მთავარი > გლობალიზმი, მთავარი გვედის ფოტო > გლობალიზმი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

გლობალიზმი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


9-04-2020, 17:39

 

 
 

"კაცობრიობამ დღეს დაუნდობელი ომი გამოუცხადა ღმერთს,ახალი გლობალური ბაბილონის გოდოლის მშენებლობა დაიწყო"


   როგორც ვხედავთ, ანტიქრისტიანული იდეები სულ უფრო და უფრო იმკვიდრებენ ადგილს ადამიანის ცხოვრებაში. დღეს ხშირად საუბრობენ ახალი შეხედულებების გავრცელებაზე. ქრისტიანობისადმი გულგრილ დამოკიდებულებას კი იმით ხსნიან, რომ თითქოსდა მან მოჭამა თავისი დრო. ამიტომ სამყაროს „პოსტქრისტიანულს" უწოდებენ, აქამომდელს მხოლოდ ისტორიულ წარსულად აღიქვამენ. ახალი ათასწლეულის დადგომისთანავე ახალი ეპოქის დასაწყისზე მსჯელობა აქტუალური გახდა.
   ჩვენს მიერ განხილულმა იდეოლოგიებმა ნათლად დაგვანახა, რომ კაცობრიობამ თავისი ცხოვრებიდან უკუაგდო ღმერთი და თავად ადამიანი „გააღმერთა". ეს პროცესი ჯერაც არ დასრულებულა. მსოფლიო სრულიად ახალ ეტაპზე გადადის. თუ რელიგიურად შევაფასებთ მოვლენებს, მივხვდებით, რომ ეს ის ძველი გველია, რომელმაც აცდუნა ადამი, რომელმაც ბაბილონის გოდოლის მშენებლობა აფიქრებინა ადამიანს. დღეს სახეცვლილი, ახლებური ბაბილონის გოდოლი შენდება. მას გლობალიზაცია ეწოდება.
   თავიდანვე ვთქვათ, რომ ამ სიტყვის მიღმა ტერმინოლოგიური სიცრუე იმალება. კერძოდ: ერთი სიტყვით ორი პრინციპულად განსხვავებული მოვლენაა სახელდებული. სამეცნიერო ენაზე ტერმინი „გლობალიზაცია" ნიშნავს სოციალური ორგანიზაციის სრულყოფილ, ბუნებრივ პროცესს, ეკონომიკური, კულტურული, სატრანსპორტო ურთიერთობების გაფართოებას, გამოცდილების გაზიარებას; ე.ი. გლობალიზაციაში „ერთიანი ეკონომიკური და ინფორმაციული სივრცე", „მსოფლიო ბაზარი" და „თავისუფალი საზოგადოების" დაარსება იგულისხმება.
   სინამდვილეში გლობალიზაცია ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაფართოების ბუნებრივი პროცესი არ არის ის „გლობალური პროექტია", რომელსაც თავისი იდეოლოგია, მიზნები და საიდუმლო გეგმა გააჩნია! რაც არ უნდა ილაპარაკონ, ჩვენ, ქრი-სტიანებმა, ვიცით, რომ საუბარია ერთიანი მსოფლიო სახელმწიფოს შექმნაზე, რომელსაც ერთი ხელისუფალი, ერთიანი ჯარი ეყოლება; საერთო ფინანსები, კანონები და კულტურა ექნება. ხელისუფლების გლობალიზაცია „მარჯვე გზაა" ტოტალიტარული მსოფლიო სახელმწიფოსკენ მიმავალი. ქრისტიანისათვის ასეთი სისტემა ასოცირდება ანტიქრისტეს გამეფებასთან, რაც აღწერილია კიდეც წმიდა იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში.
   ასე რომ, გლობალიზაცია არ გულისხმობს საზოგადოებრივი სტრუქტურების სრულყოფას, „მთლიანობის" დახვეწას, „კავშირების გაფართოებას; საპირისპიროს დაუღალავად, თუმცა ამაოდ, გვიკიჟინებენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. სახელმწიფოებრივი გლობალიზაცია აბსოლუტურად ხელოვნური, ადამიანის გონებითა და ნებით შექმნილი პროდუქტია. ამიტომ, მისთვის უინტერესოა ყველაფერი, რაც ტოტალიტარული მექანიზმის მიღმა ხდება.
   ახალი წესრიგის დამაარსებელი საუკეთესო ალტერნატივად წარმოგვისახავენ თავიანთ არჩევანს. მათი ცდა ამაოა, რადგან ფაქტია: ისინი გვთავაზობენ ყველაზე არადემოკრატიულ და მონურ სისტემას.
   მღვდელმონაზონი ქრისტოდულოს მთაწმინდელი ამბობს: „მსოფლიოს ახალ მაკონტროლებელ სისტემას არ ქმნიან აშკარად, ღიად მისი დამფუძნებლები არასოდეს გვეტყვიან: „გვსურს წაგართვათ თავისუფლება და დაგიდგინოთ სისტემატური კონტროლი;* ამ შემთხვევაში ხალხი ხმას აღიმაღლებს, სისტემების შემქმნელები კი ვერსად დაიმალებიან. ამიტომ, თავდაპირველად ისინი იმოქმედებენ დიპლომატიურად და ნელ-ნელა მყარ ნიადაგს მოამზადებენ მაკონტროლებელი სისტემის შემოღებისათვის. ადამიანი ხანგრძლივი წინააღმდეგობის შემდეგ დაასკვნის, რომ ამ სისტემასთან ბრძოლა შეუძლებელია.
   აუცილებლად წარმოგვიდგენენ შენგენის ხელშეკრულებას, როგორც მძიმე ვითარებიდან თავდახსნის იდეალური საშუალება. იმედგაცრუებული საზოგადოება კი მიიღებს ალტერნატივასავით უიმედობისაგან განმანთავისუფლებელ გზას, მიიღებს მსოფლიოს მართვის ახალ სისტემას - გლობალიზაციას. ამრიგად, თავიანთი პირობების „გასაუმჯობესებლად" ხალხი დათანხმდება ახალ წესრიგს. მაგრამ „გაუმჯობესება" თავისუფლებისა და ცხოვრების დაკარგვის ფასად მიეცემა მას".**
   გლობალიზმმა უწინდელი კომუნისტური უტოპიური იდეა ახალი ალტერნატიული ლიბერალური იდეით ჩაანაცვლა. კაცობრიობა ცხადდება ერთიან ბიოლოგიურ პოპულაციად. მას საერთო ისტორიული წარსული აქვს, შესაბამისად, საერთო ისტორიული მომავალიც. ერთიან მსოფლიო საზოგადოებას კი სჭირდება ერთიანი საზოგადოებრივი რელიგიური ორგანიზაცია.
   ჩვენთვის კარგად ცნობილი სურათი დაგვიხატეს: ღმერთი უხილავია და მოშორებულია მატერიალურ სამყაროს; ეს სამყარო ვითარდება ადამიანებით, მხოლოდ ადამიანით და არა ღმერთით. აბსოლუტური ჭეშმარიტება კი მიმალულია და მხოლოდ თანდათან გაცხადდება ბრძენ მმართველთა ძალისხმევით. ამრიგად, გლობალიზაცია არ იქნება შედეგიანი, თუ:
    ა) ყოველი რელიგია უარს არ იტყვის მოსაზრებაზე, რომ მხოლოდ ის ფლობს ჭეშმარიტებას.
   ბ) სანამ ყველა რელიგია არ დათანხმდება, შექმნას ერთიანი ზერელიგია. ამიტომ დღეს თვალნათლივ ვხედავთ იმას, რაც წარმო-უდგენელი იყო ადრე: ქრისტიანები, იუდეველები, მუსლიმანები და წარმართები ერთად ლოცულობენ „საყოველთაო მშვიდობისათვის", მონაწილეობენ რელიგიათა შორის დიალოგში და აცხადებენ, რომ ყველას, განსაკუთრებით მონოთეისტურ რელიგიებს საერთო ღმერთი ჰყავთ. უნდა ვიცოდეთ, რომ გლობალიზაცია ახლა, ამ დროში, ჩვენს გვერდით იგეგმება და ხორციელდება. იგი ამზადებს არა მხოლოდ ქრისტეს გარეშე არსებულ სამყაროს, არამედ სამყაროს, რომელიც ქრისტეს მგმობი და მოწინააღმდეგე იქნება.
   მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, ათასგვარი ოკულტური სექტანტური, ერეტიკული და ყალბი რელიგიური თუ სოციალური მიმართულებები ახალი „სულიერების", ახალი „რელიგიური შეგნებისა" და მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას ემსახურებიან. გლობალისტები ოცნებობენ „ახალი დროის" ქაოსიდან შექმნან ერთიანი მსოფლიო რელიგია. ამ რელიგიამ დედამიწაზე არსებული ყველა რელიგიის ელემენტები უნდა მოიცვას.
   მაშ ასე: გლობალიზაციის იდეოლოგიამ ნიღაბი ჩამიხსნა და თავისი მონდალისტური მიზანი წარმოაჩინა: „ახალი მსოფლიო წესრიგი", „ახალი მსოფლიო რელიგია". საბოლოო მიზანი კი - „ახალი ეპოქის ქრისტეს" (ანუ ანტიქრისტეს) მოსვლა იქნება.
  თანამედროვე გლობალისტ-ევოლუციონისტებისათვის, როგორც დარვინის თეორიის განხილვისას მოგახსენეთ, უცხოა მართლმადიდებლური სწავლება ქრისტეს შესახებ. მათი აზრით, სტატიკური რელიგიური კონცეფციები ახლებურად უნდა ჩამოყალიბდეს, ხოლო ქრისტეს შესახებ კლასიკური სწავლება - ახლებურად განიმარტოს.  ე.ი. სურთ ახალი ქრისტიანობა ჩამოაყალიბონ, ხოლო ქრისტე არა განკაცებულ ღმერთად, არამედ ერთგვარ სუპერმენად წარმოგვიდგინონ. კაცობრიობის ევოლუციის მომავალს ისინი „ზეადამიანის" წარმოქმნაში ხედავენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტე „ევოლუციის" ეტაპებისა და საფეხურების შემდგომ „ზექრისტე" საბოლოდ გამოაცხადებს ყველა რელიგიათა ერთიანობას.
    ნათელია: რასაც ამ ფილოსოფიაში „ქრისტეს" უწოდებენ ზუსტად ის არის, ვისაც მართმადიდებელი ეკლესია ანტიქრისტეს, ცრუქრისტეს უწოდებს, ვინც კაცობრიობას ამა სოფლის „სულიერ" მეუფებას ჰპირდება. ამ იდეოლოგიაში სრულიად დაკარგულია, მარადიული ცხოვრების, ქრისტეს მცნებების შესრულების ცნება და შეგრძნება, ის, რაც ქრისტიანს სხვა მსოფლხედვის ადამიანისაგან განასხვავებს.
   მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ცხოვრების ძირითადი მიზანი სულის ცხონება, ზეციური სასუფეველის დამკვიდრებაა. „სოფელი ესე" და მისი თანამედროვე იდეოლოგიები ცდილობენ სხვა სწავლება დანერგონ. მათთვის სიმდიდრის, ძალაუფლების, კომფორტის და „თავისუფლების" პროპაგანდა ერთადერთი ფასეულობაა. ცოდვა, თუ იგი სხვა ადამიანს ზიანს არ მოუტანს, ნორმად არის მიჩნეული. ეს ეწინააღმდეგება მართმადიდებლურ სწავლებას.
   ამიტომ, მტკიცედ უნდა ვიცოდეთ: მართმადიდებლური და ანტიქრისტიანული გლობალიზაცია პრინციპულად განსხვავდება ერთმანეთისაგან.
   მართმადიდებელი ქრისტიანები ვამბობთ, რომ ადამიანი ყველანაირი საშუალებით უნდა განერიდოს ცოდვას. ჩვენი ოპონენტები კი პირიქით - ებრძვიან ყოველგვარ აკრძალვასა და შეზღუდვას.
   ქრისტიანი ყველა ადამიანს მოყვასად, თავის ძმად მიიჩნევს, გლობალისტი კი თავისიანებად და სხვებად ჰყოფს გარშემომყოფთ.
   ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჭეშმარიტი რწმენისათვის თავდაუზოგავი ბრძოლაა საჭირო, გლობალისტისთვის კი ამგვარი თავდადება არაფერს ნიშნავს.
   ქრისტიანისთვის უმჯობესია მოკვდეს, ვიდრე უცხო სარწმუნოებას ეზიაროს; გლობალისტს კი ამსოფლიური ცხოვრება ეძვირფასება და მას მიღმა არაფერი სწამს.
   ქრისტიანი სიმდიდრისკენ ლტოლვას ცოდვად მიიჩნევს, ჩვენი ოპონენტები სიმდიდრის მოხვეჭის მიზნით ნებისმიერ საშუალებას იყენებენ.
   ანტიქრისტიანული გლობალიზაცია კაცობრიობას „რჩეულთა" ბატონობისათვის ამაზადებს. რჩეულები, ბუნებრივია, ფარისევლების მსოფლმხედველობას იზიარებენ. გლობალისტები კაცობრიობას ელიტად და დანარჩენებად ჰყოფენ. შეფარდება საზოგადოების ამ ორ ფენას შორის 20/80-ზეა. (მ. გორბაჩოვის ფონდის მსოფლიო ფორუმის დადგენილება.  1997 წ)
   მმართველი ელიტა მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის ყველა სია-მით ტკბება, დანარჩენები სასტიკი ექსპლოატაციის მსხვერპლნი ხდებიან და არ ეძლევათ ნორმალური ცხოვრების საშუალება.
   როგორც ვხედავთ, გლობალისტების მიზანი - შექმნან ახალი მსოფლიო წესრიგი, ახალი მსოფლიო რელიგია - აქამდე განხილული იდეოლოგიების მსგავსად, ანტიქრისტიანულია. მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ნათელია: როდესაც მსოფლიო ერთმმართველობის ქვეშ მოექცევა, გამოჩნდება ანტიქრისტე, თვითმარქვია მეფე, რომელიც თავს ღმერთად გამოაცხადებს.
   დავასკვნით: ჩვენ, მართლმადიდებლები მივისწრაფვით ღმერთკაცობრივი გლობალიზაციისაკენ, მსოფლიოს გაერთიანებისაკენ ქრისტეს სხეულში - ეკლესიაში. სწორედ მასზე ვამყარებთ იმედს და ამისათვის ვიღწვით.
   ჩვენ ვეთაყვანებით არა სუპერმენებს, არა ცრურელიგიებს, ცრუიდეოლოგიებსა და ცრუმხსნელებს, არამედ ბეთლემში დაბადებულ უფალ იესო ქრისტეს მხოლოდ და მხოლოდ, მას, ვინც ადამის ცოდვისაგან ჯვარცმითა და აღდგომით გამოგვისყიდა და მარადიული ცხონების საშუალება მოგვმადლა.
 
     

* მღვდ. მონაზ. ქრისტოდულოსი (წმ. მთა) „Закат свабоды"  გვ-78.
** იქვე გვ - 80.
 
 
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

უკან დაბრუნება