მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ბალახები ასფალტის ნაპრალებში - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
ბალახები ასფალტის ნაპრალებში - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)18-07-2018, 00:03 |
ჩემი ბავშვობის ერთერთი სურათი, აღბეჭდილი ჩემს მეხსიერებაში, არის ხშირი ბალახი და ბუჩქნარი ჩვენი სახლის ღობესთან, რომელიც გადიოდა წყნარ, უკაცრიელ ქუჩაზე. ახლა იგი დამშრალი მდინარის კალაპოტს მიაგავს; მიწა დაფარულია ასფალტის ფენით, თითქოსდა დაგმანულია უზარმაზარ აკლდამაში. ვერც წვიმა და ვერც მზის სხივები ვერ აღწევს ამ უსიცოცხლო ჯავშნის მიღმა. აქ მზერა არაფერზე ჩერდება. იგი გულგრილად სხლტის აგურისა და ასფალტის ზედაპირზე. მაგრამ ერთხელ როგორღაც შემთხვევით დავინახე ბალახი, რომელიც ასფალტის ნაპრალებში ამოსულიყო. ეს იყო რამდენიმე გამხმარი გახუნებული ღერო, მაგრამ ისინი თავიანთი შესახედაობითაც კი თითქოს იმაზე მეტყველებდნენ, რომ აქ სიცოცხლე ბოლომდე მაინც არ არის ჩაკლული. ეს ბალახები, რომლებიც ვერ მოაშთო ასფალტის სიმძიმემ, ვერ დამარხა ისინი თავის ქვეშ საფლავის ქვის მსგავსად, მესახებოდნენ მე გმირებად, რომელთაც ბრძოლში გამოიწვიეს ურჩხული სახელად „პროგრესი". როცა ვხვდები ადამიანებს, რომელთაც შეინარჩუნეს სულის სიწმინდე და რწმენა ამ ცრუ და გარყვნილ სოფელში, მე მახსენდება ეს ღეროები, რომელთაც გაკვეთეს ასფალტის მკვრივი ჯავშანი. თანამედროვე ცხოვრების ყაიდა მოგვაგონებს მსოფლიო მასშტაბის გეგმას - როგორ იქნას მოდუნებული და განადგურებული ადამიანის სული - შინაგანი თვალი მიმართული მარადისობისაკენ, როგორ იქნას მიჯაჭვული ადამიანი მიწას, როგორც კატორღელი გალერას. რაში გადის ადამიანის ცხოვრება? მისი გონება გამუდმებულად არის დაკავებული ყოფითი პრობლემების გადაწყვეტით, მას მოფუსფუსე ჭიანჭველასაც კი ვერ შეადარებ - იგი უფრო ცაიტნოტში ჩავარდნილი პაიკია. ნიადაგი, რომელზეც იგი დგას, თითქოს განუწყვეტლად ეცლება მას ფეხებიდან. რომ შეიძლებოდეს ერთი სიტყვით გამოგვეხატა თანამედროვე ადამიანის სულიერი მდგომარეობა, ეს სიტყვა იქნებოდა „განგაში", ანუ გამუდმებული შფოთვა, რომელიც ჭამს სულის ძალებს ისევე, როგორც მჟავა ლითონს. გადარჩენა გულისხმობს შეწყობას, ხოლო შეწყობა გულისხმობს მიმსგავსებას, ამიტომ ქრისტიანის წინაშე ყოველთვის დგას არჩევანი ან შეეწყოს ამასოფლის სიცრუესა და სისასტიკეს, ანუ თამაშობდეს ადამიანს და სინამდვილეში არ იყოს იგი, ანდა ბრძოლაში ჩაებას სოფელთან, წინ აღუდგეს ამ თუჯის სატკეპნს ყველაფერს რომ ანადგურებს თავის გზაზე. ჯერ კიდევ ძველი დროის მოაზროვნეებმა თქვეს, რომ ჭეშმარიტი ფილოსოფია - ეს არის მეცნიერება სიკვდილის შესახებ. ქრისტიანობა - ეს არის სიცოცხლე, რომელიც მოიპოვება იმით, რასაც სოფელი სიკვდილს უწოდებს ანუ თავის უარყოფით. ქრისტიანობა გულის რელიგიაა. ქრისტემ თქვა, რომ წმინდანი გულითა ღმერთს იხილავენ. სოფელი, როგორც მაცდური და მოძალადე, ესწრაფვის გახრწნას ყოველი ადამიანის სული. ამისათვის იგი ხან ცდილობს მოისყიდოს სული ტკბობით, ხანაც ფსიქიკურ ზეწოლას ახდენს მასზე. აპოკალიფსში მოცემულია სახე-სიმბოლო: დედაკაცი ტანჯვით შობს ყრმას და ყვირის ტკივილისაგან (იხ. გამოცხ. 12, 1-2). წმინდა მამათა განმარტებების მიხედვით, ეს არის ეკლესია, რომელიც ტანჯვით შობს ადამიანის სულს მარადიულ ცხოვრებაში. მაგრამ შეიძლება მოვიყვანოთ კიდევ ერთი შედარება: ეს არის ქრისტიანი, რომელიც იფარავს თავის სულს, როგორც თავის უსუსურ ყრმას; მან უნდა გაწიოს მოწამეობის ტოლფასი ღვაწლი, რათა დაიცვას სული ცოდვებისა და საცთურებისაგან, რომელთაც შეუძლიათ მოაკვდინონ იგი. მრავალ ჩვენგანს საკუთარ თავზე განუცდია ამგვარი სულის დაქრობა. ადამიანი ჩაძირულია ლოცვაში, გულში თანდათან ისადგურებს სიმშვიდე, იგი განიცდის სულიერ სიხარულს, მაგრამ, აი, იგი გონებით შეჩერდა ერთ უწმინდურ აზრზე - და ყველაფერი დაიკარგა. თითქოს ნათელი ჩაქრა მის გულში; წყვდიადი, სიცარიელე და სიცივე ავსებს მის სულს. ადამიანის სული ყვავილივით ნაზია. ვნებების უხეში შეხებისაგან იგი თავისთავში იკეტება ისევე, როგორც ყვავილი ხურავს თავის ფურცლებს. მხოლოდ სინანულის შემდეგ ცოცხლდება ისევ სული, ხოლო სოფელი დაემსგავსა სიბინძურის ნიაღვარს, რომლიც თითქოს ეს-ესაა იხუვლებს და წალეკავს მთელს კაცობრიობას. ეს სიბინძურე ცდილობს შეაღწიოს ყოველ სახლში. საითაც გაიხედავს ადამიანი - შეხედავს იგი ქუჩის რეკლამას, ჩართავს ტელევზორს თუ გადაშლის გაზეთს - ყველგან ხდება ერთი და იგივე მყრალი სიბინძურე. თითქოს დემონი ეუბნება ადამიანს: „მე აქ ვარ, ვერსად გამექცევი". ადამიანის სული ჩვეულებრივ ადაპტირდება იმ ატმოსფეროსთან, რომლითაც ის სუნთქავს. ადამიანი ვეღარ გრძნობს ზიზღს ამ სიბინძურისამი და იღებს მას როგორც ჩვეულსა და ბუნებრივს. აქ ხდება მოკვდინება სულისა. ადამიანი დგას ტაძარში, მაგრამ მისი სული პარალიზებულია. იგი ვეღარ გრძნობს სულიერ სიხარულს, რომელიც შესცვალეს მშვინვიერმა ემოციებმა, განცდებმა; რელიგია მისთვის რაღაც გარეგნული გახდა. როცა ადამიანი არ იცავს სულიერ სიწმინდეს, როცა ჭეშმარიტად და ღრმად არ ინანიებს, მაშინ იგი ტაძარში თითქოს დახუჭული თვალებით დგას - ვერ ხედავს ჭეშმარიტ სულიერ ტაძარს და იმას, რაც იქ ხდება. რელიგია, უპირველეს ყოვლისა, ნებისყოფას უკავშირდება, განსაკუთრებით ჩვენს დროში. ამიტომ ქრისტიანმა არ უნდა აკეთოს ის, რაც მის მოწინააღმდეგეს - დემონს სურს წაართვას მას შინაგანი ცხოვრება, წაართვას ზიარება ღმერთთან, სურს მოსწყვიტოს ადამიანის გონება განუწყვეტელ შინაგან ლოცვას. ვნებებით დამძიმებულ მდგომარეობაში შეიძლება იცხოვრო გარეგნულად ქრისტიანის ცხოვრებით, აკეთო კეთილი საქმეები, მათ შორის მოწყალების საქმეები, დახმარება აღმოუჩინო გასაჭირში მყოფთ, წარმოთქვა ქადაგებები, ტაძრებიც კი ააგო, მაგრამ თუკი დაუნდობლად არ შევებრძოლებით ვნებებს, თუკი არ ვიქნებით მზად მოვკვდეთ, ოღონდ არ შევაგინებინოთ თავი სოფელს - ამ მოძალადეს - შეუძლებელია მთავარი - მისტიკა ქრისტიანობისა როგორც მოხვეჭა მადლისა და შინაგანი ხედვა ღვთისა. ჩვენს დროში ძნელია ცხონდეს, ძნელია გაიგონო სულის წყნარი ხმა ამსოფლიურ ხმაურში, მაგრამ ქრისტიანული ცხოვრება მაინც არის შესაძლებელი. თუკი დავიცავთ გულს მტერისაგან, რომელიც თავს ესხმის მას გარეგნული შეგრძნებების - ხედვისა და სმენის გზით, მაშინ ვიხილავთ მართლმადიდებლობის ზეციურ მშვენიერებას. დასტური ამისა არის ბალახის ის სუსტი ღეროები, რომელთაც ასფალტის ნაპრალებში ამოაღწიეს.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |