მთავარი > თანამედროვე მამები, სიკვდილი, მთავარი გვედის ფოტო > ოცდახუთი თავი სიკვდილის ხსოვნაზე - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 1)
ოცდახუთი თავი სიკვდილის ხსოვნაზე - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 1)29-06-2018, 00:03 |
ადამიანი სამ სამყაროში ცხოვრობს: პირველი - ხილული სამყაროა, ანუ ის გარეგანი, რაც ყოველი მხრიდან გვაკრავს, რასაც ხუთი გრძნობითი ორგანოს მეშვეობით აღვიქვამთ, რაც ჩვენს მეხსიერებაში, სულის ერთგვარ საკუჭნაოში ილექება და ინახება, ხოლო შემდგომ მოგონებებად, სახეებად, სურათებად, ფანტაზიებად, გეგმებად, გონებით დამტკიცებად, გულისთქმათა ღრუბლად გადამუშავდება და ჩვენს გონებაში განუწყვეტლივ ტრიალებს. მეორე - ესაა უხილავი, სულიერი სამყარო. ის მიუწვდომელია ჩვენი სხეულებრივი გრძნობებისათვის, თვალისათვის უხილავია, მას ვერ გაიგონებ, ის შეუხებელია, იქ განსჯითა და აზრებითაც ვერ შეაღწევ, ადამიანური სიტყვით ვერ გამოხატავ. ეს სამყარო გულისთვის ღვთიური მადლის მოქმედებით იხსნება. ადამიანი თითქოსდა ამ უცნობი სამყაროს ჩრდილებს ხედავს, მის ყოფნას შეიგრძნობს, ხოლო შემდეგ ეს შეგრძნებები მქრქალდება და იკარგება. თითქოსდა უფალმა წამიერად დაგვანახა ზეციური ნათელი და გვითხრა: „ვიდოდე და ეძიებდე ნათელსა ამას". სად და როგორ ვეძებოთ ის? მისი პოვნა გარე სამყაროში შეუძლებელია, მაგრამ არის მესამე სამყარო, ის თვით ადამიანშია. ესაა - მისი გული, ის სფერო, სადაც სულიერისა და სხეულებრივის, ცისა და მიწის ურთიერთშეხება ხდება. გული კაცისა კარიბჭრეა, რომლითაც მას სულის მისთვის უცნობ ნაწილში შესვლა შეუძლია. ეს ის „გამონათებაა", რომლის საშუალებითაც წამიერად შეუძლია ზეციური ეკლესიის მშვენიერების, ადამის მიერ დაკარგული და ქრისტეს მიერ კაცთათვის დაბრუნებული სამოთხის ხილვა. გზა ჯოჯოხეთიდან სამოთხისაკენ გულზე გაივლის, მაგრამ ჩვენი ცოდვიანი, ვნებიანი გული დახშულია და დაკეტილი. ვნებები, წადილი, გულისთქმა დუღან მასში. ისინი აბრკოლებენ, ატრიალებენ გულისთქმებს და ადამიანის სული რაღაც ბნელ ქაოსშია. ის საკუთარ გულს არ იცნობს, საკუთარ სულს ვერ გრძნობს. მან თავის თავში გზა ხილული სამყაროს შთაბეჭდილებებს მისცა, ამ შთაბეჭდილებებს დაეძებს და მათით ცხოვრობს. მას ამ ქვეყნისაგან რაღაც უნდა, ეთვისება, მის შემწეობას ეძიებს, ფიქრობს, რითი მოიპოვოს მისი მეგობრობა. და ამ ვნებიან ზრახვათა ბუქში, როგორც ქარისაგან დატრიალებულ მტვრის კორიანტელში, მთელი სიცოცხლე გადის. გამოფხიზლება ჩვეულებრივ სიკვდილის მომენტში დგება. ამ უკანასკნელ გაელვებამდე ადამიანი დარწმუნებულია, რომ ეს მიწიერი სამყარო მისია. მაგრამ... ხედავს, ყველაფერი როგორ ტოვებს მას, რომ ყოველივე მოჩვენება, სიზმარი ყოფილა, და მხოლოდ იმის ამარა რჩება, რისი მოხვეჭაც თავის გულში შეძლო. ამიტომაცაა დემონისათვის ასე საშინელი ხსოვნა სიკვდილის საათისა. დემონი მის ჩაძინებას ცდილობს, იმის დავიწყებას აიძულებს, რომ დედამიწაზე ყოველივე წარმავალია, მისი ჩათრევა სურს ამაქვეყნიური საქმეების მორევში და ხშირად ახერხებს კიდეც. ამ სიზმრებში, ამ ორომტრიალში შეუმჩნევლად, საათ-საათ, დღითი-დღე, წლიდან წლამდე, მთელი ცხოვრება გადის, ადამიანი სამარის პირას იღვიძებს და დემონის ხითხითი ესმის, რომლებმაც ასე მოხერხებულად და საშინლად მოატყუა. ყველაფერი, რასაც იყო მიჯაჭვული, რაც უყვარდა, რასაც იხვეჭდა, დნება და ქრება, როგორც ღამის ჩრდილები გამთენიისას. იგი ხვდება, რომ უგონოდ გაფანტა, თითქოსდა მოკლა ყველაზე ფასეული, რაც ღმერთმა მისცა - დრო ცხონებისათვის. ამიტომ სიკვდილის ხსოვნა - უპირველესი ასკეტური წესია. წმ. პავლე მოციქული წერს: „და ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე" (ეფ. 5, 18), ანუ სიძვა. ამქვეყნიური სიმდიდრე და სიამე იგივე ღვინოა, რომელიც თუმცა კი ათრობს, მაგრამ კაცს ჭეშმარიტ სიხარულს არ ანიჭებს. ამ „ღვინოშიცაა" სიძვა: სული - სასძლო ქრისტესი, მისთვის უცხო მატერიალურსა და მიწიერზე მიტმასნებით ღალატობს ღმერთს და ქვეყანასთან მრუშობს. უფალმა ბრძანა: „სადაცა არს საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი" (მათე 6, 21). ქვეყნიურს ვნებებით მიჯაჭვული გული დახშულია ღვთისათვის. ქვეყანა კაცს ათრობს, სიკვდილის ხსოვნა აფხიზლებს, ის ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. ადამიანთა უმეტესობა, დემონის ჩაგონებით, ცდილობს, სიკვდილზე არ იფიქროს, მის დავიწყებას ესწრაფვის, თითქოსდა ის არ არსებობს. გარშემო სიკვდილის სურათების მხილველი, თავიანთი ახლობლების კუბოსთან მყოფი ადამიანებიც კი ყველაფრის მიუხედავად აგრძელებენ ფიქრს იმაზე, რომ სიკვდილი მათ გვერდს აუვლის, ყველანი დაიხოცებიან, ისინი - არა. ადამიანებმა სიკვდილის ხსოვნა განდევნეს თავიანთი შეგნებიდან და ისე ცხოვრობენ, თითქოსდა დედამიწა მათი სამუდამო სახლია. ამიტომ, როცა იღვიძებ, იფიქრე, რომ ეს დღე შესაძლოა შენი ბოლო დღე აღმოჩნდეს; როცა საწოლიდან დგები, გაიაზრე, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ამ ღამით; როცა გზას ადგახარ, გაიხსენე, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება, დაბადებიდან სამარემდე, გზაა და ყოველი დღე - ნაბიჯი, რომელიც სიკვდილს გვაახლოებს; როცა ტრაპეზს უზიხარ, გაიხსენე, რომ თავად გახდები მატლების საზრდო; როცა გულში ბიწის შავ კვამლს იგრძნობ, წარმოიდგინე, რა მოუვა ადამიანს, ვისკენაც ლტოლვა გაქვს - სიკვდილიდან რამდენიმე დღეში სხეული, შენ რომ ახლა გაცდუნებს, საძაგლად აყროლდება. რას წარმოადგენს საფლავში მკვდარი? გახრწნილი გვამი ალბათ ყველაზე საზიზღარი რამაა, აი, თურმე რისთვის გვითქმოდა გული... თუკი შენს გულში მრისხანებისა და სიძულვილის მეწამული ალი აენთება, გაიხსენე, რომ შენს მტერთან ერთად ერთ მიწაში იწვები და მაშინ გასაყოფი აღარაფერი გექნებათ, ერთმანეთისა აღარაფერი შეგშურდებათ. როცა სული ღვთის მარადიული ჭეშმარიტების წინაშე წარდგება, ყოველივე მიწიერი არარაობად მოგვეჩვენება: რისი უნდა გვშურდეს, როცა დრო და სიკვდილი ყველაფერს წარგვტაცებს? როცა კაცი დასაძინებლად წვება, დაე იფიქროს, რომ მისი ლოგინი კუბოა, ძილი კი - სიკვდილი, ღამის სიბნელე - საფლავის წყვდიადი და ილოცოს, რათა უფალმა შეიწყალოს, თუკი ეს ღამე მისთვის უკანასკნელი აღმოჩნდება. როცა ჩვენს სულს ამქვეყნიური სიამენი და გართობანი ითრევენ და ატყვევებენ, გვახსოვდეს, რომ სიკვდილის ანგელოზი შესაძლოა უკვე გამოგზავნილია ჩვენს წასაყვანად. რაზე მოგვასწავებს ეს დაუპატიჟებელი და მოულოდნელი სტუმარი?... სიკვდილის ხსოვნა თავიდან საშინელი გვეჩვენება, მაგრამ როცა ადამიანი მას ეჩვევა, გრძნობს, რომ ეს ხსოვნა მას ამასოფლის მონობისაგან, ვნებების ბორკილებისაგან, დამთრგუნველი აზრებისაგან ათავისუფლებს, რომლებიც მას ტვირთივით აწევს. იგი ამ ხსოვნისადმი სიყვარულს იწყებს, ის ბრძენ და ერთგულ მეგობრად წარმოუდგება, რომელიც მზადაა მწუხარებაში ანუგეშოს იგი1 და რაც ყველაზე მთავარია, სიკვდილის ხსოვნა ადამიანს ასწავლის, რომ მიმადლებული სიცოცხლის ჭეშმარიტი აზრი არა მიწიერ ამაოებასა და ტრიალშია, არამედ მარადისობისათვის მზადებაში. ამიტომ სიკვდილის ხსოვნა გზამკვლევია ღმერთისაკენ. ის საკუთარი თავის იძულებით, მასზე ძალდატანებით მოიპოვება. თავიდან დღეში თუნდაც რამდენიმე წუთი უნდა დავუთმოთ იმაზე ფიქრს, რომ დედამიწა ვეება სასაფლაოა, რომელშიც უთვალავი თაობა წევს. ჩვენ ვთელავთ ამ საფლავებს, მაგრამ მალე ჩვენც მიწა დაგვფარავს. უფალს უნდა ვევედროთ, რომ სიკვდილის ხსოვნა მადლიანი საჩუქარივით მოგვანიჭოს, ხოლო როცა ლოცვას აღვავლენთ, უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ლოცვაც შესაძლოა ჩვენი უკანასკნელი ლოცვა იყოს. სიკვდილზე შეხსენება ბუნებაშიც ეძიე. უმზერ ჩამავალ მზეს, დამჭკნარ ყვავილს, შორს გაფრენილ ჩიტს - გახსოვდეს, კაცის ცხოვრებაც ასეა. უთხარი სიკვდილის შესახებ ურწმუნოს - ის განაწყენდება ან გაბრაზდება. მისთვის სიკვდილი ჩიხია, შავი ორმო, ყველა ოცნების დასასრული, ყოფიერებიდან უმყოფობაში გადასვლა. ქრისტიანისათვის კი სიკვდილი მიწიერი გზის დასასრული, განვლილი ცხოვრების გამოცდა და იმის გახსნაა, რაც ცხოვრების მანძილზე გულში მოიხვეჭა. ამიტომ ქრისტიანისათვის სიკვდილის ხსოვნა მძლავრი იარაღია დემონის წინააღმდეგ, რომელსაც სურს, რომ ადამიანმა თავისი თავი ამქვეყნიურის მცირე ნაწილად, ნეშტის გროვად მიიჩნიოს. აქ, მიწაზე, იმ ხალხს ვგავართ, ნავით მდინარის დინებას რომ მიჰყვებიან. მდინარე - დროა. ის დღედაღამ უხმაუროდ მიედინება და ამ დინებაში ორჯერ შესვლა არ შეიძლება. ადრე თუ გვიან ნავი შესართავს მიაღწევს, სადაც მდინარე ოკეანეში - მარადისობაში ჩაედინება და იქ წყვეტს თავის არსებობას. ადამიანებს, და მათ შორის ჩვენც, რომ გვხსომებოდა, რომ ამქვეყნად ყველაფერი წარმავალია, რომ ყოველი დაბადებული კვდება, ალბათ ბოროტებაც ნაკლები იქნებოდა, ადამიანის სულიც - გაცილებით სუფთა და ჩვენი ცხოვრების ჭეშმარიტ აზრს და მიზანს უფრო ნათლად დავინახავდით. (გაგრძელება...)
1ღირსი ფილოთეოს სინელი სიკვდილის ხსოვნაზე ასე წერს: „ერთხელ ამ უკანასკნელის (სიკვდილის ხსოვნის) მხილველმა სულით და არა თვალით, მოწყლულმა და დამტკბარმა მისით, ვისურვე, რომ ის მთელი ცხოვრების თანამგზავრად მექცია და ამიტომაც მისი კეთილსახოვნება და მშვენიერება შევიყვარე. მასთან, როგორც ვთქვი, ადამის ასულთან, ანუ სიკვდილის ხსოვნასთან თანამკვიდრობა მარადჟამს მწყუროდა: მასთან ერთად ძილი, საუბარი, მასთან ერთად გამოწვლილვა იმისა, რაც ამ სხეულის დატოვების შემდგომ მომივა".
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |