მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > იგავი ქანქარებზე - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 1)
იგავი ქანქარებზე - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 1)2-07-2018, 00:03 |
იგავი ქარაგმული ენით გამოთქმული ბრძნული გამოცანაა. მასში დიდ როლს ასრულებს სიმბოლო. მხატვრული სიტყვის ეს ჟანრი ძველ დროს ფართოდ იყო გავრეცელებული აღმოსავლეთის ქვეყნებში, მათ შორის იუდეაშიც. მეგობრები რომ შეიკრიბებოდნენ, იგავებს ყვებოდნენ, მსჯელობდნენ, ცდილობდნენ მათი საიდუმლო აზრის ამოცნობას. იგავისთვის უბრალო სიუჟეტს არჩევდნენ: პალესტინის ოქროსფერი თავთავებით დამშვენებული მინდვრები, ფრინველთა გალობით გახმიანებული ლაჟვარდისფერი ცა, ტაძრად მიმავალი ხალხი, ბაღებსა და ვენახებში მომუშავე დაქირავებული დღიური მუშები, შორეული მოგზაურობიდან დაბრუნებული მეფე - ყოველივე ეს გასაგები და მისაწვდომი იყო უბრალო ხალხისთვის.
იგავში ყოველივე ამ სოფლისეული ზეციურის იერსახე იყო თითქოს. მთელი დედამიწა საიდუმლო წიგნად მოიაზრებოდა, ხოლო ამ წიგნში აღწერილი მოვლენები - ზეციური სამყაროს აჩრდილებად და ხატებად. ჩვენი უფალი იესო ქრისტე საუბრის დროს ხშირად მიმართავდა იგავებს. უბრალო ხალხს მცნებების, ზნეობრივი მითითებებისა და აკრძალვების დამახსოვრება უჭირდა, სამაგიეროდ ადვილად იხსომებდა თავშესაქცევ მოთხრობებს. ცნობილია, ბავშვები უკეთ ითვისებენ გაკვეთილს, თუ მასწავლებელი თვალსაჩინოებისთვის სურათებსაც უჩვენებს მათ. უფალთან იმყოფებოდნენ ადამიანები, რომელთა სულიერი მდგომარეობა სრულიად სხვადასხვანაირი იყო. წმინდა მამები განგვიმარტავენ, რომ სულიერად გამოუცდელი ადამიანი ერთბაშად ვერ ჩასწვდება მაღალ ჭეშმარიტებებს. ეს მისთვის საზიანოა, ძალზე მძიმე ტვირთია და ისევე მძაფრად მოქმედებს მასზე, როგორც ნახევრად სიბნელეს მიჩვეული ადამიანისათვის - კაშკაშა შუქის მინათება.
ამრიგად, იგავური მეტყველება ტაძრის ბჭეს ჰგავდა. იგი ღირსეულთათვის იღებოდა, ხოლო უღირსთათვის დახშული იყო. იგავი ქანქარებზე (ტალანტებზე) მოგვითხრობს (იხ. მთ. 25. 14-30): მდიდარი ბატონი შორეულ ქვეყანაში წავიდა. გამგზავრების წინ იხმო სამი მონა. ერთს მისცა ხუთი ქანქარი, მეორეს - ორი, მესამეს - ერთი; ყოველ მათგანს თავისი ძალის შესაბამისად. აქ მდიდარ კაცად იგულისხმება ღმერთი - ჩვენი დამბადებელი და მეუფე, მონებად კი - ჩვენ, ყოველი ადამიანი.
ზოგიერთი ჩვენგანი, სიამაყის სულით გაჟღენთილი, შეურაცხმყოფელად, ღირსების შემლახავად აღიქვამს სიტყვას „მონა". მაგრამ თუ კარგად დავფიქრდებით, ღმერთის მონობა დიდი პატივია: მონა ხომ თავის ბატონს ეკუთვნის; ჩვენთვის უდიდესი ბედნიერებაა, თუკი შევძლებთ მთელი გონებით, გულითა და სულით მივეკუთვნებოდეთ ღმერთს, მთელი ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში მას ვემსახუროთ. მხოლოდ ღმერთის მორჩილებაში თავისუფლდება ადამიანი საკუთარი ვნებების, სურვილების, ეგოიზმისა და ცოდვის მონობისაგან. და ის, ვინც ამქვეყნად ღმერთის მონაა ჭეშმარიტად, ზეცათა სასუფეველში ღმერთის შვილი იქნება. ბატონი რომ დაბრუნდა, მონამ, რომელმაც ხუთი ტალანტი მიიღო, ათი ტალანტი მიართვა მას და უთხრა: „უფალო! ხუთი ქანქარი მომეც მე; აჰა ესერა, სხუაიღა ხუთი ქანქარი შევსძინე" (მთ. 25. 20). ტალანტი ფულის ყველაზე დიდი ერთეულია, ოქროს ტალანტი დაახლოებით ერთ კილოგრამ ოქროს უდრის, ვერცხლისა - ორ კილოგრამ ვერცხლს. ათი ტალანტი დიდი განძია. ამხელა სიმდიდრეს მხოლოდ მეფეები და დიდებულები ფლობდნენ.უფალმა თქვა: „კეთილ მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა" (მთ. 25. 21). ძველად ამ სიტყვებს ამგვარი მნიშვნელობა ჰქონდა: „მე შენ გათავისუფლებ, ამიერიდან შენ ჩემი მონა კი არა, ოჯახის წევრი ხარ". სულიერი თვალსაზრისით, „უფლის სიხარული" ზეცათა სასუფეველს, მადლის სუფევასა და სამარადისო სიხარულს ნიშნავს.
ორი ტალანტის მფლობელმა მონამ უფალს ოთხი მიართვა. მისი მონაგარი თუმცა პირველისაზე ნაკლები იყო, მანაც ისეთივე ლოცვა-კურთხევა მიიღო, როგორიც პირველმა, რადგან ისიც თავისი შეძლებისამებრ დაშვრა. ამიტომ მეორემაც სრული ნეტარება და ზეცათა სასუფეველი დაიმსახურა. ერთ მოთხრობას გავიხსენებ: იყო ორი მოღვაწე, ორი ძმა. ერთი ბერად აღიკვეცა და მონასტერში წავიდა, მეორე კი ამ სოფლად დარჩა. მშობლებისაგან მიღებული მემკვიდრეობით მან ააშენა საავადმყოფო, ხელს უწვდიდა გაჭირვებულებს, მწირებს და მათ ყველანაირად შეეწეოდა. მეორე ძმა დიდი მონასტრის იღუმენი გახდა. გავიდა დრო და ორივე გარდაიცვალა. ერთ დღეს ბერები შეიკრიბნენ. აღმოჩნდა, რომ ყველას აინტერესებდა, ვინ უფრო მაღლა იდგა უფლის წინაშე - ის, ვინც ყოველივე დატოვა და მონასტერს მიაშურა, თუ მეორე, გაჭირვებულებისა და ავადმყოფების შემწყნარებელი. მათ თავს იდეს მარხვა და ევედრნენ უფალს, განეცხადებინა მათთვის ეს საიდუმლო და მათ იხილეს: ორივე ძმა ერთად იდგა უფლის საყდრის წინაშე.
აი, მესამე მონაც ეახლა ბატონს და მოჰყვა საყვედურებს: „უფალო, უწყოდი, რამეთუ ფიცხელი კაცი ხარ შენ: მოიმკი, სადა არა დაჰსთესი, და შეიკრიბი, სადა არა განგიბნევიეს. და შემეშინა, წარვედ და დავმალე ქანქარი იგი შენი ქუეყანასა; აჰა ესერა შენი შენ თანა არნ" (მთ. 25. 24-25). განურისხდა მას უფალი და თქვა: „ბოროტო მონაო და მედგარო (ზარმაცო)... ჯერ-იყო შენდა დადებად ვერცხლი ჩემი სავაჭროსა, და მო-მცა-ვედ და მოვიღე ჩემი იგი აღნადგინებითურთ (მონაგებითურთ). მოუღეთ მაგას ქანქარი ეგე და მიეცით მას, რომელსა აქუს ათი ქანქარი... და უხმარი ეგე მონაი განჰხადეთ ბნელსა მას გარესკნელსა; მუნ იყოს ტირილი და ღრჭენა კბილთა" (მთ. 25. 26-29). როგორ გავიგოთ ეს იგავი? მიწა აქ ვნებიან სიამოვნებას, ამქვეყნიურ ამაოებას ნიშნავს. მესამე მონა სულზე არ ფიქრობდა, ღმერთი არ უყვარდა, ადამიანებიც არ უყვარდა. ამიტომაც წაერთვა მას უფლისაგან მინიჭებული მადლი, წაერთვა ყველაფერი, განეშორა ღმერთს და განიდევნა ზეცათა სასუფეველიდან. (გაგრძელება...)
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |