოდნენ და ბადალი არ ჰყავდათ მშვილდით სროლაში. მონღოლების არმია დაყოფილი იყო ათ, ას და ათასკაციან რაზმებად, რომლებიც ურთიერთთავდებობით იყვნენ დაკავშირებულები. ერთი მეომარიც რომ გაქცეულიყო ბრძოლის ველიდან, მთელი მისი ათეული სიკვდილით ისჯებოდა. თუკი ბრძოლის ველს ათზე მეტი მხედარი დატოვებდა, მთელ ასეულს სიკვდილით სჯიდნენ. ომში კიდევ შეიძლებოდა, ცოცხალი დარჩენილიყო ადამიანი, გაქცეულს კი გარდაუვალი სიკვდილი ელოდა: ის ადგილზევე უნდა მოეკლათ მისსავე თანამებრძოლებს, რათა თვითონ არ დასჯილიყვნენ სიკვდილით. მონღოლები მიწებს რომ იპყრობდნენ, მძიმე ხარკს როდი სჯერდებოდნენ მხოლოდ, არამედ ყოველ დაპყრობილ ქვეყანას მათთვის დამხმარე ლაშქარი უნდა გაეგზავნა დაპყრობითი ომებისთვის. ასე რომ, მონღოლთა ჯარის რიცხოვნობა გამუდმებით იზრდებოდა მთიდან დაგორებულ თოვლის გუნდასავით. მონღოლები იმარჯვებდნენ არა მარტო სამხედრო ხელოვნების ცოდნით, ჩინეთიდან ჩამოტანილი კედელსანგრევი იარაღებით - ტარანებით, რომლებსაც ციხესიმაგრეების ალყისთვის იყენებდნენ, არამედ უფრო მეტად - თავიანთი სიმრავლით. ისინი მიწისქვეშა სოროებიდან და თავშესაფრებიდან ამომძვრალ ტერმიტებს ჰგავდნენ, რომლებიც ურჩხულის სხეულივით, დიდ მასად გაერთიანებულები დაძრწოდნენ. ტერმიტები ყველაფერს ანადგურებენ თავიანთ გზაზე, უზარმაზარი მხეცებიც კი გაურბიან მათ. ლომს თუ ჩაიგდებენ ხელში, ისინი სქელ მასად შემოეხვევიან მას, თვალებს ამოსჭამენ, სხეულს შეუჭამენ და ტყეთა და უდაბნოთა მეფისგან ამ პაწაწინა მხეცების მიერ გამოხრული, თითქოს გახეხილ - გაპრიალებული ძვლებიღა რჩება. ჩინგიზ-ხანმა ნაწილებად დაჰყო ხვარაზმშაჰის ჯარები და ერთიმეორის მიყოლებით აიღო ციხესიმაგრეები და ქალაქები. შაჰმა ძლივ-ძლიობით დააღწია თავი მონღოლებს და კასპიის ზღვის ერთ კუნძულს შეაფარა თავი, სადაც უწინ კეთროვნებს ასახლებდნენ. განკიცხულთა კუნძული - ცოცხალი მკვდრების საფლავი ლტოლვილი შაჰის უკანასკნელ სიმაგრედ იქცა. ხორეზმის შაჰის უფროსი ვაჟი - ჯალალ-ედ-დინი დაფუძნდა ირანში, რომლის ნაწილიც ხორეზმის სამეფოს მფლობელობაში იყო. თავისი მხედრების შემწეობით მან მოსაზღვრე ქვეყნებზეც გაავრცელა თავისი ძალაუფლება და მთელი სამუსლიმანოს ძალების გაერთიანება გადაწყვიტა მონღოლების წინააღმდეგ ბრძოლისათვის, მაგრამ ჯალალ-ედ-დინი მუსლიმანი თავადებისა და ემირების შეუპოვარ წინააღმდეგობას წააწყდა - მათ მისი სისასტიკისა უფრო ეშინოდათ, ვიდრე მონღოლებისა. ჯალალ-ედ-დინმა საქართველოს გამოუგზავნა ულტიმატუმი, რომელშიც ითხოვდა, ქართველებს მუსლიმანობა მიეღოთ, რუსუდან დედოფალი მისი ცოლი გამხდარიყო, ხოლო საქართველო მონღოლეთის მოწინააღმდეგეთა კოალიციაში შესულიყო. საქართველოს სამეფო კარმა ამ მუქარას სათანადო ყურადღება არ მიაქცია და მოძალადეს აბუჩად ამგდები წერილით უპასუხა: უკეთუ ხორეზმის ძლევამოსილი მეფე, რომელსაც ნახევარმილიონიანი ჯარის შეკრება შეეძლო, სირცხვილნაჭამი გაიძურწა ბრძოლის ველიდან, მისი შვილი - ტახტის დამკარგავი და სპარსეთს შეფარებული, რომელსაც ცოტა ხნის წინ თამარ მეფის აჩრდილიც კი ძრწოლას ჰგვრიდა, როგორ ბედავს საქართველოსთვის მუქარის შემოთვლასო, - წერდნენ ქართველები. ასე რომ, საქართველოს მთავრობამ ჯალალ-ედ-დინს ისეთივე გადაჭრილი და მკაცრი პასუხი გაუგზავნა, როგორიც ულტიმატუმი იყო. სამეფო კარი ისე მშვიდად გრძნობდა თავს, გეგონება გამარჯვება უკვე მოეპოვებინა და სათანადო ზომებს არ იღებდა მომავალი ომისთვის. საქართველო ჰგავდა ხომალდს, რომელსაც გამოცდილი შტურმანი და კაპიტანი არ ჰყავდა და სიმღერა - თამაშით მიცურავდა ღამით რიფებსა და წყალქვეშა კლდეებს შორის. რუსუდან დედოფალმა თავისი დიდებული დედისგან მხოლოდ სილამაზე მიიღო მემკვიდრეობით, კეთილმსახურება და სახელმწიფო გონიერება კი - არა. ძვირფასი ქვებით შემკული სამეფო გვირგვინი არის სიმბოლო მეფის თვალებისა, რომლებიც, ქერუბიმის თვალების მსგავსად, ყოველ მხარეს არიან მიპყრობილი და დედამიწის მთელ ჰორიზონტს ერთიანი მზერით ჭვრეტენ. მეფის მპყრობლობა - ნიშანი ხელმწიფეთა (ოქროს ბურთი თავზე ჯვრით) აღნიშნავს ქვეყანას, რომელიც მას ღვთისაგან წინდად ბოძებულ საუნჯესავით უპყრია ხელთ და რომლისთვისაც სიტყვისგება მოუწევს საშინელ სამსჯავროზე. სკიპტრა მეფისა ნიშნავს საჭურველ მტრის წინააღმდეგ, კვერთხი - მართლმსაჯულებასა და სამწყსო კვერთხს. მეფის სამოსელი მღვდელმსახურის სამოსელს მოგვაგონებს, რადგან მეფე, მოციქულთასწორი კონსტანტინეს სიტყვით, „ეკლესიის საგარეო საქმეთა ეპისკოპოსი" უნდა იყოს. წმინდა თამარ მეფე ქვეყნის მამა იყო და ხალხის დედა, მისი ასული კი დაირით ხელში მროკავ მზეთუნახავს ჰგავდა. თამარ მეფის თანამებრძოლები განიდევნენ სამეფო კარიდან, ზოგიერთები კი თვითონ განეშორნენ მას, რაკი დაუპატიჟებელ სტუმრებად გრძნობდნენ თავს უცხოთა ნადიმზე. ახალციხის გამგებელი შალვა და მისი ძმა იოანე ამაოდ აფრთხილებდნენ დედოფალს კარს მომდგარი საფრთხის შესახებ. გამარჯვებასა და ტრიუმფის ჩვეული სამეფო კარი ძველი დიდებით, როგორც ღვინით, გაბრუებულს ჰგავდა. დედოფალმა და წარჩინებულებმა ჯალალ-ედ-დინს აგდებული უარი შეუთვალეს და ფიქრობდნენ, რომ მყეფარი ქოფაკი გააძევეს თავიანთი ჭიშკრიდან, მაგრამ ეს ქოფაკი ჯიქი აღმოჩნდა. (გაგრძელება...)
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |