მთავარი > თანამედროვე მამები, სიკვდილი, მთავარი გვედის ფოტო > ოცდახუთი თავი სიკვდილის ხსოვნაზე - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 2)
ოცდახუთი თავი სიკვდილის ხსოვნაზე - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 2)30-06-2018, 00:03 |
არიან პათოლოგიურად ძუნწი ადამიანები, რომლებსაც სახლი ნივთების საწყობად აქვთ გადაქცეული. ამ ნივთებს ისინი ყველგან აგროვებენ, რათა შემდეგ თავიანთი საცხოვრებელი აავსონ. გარკვევა ან რაიმე ნივთის პოვნა შეუძლებელია ამ გროვაში, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება. ადამიანისათვის თავისუფალი სივრცე თითქმის არ რჩება, ის ხან უნდა დაიხაროს, რომ ვიწრო გასასვლელში გაძვრეს, ხან ოსტატური ლავირებით და მიმობრუნებით ეცადოს, თავზე არ დაემხოს დამტვრეული სკამები, ცარიელი ქილები და სხვადასხვა ხარახურა, ხანაც მოცეკვავის მსგავსად გააზრებული ნახტომებით უამრავ ყუთსა და ჩემოდანს გადაახტეს; მაგრამ უსარგებლო ნივთებთან განშორება მას არ შეუძლია. ისინი ისე ენანება, თითქოს მისი სხეულის ნაწილები იყოს და ვიღაცას დანით მათი მოკვეთა ებრძანებინოს. თვითონაც არ იცის, რაში სჭირდება ეს ყველაფერი, მაგრამ ვნებას დამორჩილებული მოქმედებს, სხვაგვარად ცხოვრება მას უბრალოდ აღარ შეუძლია. ნივთების ეს გროვა დღითიდღე მტვრის უფრო და უფრო სქელი ფენით იფარება. შეუძლებელია ასეთი სახლის დალაგება. ადამიანი იხუთება, მაგრამ ითმენს, რადგან რომელიმე სავსებით უსარგებლო ნივთის თავიდან მოშორების ძალა არ შესწევს. თუკი ვინმე მისი ხლამიდან თუნდაც ჟანგიანი ლურსმნის აღებას შეეცდება, მაშინ ლურსმნის მფლობელს ეს ოქროს ლურსმნის დაკარგვად მოეჩვენება. თუკი ვინმე მას ზედმეტი ნივთებისაგან სახლის მილაგებას და მხოლოდ ცხოვრებისათვის აუცილებლის დატოვებას ურჩევს, ის შეძრწუნდება: მათ გარეშე ცხოვრება ამაოდ და უმიზნოდ მოეჩვენება; ეგონება, რომ უკანასკნელ მათხოვრად უნდა მისი გადაქცევა. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ასეთი ადამიანი არა მხოლოდ აგროვებს ნივთებს, შიმშილობის შემთხვევისათვის სხვადასხვა პროდუქტსაც იმარაგებს და თავის საკუჭნაოში ინახავს. პროდუქტები ფუჭებას და ლპობას იწყებს, ასე რომ სახლი ბოსელივით ყარს. ადამიანი სიმყრალით იხუთება, მაგრამ ამავე დროს კმაყოფილია, რომ შიმშილით სიკვდილი აღარ ემუქრება. ჩვენი მეხსიერებაც იგივე საკუჭნაოა, რომელშიც გარედან მიღებული ის შთაბეჭდილებები, ის ინფორმაცია ინახება, რომელიც მხედველობისა და სმენის მეშვეობით ნაკადად იღვრება ჩვენს სულში. რანაირ მძორს ნთქავენ ტელევიზორთან საათობით მსხდომი ადამიანები, როგორ შხამს სვამენ, როცა უბინძურესი პორნოგრაფიით, როგორც მტრის არმიით ოკუპირებულნი, თანამედროვე ჟურნალებსა და წიგნებს ფურცლავენ. იმათ, ვინც ტელევიზორის ყურებაზე, სექსუალური პათოლოგიის შესახებ წიგნების კითხვაზე, როკ-მუსიკის მოსმენაზე უარს აცხადებს, ისე უყურებენ, როგორც გადაშენებულ არსებათა ნამარხებს, რომლებიც არქეოლოგთა მონაპოვარი უნდა გახდეს და რომელთა ადგილი არა ცივილიზებულ ადამიანთა შორის, არამედ მუზეუმშია. რად გადაიქცევა ადამიანის სული, რომელიც ყოველდღიურად გარყვნილების, უსაშინლესი და გაწაფული მკვლელობების სცენებს უყურებს?! - საძაგელ სიმახინჯედ! ის ბინძური, მყრალი და უგვანი ხდება. ხუთი გრძნობა სიკვდილის ხუთ სარკმლად იქცევა ჩვენთვის. ადამიანში ორი „შემადგენელია" - ეს არის სხეული და სამშვინველი. თვით სამშვინველში ის ძალა, ის უნარია, რასაც სული ეწოდება. ეს მარადისობისაკენ მიქცევაა. ცოდვამ სული და სამშვინველი გააცალკევა ერთურთისაგან, ერთმანეთთან დააპირისპირა. ხდება ჰიპერგანვითარება ცოდვით დაზიანებული მშვინვიერი ძალებისა, რომლებიც თავიანთი სიმძიმით სულს ავიწროებენ და თრგუნავენ. სამშვინველის ვნებები საფლავის ქვა ხდება სულისათვის. ის თავის თავში ღრმავდება, ერთგვარად იძინებს და შეშდება. მის კუთვნილ ადგილს სამშვინველი იტაცებს. ის წყვეტს მარადისობის „შეგრძნებას". ხატოვნად რომ ითქვას, მას აღარა აქვს ის შინაგანი თვალი, რომელიც ღვთაებრიობისაკენ იქნებოდა მიმართული. ის მხოლოდ მიწას ხედავს, ამიტომ ადამიანებს, რომლებიც მეტისმეტად ფართო, გარეგნულ, მშვინვიერ ცოდნას ფლობენ, უჭირთ იყვნენ რელიგიურნი. ხდება მათი მისტიკური ინტუიციის ატროფირება, ან უკიდურეს შემთხვევაში დასუსტება, ისინი რელიგიაშიც კი მატერიალურ მტკიცებულებებს ეძებენ. მეორე მხრივ ადამიანები, მეტისმეტად განვითარებული ემოციებით, როგორც მაგალითად პოეტები ან მსახიობები, ასევე იშვიათად არიან რელიგიურნი, ამ სიტყვის ქრისტიანული მნიშვნელობით. თუკი მათში მისტიკური გრძნობა იღვიძებს, ის ხშირად დემონურ ხასიათს ატარებს და მათი ფსევდორელიგიური ნაწარმოებები ღვთისმბრძოლი სულითაა განმსჭვალული. სულიერი ცხოვრება საერო ხელოვნებაზე2, ვნებების ამ სტიქიაზე უარის თქმას მოითხოვს; მოითხოვს გარეგნული ცოდნის აუცილებელ მინიმუმამდე დაყვანას იმისათვის, რათა სული გამეფდეს სამშვინველზე და ის თავისი შუქით გაასხივოსნოს. აქ უმეცრების ქადაგება სრულიადაც არ არის, არამედ არის შეცვლა უარესისა უკეთესით. სული სამშვინველთან შედარებით იმდენად ღრმა გნოსტიკურ შესაძლებლობებს ფლობს, რამდენადაც დიდია ზეცა დედამიწაზე, რამდენადაც მარადისობა აღემატება დროს. ადამიანი - უცნაური არსებაა, წინააღმდეგობრიობათა შეერთებაა, ზეცის ნაწილაკთა მიწის კოშტში, დიდებულება და არარაობაა, სილამაზე და სიმახინჯეა, სინათლე და სიბნელეა, სიცოცხლე და სიკვდილია.
ადამიანი ღვთაებრივი და დემონური ძალების მოქმედების გზაჯვარედინზე იმყოფება. ადამიანის ჭეშმარიტი სილამაზე - ეს მადლით გასხივოსნებული ხატებაა ღვთისა, მადლი რამდენადაც მოიხვეჭა, იმდენადაა ადამიანი, იმდენად ცხოვრობს. ღვთის სახისა და მადლის გარეშე ადამიანი მშვინვიერი და სხეულებრივი - ჩირქგროვაა, ხოლო ცხოვრება მისი სიკვდილს ჰგავს. ვნება ბრმაა: როცა ის სულის სფეროში იჭრება, მაშინ ადამიანი წყვდიადში დაძრწის. ამ ლაბირინთიდან გამოსასვლელი არ არის. ვნებები ცრუობენ. ისინი სიმახინჯეს სილამაზედ წარმოაჩენენ. ჩვენ სხეულის სიკვდილზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ვნება - ეს პატარა სიკვდილია სამშვინველისა, ეს ერთგვარი დროებითი სიკვდილია. ჩვენ ვამბობდით, რომ ყველაზე საძაგელი სურათი, რაც კი შეიძლება კაცმა წარმოიდგინოს, საფლავში გახრწნილი გვამია; მატლებისაგან შეჭმული გვამი - ეს სახეა ჯოჯოხეთისა და ამავე დროს სამშვინველისაც, რომელსაც ვნებები ხრავენ.
შესაძლებელი რომ ყოფილიყო სამშვინველის დანახვა მაშინ, როცა ის მძვინვარებს, ჩვენ დავინახავდით ურჩხულს, საშინელი, დაღრჭენილი ხახით, ან სისხლისმსმელ მხეცს, მსხვერპლს რომ ფლეთს. ზოგიერთი ველური ხალხები ეთაყვანებოდნენ დემონთა გამოსახულებებს, როგორც ღვთაებებს. ამ დემონებს მათი ქურუმები და შამანები ოკულტური ექსტაზის დროს ხედავდნენ და გამოსახეს ისინი: ქვაზე, ხეზე ამოკვეთეს მათი სახეები. ეს ურჩხულები რაღაც ნაზავია მხეცისა და დრაკონისა ადამიანის სხეულში. ზოგჯერ ქურუმები თვითონ იკეთებდნენ ნიღბებს და მსხვერპლშეწირვას ასრულებდნენ. ჩვენი სამშვინველი, როცა ის ვნებების მორჩილებაში ექცევა, დემონებს უერთდება და ამ ნიღბებს ემსგავსება. ადამიანი მოწყობილობას ჰგავს მბრუნავი დისკით: დისკის ცენტრი - ღმერთია, დანარჩენი კი - სამშვინველი, რომელიც მუდმივად იცვლება, რომელშიც ყოველ წამს რაღაც სხვა ხდება. ამიტომ ადამიანს, რომელიც გულს სხვა ადამიანს უძღვნის, ავიწყდება, თავისი ბუნებით რისაკენ უნდა ისწრაფოდეს და საკუთარ თავს იმედგაცრუებისა და ტანჯვისათვის წირავს. ის თითქოსდა ბარტყებს კატას უგდებს რბილ თათებში, რომელიც შემდეგ ბრჭყალებს აჩენს და მსხვერპლს სხეულში ასობს. წინასწარმეტყველმა თქვა: „წყეულია კაცზედ მსასოებელი" (იერ. 17, 5). ჩვენი გული მხოლოდ ღმერთს უნდა ეკუთვნოდეს, სხვაგვარად დავკარგავთ ღმერთსაც და გულსაც. დრო - ეს გაელვებათა ჯაჭვია. ყოველი წამი უკან დაუბრუნებელია, ყოველი წამი სამარესთან გვაახლოებს, ყოველ წამს ჩვენი სხეულის ნაწილი კვდება. მაგრამ, ისე ვცხოვრობთ, თითქოსდა დროის შეჩერება გვინდა, თითქოსდა შეპყრობა გვსურს გაელვებისა, როგორც ბასრი სამართებლისა. ის კი მიდის ჩვენგან და შეუძლებელია მისი დაბრუნება. ადამიანს დიდი მთის გადადგმა გაცილებით იოლად შეუძლია, ან მდინარის შემობრუნება შესართავიდან სათავისაკენ, ვიდრე ერთი წამის დაბრუნება. დრო - ეს გზაა ღმერთისაკენ, ეს ცხონების საშუალებაა, მაგრამ ღმერთის დაკარგვით ადამიანები დროს თავიანთი წარწყმედის საბედისწერო გარდაუვალობად, რაღაც ავისმაუწყებელ რექვიემად აქცევენ.
2აქ ალბათ არ არის საუბარი რაღაც „აკრძალვაზე", მაგრამ სულის სფერო უსაზღვროა და ამიტომ სულიერი ცხოვრებისაკენ ნამდვილად მობრუნებულ ადამიანს, ცხოვრებისაკენ, რომელიც არის გზა ღმერთთან ურთიერთობისაკენ და თვითონ არის ურთიერთობა ღმერთთან, დროთა განმავლობაში აღარ შესწევს ძალა სულიერსა და მშვინვიერს შორის გაყოფისა და თავად მამა რაფაელის თქმით, „უკეთესს" ამჯობინებს, თუმცაღა ეს კვლავაც არ არის რაიმე გარეგნული ან შინაგანი „აკრძალვის" შედეგი, არამედ ადამიანის სულიერი ზრდის ბუნებრივ წესრიგს წარმოადგენს - რედ.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |