მთავარი > წმიდათა ცხოვრება, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > იოანე ნათლისმცემლის შობა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 1)
იოანე ნათლისმცემლის შობა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 1)7-07-2018, 00:03 |
დღეს ეკლესია უდიდესი წინასწარმეტყველის - იოანე წინამორბედის შობას დღესასწაულობს. ჩვეულებრივ, წმინდანთა სადიდებელ დღესასწაულებს ეკლესია ადგენს მათი გარდაცვალების, ან მათი განდიდების დღეს, რადგან წმინდანის ცხოვრება არის გზა, აღსავსე მწუხარებით, არის მოწამეობა და ჯვარცმა, ხოლო სიკვდილი - ღვაწლისგან განსვენება და სამარადისო სიხარულის დასაბამი. უფალი იესო ქრისტესა და ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის შობის გარდა ეკლესია იხსენიებს მხოლოდ იოანე ნათლისმცემლის შობას. იოანე, წინასწარმტყველთა შორის უდიდესი, უფლის წინამორბედი და ნათლისმცემელი, ქვეყნიერებას მოევლინა, რათა მისთვის განეცხადებინა უდიდესი საიდუმლო დედამიწაზე მესიის, მაცხოვრის გარდამოვლინებისა. მის შესახებ გვაუწყებდნენ ძველი აღთქმის წინასწარმტყველები - ესაია და ზაქარია. წმინდა წერილი გვამცნობს: „აჰა, ესერა, მე წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე პირსა ჩემსა, რომელმან განმზადნეს გზანი შენნი წინაშე პირსა შენსა. ხმა მღაღადებელისა უდაბნოსა: განმზადენით გზანი უფლისანი, და წრფელ-ჰყუენით (გაასწორეთ) ალაგნი მისნი" (მრ. 1. 2); „ყოველი ხევნები აღმოივსოს, და ყოველნი მთანი და ბორცვნი დამდაბლდენ, და იყოს გულრძნილი (მრუდე) იგი მართალ, და ფიცხელი იგი გზად წრფელად" (ლკ. 3. 5). რას ნიშნავს ეს სიტყვები? წმინდა წერილი იოანე ნათლისმცემელს უწოდებს ანგელოზს, რომელიც უფლის გზას განამზადებს.
ღმერთისკენ სავალი გზა ადამიანისა, და პირიქით, უფლის გზა ადამიანებისკენ, ჩვენს გულზე მიემართება. მთები და ბორცვები ამ გზაზე ჩვენი ამპარტავნება და ამაო მედიდურობაა. ამპარტავნება კლდესავით აღმართულა და ზეგარდამოსულ მადლს გულისკენ მიმავალ გზას უღობავს. ხევები, ფლატეები ამ გზაზე ნიშნავს ჩვენს ცოდვებსა და ცოდვით დაცემებს; მრუდე - ორგულობას, სიცრუეს, თვალთმაქცობასა და სხვა ცოდვებსა და მანკიერებებს. ძველ დროს მეფე თავისი სამფლობელოს დათვალიერებას რომ მოისურვებდა, მისი ხელქვეითები წინასწარ ასუფთავებდნენ, აფართოებდნენ გზებს, აგებდნენ გზატკეცილებს, ხიდებს - ხელმწიფეს თავისი სამეფოს ყოველი კუთხე უნდა შემოევლო.
ღმერთის სამეფო ადამიანის გულია. როგორ უნდა მოვასწოროთ გულისკენ სავალი სულიერი გზები? - მხოლოდ და მოლოდ მონანიებით. იოანე ნათლისმცემელი სინანულის ნათლისღებას ქადაგებდა ცოდვების მოსატევებლად. იგი ამბობდა, რომ არ არსებობს ზეცათა სასუფევლისკენ სავალი სხვა გზა, გარდა სინანულისა. ნათლისღების მსურველები იოანეს მდინარე იორდანეში შეჰყავდა და თვითონაც წყალში შედიოდა. მოსანათლი თავის ცოდვებს აღიარებდა მის წინაშე, ნათლისმცემელი კი მისი ცოდვების მოტევებას ევედრებოდა ღმერთს. წმინდა საეკლესიო გარდამოცემა გვაუწყებს, რომ აღსარების მიღების შემდეგ უფლის წინამორბედი წარმოთქვამდა: „ნათელს გცემთ ჩემს შემდგომად მომავალი მესიის სახელით".
წმინდა მამები განგვიმარტავენ, რომ სულიწმიდის პირველი ნიჭი არის ცოდვის ხედვა. როდესაც მადლი სწვდება ადამიანის გულს, მაშინ იგი გრძნობს, რამდენად განშორებულია ღვთისაგან. მონაზვნების მოძღვარს, ანტონი დიდს სიკვდილის წინ უთქვამს: „მთელი ჩემი ცხოვრება სხვა არა იყო რა, თუ არა გლოვა ცოდვათა სამარადისო". ზოგიერთი ადამიანისთვის გუგებარია, მოღვაწეები რად ატარებენ მთელ ცხოვრებას გლოვასა და სინანულში. ერისკაცთაგან ბევრი მძიმე ცოდვებს სჩადის, მაგრამ ამის გამო სრულებით არ წუხს და თავს ცოდვილადაც არ თვლის. წმინდა მამებს ასეთი მაგალითი მოჰყავთ: მღვრიე წყალში არაფერი სჩანს, მაგრამ ჭურჭელს თუ გავავსებთ ამ წყლით და რამდენიმე ხანს დავდგამთ, ის დაიწმინდება, და მასში არათუ პატარა კენჭები, ქვიშაც კი გამოჩნდება. ასევე, ბნელ სარდაფში სიბინძურეს ვერ ვხედავთ, ხოლო მზის შუქი თუ შეაღწევს მასში, სხივის ნათელში მტვრის ათასობით ნაწილაკი გამოჩნდება. რაც მეტად იწმინდება ადამიანის სული, მით უფრო ცხადად ხედავს იგი თავის ცოდვებს.
სინანული არის ადამიანის მიერ თავის თავის ემოციური განსჯა საშინელ სამსჯავრომდე. სამოქალაქო სასამართლოზე: მოსამართლე რაც უფრო მკაცრად განსჯის დამნაშავეს, მით მეტად მძიმეა მისი განაჩენი. აქ კი პირიქით: რაც უფრო მკაცრად ამხელს სინდისი ადამიანს, მით უფრო ახლოსაა მისი ცოდვების მოტევება, მისი ცხონება. იმისათვის, რომ სინანული ჭეშმარიტი იყოს, შემდეგი პირობები უნდა დავიცვათ: ჯერ ერთი, ცოდვებს უნდა განვიცდიდეთ, ვნანობდეთ; მეორე, გულწრფელად ვაღიაროთ ყველაფერი სასულიერო პირის - იმ ადამიანის წინაშე, რომელსაც მინიჭებული აქვს განსაკუთრებული უფლება ცოდვების მოტევებისა და დახსნისა. ოღონდ, აღსარება უნდა იყოს არა მარტო საუბარი ცოდვების შესახებ, არამედ სულიერი ტირილიც. ხშირად ხომ ასეც ხდება: ადამიანი თავის დანაშაულის შესახებ საუბრობს ყოვლგვარი სინანულის გარეშე, ზოგჯერ კი ამაყობს კიდეც ცოდვით; მესამე, მტკიცედ გადავწყვიტოთ: აღარ გავიმეოროთ ძველი ცოდვები, საცდურს ისევ ვუფრთხილდეთ, როგორც სიკვდილს; და ბოლოს, მეოთხე, ვეცადოთ, ცოდვის წინააღმდეგ, სიკეთე ვაკეთოთ. თუკი ყოველივე ამას დავიცავთ, უფალი შეიწყნარებს ჩვენს აღსარებას. სინანული ქრისტიანის სულიერი ცხოვრების საფუძველია. რატომ ვართ გულგანფიცხებულები დიდ დღესასწაულებზე? რატომ ვერ ვგრძნობთ, ზიარების დროს როგორ შემოდის ჩვენს გულში ცეცხლი და ნათელი? მხოლოდ იმიტომ, რომ გული არ განგვიწმნდავს, არ გაგვიფხიზლებია და მოგვიდრეკია სინანულით, მოუნანიებელი გული კი კლდესავით ფიცხელია. მოუნანიებელი გული ქრისტეს წინაშე დაკეტილი კარია. უფლისთვის არ არსებობს სიხარული იმაზე მეტი, ვიდრე ცოვდილი კაცის მოქცევა და სინანულის გზაზე დადგომა.
* * * თუკი სიკვდილი ამქვეყნიური სიცოცხლის შედეგია და დასრულება, მაშ, რატომ არის წმინდა იოანე ნათლისმცემლის თვით შობა დიდი გაკვეთილი ყოველი ჩვენგანისათვის? უფლის წინამორბედის მშობლები - ზაქარია და ელისაბედი, როგორც სახარებაში წერია, „იყვნეს ორნივე ესე წინაშე ღმრთისა მართალ და ვიდოდეს ყოველთა მცნებათა სიმართლისა უფლისასა უბიწონი" (ლკ. 1. 6), ანუ ისინი ასრულებდნენ წმინდა წერილის ყველა მცნებას, რამდენადაც ეს შესაძლებელია ადამიანისათვის. ისინი უკვე ხანში შესულები იყვნენ და შვილი არ ჰყავდათ, ამიტომ მხცოვანებისას შეძენილი შვილი - იოანე მათი მრავალწლიანი მხურვალე ლოცვის ნაყოფი იყო. ზაქარია ჩვეულებრივ მღვდელმსახურებას რომ აღასრულებდა და საკმევლის საკმევად შევიდა ტაძარში, მას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ შვილი შეეძინებოდა. ეს მოხდა სწორედ ღვთისმსახურების აღსრულებისას თითქოს ნიშნად იმისა, რომ ზაქარიას და ელისაბედს ცხოვრება (წმინდა წერილი საგანგებოდ გვამცნობს, რომ ელისაბედი სამღვდელო მოდგმიდან იყო - „ასულთაგან აჰრონისთა" (ლკ. 1. 5) განუყრელად იყო დაკავშირებული ტაძართან და მათი შვილი სწორდ ამიტომ იქცა სულიწმიდის ტაძრად. ბევრი ჩვენგანი მწარედ წუხს და ჩივის თავის შვილებზე. რა ხშირად ამბობენ დედები: „ყველაფერი მოვიკელი და რაც გამაჩნდა, მას მივეცი. რამდენი უძილო ღამე გავატარე მის ლოგინთან? ის კი გაიზარდა და საშინელი უმადურობით გადამიხადა სამაგიერო". სინამდვილეში მშობლებმა შვილს მოაკლეს ყველაზე მთავარი:
ბავშვი ჯრ კიდევ დედის მუცელში ყოფნისას შეერთებულია მასთან და მშობლების ყოველგვარი სულიერი განცდა, აზრი, მისწრაფება, სურვილი, სიტყვა და მოქმედება აღიბეჭდება მისი სულის სიღრმეში. ჩვეულებრივ ბავშვი გარეგნობით თავის მშობლებს ჰგავს. ესეც იმის ნიშანია, რომ ის სულითაც ჰგავს მამას და დედას. და რა ფრთხილად უნდა იყვნენ მშობლები! მათმა ცხოვრებამ შეიძლება საბედისწეროდ განსაზღვროს მათი შვილის მომავალი. (გაგრძელება...)
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |