მთავარი > საცდურები, შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > იუდას აჩრდილი საქართველოში (ნაწილი 1)

იუდას აჩრდილი საქართველოში (ნაწილი 1)


4-07-2018, 00:03

 

„მუნ დაეცნეს ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი" 

 

   თანამედროვე მსოფლიო „ინტეგრაციულმა" პროცესმა მოიცვა. „მსოფლიო შეერთებული შტატების" შექმნისათვის ინტენსიური მუშაობა ყველა დონეზე მიმდინარეობს. მსოფლიო საინფორმაციო საშუალებები თავგამოდებით უწევენ რეკლამას ამ იდეას (საქართველოში ამ კამპანიის ავანგარდში „რუსთავი 2" და „24 საათი" დგანან) და ვაი მას, ვინც საწინააღმდეგო აზრის გამოთქმას გაბედავს - მას დაუყოვნებლივ მიაკერებენ ბნელეთის მოციქულის, ჩამორჩენილი ადამიანის ანდა ფანატიკოსის იარლიყს და თუ დროულად არ მოეგო გონს, კაცობრიობისა და პროგრესის მტრების რიგებში გაამწესებენ.

   პოლიტიკური ინტეგრაციის პარალელურად მიმდინარეობს რელიგიური ინტეგრაცია, რაც მდგომარეობს ეკუმენისტურ და პანეკუმენისტურ მოძრაობაში. დღესდღეობით უკვე შექმნილია ყველა მწვალებლობის, ურჯულოებისა და სიცრუის ერთიანი ფრონტი „ეკლესიათა მსოფლიო საბჭო", რომლის მიზანია ანტიქრისტესათვის ტახტრევანის გამზადება. სწორედ ამ საბჭოში შესვლას ქადაგებენ ეკუმენიზმის აპოლოგეტებიც, იდეური თუ ოცდაათ ვერცხლად სულგაყიდული მოღვაწენი, მათ შორის - მაღალი სახელმწიფო თუ საეკლესიო პირები.

   დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამისა და დმანელ ეპისკოპოს ზენონის პუბლიკაციებს შეძლებისდაგვარად პასუხი გავეცით „ქრონიკას" (ა.წ. 5-11 აპრილი) მეშვეობით, ვინაიდან გაზეთ „24-მა საათმა", რომელშიც გამოქვეყნდა დასახელებული პირების პუბლიკაციები, ჩვენი საპასუხო წერილის დაბეჭდვაზე უარი გვითხრა. წინამდებარე წერილში კი გვინდა გამოვეხმაუროთ მეუფე აბრაამის ახალ პუბლიკაციას „ევროპული ინტეგრაცია - გზა თუ გამოსავალი?", რომელიც 2004 წლის 13 აპრილს კვლავ გაზეთ „24 საათში" გამოქვეყნდა. ახალ პუბლიკაციაში იგი უფრო პოლიტიკოსად გვევლინება, ვიდრე სასულიერო პირად და ისტორიულ - პოლიტიკური წიაღისეულებით სურს დაასაბუთოს ეკუმენისტური ინტეგრაციის კანონზომიერება საქართველოში. სტატიის დასაწყისში მეუფე ბრძანებს: „ჩვენმა ერმა იცის თავისი ისტორია, ჭეშმარიტი სარწმუნოება არასოდეს მიუტოვებია და სიცოცხლის ფასად მუდამ ურყევად იცავდა მას". ჭეშმარიტად მართებული სიტყვებია. ერმა იცის თავისი ისტორია, რასაც, მეუფის პუბლიკაციიდან გამომდინარე, ვერ ვიტყვით თავად მეუფეზე. ისტორიული ფაქტების დამახინჯებას და გაყალბებას რომ თავი დავანებოთ, მეუფე მის მიერვე მოხმობილი სიტყვების სიღრმეს ვერ ჩაწვდა, ვერ ჩაწვდა საქართველოსა და მისი სამოციქულო ეკლესიის ისტორიის სულისკვეთებას. ვინც საქართველოს ისტორია იცის, იგი არასდროს იტყვის მეუფის მსგავსად, რომ ისტორიულად „ევროპული ორიენტაცია ჩვეულებრივი და კანონზომიერი მოვლენა" ყოფილიყოს ჩვენთვის. იგი თავსმოხვეული ორიენტაციაა. მეტიც, ევროპული ორიენტაცია, რომელიც თავს იჩენს XVI-XVII საუკუნეებიდან, არამც თუ მხსნელად, არამედ ახალ, უფრო დიდ ჭირად დაემატა იმ დროს მუსლიმანურ სამყაროსთან მებრძოლ ქართველ ერს.

   მეუფე წერს: „მიუხედავად იმისა, რომ მეთერთმეტე საუკუნის შემდეგ რელიგიურ - კონფესიური თვალსაზრისით ევროპის ქვეყნებსა და საქართველოს შორის არსებით განსხვავებებს ჰქონდა ადგილი, საქართველოს ეკლესიის მესვეურნი მაინც ერთგულნი იყვნენ ევროპული ორიენტაციისა, მეთოთხმეტე საუკუნეში, გიორგი მეხუთეს მეფობის დროს, კათოლიკური საეპისკოპოს სმირნიდან თბილისში გადმოტანაც და ქართული ეკლესიის მხრიდან ამ ფაქტის შეწყნარებაც ამის დასტურია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აქტიურად ცდილობდა ევროპის ქვეყნების ყურადღება მიეპყროთ საქართველოსადმი (XVII საუკუნეში - ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, XVIII საუკუნეში - კი სულხან-საბა ორბელიანი). ორიენტაციის ჭრილშია ასევე განსახილველი XVIII საუკუნის 50-იან წლებში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში გახმაურებული კონფლიქტი კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ I-სა და ნინოწმინდელ ეპისკოპოს ზაქარია გაბაშვილს შორის. ანტონის გადაყენება და ზაქარიას მომხრეთა გამარჯვება ევროპული ორიენტაციის მარცხად უნდა ჩაითვალოს, რაც ჯერ 1783 წელს გეორგიევსკის ტრაქტატით, ხოლო 1801 წელს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვით დამთავრდა. ამას მოჰყვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი ავტოკეფალიის ხელყოფა" (ციტატის დასასრული).

   ისტორიული ფაქტების მზაკვრული დამახინჯებით, მეუფე აბრაამი ქართველ ხალხს თვალებში „ფქვილსა" და ნაცარს აყრის. მის მიერ სახელდებული „ევროპული ორიენტაცია" ისტორიის პრიზმაში „კათოლიციზმზე ორიენტაციასთან" იგივდება, თანამედროვე გაგებით კი „ეკუმენისტურ ორიენტაციას" გულისხმობს. საქართველოს ისტორია კი უტყუარად ადასტურებს, რომ ზოგიერთი ჩვენი სამარცხვინო ხელისუფელებისა თუ მღვდელმთავრის „კათოლიციზმისაკენ" მიდრეკა ხდებოდა მიზეზი ღმრთის რისხვისა და საქართველოს გაპარტახებისა, ხოლო ასეთი ტენდენციის ტრადიციად დასახვა, მეტადრე სასურველად და კანონზომიერად მიჩნევა დიდი სუცრუეა, საქართველოსა და მისი ეკლესიის ღალატია, მისი მოწამეობრივი ისტორიის შეურაცხყოფაა.

   XIII საუკუნის 30-იან წლებში რუსუდან მეფე რომის პაპ გრიგოლ IX-ს სთხოვდა დახმარებას და აღუთქვამდა საქართველოს ეკლესიის შეერთებას რომის ეკლესიასთან. რომთან ამგვარ ერთიანობას მოჰყვა „კათოლიკე" მისიონერთა შემოსვლა საქართველოში. ეს გახლდათ პირველი ღალატი მართლმადიდებლობისა და დიდი წინაპრების: დავით IV აღმაშენებლის, დემეტრე I-ის, გიორგი II-ის და თამარის სახელმწიფო პოლიტიკისა, რასაც შედეგად მოჰყვა ჯალალ-ედ-დინის შემოსევა და დიდი მონღოლობა. საქართველოს სახელმწიფო ორად გაიყო.

   ის, რომ გიორგი V-ს დროს პაპიზმი არ იყო შემწყნარებელი საქართველოში და რომ საქართველო არ იყო ორიენტირებული რომზე, იქიდან ჩანს, რომ რომის პაპი, რომელიც მოუწოდებს საქართველოს მისი ეკლესიის რომის მფარველობაში გადასვლისაკენ, წერს ქართველ ხელისუფლებას: „უკეთუ თქუენ მოიმიზეზებთ, რომ ეს შემოერთება თვინიერ მსოფლიო კრებისა შეუძლებელია, ჩვენც მოგახსენებთ, რომ მზადა ვართ მოვახდინოთ ეს კრება, უკეთუ მოითხოვეთ თქვენ და თქვენმა ეპისკოპოსებმაო" (მ. თამარაშვილი, „ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის", თბილისი) საიდანაც ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფალი და ეკლესია მსოფლიო კრებების ერთგული იყო და დარჩა, ხოლო რომის თვალთმაქცობა, თითქოს მას შეეძლო მსოფლიო კრების მოწვევა, ცნობილი მწვალებლობაა და უარყოფილია მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ. თავად მიხეილ თამარაშვილი გიორგი მეფის ამ გულგრილობას პაპის წინადადების მიმართ ასე ამართლებს: „ამ ნათხოვნის შემოერთების სისრულეში მოუყვანებლობის მიზეზი სხვა არაფერი იყო, თუ არა ისა, რომ გიორგი მეფე განუწყვეტლივ გართული იყო სხვადასხვა საერო საქმეებში და საამისოდ არ ეცალა" (გვ. 31). ახსნა გულუბრყვილოა, ფაქტი - დადასტურებული.

   რაც შეეხება მეუფე აბრაამის მიერ ნახსენებ ნიკოლოზ ჩოლოყაშვილს, ეს ის „კათოლიკე" ნიკოლოზ ირბახია, რომლის „მოღვაწეობის" ადგილებში „კათოლიციზმის" სულის დანერგვისა და მართლმადიდებლური სულისკვეთების შესუსტების სავალალო შედეგები მოსდევდა ხოლმე: წმიდა ქალაქ იერუსალიმში ქართველთა ჯვრის მონასტერი სავანეებთან ერთად იქ ნიკოლოზ ირბახის მოღვაწეობის შემდეგ მალე იერუსალიმის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში გადავიდა (საქ. საბ. ენციკლოპედია, ტ. XI, გვ. 562). ამავე დროს დავკარგეთ იაკობ მოციქულის სახ. ტაძარი იერუსალიმში, რომელიც სომეხთა ხელში გადავიდა, გოლგოთის მაცხოვრის აღდგომის ტაძრის შესასვლელის გასაღები, რომელიც ქართველებს ჰქონდათ ჩაბარებული. „გაკათოლიკებული" ირბახის დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსობას მოსდევს პერიოდი, რომლის დროსაც აფხაზეთში თანდათან შესუსტებას იწყებს მართლმადიდებლობა და ეკლესიის გავლენა, ფაქტიურად უქმდება ბიჭვინთის უძველესი ეპარქია და აფხაზეთში აფსუების ჩამოსახლება იწყება.

   სულხან-საბასაც თავისი „გაკათოლიკება" უქმად დაურჩა: ის, თუ რა გამოიტანა იმ სახელგანთქმული ვერსალიდან „ელჩმან ქართლისამან", ეს საქართველოს ისტორიაში ზედმიწევნით ცნობილია. მან თავისი სიცოცხლის დანარჩენი ნაწილი ისე განვლო, რომ ევროპისაკენ აღარც გაუხედავს. (გაგრძელება...)

  

 

 

 

 

წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახ. მართლმადიდებელი მრევლის კავშირი 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება