მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > მოძიება ღვთისა და თავის თავისა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 1)

მოძიება ღვთისა და თავის თავისა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 1)


10-07-2018, 00:03

მოძიება ღვთისა და თავის თავისა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 1)

 

   ცხონება ღვთისა და თვით საკუთარი თავის მოძიებას ნიშნავს. ყოველი ადამიანი განუმეორებელი მოვლენაა, ამაში იხატება შემოქმედის სიბრძნე და სიმშვენიერე. ზოგიერთი ცხონებად მიიჩნევს უარის თქმას თავის თავზე, როგორც პიროვნებასა და ინდივიდუალობაზე, რაღაც საერთო აბსტრაქტულ იდეაში განზავებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ცდომილებაა.

   ადამიანი უნდა განთავისუფლდეს არა თავის თავისგან, არამედ იმისაგან, რაც უცხოა მასში, და თავისი პიროვნება და ინდივიდუალობა დაიცვას, როგორც ნიჭი ღვთისა. შესაქმის მიზანი განზოგადება და უნიფიკაცია რომ ყოფილიყო, უფალს შეეძლო ჩვენი შექმნა ერთნაირი გეომეტრიული ფიგურების სახით.

   ყოველ ადამიანს სხეულის განუმეორებელი სტრუქტურა აქვს. ეს ნიშანია იმისა, რომ ყოველი ადამიანის სულიც ერთადერთია მთელ შექმნილ სამყაროში; და თითქოს ამაში გვიცხადდება საღმრთო მშვენიერება, ასახული არა ერთფეროვნებაში, არამედ თავისი (ღვთის) შესაქმის მრავალსახეობაში. ადამიანმა თავისი თავი უნდა მოიძიოს იმაში, რაც უცხოა მისთვის, შემოჭრილია მასში და ყოველი მხრიდან გარემოიცავს მას, ხოლო უცხო - ეს არის ცოდვა, ვნებები და ეს სოფელი.

   მაგრამ სულიერ გზაზე ხშირად სწორედ ასეთი შეცდომა გვხვდება: უცხოსგან და სხვისეულისგან გასათავისუფლებლად ადამიანი ამსხვრევს არა მარტო ცოდვას, არამედ თავის თავსაც, აღხოცავს რა ღვთისაგან მონიჭებულ განუმეორებლობას თავისი პიროვნებისა, ანუ აღხოცავს სახეს თავისი სულისა. ეს იმას ჰგავს, ჭვარტლისა და ტალახისგან გაწმენდის ნაცვლად რესტავრატორმა სურათი რომ დაგრუნტოს და იმავე ტილოზე სხვა სურათი დაწეროს, და თანაც უგერგილოდ.

   ჩვენი აზრით, ორი საფრთხე არსებობს სულიერ გზაზე, როცა ადამიანი იმახინჯებს თავის თავს, თავის ცხოვრებას, როგორც მომღერალი, რომელიც სხვისი ხმით მღერის, - ესენია: იძულება, ანუ ძალადობა, და მიბაძვა. ადამიანმა შეიძლება მიჰბაძოს ლიტერატურული ნაწარმოებების პერსონაჟებს, ადამიანებს, რომლებსაც ის ხვდება, აბსტრაქტულ და იდეალურ სახეს, მის ოცნებებში შექმნილს, ავიწყდება კი, რომ ეს მაგალითი სხვა ადამიანის ცხოვრებაა, სხვა პიროვნებისა და სხვა ინდივიდუალობის ანარეკლი, ხოლო აბსტრაქტული სახე მუდამ მხურვალე მეოცნებეობასთან არის შეერთებული და ჩვენთან, როგორც კონკრეტულ რეალიასთან, არავითარი კავშირი არა აქვს. სხვისი მიბაძვა მჭიდროდაა დაკავშირებული წარმოსახვასთან და ამიტომ პროკრუსტეს სარეცელად იქცევა სულისთვის, თუკი იგი ორიენტირებულია არა სულზე, არამედ გარეგანზე. ჩვენ ყოველთვის „ჩვენ" - ად ვრჩებით, სხვა პიროვნება არასოდეს გავხდებით, მაგრამ ჩვენი „მე" შეიძლება წავახდინოთ და დავამახინჯოთ, ანუ დავკარგოთ ჩვენი გზა.

   ჩვენ ჩვენი უნდა მოვიძიოთ, ამიტომ ადამიანი, გაითვალისწინებს რა სხვების გამოცდილებასა და მაგალითს, თავის თავს სხვებთან არ უნდა აიგივებდეს, არამედ თავის თავისგან ამოდიოდეს, ოღონდ განასხვაოს, რა არის მისი, და რა არის სხვისი, რა არის ნიშანდობლივი მისი სულისთვის, და რა არის სხვისეული.

   მან უნდა ამოხსნას ამოცანა - გადამკვეთ ხაზებში მოიძიოს თავისი, და არა სხვისი გზა. ღვთის მსახურებაში, სულიერ ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენი პიროვნება არ დაიკარგოს, მაგრამ არა ის, რასაც ეს სოფელი მიიჩნევს პიროვნებად - ამპარტავნებისა და ამაო მედიდურობის შენადედი, - არამედ ჩვენი შინაგანი განუმეორებლობა, ისევე განუმეორებელი, როგორც თითების ანაბეჭდი ან ადამიანის ხმის ტემბრი. თუკი ეს არ მოიძებნა სულიერ ცხოვრებაში, ადამიანი იყალბებს, მიჰბაძავს ვისმე - წაკითხული წიგნების პერსონაჟებს, ნაცნობ ადამიანებს, ან თავის საკუთარ ოცნებას.

   მაგრამ ამავე დროს ძალზე მნიშვნელოვანია, არავითარ შემთხვევაში არ გავაიგივოთ ჩვენი თავი ჩვენს ვნებებთან, მიდრეკილებებთან, ჩვენს არაბუნებრივ მდგომარეობასთან, ისევე, როგორც არ აიგივებს თავის თავს თავის ავადმყოფობასთან ავადმყოფი.

   ადამიანი მხოლოდ ცოდვასთან ბრძოლისას პოულობს თავს: ის თითქოს თავისი ვნებების მიწიდან ამოითხრის თავს და მოიპოვებს. როგორ განვასხვავოთ ცოდვისა და ვნებების ძახილი სულის ძახილისგან? ცოდვის ხმას გული შეშფოთებული გრძნობით ეხმიანება, იგი ან დუმს, თავის თავში ჩახშული, ან, ხატოვნად რომ ვთქვათ, სულთქვამს. ცოდვა კუმშავს ადამიანის გულს, აპატარავებს, ავიწროებს და აუფერულებს. რაღაც აჩრდილი ეცემა ადამიანს - აჩრდილი მომავალი ნაცვალგებისა. ვნების ხმას სიამოვნების გრძნობა მოეზავება, ამასთან გონება თითქოს ხუჭავს თავის თვალებს, წყვდიადში იძირება, ხოლო ყურადღება ტკბობის გრძნობას შეეწმასნება, სვამს მას, როგორც ტკბილ მათრობელა სასმლიან სასმისს. თავისი მოქმედებით ტკბობა არის მიძინება, ქვცნობიერებაში ჩაძირვა, პროცესში, რომელსაც მიზანი არ აქვს, ანუ მიზნად იქცევა თვითონ პროცესი - ნერვებისა და სისხლის ამღვრეული სიხარული, მსგავსი უცნაური სიამოვნებისა, რომელსაც განიცდის ადამიანი თავის სხეულზე სირსვილის ან ჭრილობის ფხანისას. ვნების დამახასიათებელი ნიშანი გონების დაშრეტაა (მრისხანება იყო, თუგინდ ხორციელი ჟინი), სულისთვის უცხო მეტისმეტი მიჯაჭვა ვინმეზე ან რამეზე, აზრი, რომ ჩვენ არ შეგვიძლია სიცოცხლე უმისოდ („სხვის" გარეშე). მეტიც, ქვეცნობიერად ვნების საგანი ჩვენთვის თვით ღვთაების მნიშვნელობას იძენს.

   თავისი სულიერი გზის შედგომა ადამიანს მშვიდობის გრძნობას ჰგვრის, ხოლო მადლის ქმედებისას, როცა ყოველგვარი წინააღმდეგობა იხსნება, დიდი მყუდროება და შინაგანი თავისუფლება შეეძინება მას, გეგონება გული უფართოვდებაო (სული ვიწროდ აღარ გრძნობს თავს გულში). და კიდევ - სიხარულის გრძნობა. სხვისი გზა იშვიათად ვისმე ანიჭებს სიხარულს. სულიერი სიხარული ადამიანმა შეიძლება განიცადოს ღრმა სინანულის დროსაც.

   ეს არ არის ემოციური მიწიერი სიხარული, არამედ მშვიდობა გულისა, გაცისკროვნებული თბილი ნათლით. როცა მადლი ხმობს სულში: „ეს ჩემია, - იქ ეჭვები არ არსებობს; ხოლო როცა სულის ნაცვლად ვნება ამბობს: „ეს ჩემია", - მაშინ ეჭვი და გაცბუნება აღმოჩნდებიან გულში, შეძრავენ მას და აშფოთებენ. მაგრამ თავისი აგრესიული ენერგიით ვნება თრგუნავს მღელვარებას, ცნობიერებას (გულისხმას) განდევნის გულიდან, როგორც ძაღლს - სხვისი ეზოდან, და გონებას აიძულებს თავისსავე თავს ეცრუოს.

   ამრიგად, პირველი ბოროტებაა, ჩვენი აზრით, ეს არის მაგალითები გარეგნული მიბაძვა, რასაც მუდამ მოეზავება არტისტული თამაში. ეს თამაში შრომასთანაც რომ იყოს შერთული, ღვაწლის შესადარ შრომასთანაც კი, ამგვარი ღვაწლი სულისთვის გარეგანი აღმოჩნდება. მეორე - ეს არის ძალადობა: ძალადობა ამა სოფლისა (ასკეტების თქმით, ამა სოფლის წესები მოტყინარე ვნებებია), ძალადობა ჩვენი ახლობლების მხრიდან, რომლებსაც სურთ, რომ მათი მსგავსნი ვიყოთ. (გაგრძელება...)

  

 

 

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) 

 Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება