მთავარი > საცდურები, შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > იუდას აჩრდილი საქართველოში (ნაწილი 2)

იუდას აჩრდილი საქართველოში (ნაწილი 2)


5-07-2018, 00:03

იუდას აჩრდილი საქართველოში (ნაწილი 2)

 

   ისტორიულად „კათოლიციზმი" საქართველოში ანტიეროვნული მოვლენა იყო. „გაკათოლიკებულ" ეთნიკურ ქართველებს ხალხი ქართველებადაც კი არ მოიხსენიებენ - მათ ფრანგები შეარქვეს. „ჩვეულებრივ ქართველ კათოლიკეთათვის მღვდელმსახურების ენა იყო ლათინური. XVI ს-დან მის გვერდით თანდათან მოიკიდა ფეხი კავკასიელ კათოლიკეთათვის ვატიკანის მიერ დამტკიცებულმა სომხურმა რიტმა (ტიპიკონი). სომხურენოვანი რიტის დანერგვის ხშირ შემთხვევაში მოსდევდა ქართველ კათოლიკეთა სახელისა და გვარის შეცვლა ამ რიტის შესაბამისად. ეს ვითარება შემდეგ ბევრ გაუგებრობას იწვევდა." (იხ. ქართ. საბ. ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 319).

   XVII საუკუნის დასაწყისში საქართველოში კათოლიკების შემოსვლა - გააქტიურებას და, როგორც მეუფე აღნიშნავს, „ქართული ეკლესიის მხრიდან ამ ფაქტის შეწყნარებას" შედეგად მოჰყვა ღვთის სასჯელი - შაჰ-აბასის შემოსევა და ქართლ-კახეთის მიწასთან გასწორება, რის შემდეგაც აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის საუკუნენახევრის განმავლობაში გამუსულმანებული მეფეები მართავდნენ. ამ სასჯელით მოწყალე უფალმა არ დაუშვა ქართველთა გაკათოლიკება, ხოლო როდესაც მართლმადიდებლური წესით ნაკურთხი, მირონცხებული მეფე, თეიმურაზ II გამეფდა, პირველი, რაც მან გააკეთა, ის იყო, რომ აკრძალა სხვა კონფესიათა წარმომადგენლების მიერ ქადაგება, ხოლო „კათოლიკებს" ულტიმატუმის სახით ერთ დღეში ქართლ-კახეთის დატოვება მოსთხოვა. ღმრთის წყალობამაც არ დააყოვნა - დაიწყო საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური აღმავლობა, ქართლ-კახეთის ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რომელსაც ხარკის სახით 50 000 ვერცხლს უხდიდნენ ერევნის, განჯისა და ნახჭევანის ხანები.

   როდესაც მეუფე აბრაამი მსჯელობს ანტონ I-სა და ზაქარია გაბაშვილის დროინდელ საქართველოზე, სიცრუე ყველა ზღვარს სცილდება. მეუფე აბრაამი მეფეთ ხუცეს ზაქარია გაბაშვილს ნინოწმინდელ ეპისკოპოსად მოიხსენიებს (ალბათ დღეს გავრცელებული პაპისტური მოსაზრებით, რომ მღვდელსა და მრევლს ნაკლებად აქვს უფლება დაიცვას ეკლესიის სწავლება) და მასვე აბრალებს სახელმწიფოებრიობისა და ეკლესიის ავტოკეფალიის დაკარგვას. გაყალბებული ისტორიული ფაქტები კი ღაღადებენ, რომ XVIII საუკუნის 50-ან წლებში ხუცეს ზაქარია გაბაშვილს კი არ ჰქონდა კონფლიქტი ანტონ I-თან, არამედ საქართველოს ეკლესია პირველად შეაზანზარა ფარული უნიათობის ტალღამ და ეკლესიის ჭეშმარიტმა მამებმა შესაშური სიფხიზლე და სიმხნევე გამოიჩინეს (რასაც დღევანდელ ეკლესიაში ბევრზე ვერ ვიტყვით) და დაიცვეს მართლმადიდებლობის სიწმინდე. ანტონ I ღალატში ამხილა ნინოწმინდის ეპისკოპოსმა საბა ტუსიშვილმა და ქართლის მეფე თეიმურაზ II-ს, კახეთის მეფე ერეკლე II-ს, ორივე სამეფოს მიტროპოლიტთა, ეპისკოპოსთა, არქიმანდრიტთა და წინამძღვართა, ასევე მთავართა დარბაზის ერთა კრებამ საკათალიკოსო ტახტიდან განდევნა იგი. კრებამ ანათემა შეუთალა მას, ვინც ანტონ I-ს დააბრუნებდა. კრების განჩინებას, შემდგომში საქართველოს უკანასკნელი მეფე, უფლისწული გიორგიც ადასტურებს თავისი ბეჭდით. და განა, ეს ფაქტი არ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოსათვის ევროპული ორიენტაცია სულაც არ იყო ჩვეულებრივი და კანონზომიერი?

   შემდგომში, როდესაც „ევროპული ორიენტაციის მესვეურებმა მოახერხეს თეიმურაზ II-ის მოწამვლა, ანათემის მიუხედავად საქართველოში ჩამოიყვანეს ანტონ I და კანონის დარღვევით აღადგინეს საპტრიარქო ტახტზე, მან უკვე დაუფარავად, პაპისტებისათვის დამახასიათებელი სისასტიკით დევნა მართლმადიდებლობის დამცველნი. იოსებ კათალიკოსი მეტეხში გამოამწყვდიეს (სასწაულმოქმედი იოსებ კათალიკოსი ეკლესიის მიერ წმინდანადაა შერაცხული), ალავერდის მიტროპოლიტი ზენობი უდაბნოში გადაასახლეს, ასევე სხვებიც სასტიკად დევნეს, ხოლო ხუცესი ზაქარია განკვეთეს, შეაჩვენეს და სასტიკად აწამეს მთელი მისი ოჯახი, ცემით მიყენებული ჭრილობებით მოუკლეს შვილი.

   რაც შეეხება გეორგიევსკის ტრაქტატს, ის დაიწერა უკვე მაშინ, როდესაც „დასავლური ორიენტაციის" მესვეურნი გამარჯვებას ზეიმობდნენ. თავად ანტონ I აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ტრაქტატის დადებაში, სადაც ჩაურთო მე-8 მუხლი, რომლის ძალითაც საქართველოს კათოლიკოსი რუსეთის სინოდის წევრი გახდა. ანტონ I-მა ოქრომკერდით მოქარგული კუნკულ-ბარტყულით დაიკმაყოფილა თავისი პატივმოყვარეობა, ხოლო ამ საბედისწერო მე-8 მუხლის საფუძველზე (როდესაც იგი სინოდიდან გაიწვიეს), საქართველოს ეკლესიამ ნელ-ნელა დაკარგა თვითმყოფადობა. სასახლის კარზე ევროპული იდეოლოგიის გაფურჩქვნის შედეგად მონარქიაზე ამრეზილმა დავით უფლისწულმა მეფობაზე უარი განაცხადა და ამგვარად მოღლეტილი კარებიდან შემოჭრილმა „დასავლეთის ორიენტაციამ" და რუსეთის ანტიქართულმა პოლიტიკამ უმეფოდ და უკათოლიკოსოდ დაგვტოვა. ასე რომ, ქართველი ერი ავტოკეფალიის დაკარგვას სწორედ უნიათო ანტონ I-ს უნდა „უმადლოდეს". სწორედ ანტონ I-მა შემოიტანა საქართველოში რუსული ტიპიკონი, აურ-დაურია და დააკნინა სალიტურგიკო წიგნები და დათესა ფარული უნიათობის ღვარძლის თესლი, რომლის მწარე ნაყოფს დღემდე ვიმკით და, სამწუხაროდ, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო სწორედ ამ თესლზე აღმოცენებული ეკუმენიზმის ყლორტებს ასხამს წყალს მეუფე აბრაამი თავისი პუბლიკაციებით.

   ასე რომ, მაშინაც ცრუობს პატივცემული მეუფე, როდესაც წერს, რომ ვითომდა „გასული საუკუნის 90-იან წლებში გარეშე ძალების მიერ იწყება ჩვენში სრულიად უცხო ანტიდასავლური იდეოლოგიის დანერგვის მცდელობა". განა თეიმურაზ II გასული საუკუნის 90-იან წლებში მეფობდა, და განა გიორგი XII, საქართველოს უკანასკნელი მეფე, სწორედ „დასავლური ორიენტაციის" შემოტევამ არ აიძულა შეკედლებოდა მზაკვრულად ჩასაფრებულ რუსეთს? ან იქნებ ფერარო-ფლორენციის უნიაზე გამოავლინეს ქართველმა ეპისკოპოსმა და დიდებულებმა რაიმე „დასავლური ორიენტაციის" მაგვარი ქმედება? ამ ფაქტებზე რატომ დუმს მეუფე აბრაამი?...

   ეკლესიის ისტორიაში ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც მოდერნისტულად მოაზროვნე მღვდელმთავრები ცდილობდნენ ეკლესიაში სიახლეების დანერგვას, მაგრამ მათი სახელები სამარცხვინო ასოებითაა ჩაწერილი ეკლესიის ისტორიაში. თუ ჩვენი ეკლესიის ახლო წარსულს გადავხედავთ, მე-20 საუკუნის დასაწყისში ქრისტეფორე ციცქიშვილი ცდილობდა სიახლეების დანერგვას ეკლესიაში და ნაწილობრივ მოახერხა კიდეც, რაც გამოიხატა ახალი სტილის კალენდრის შემოღების შესახებ დადგენილების მიღებაში. თუმცა ნაწილობრივ, ვინაიდან ცოცხალმა ეკლესიამ - სამღვდელოებამ და მრევლმა არ მიიღო ეს სიახლე და მან ვერ მოიკიდა ფეხი საქართველოს ეკლესიაში. მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ქრისტეფორე ციცქიშვილი ამბობდა, რომ შთამომავლობა მას ძეგლს დაუდგამს, ხოლო სიახლეების მოწინააღმდეგე ამბროსი ხელაიას ჩამორჩენილს, ბნელსა და ფანატიკოსს უწოდებდნენ, ეკლესიის იზოლაციონიზმში ცილს წამებდნენ და ა.შ. (როგორც ვხედავთ, საუკუნის შემდეგ ისტორია მეორდება). მაგრამ პირიქით კი მოხდა, ქრისტეფორე ციცქიშვილი ეკლესიამ და შთამომავლობამ დაივიწყა, ხოლო ამბროსი ხელაია წმინდანად შერაცხა და აღმსარებელი უწოდა.

   დასასრულს, მათ შესაგონებლად, ვინც ამახინჯებს ეკლესიის სწავლებასა და ებრძვის მას, შევახსენებთ შემდეგ სიბრძნეს: „ცა, დედამიწა და მთელი კოსმოსი დიდი და ბრწყინვალე წიგნია უფლისა, რომელშიც უსიტყვიდაა განცხადებული ღმერთი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამ წიგნის კითხვა, რომ სწორად ვიცხოვროთ. სწორად კი ვიცხოვრებთ მაშინ, თუ მართლმადიდებელი ეკლესიის კანონებს აღვასრულებთ" (ილია II , საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი).

 

 

წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახ. მართლმადიდებელი მრევლის კავშირი 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება