მთავარი > თანამედროვე მამები, სინანული, მთავარი გვედის ფოტო > სინანულის შესახებ - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

სინანულის შესახებ - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


23-07-2018, 00:02

 

 

   ჩვენ ვიმყოფებით ერთგვარ განწირულობის მდგომარეობაში, თითქოს მსოფლიო უახლოვდება კატასტროფას, რომლის თავიდან აშორებაც შეუძლებელია. ადამიანებს წართმეული აქვთ ცხოვრების მთავარი სტიმული - იმედი. თითქოსდა, მძიმე წყვდიადი ისადგურებს დედამიწაზე და თანდათან ახვევს მას სამგლოვიარო საფარველში. ეს არ არის არც პოლიტიკური რყევები და არც მოულოდნელი ცხოვრებისეული სიძნელეები, არამედ არის ერთგვარი შეგრძნება მეტაფიზიკური ტრაგედიისა, რომელშიც ჩართულია მთელი დედამიწა.

   არის თუ არა გამოსავალი ამ მდგომარეობიდან? არსებობს თუ არა საშუალება სულიერი რეანიმაციისათვის? შესაძლებელია თუ არა ბოროტების ესკალაციის შეჩერება მაინც, თუკი შემობრუნება ამ პროცესისა უკვე შეუძლებელია?

   ჩვენ გვანუგეშებენ და გვთავაზობენ სხვადასხვა რეკომენდაციებს - ავადმყოფს არწმუნებენ, რომ ჯანმრთელია; ხშირად გვიხატავენ უტოპიურ სურათებს, რომელნიც მიაგვანან თქმულებებს „ნეტარების კუნძულების" შესახებ, მაგრამ ეს ნაკლებად გვეხმარება. დოპინგის ზემოქმედების დასრულების შემდეგ უფრო მეტ უძლურებას გრძნობს ადამიანი; ამპარტავნებით აღგზნებული ილუზიების შემდეგ უფრო მძაფრდება იმედგაცრუება. სად არის გამოსავალი და არსებობს კი ის საერთოდ?

   პასუხი შეგვიძლია ვიპოვნოთ მხოლოდ ერთ წმინდა წყაროში - წმინდა წერილში, რომელიც არ ცრუობს. არ ცდება და შეცდომაში არ შეჰყავს სხვები.

   ისტორიულად მძიმე დროს წინასწარმეტყველები მოუხმობდნენ ხალხს საყოველთაო სინანულისაკენ. ისინი ყოველ ადამიანს მოუწოდებდნენ დაენახა თავისი ცოდვები და ეგრძნო პასუხისმგებლობა მათზე; მოუწოდებდნენ ხალხს დაენებებინათ თავი კერპებისათვის და დაბრუნებოდნენ თავიანთი მამების ღმერთს. მხოლოდ სინანულის მეშვეობით იწყება განახლება, მხოლოდ ტკივილის გზით უბრუნდება სიცოცხლეს მძიმედსნეული. ადამიანი, რომელიც ვერ გრძნობს ტკივილს - მკვდარია. სული, რომელიც ვერ გრძნობს თავის ცოდვებს, გვამად იქცევა. სხვა არჩევანი არ არსებობს: ან სინანული როგორც ერთადერთი გზა ღმერთისაკენ, ან დაკარგვა ღვთისა და განწირულობა. მხოლოდ სინანულით სავსე თასს შეუძლია გადაწონოს ღვთის სამსჯავროზე ადამიანი ცოდვების ზღვა.

   ვერ ვიტყვით, რომ ჩვენს საზოგადოებაში გაქრა სიკეთე - ეს არასწორი იქნებოდა. საბედნიეროდ, ჯერ კიდევ გვხვდება გულკეთილობის, თანაგრძნობის, ადამიანთა მსახურების მრავალი მაგალითი, მაგრამ ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანებმა თითქოს დაივიწყეს სინანულის შესახებ. თითქოს რაღაც ბნელმა ძალამ მოგვპარა ეს უდიდესი ღვთიური ნიჭი - აღდგომა სულისა ჯერ კიდევ ხორციელ სიკვდილამდე. მადლი ბრუნდება იმავე გზით, რა გზითაც მიდის. მადლი გვტოვებს ცოდვების გამო, ხოლო ცოდვები იმ ეკალ-ბარდის თესლებია, რომელიც მოედინება ჩვენს წინათ აყვავებულ ველებს.

   ცოდვები ხდება კარიბჭე კატასტროფებისა, რომელთა მოახლოებასაც გრძნობენ ადამიანების სულები, ისინიც კი, ვინც შორს არიან სარწმუნობისაგან.

   ჩვენი შეცდომა ის არის, რომ თავს ვიმართლებთ, ვეძებთ უბედურებების მიზეზს გარეგნულში და ამიტომ სახარებისეული მოწოდება სინანულისკენ ვერ პოულობს ჩვენს გულში მხურვალე გამოძახილს: და თუ მაინც ვინანიებთ, ვინანიებთ რიტუალურად და ფორმალურად, თითქოს დაგვავიწყდა ცოდვის ტრაგიკული შედეგების შესახებ. ეს საკითხი მეტად მნიშვნელოვანია, ეს არის ერთ-ერთი ძირითად საკითხთაგანი ქრისტიანულ ზნეობაში. ამსოფლიური მორალი ეფუძნება პირად და საზოგადოებრივ სიამაყეს, იმას, რასაც ცთომილებით ადამიანის ღირსებას უწოდებენ. ზოგჯერ სასარგებლოდაც კი ითვლება, რომ ხელოვნურად განავითარონ ეს სიამაყე, თითქოს იმის იმედით, რომ ადამიანი მოისურვებს გახდეს იმგვარი, რაგვარადაც წარმოადგენენ მას შექებისას. მაგრამ შედეგები თითქმის ყოველთვის სავალალოა - ადამიანი ირწმუნებს რა საკუთარ „სათნოებებს", ჩვეულებრივ, მშვიდდება ამით, რადგან მიაჩნია, რომ მას ყველაფერი რიგზე აქვს, რომ არ სჭირდება გამოსწორება და ისღა დარჩენია უხაროდეს, ასეთი კარგი რომ არის. მაგრამ ცხოვრება არ ანებივრებს ადამიანს და იგი, ვინც ფიქრობს, რომ მუდამ თვითონ არის მართალი, გაჭიანურებულ კონფლიქტში აღმოჩნდება ყველასთან, ვინც არ ეთანხმება მას და ეწინააღმდეგება. ამგვარ ადამიანს ეჩვენება, რომ თავად სიკეთისა და უცოდველობის განსახიერებაა, ხოლო სხვები - ბოროტებით არიან აღვსილნი. ადამიანებს აღარა აქვთ უნარი დაინახონ თავიანთი შეცდომები და სურვილი - განსაჯონ საკუთარი თავი, ამის მიზეზით იშლება ოჯახები, ცივდება მეგობრული ურთიერთობები, ადამიანები უცხოვდებიან ერთმანეთისაგან. საკუთარი სიმართლის კომპლექსი ყველაზე მძიმე უღელია, რომელსაც შეიძლება ატარებდეს ადამიანი.

   სინანული არის საკუთარი თავის სამსჯავრო უწინარეს ღვთის სამსჯავროსა, ხოლო ამგვარ ადამიანს ეჩვენება, რომ მას უსამართლოდ ავიწროებენ, ამცირებენ და შეურაცხყოფენ. მას მხოლოდ ბრალმდებლის როლში შეუძლია გამოვიდეს. ეს პოზიცია ყოველთვის წამგებიანი და უპერსპექტივოა. ადამიანი, თუკი ღრმად ვერ შეიცნობს თავის ცოდვებს, თავის დანაშაულს, თავის შინაგან გახრწნილებას, მაშინ იგი ვერ შეძლებს შეიცვალოს, ვერ შეძლებს შეინანოს და მიიღოს მადლი ღვთისგან, ვერ შევა ახალ ურთიერთობაში ხალხთან და ღმერთთან. იგი ჰგავს უცნაურ შეშლილს, რომელმაც ამპარტავნებით თავად ამოიქოლა თავი აკლდამაში. ამაყ ადამიანებს შორის შეიძლება ადგილი ჰქონდეს სოლიდარობასა და რაღაც მეგობრობისმაგვარს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ისინი ერთად გამოდიან საერთო მტრის - მოჩვენებითის თუ რეალურის - წინააღმდეგ, მაგრამ როცა ქრება ეს „გამაერთიანებელი" ფაქტორი, მაშინ წინანდელი სოლიდარობისაგან კვალიც კი არ რჩება.

   ერთხელ ალექსანდრიის მთავარეპიკოპოსმა ჰკითხა ნიტრიის მთის აბბას, თუ რომელი საქმიანობა დგას ყველაზე მაღლა მოღვაწეობრივ გზაზე მისი მრავალწლიანი გამოცდილების შესაბამისად. მან უპასუხა: „გამუდმებული საყვედური თავისადმი, ანუ ყოველთვის და ყველაფერში დაადანაშაულო მხოლოდ საკუთარი თავი". მთავარეპისკოპოსმა უთხრა: „ეს არა მხოლო უმაღლესი საქმიანობა, არამედ ერთადერთი გზაცაა ცხონებისაკენ". აქ არის ქრისტიანულ და ამსოფლიურ ზნეობათა სათავეები, აქ გადის ზღვარი, რომელიც ერთმანეთისგან ჰყოფს ამ ორ დინებას.

   აღსარება არის საიდუმლოება და გარეგნული ფორმა სინანულია. არიან ადამიანები, რომლნიც ინანიებენ მხურვალედ და გულწრფელად, მაგრამ როგორ ამბობს აღსარებას უმრავლესობა? უბრალო ადამიანები ხშირად იმეორებენ გაზეპირებულ ფრაზებს, რომელთა აზრიც ცუდად ესმით. რაც შეეხება ინტელიგენციის წარმომადგენელთა მნიშვნელოვან ნაწილს, ისინი წარმოთქვამენ აღსარებას როგორც ფსიქოლოგიურ თვითანალიზს, მაგრამ მათ აღსარებაში არ არის მთავარი - სიძულვილი ჩადენილი ცოდვისადმი და მომავალში ცოდვასთან ბრძოლის სურვილი, ამიტომ მათი აღსარება ჰგავს ლიტერატურულ მოთხრობას საკუთარი ინტიმური განცდების შესახებ, რომელშიც არ არის ცოდვის ტრაგიკულობის, ცოდვის - როგორც სული სიკვდილის შეგრძნება.

   მხოლო საკუთარი თავის განსჯიდან იწყება ადამიანის სულიერი განახლება. ამაყს არ შეუძლია უყვარდეს, არ შეუძლია იყოს მადლიერი. მხოლოდ თავმდაბალს აქვს უნარი დაინახოს სხვისი სიკეთე და სიმართლე.

   თავმდაბლობა მოიპოვება სინანულით და თვით სინანულიც იზრდება და ღრმავდება თავმდაბლობის ზომის შესაბამისად. მადლი ფარავდა წმინდანებისგან მათ სათნოებებსა და სულიერ სიმაღლეს, ამიტომ ისინი სიკვდილამდე თავს ცოდვილებად მიიჩნევდნენ. ვინც ტკბება საკუთარი სათნოებებით და ლაპარაკობს მათზე, იგი ამით ამტკიცებს, რომ მოკლებულია მადლსა და შიშველია სულიერად. მხოლოდ თავმდაბლობა ანიჭებს ადამიანებს უნარს გულწრფელად სცემდნენ პატივს ერთმანეთს. მოსთხოვო საკუთარ თავს უფრო მეტი, ვიდრე მოყვასს, მადლიერი იყო შენს მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და გაწეული სიკეთისათვის, აპატიო სხვებს შეცდომები - აი, ფუნდამენტი, რომელზეც უნდა დაეშენოს ქრისტიანული ოჯახი და, მაშასადამე, საზოგადოებაც.

   ადამიანი, რომელსაც გააჩნია უნარი დაადანაშაულოს საკუთარი თავი, არ დაკარგავს შინაგან სიმშვიდეს, არ დაიწყებს ცხოვრებისეული გარემოებებისა და სხვების წყევლას და ჰაერში მუშტების ქნევას. იგი იფიქრებს თუ რა შეცდომები დაუშვა თავად, როგორ უნდა მოიქცეს, რომ შეძლებისდაგვარად გამოასწოროს თავისი შეცდომები და უმძიმეს განსაცდელთა თასსაც კი იგი ისე მიიღებს, როგორც სულის განმწმენდელ მკურნალობას.

   ჩვენ ვისაუბრეთ სინანულსა და თავმდაბლობაზე როგორც ქრისტიანული ზნეობისა და სიყვარულის საფუძველზე, როგორც ადამიანთა შორის ურთიერთობის პრინციპზე, როგორც საზოგადოების აღორძინების მაჩვენებელზე, მაგრამ არსებობს ასევე მეორე - მეტაფიზიკური მხარე.

   ცოდვა, სინანულით განუბანელი, არ ქრება: როგორც წვიმის წვეთები იქცევიან ნიაღვრად, ამგვარად ადამიანთა ცოდვები ერთად შეერთებულნი ქმნიან დამანგრეველ ძალას, რომელიც ვლინდება ფიზიკურ ასპექტში ომების, საზოგადოებრივი რყევების, შიმშილობის, ეპიდემიების და ბუნებრივი კატაკლიზმების სახით.

   ეს ძალა, ჩვენი ცოდვების ეს შავი ენერგია უხსნის დემონებს მოქმედების ფართო ასპარეზს დედამიწაზე. ამიტომ სინანულზეა დამოკიდებული ხალხების, ქვეყნების და მთელი კაცობრიობის ბედი. ზოგი იტყვის: „რა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს მსოფლიოსათვის ჩემს სინანულს ან თუნდაც რამოდენიმე ადამიანის სინანულს?" გავიხსენოთ, უფალი სოდომში ათ მართალს ეძებდა, მაგრამ ვერ იპოვნა ისინი, თორემ შეიწყალებდა ქალაქს.

   სოდომში ცხოვრობდა მართალი ლოთი. წმინდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი წერს: ლოთი მართალი იყო იმიტომ, რომ იგი სოდომში ცხოვრობდა და იტანჯებოდა სოდომელთა ცოდვების ხედვით, მაგრამ თავად არავის განიკითხავდა.

   დაე, ყოველმა ადამიანმა აანთოს თავისი სინანულის სანთელი, ეს კი ნიშნავს, მიუტევო ყველას, ილოცო ყველასათვის და სიკეთით უპასუხო ბოროტებაზე.

   დაე, შეინანოს ადამიანმა თავისი შეცოდებები. მისი სანთელი არ იქნება მარტოდ - მის ახლოს სხვა სანთლებიც აინთება. დაე, გაუფრთხილდეს იგი თავის გულში ამ ცეცხლს: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი".

   თვით სინანული - ეს არის იმედი, ხოლო იმედი შეერთებული სიყვარულთან შეუძლებელია, რომ უარყოფილ იქნას ღვთისაგან.

 

 

 

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) 

 Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება