მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > მოძიება ღვთისა და თავის თავისა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 2)

მოძიება ღვთისა და თავის თავისა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 2)


11-07-2018, 00:03

 

   მშობლებს, ანიჭებენ რა სიცოცხლეს შვილებს, ხშირად ქვეცნობიერების დონეზე სურთ იცხოვრონ თავიანთ შვილებში, ამიტომ ძალადობას ახდენენ თავიანთი შვილის პიროვნებაზე, რომელიც არის არა ტვიფრი თავის მშობლებისა, არამედ სხვა არსება. სიმამაცე და სიმდაბლეა საჭირო ამ ძალადობის წინააღმდეგ; თუმცა, სიმამაცე და სიმდაბლეა საჭირო ამ ძალადობის წინააღმდეგ; თუმცა, სიმამაცე და სიმდაბლე, სწორად გაგებული, ერთი და იგივეა. სიმდაბლე სიმამაცის გარეშე სიმხდალედ იქცევა, კაპიტულაციად გარეგანი ძალის წინაშე, ხოლო სიმამაცე სიმდაბლის გარეშე გარდაიქმნება კადნიერებად, სურვილად - დარტყმას დარტყმითვე ვუპასუხოთ.

   ძალადობის კიდევ ერთი სახე წარმოდგება გამოუცდელი სულიერი მოძღვრებისგან. სულიერი ხელმძღვანელი სხვისი სულის შეგრძნობის უნარს უნდა ფლობდეს. სულიერ ხელმძღვანელებად არ „ინიშნებიან", წაკითხული წიგნების რაოდენობა ადამიანს სულიერ მოძღვრად არ აქცვს. ამისათვის საჭიროა ნიჭიერება, ინტუიცია, სულიწმიდის მადლი, რათა მოძღვარი ყოველი ადამიანის სულს ხედავდეს, შეიგრძნობდეს მას; დაეხმაროს ადამიანს თავისი თავისა და თავისი გზის პოვნაში. სულიერი მოძღვარი, რომელიც შაბლონისა და სქემის მიხედვით მოქმედებს, ფსიქოლოგივით, დაასახიჩრებს თავის შვილებს. ადამიანის სული ყველა სისტემასა და თეორიაზე უღრმესია.

   სულიერი მამა იმ მხედველობას უნდა ფლობდეს, რომელიც სულის სახეს ხედავს, თითქოს შედის სხვა პიროვნებაში, შიგნიდან ხედავს მას, თავის თავზე იღებს მას.

   ორ ერთნაირ სიტუაციაში ორ განხვავებულ ადამიანს მან შეიძლება ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებებზე მიუთითოს, ერთსა და იმავე საკითხზე სხვადასხვა პასუხი გასცეს. გამოუცდელი მოძღვარი შეუდგება გახსენებას, რა წაუკითხავს ამა თუ იმ წმინდა მამასთან, გეგონება ალალბედზე იღებს თაროდან წამალს და ადამიანს აძლევს ისე, რომ არ იცის, რით არის იგი ავად. შეუძლებელია სულიერი ხელმძღვანელი გახდე „შეკვეთით", ისევე, როგორც შეუძლებელია გახდე პოეტი ბევრი ლექსის წაკითხვით, - ეს ნიჭია ღვთისა, ეს ის ძველი ქარიზმაა, რომელიც დაე თუგინდ მოუძლურებული და დაფარული სახით, მაგრამ ჯერ კიდევ მოქმედებს ჩვენ თანამედროვე საეკლესიო ცხოვრებაში.

   კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვანთ: ზოგიერთი გამოუცდელი სულიერი მოძღვარი იქნებ იმ ექიმს ჰგავს, რომელსაც ცნობარებში აქვს თავი ჩარგული და რეცეპტს ისე გამოწერს, რომ ავადმყოფს და მის ავადმყოფობას ვერც კი ხედავს.

   ასეც ხდება: „სულიერი მოძღვარი" მიიჩნევს, რომ სამღვდელო ხარისხის მიღებისას, მასთან (ხარისხთან) ერთად მისი პირისგან გამოსული რჩევებისა და გადაწყვეტილებების უცილობელი სისწორის გარანტიაც მიიღო; ამიტომ სამწყსოსადმი თავის რჩევებსა და მითითებებს საეკლესიო საიდუმლოდ აფასებს.

   ის, ჩვეულებრივ, საერთოდ არ კითხულობს სასულიერო წიგნებს, მიიჩნევს რა, რომ ხელთდასხმამ უკვე განანათლა მისი აზრები. საუბრისას ასეთი ადამიანი რაღაცით მოგვაგონებს მთვრალს, რომელიც დარწმუნებულია, რომ თუ იგი ბოძს ხელს ჰკრავს, ის წაიცევა. ბოძი არ წაიქცევა, მაგრამ მან შეიძლება ძალიან დაასახიჩროს ადამიანი. არსებობენ „სულიერი ხელმძღვანელები", რომლებიც თავიანთი სულიერი შვილების ვნებებსა და სურვილებს ჰყვებიან და ყველაფერზე კვერს უკრავენ მათ - ამაო მედიდურობის გამო ან იმისთვის, რომ მათში თავიანთი მოძღვრის სიყვარული აღძრან. ადამიანს უყვარს ის, ვინც ამართლებს მის ვნებებს. არიან „ბერები", რომლებიც სულიერ შვილებს შეიკრებენ მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი თავიანთ „ბოსტანში" გაგზავნონ.

   თუკი სულიერი მოძღვარი ინტუიციურად ვერ იცნობს თავისი სულიერი შვილების სულებს, ის, უფრო ხშირად, ორ უკიდურესობაში ჩავარდება: ან მეტისმეტ სიფრთხილეს გამოიჩენს, დაუთმობს რა ავადმყოფობას, მშვიდად რომ განვითარდეს, ხოლო წყლულები გაიხრწნას, ან - რაც გამოუცდელ, მაგრამ გაბედულ ექიმებს ახასიათებს, - ჯერ ყველა სხვა საშუალებით არ ისარგებლებს და პირდაპირ შოკურ თერაპიასა და ამპუტაციას გამოიყენებს.

   უფალმა ყოველ ადამიანს მიანიჭა ტალანტი. ეს ძალიან კარგი სიტყვაა: ტალანტი ოქროს საზომია. ღმერთმა, როგორც მშობელმა, ყოველ ადამიანს მემკვიდრეობით უბოძა განსაკუთრებული ნიჭი და გარკვეული ნიჭი და გარკვეული მოწოდება.

   ოღონდ აუცილებლდ უნდა მოვიძიოთ ისინი, არ შევცდეთ, ჩვენი სულისთვის ნიშანდობლივი არ გავცვალოთ უცხოზე, რაც ადამიანისთვის გარეგანი და სიცოცხლეს მოკლებული იქნება. ადამიანმა თავისი თავი სხვისით არ უნდა შეცვალოს.

   სახარება - ეს არის პიროვნება თვით ქრისტე მაცხოვრისა: იგი ღმრთეებრივია და, ამავე დროს, ღრმად ადამიანური. ამიტომ ყოველი ადამიანი იპოვის მასში თავის თავს. სახარების მცნებები სივრცესა და თავისუფლებას ანიჭებენ შინაგან ცხოვრებას. ქრისტე თავის მოწაფეებს აფრთხილებდა, რომ მცნებები მათ არ შეეცვალათ გარეგანი რეგლამენტით, ცხოვრების ფორმულებით, როცა პიროვნება და ინდივიდუალობა სახარების იდეალზე კი არ ორიენტირდებიან, არამედ ფორმალური კანონებით ითრგუნებიან.

   ამაშია პრინციპული სხვაობა ღმრთისა მიერ პიროვნების აღმდგენელ ქრისტიანობასა და თალმუდიზმს შორის, რომელიც ადამიანს წესების, კანონების, ნებართვებისა და აკრძალვების რკინის კორსეტში სვამს სიცოცხლის ბოლომდე, რათა იუდეველის განზოგადებული ტიპი შეიმუშაოს. სახარება თავისი უნივერსალიზმის პიროვნებისადმია მიმართული, ხოლო თალმუდი მიმართულია ეთნოსისადმი, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტისა და უმაღლესი ფასეულობისადმი. ისლამურ ფატალიზმში პიროვნება განპირობებულია, წინასწარ განსაზღვრულია; იქ გარდაუვალობის კანონი სუფევს. ინდუიზმსა და ბუდიზმში პიროვნება, როგორც რეალია, საერთოდ არ არსებობს, იგი მხოლოდ წარმავალი ფორმაა საერთო უხარისხო მყოფობისა. პიროვნებისა და თავისუფლების ცნებები განუყრელადაა დაკავშირებული ერთიმეორესთან.

   ქრისტემ თავისუფლების უკიდეგანო შინაგანი სივრცე განგვიცხადა, თითქოს ახალი, ერთიმეორის შემცვლელი ჰორიზონტები მაღლა და მაღლა აღსვლისას. ეს არის შესაძლებლობა ადამიანისათვის მონიჭებული ღვთის ხატებისა და მსგავსების შესაბამისად ცხოვრებისა. ეს არის შესაძლებლობა, საღმრთო მადლი მიერ ცოდვის მონობისგან თავის დახსნისა, თავის თავთან დაბრუნებისა, თავის თავისგან კი ღვთისაკენ მოქცევისა, სულიერი ინტლექტუალური ამებისგან ღმერთის მსგავს პიროვნებად აღდგენისა და განახლებისა.

 

 

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)  

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება