მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > იგავი ქანქარებზე - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 2)
იგავი ქანქარებზე - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 2)3-07-2018, 00:03 |
ჯვარცმამდე ცოტა ხნით ადრე უფალმა თავის მოწაფეებს უამბო იგავი ათი მცნების შესახებ (მნა ფულის ერთეულია; იხ. ლუკ. 19. 12-27). იგი ძალიან ჰგავს იგავს ქანქარებზე. ეს ორი იგავი თითქოს ხსნის და ავსებს ერთიმეორეს. ათი მნის იგავი გვიამბობს: „კაცი ვინმე აზნაური წავიდა შორსა სოფელსა, მოღებად თავისა თვისისა მეუფებად" (თავისი სამეფოს მისაღებად). იმ დროს იუდეა რომის მფლობელობაში შედიოდა და იუდეის განმგებლები მეფობისა და ტახტის დასამტკიცებლად კეისართან, რომის იმპერატორთან უნდა გამგზავრებულიყვნენ. ამგვარი მოგზაურობა ზოგჯერ რამდენსამე წელიწადს გასტანდა ხოლმე. აზნაურმა იხმო თავისი მონები, მისცა მათ ათი მნა - თითოეულს თითო მნა - და უთხრა: „ვაჭრობდით ამას, ვიდრემდე მოვიდე" (ლკ. 19. 13). მოქალაქეებს ეს კაცი სძულდათ, არ სურდათ იგი თავიანთ მეფედ, ამიტომ მას მიადევნეს თავიანთი წარგზავნილები, რომლებიც აცხადებდნენ, არ გვნებავს მაგისი მეფობა ჩვენზეო. ამგვარი რამ ხშირად ხდებოდა იუდეის ცხოვრებაში. სხვადასხვა პარტიებად დაყოფილი იუდეველები თავიანთ მბრძანებლებს ხშირად უჩიოდნენ რომში. მისტიკური თვალსაზრისით, ეს ადამიანები მოასწავებენ იმათ, ვინც უარყო და ჯვარს აცვა ქრისტე მაცხოვარი, ვინც არ იცნო იგი ზეცისა და მიწის ხელმწიფედ; და ბოლოს, მათი სახით თითოეულმა ჩვენგანმა თავისი თავი უნდა იგულისხმოს - ცოდვილი, რომელიც დაუსრულებლად დრტვინავს და არ სურს უფლის მეუფების დამყარება თავის გულში. დაბრუნდა მეფე თავის საბრძანებელში, დაიმტკიცა რა მეფობა, და იხმო თავისი მონები, რათა სცოდნოდა, რა ივაჭრეს. წარმოდგა პირველი მონა და ათი შეძენილი მნა მიართვა, მეორემ კი - ხუთი. ეს ნიშნავს, რომ პირველმა მეორეზე ორჯერ მეტი იშრომა. საგულისხმოა, რომ წმინდა წერილში რიცხვი ათი ნიშნავს სისრულეს. უნდა ვივარაუდოთ, რომ პირველი მონა სულიერი მოწყალების, დედამიწაზე სარწმუნოების გავრცელების, ადამიანთა სულიერი მოძღვრობის ყველაზე დიდებულ სულიერ საქმეებს იქმოდა. ამგვარად ცხოვრება ძალზე ძნელია და იგი უწყვეტი მოწამებრივი ღვაწლის, მოციქულებრივი ცხოვრების ტოლფასია. ხუთჯერ მეტი განძი რომ მოიპოვა, იმ კაცის სახით შეიძლება ვიგულისხმოთ ადამიანი, რომელიც ხორციელ მოწყალებას გასცემდა - მშივრებს აჭმევდა, შიშვლებს აცმევდა, მწირებს იწყნარებდა, მოხუცებსა და ავადმყოფებს ემსახურებოდა. პირველს მეუფემ ათი ქალაქი უბოძა, ესე იგი სრული სიხარული და ნეტარება ზეცათა სასუფეველში; მეორემ ხუთი ქალაქი მიიღო - ორჯერ ნაკლები. წმიდა მამები სხეულს „სულის დას" უწოდებენ. ხორციელ სამსახურს სულიერზე ორჯერ ნაკლები მნიშვნელობა აქვს. ბოლოს, მესამე მონაც ეახლა ბატონს და უთხრა: „უფალო, აჰა ვერცხლი შენი, რომელი მაქუნდა დაკრძალულ სუდარსა, რამეთუ შემეშინა, ვითარმდე კაცი ხარ სასტიკი, მოიღი, სადა არა დასდვი, და მოიმკი, სადა არა დაჰსთესე" (ლკ. 19. 20-21). რას ნიშნავს ეს? აქ იგულისხმება ადამიანი, რომელიც გარეგნულად თითქოს სავსებით წესიერი ჩანს, მძიმე ცოდვებს არ სჩადის, არც რაიმე განსაკუთრებული ნაკლი აქვს, მაგრამ სული გაყინული აქვს. სხვისი ჭირი მისთვის სრულიად უმნიშვნელოა. ეს საშინელი მანკია, განსაკუთრებით დამახასიათებელი თანამედროვე ადამიანისთვის. მესამე მონას მეფემ ასეთი განაჩენი გამოუტანა: „მოუღეთ (წაართვით) მაგას ვერცხლი იგი და მიეცით, რომელსა იგი აქუს ათი სასწორი ვერცხლი" (ლკ. 19. 24). ასე რომ, მესამე მონა სამუდამოდ წარწყმდა. რას გვასწავლის ეს იგავი? მისტიკური თვალსაზრისით, მეფის ქვეყნიდან წასვლა ქრისტეს ზეცად ამაღლებას მოასწავებს, ხოლო დაბრუნება - მეორედ მოსვლას და საშინელ სამსჯავროს. სახარებაში ნათქვამია, რომ იესო ქრისტე თავისი ადამიანური ბუნებით ზეცად ავიდა მამა ღმერთთან და მასთან დაივანა რათა იმეფოს უკუნითი უკუნისამდე და მის წინაშე მუხლს იდრეკდეს ყოველი დაბადებული. ამას გარდა ამ იგავებში შეიძლება ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრებაც ვიგულისხმოთ. დრო, რომელიც ქველის მოქმედებისათვის მოგვეცა, მსწრაფლწარმავალია. იგი უზარმაზარ მდინარეს ჰგავს, უჩუმრად რომ მიედინება დღედაღამ. მისი ტალღები ჩვენი ცხოვრების წუთებსა და საათებს მოჰგავს. ისინი მიედინებიან და მარადისობის ოკეანეს უერთდებიან. ამბობენ, ყველაფერს დაიბრუნებ, გარდა გუშინდელი დღისაო. მუდამ უნდა გვახსოვდეს დროისა და სიკვდილის არსებობა. ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება მარადისობის უფსკრულზე გაბმულ ძაფს ჰგავს. ადრე თუ გვიან ეს ძაფი გაწყდება. ჩვენი სხეული ჩაესვენება მიწაში, სული კი განსასჯელად წარსდგება მისი შემქმნელის, უფლის წინაშე. ერთ იგავს გავიხსენებ: კაცს ჰყავდა სამი მეგობარი. ორი უყვარდა, მესამე კი სძულდა, მისდამი მტრულად იყო განწყობილი. ამ კაცს შორეულ ქვეყანაში გადასახლება მიუსაჯეს. პირველმა მეგობარმა მაშინვე უარი თქვა მასთან ერთად წასვლაზე, მეორემ მხოლოდ ქალაქის ჭიშკრამდე გააცილა, მესამემ კი თქვა: სადაც უნდა წახვიდე, შენთან ერთად წამოვალ და შენს გასაჭირს გავიზიარებო. ამ იგავში პირველი მეგობარი ამქვეყნიური პატივი, დიდება და სიმდიდრეა. როგორც კი კვდება ადამიანი, ეს ყველაფერი მაშინვე ერთმევა მას. მეორე მეგობარი ოჯახის წევრები და ახლობლებია, ისინი საფლავამდე მიაცილებენ ადამიანს, მერე კი ყველა თავის ცხოვრებას უბრუნდება. მესამე მეგობარი ადამიანის ქველისმოქმედებაა. ხანდახან ადამიანი ერთგვარი იძულებით სჩადის სიკეთეს, გულის სიღრმეში ნანობს კიდეც, მოწყალება რომ გასცა. არადა, სწორედ ეს ერთადერთი, არცთუ საყვარელი მეგობარი მიჰყვება მას მარადისობაში. ქანქარების იგავი გვასწავლის, რომ ყოველი ჩვენგანი უნდა ეშურებოდეს ქველისმოქმედებას.. დილით რომ ადგებით, იფიქრეთ, რა სიკეთის ჩადენა შეგიძლიათ, ყოველ საღამოს ამ თვალსაზრისით გადასინჯეთ გატარებული დღე - რა უნდა გაგეკეთებინათ, რა გააკეთეთ და რა არ გააკეთეთ. დილით გვახსოვდეს, რომ ამქვეყნად უამრავი ადამიანისთვის ეს დღე უკანასკნელი იქნება და ისინი ვეღარ იხილავენ მზის ნათელს. ლოგინში რომ ჩავწვებით, ვიფიქროთ, რომ ეს ღამე ჩვენთვის შეიძლება უკანასკნელი ღამე იყოს და ღამის სიბნელიდან საფლავის წყვდიადში ჩავესვენოთ. ზოგიერთები იტყვიან, სიკეთის ჩადენის საშუალება არა მაქვსო. იოანე ოქროპირი გვასწავლის: თუკი ოქრო არა გაქვს, სპილენძის მონეტა გაეცი. გახსოვდეს, ქვრივის მოკრძალებული წვლილი მდიდრების განძზე მეტი აღმოჩნდა (იხ. მრკ. 12. 21-44). თუკი უბრალო მონეტაც არა გაქვს, მწყურვალს წყალი დაალევინე და ერთი ჭიქა წყლის სანაცვლოდ ზეცათა სასუფეველს დაიმკვიდრებ. თუ ამის გაკეთებასაც ვერ მოახერხებ, მაშინ ადამიანისთვის ილოცე. მოწყალების მცნება ძალზე ფართოა. ის ხელმისაწვდომია ყველასათვის. ოღონდ უნდა გვახსოვდეს, რომ სიკეთის ქმნას თავის მოწონება, მაჩვენებლობა, თითქოს საყვირით დაძახება არ უნდა ახლდეს თან. ამგვარ სიკეთეს ფასი ეკარგება და იგი ჩვენი ამპარტავნების საკვები ხდება. თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვასწავლის, რომ ქველი საქმე ფარულად უნდა ვაკეთოთ. ამბობენ, სამი საიდუმლო არსებობს: როდის მოვკვდებით, რითი მოვკვდებით და სად ვიქნებით სიკვდილის შემდეგ. გახსოვდეთ: დღევანდელი დღე ჩვენს ხელშია, რა იქნება ხვალ ეს საიდუმლოა და არავინ იცის. ყველა სიცოცხლის ყოველი დღე გასაზღვრულია. ამიტომ დაეშურეთ, შეიძინეთ საუნჯე, რომელიც არასოდეს ძველდება და იხრწნება.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |