მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > მისტიკა და რელიგია - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

მისტიკა და რელიგია - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


9-09-2018, 00:03

მისტიკა და რელიგია - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

   რითი განხვავდება მისტიკა რელიგიისაგან? მისტიკა არის გამოცდილება მარადისობასთან შეხებისა, შეგრძნება უზენაესი რეალობისა, გრძნობა იმისა, თუ რა არის იდუმალი არსება, რომელიც დგას დროის მიმდინარე ნაკადზე მაღლა, მატერიალური სამყაროს საზღვრებს მიღმა და ამავე დროს ატანს ამ მატერიალურში და ერთგვარად „გამოამზეურებს" (высветливает) მას.

   მისტიკა არის განცდა საიდუმლო შეხვედრისა მასთან, ვინც მოუხელთებელია ადამიანური გონებისათვის, მიუწვდომელია ხორციელი გრძნობებისათვის, გამოუთქმელია სიტყვით; მასთან, ვინც ერთსა და იმავ დროს ახლოცაა ჩვენთან და უსასრულოდ შორიც, ვინც შეხვედრის მომენტში უზენაეს სიაშკარავეს წარმოადგენს, და ამავე დროს მუდამ მიუწვდომელი რჩება. ვინც გვეძიებს ჩვენ, მაგრამ სურს, რომ ჩვენ ვეძებდეთ მას; ვინც წარმოადგენს ადამიანისათვის უზენაეს ბედნიერებას, რომლის მოსაპოვებლადაც საჭიროა უარი თქვა საკუთარ თავზე და დაუმორჩილო შენი სული ამას. თუკი მისტიკოსს ვკითხავთ თუ რა არის ღვთის სახელი, იგი გვეტყვის: „პირველი სახელია - მყოფი, მეორე კი - მიუწვდომელი".

   რელიგია განუყოფელია მისტიკისაგან, მაგრამ ის მიემართება მთელ ადამიანურ პიროვნებას, განუხვამს მას გზასა და საშუალებებს ღმერთთან მარადიული ზიარებისაკენ. რელიგიის საფუძველი არის გამოცხადება, რომლის შეთვისებაც ხდება რწმენის საშუალებით. რწმენა გვანიჭებს მეცნიერებას, დამტკიცებულს მისტიკური გამოცდილებით. სარწმუნოება განაცხადებს ღმერთს, როგორც პიროვნებას და განსაზღვრავს პირობებს, რომელთა შემთხვევაშიც სასრული შეიძლება შეუერთდეს უსასრულოს ღვთაებრივი ნათლით გაცისკროვნების გზით. გამოცხადება მიმართულია სამშვინველის სამი ძალისადმი: გონებისადმი - დოგმატიკა, ნებისადმი - მცნებები და საეკლესიო განაწესები, გრძნობებისადმი - ღვთისმსახურება და ლოცვა. მისტიკა წარმოადგენს რელიგიის ბირთვს, ან კიდევ გულს. მის გარეშე რელიგია იშლება. დოგმატიკა ფილოსოფია ხდება, ზნეობა (მცნებები) იქცევა საზოგადოებრივი მორალის ნორმებად, ხოლო ღვთისმსახურება - ესთეტიკად. მისტიკის გარეშე ეკლესია წარმოადგენს  სოციალურ-ისტორიულ ინსტიტუტს. თავის მხრივ, რელიგიის გარეშე (აქ ჩვენ მხედველობაში გვაქვს მართლმადიდებლობა) მისტიკა სუბიექტურ, ამორფულ რამედ რჩება, ხოლო რადგანაც სულიერი სამყარო შეიცავს სულიერ ბოროტებასაც, რომელიც დაცემულ ანგელოსებშია კონცენტრირებული, ამიტომ მისტიკას რელიგიის გარეშე, ან შეერთებულს მცდარ რელიგიებთან მიჰყავს ადამიანი დემონიზმამდე. ამიტომაა ჩვენთვის ასე მნიშვნელოვანი ვეკუთვნოდეთ მართლმადიდებელ ეკლესიას, სულიერი ჭეშმარიტების ამ უზენაეს კრიტერიუმს. ამიტომ თეოსოფია და ეკუმენიზმი გვესახება ჩვენ როგორც ნებაყოფლობითი განიარაღება კოსმიური ბოროტების ძალთა და დემონური სიცრუის წინაშე. მართლმადიდებლური მისტიკა ეფუძნება საიდუმლოს განცდას, მოწიწების გრძნობას სამყაროს შემოქმედის წინაშე და გარკვეული თვალსაზრისით მისი ქმნილებების წინაშეც, რომლებშიც მისტიკოსი ხედავს ერთგვარ ჩრდილს ღვთაებისას.

   მისტიკა განუყრელად არის დაკავშირებული ასკეტიზმთან. პირველყოფილი ცოდვა, რომელმაც მოწყლა მთელი კაცობრიობა, ავლენს თავს დემონურ იმპულსებში და ვნებებში. ადამიანი - ეს არის ნაერთი სიკეთისა და ბოროტებისა, ამაღლებულისა და დაცემულისა, ანგელოსურისა და დემონურისა. იგი შინაგანად გამუდმებულად იმყოფება საკუთარ თავთან ბრძოლის მდგომარეობაში; იგი არის გზაჯვარედინი მის სულზედ მოქმედი ბნელი და ნათელი ძალებისა. მისი ნება მიაგავს ქანქარას ორ პოლუსს - სათნოებასა და ცოდვას - შორის რომ მერყეობს. მისი გული ძვირფასი ქვაა, რომელიც მას შეუძლია ღმერთს მიუძღვნას ან სატანას გადასცეს. ამიტომაც მისტიკოსისათვის აუცილებელია ასკეტიზმი და მორჩილება ეკლესიისადმი. ასკეტიზმის გარეშე, რომელიც აცხრობს ვნებებს და ეკლესიისადმი - როგორც განწმენდის წყაროსადმი - მორჩილების გარეშე იგი აღმოჩნდება მოკლებული შეწევნას მადლისას - იმ ერთადერთი ძალისა, რომელსაც ხელეწიფება ალაგმო დემონური იმპულსები ადამიანის სულში.

   კათოლიციზმმა დაამახინჯა ცნება პირველყოფილი ცოდვის შესახებ, და ამით ის „აძინებს" ადამიანებს. მან მინიმუმამდე დაიყვანა ასკეტიზმი, შეარჩინა - რა ის საკუთრებად მხოლოდ რამოდენიმე მონოზვნურ ორდენი.

   პროტესტანტიზმი ჩვეულებრივ ასკეტიზმს უყურებს როგორც პათოლოგიას. ხატოვნად რომ ვთქვათ, კათოლიციზმმა დაანგრია ასკეტიზმის კედლები, ხოლო პროტესტანტიზმმა კი მისი უკანასკნელი ქვები გაიტანა საერო საცხოვრებლების ასაშენებლად. მან შეცვალა ასკეტიზმი სხვა ცნებებით: ზომიერება, ყაირათიანობა და წესრიგი. კათოლიკურშიც და პროტესტანტულ რელიგიაშიც მისტიკა განადგურებულია ან დეფორმირებული. პირველ შემთხვევაში მას ცვლის მორალიზმი, ხოლო მეორეში - ის ხშირად იძენს ოკულტურ ხასიათს (რატომაც ხდება ჩვენს დროში ასე პოპულარული სხვადასხვა ოკულტური მიმდინარეობები და სკოლები).

   ბუნებრივია, რომ ადამიანს, რომელმაც დაკარგა ან დეფორმირება მოახდინა თავისი მისტიკური გრძნობისა და რომლისთვისაც რელიგია მორალამდე დაყვანილი აღმოჩნდა, არ შეუძლია გაიგოს, რა სხვაობაა მართლმადიდებლობას, კათოლიციზმსა და პროტესტანტიზმს შორის. იგი მათ აღიქვამს როგორც ისტორიულ ტრადიციებს და გამოხატავს აღშფოთებას იმაზე, თუ რატომ არ შეერთდებიან საერთო ზნეობრივი პრინციპების საფუძველზე ჯერ ქრისტიანული კონფესიები, შემდეგ კი საერთოდ ყველა რელიგიები.

   მართლმადიდებლურ რწმენას, როგორც ერთადერთ შესაძლებლობას ღმერთთან ჭეშმარიტი, მადლმოსილი ზიარებისა, იგი მიიჩნევს სიყვარულის დეფიციტად ადამიანების მიმართ, კონფესიალურ სიამაყედ, ობსკურანტიზმად, ხოლო ზოგ შემთხვევაში - ავისმზრახველობად კაცობრიობის წინააღმდეგ.

   თუმცაღა, იუველირი რომ ვერ ამჩნევდეს განსხვავებას ძვირფასი ლითონებისა და ქვების სახეობებს შორის, და ამტკიცებდეს, რომ ყველა ისინი ერთნაირნი არიან, მას „პროფანს" უწოდებდნენ. მისი დიდი ცოდნა უნდა გამოვლინდეს სწორედ ქვებისა და ლითონების თვისებების გარჩევაში და მათი ღირებულების განსაზღვრაში. თუკი ადამიანს ყველა ნივთი ერთ ფერად შეღებილი ეჩვენება, მაშინ ეს მეტყველებს არა თვალთახედვის სიფართოვეზე, არა ხედვის სიმახვილეზე, არამედ თვალების ავადმყოფობაზე. ვინმეს რომ განეცხადებინა, რომ ფილოსოფიურ სისტემებს შორის არ არის სხვაობა და რომ ისინი ყველანი თანხვდებიან ერთმანეთს მთავარში, მას უვიცს უწოდებდნენ, რომელიც არ იცნობს სხვადასხვა ფილოსოფიურ პოსტულატებს. აქ კი ჩვენ ვამტკიცებთ მხოლოდ ერთს: მისტიკის გარეშე ვერ გაიგებ და ვერ დააფასებ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას. მისტიკას მოკლებული ადამიანი ვერ იქნება მართლმადიდებელი თუნდაც რომ თვლიდეს თავს მართლმადიდებლად, არამედ იქნება მხოლოდ „მართლმადიდებლური ნიმუშის" რაციონალისტი. მისტიკისა და ასკეტიზმის გარეშე შეუძლებელია იგრძნო მართლმადიდებლური დოგმატების რეალობა, ხოლო დოგმატების აღიარებისა და საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობის გარეშე ვერ მოიპოვებ მისტიკოსთა საუნჯეს, თაბორის ნათელს, არამედ მოიხვეჭ ცრუმისტიკას, რომელიც აბრმავებს ადამიანს ჯოჯოხეთური ცეცხლის ელვარებით და შემდეგ კი ძირავს სულს უკუნ წყვიადში. ამიტომაც ჩვენთვის ღმერთი - უზენაესი ფასეულობაა, ხოლო მართლმადიდებლობა - ის საიდუმლო სინას მთაა, სადაც ღვთაება უცხადდება ადამიანს.

 

 

 

 

 

 

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება