მთავარი > წმიდათა ცხოვრება, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > იოანე ნათლისმცემლის შობა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 2)

იოანე ნათლისმცემლის შობა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 2)


8-07-2018, 00:03

იოანე ნათლისმცემლის შობა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 2)

 

   ბავშვის დაბადებამდე დედა ფიქრობს განა, რომ მისი შვილის გაჩენა საღმრთო მადლის მიერ უნდა იკურთხოს ჯვრისწერის საიდუმლოს მეშვეობით? და თუ არ ფიქრობს, მისი შვილი დამჭკნარ მცენარეს მიემსგავსება, რომელიც ტანს არ იღებს, ხმება და კვდება. ან განა ბევრი დედა და მამა იღებს კურთხევას ეკლესიისგან ისეთ უმნიშვნელოვანეს საქმეზე და დიდ ქრისტიანულ ღვაწლზე, როგორიც ოჯახის შექმნაა? ან ფიქრობენ კი მშობლები ღვთის მცნებების აღსრულებაზე? უფრო ხშირად ისინი საერთოდ არ კითხულობენ სახარებას, არ დადიან ტაძარში, არ ემორჩილებიან ღმერთს და შვილისგან მიეზღვებად მისაგებელი: ბავშვი არ ემორჩილება თავის მშობლებს და მოგვიანებით მათი მსაჯული ხდება თითქოს. ძალზედ ხშირად ფეხმძიმე დედა სრულებით არ ფიქრობს თავის ფეხმძიმობაზე, ყველაზე საძაგელ, უწმაწურ სიტყვებს ამბობს და თავის მეუღლეს ეჩხუბება. მას არ ესმის, რა ემართება ამ დროს მისი ჯერ კიდევ არშობილი შვილის სულს, რამსისქე ზნეობრივი ლაფი ილექება მის გულში, როდესაც სახლში ველური სცენები იმართება ზოგჯერ, მრისხანებისა და ღვარძლის შხამი იღვრება ამ დროს დედის სახლში, ეს შხამით მოწამლული სისხლი კი ჯერ არდაბადებულ ბავშვს კვებავს და ზნეობრივად წარწყმედს. იციან კი მამამ და დედამ, რომ მათი შვილი როცა გაიზრდება, მისი პირველი მსხვერპლი საკუთარი მშობლები შეიძლება გახდნენ? ბავშვს მუცელში ყოფნისას ჯერ არაფერი გაეგება იმ ბილწი სიტყვებისა, რომლებიც ოჯახში წარმოითქმება, მაგრამ ის მამის ან დედის მდგომარეობას განიცდის და თითქოს უშუალოდ, ინტუიციურად გრძნობს. ბავშვის ცნობიერება დედის მუცელშივე იწამლება. მასში სიმხეცეა ჩანერგილი და იგი შემდგომში გამოვლინდება. ფიქრობენ განა დედა ან მამა, რომ ყველა ცხოველი, გარდა ადამიანისა, ჩასახვის შემდეგ უბიწოდ, უმანკოდ ცხოვრობს? ადამიანები კი რას სჩადიან? და ამ ვნებიან მდგომარეობას, რასაც ისინი განიცდიან, ბავშვიც განიცდის დედის მუცელში. ამიტომ, საშინელი სათქმელია, ჯერ არდაბადებული ბავშვი უკვე გარყვნილია. რამდენიმე წლის შემდეგ კი შეძრწუნებული მამა და დედა ამბობენ: „როგორ გავზარდეთ და ეს ვინ გამოვიდა?!" განვითარდა ის, რაც თვითონ მათ დანერგეს.

   ძველ დროს ერთი მნიშვნელოვანი ჩვეულება არსებობდა და მას წარმართებიც კი ასრულებდნენ. როდესაც დედა მუცლად იღებდა, მისგან განაშორებდნენ ყოველგვარ უშვერებას და მასთან მიჰქონდათ ლამაზი სურათები, ქანდაკებები, ქალი ბუნების წიაღში მიჰყავდათ. ოღონდ, რა თქმა უნდა, წარმართები არა სულის სიმშვენირეზე, არამედ ხორციელ სილამაზეზე ფიქრობდნენ. რას აკეთებენ დედები ჩვენს დროში? როგორ სურათებს უცქერენ? რა უნდა ითქვას თანამედროვე კინოფილმებზე, ვიდეოფილმებზე? რაზე ესაუბრებიან ქალები ერთმანეთს? მათ არ ესმით და ვერ ხვდებიან, რომ მათ მუცელში ჩასახულ ბავშვს მათი საუბარი უკვე ესმით. მას არ ესმის სიტყვები, მაგრამ იგი სხვა, უფრო სრულყოფილი, უშუალო აღქმით აღიქვამს იმას, რაც მისი დედის სულში ხდება ამ დროს. ასე ირყვნება ბავშვი და ნაყოფი მოწამლული იბადება, მომავალში კი მშობლებს დამსახურებული საზღაური მიეგებათ. ამას ისინი ვერ ხვდებიან, ღმერთზე დრტვინავენ და ამბობენ: „რა უსამართლობაა! რამდენი ძალა შევწირეთ ჩვენს შვილს, ის კი, მადლიერების ნაცვლად, ასე დაუნდობლად გვექცევა!"

  ამჟამად ძალიან გავრცელებულია საშინელი ცოდვა - ცოდვა ბავშვის მკვლელობისა დედის მუცელში. დედა და მამა ვერ სწვდებიან გონებით, რომ მათ მკვლელის კომპლექსი ექმნებათ, ისინი მკვლელები ხდებიან და ამ საშინელ კომპლექსს თავიანთ შვილებს გადასცემენ. წმინდა მამები, მაგალითად, თეოდორიტე, გვიხსნის, რომ ჩვილის სულის შექმნაში მონაწილობენ მისი მამისა და დედი სულები. ქალმა, რომელმაც ე.წ. აბორტი გაიკეთა, შვილს უკვე გადასცა მიდრეკილება პირდაპირ დანაშაულში არ გამოვლინდეს, მაგრამ ის აუცილებლად იჩენს თავს სხვა რამეში: დაუნობლობასა და სადიზმში ადამიანების, და თვით საკუთარი მშობლების მიმართ. როცა დედა ფიქრობს, წყვეტს საკითხს: მოკლას თუ არა თავისი შვილი, ჩვილი თითქოს ხვდება, გრძნობს ამას. მას გულისცემა უძლიერდება, რადგან წინასწარ გრძნობს საფრთხეს. ეს უკვე დადასტურებულია თანამედროვე მედიცინაში. და თუკი ეს უბედური ბავშვი მინც დაიბადება, მას მშობლები არ ეყვარება.

   სახარება, რომელიც იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს იკითხება ეკლესიაში, გვიხსნის: რამხელა პასუხისმგებლობა ეკისრებათ მშობლებს, განსაკუთრებით დედას, - მათი შვილების მომავალზე. ზოგიერთი ჩვენგანი იტყვის: „ახლა რა ვქნათ, უკვე გვიან არის?" ყოველივე შესაძლებელია უფლისათვის. უპირველეს ყოვლისა, როცა ვხედავთ, რომ ჩვენი შვილები ამაზრზენად, დანაშაულბრივად იქცევიან, ამაში ჩვენი თავი უნდა დავადანაშაულოთ და მონანიება თავის თავისგან დავიწყოთ. ჩვენ კი მათ სხვადასხვაგვარი ზნეობრივი სწავლებებით მივმართავთ. რომელ ზნეობრივ სწავლებაზეა ლაპარაკი, როცა მათ გულში ჯოჯოხეთის ცეცხლი ანთია? მშობლებმა უნდა მოინანიონ მათ მირ ჩადენილი ცოდვები მთელი თავიანთი სიცოცხლის განმავლობაში. ბავშვის სული, როგორც უკვე ვთქვით, დედის სულთანაა შეერთებული და ეს კავშირი არ იკარგება. ამიტომ, ცოდვების გულწრფელად მონანიებას თუ შეუდგებით, ნათლის სხივები თქვენი შვილის სულსაც გააცისკროვნებს.

   სახარებაში უფალი ამბობს, რომ ყველაზე მაღალი და პირველი მცნებაა: „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა", ხოლო მეორე მცნება, მსგავსი ამისი - „შეიყვარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი" (ლკ. 10. 27).

   ჩვენთვის ბუნებრივი იყო ღმერთის სიყვარული ისევე, როგორც ბავშვისთვის - მშობლების სიყვარული. მაგრამ ჩვენ ღმერთი არ გვიყვარს. რატომ? ამ კითხვას სახარება ასე პასუხობს: „განმრავლებითა უსჯულოებისათა განხმეს სიყუარული მრავალთა" (მთ. 10. 24). ჩვენი ცოდვების გამო დაშრეტილია ჩვენი სიყვარული, განფიცხებულია ჩვენი გული. ამიტომ სიყვარულის მოპოვების ერთადერთი გზა არის გზა სინანულისა.

   წმინდა მამები განგვიმარტავენ, რომ ქრისტე სახეა სიყვარულისა, ხოლო იოანე ნათლისმცემელი - სინანულისა. მთელი საეკლესიო განწყობილება ყველა დღესასწაულზე, თვით წმინდა აღდგომის დღესაც კი სინანულითაა განზავებული. სინანულის გარეშე შეუძლებელია ნამდვილი სულიერი სიხარულისა და ღმერთთან მიახლების სიტკბოების განცდა.

   დაე, სინანულის მოძღვარმა, წმინდა იოანე ნათლისმცემელმა გასწავლოთ ჭეშმარიტი სინანული და სულიწმიდის მადლის თანაზიარნი გაგხადოთ.

   როგორც იოანე ნათლისმცემელია ქრისტეს წინამორბედი, ასევე სინანულია წინამორბედი სიყვარულისა.

 

 

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)  

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება