მთავარი > იდეოლოგიური ცდომილებანი, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > თავისუფლება - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 1)

თავისუფლება - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 1)


26-06-2018, 00:03

თავისუფლება - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 1)

 

   თავისუფლება ეს არის ჩვენთვის ძალზე ნაცნობი და ამასთანავე გაუგებარი სიტყვა.

   რა არის თავისუფლება? ეს სრულიად გაუგებარი ცნება როგორ უნდა განისაზღვროს? რა აღძრავს ადამიანში სწრაფვას თავისუფლებისაკენ? რას გულისხმობს ის ამ სიტყვაში?

   თავისუფლება - ეს გადაწყვეტილების მიღების საშუალება და უფლებაა ადამიანისა, გამომდინარე იმ შინაგანი სურვილიდან, რომელიც შესაძლოა იყოს ინტელექტუალური, გრძნობითი ან უხეშად ინსტიქტური, ანუ საშუალება იმისა, რომ თავისი სურვილები განახორციელოს, თავისი „მე"-ს რეალიზება მოახდინოს გარე სამყაროში. მაგრამ ჩვენი ინტელექტუალური ზრახვები მერყევია, რადგან არამდგრად წარმოდგენებსა და შეფასებებს ემყარება.

   ჩვენი სურვილები ეგოისტური, ახირებული და ცვალებადია, ჩვენი სულის კეთილი სწრაფვანიც კი უეცრად ქრებიან და ვხედავთ, მის სიღრმეში როგორ დაცოცავენ სულ სხვა გრძნობები: სიძულვილი, ავხორცობა, შური და ა.შ. ჩვენ ინსტიქტებს რაც შეეხება, ამაში ოდნავ თუ განვსხვავდებით ამებასაგან, რომელიც ერთ მთლიან მუცელს წარმოადგენს. რისი რეალიზება შეგვიძლია? რომელ მხეცს მივცეთ თავისუფლება?

   თავისუფლებაზე მოსაუბრეებს ავიწყდებათ, რომ ამისათვის გარკვეული კულტურაა საჭირო: უპირველესად ადამიანისადმი პატივისცემის უნარი, ურომლისოდაც შეუძლებელია სიყვარული მისდამი, მაგრამ იმისთვის, რომ სხვას პატივი ვსცეთ, პიროვნება საკუთარ თავში უნდა შევიმეცნოთ, ანუ ზნეობრივი საწყისი განვავითაროთ. ეს არ არის სასკოლო დავალება, რომლის ჩაბარებაც დასწავლილი გაკვეთილივითაა შესაძლებელი. ეს გამუდმებული, მძიმე ბრძოლაა საკუთარ თავთან, ჩვენს უპიროვნულ მდგომარეობასთან. თავისუფლება - ეს ტრიუმფია გამარჯვებისა სულიერ ცხოვრებაში. ამის გარეშე თავისუფლება ცინიკოსის დაცინვა ან მოძალადის მხეცური ეშვების ღრჭენა იქნებოდა. ადამიანებს არ ესმით, რომ ყველაზე სამარცხვინო მონობის მდგომარეობაში იმყოფებიან, რისგან მათი გათავისუფლებაც არანაირ გარეგან ფორმაციებს ან ლიბერალურ რეფორმებს არ ძალუძთ. ადამიანი თავისი ვნებების მონა სწორედ იმიტომაა, რომ ვნებები არ არის მისი, რომ ისინი ყოველთვის უცხოა სულისათვის. ეს სულში ჩაკრული და მისგან სასიცოცხლო ძალების მწოველი პარაზიტია. ადამიანი კი მათ თავის სულთან, თავის თავთან აიგივებს და ცდილობს შექმნას პირობები, რათა ეს ვნებები იოლად, თავისუფლად განხორციელდეს და საზოგადოების მიერ არა რაიმე მდაბალ, არამედ ცხოვრების ჩვეულ ფორმად იყოს აღქმული.

   თანამედროვე ლიბერალიზმს თავისუფლება ესმის როგორც ვნებების გამართლება. ვნებებს არ შეუძლიათ ადამიანის სულის დაკმაყოფილება. ამიტომ ისინი, თავად გადაგვარებულნი, პათოლოგიურ ფორმებად გადაგვარებას განაგრძობენ.

   ეს პათოლოგია ასევე მოითხოვს თავისუფლებას, ამიტომ ლიბერალიზმი ყველაფრის დაშვებულობამდე უნდა მივიდეს და არა მხოლოდ გამოაცხადოს ეს, არამედ გაამართლოს კიდეც. თითოეულ ჩვენგანს საკუთარ თავზე გამოუცდია ვნებების უღელი, რომელიც ჯაჭვივით ბორკავს ადამიანს. რამხელა ძალისხმევაა საჭირო, რომ მას წინ აღუდგე! და ვაი, რომ გამარჯვება არცთუ ხშირად ხერხდება!

   ქრისტიანობა გვიჩვენებს, რაშია თავისუფლება. ის იმის საშუალებაშია, რომ ადამიანმა თავის მთავრ მოწოდებას მისდიოს და განახორციელოს მასში ჩადებული პოტენციალი - ხატება და მსგავსება ღვთისა.

   თითოეულს შეუძლია შინაგანი გამოცდილებით დაინახოს, როგორ კუმშავენ ადამიანის გულს ვნებები და პირიქით - როგორ ანიჭებს მათზე გამარჯვება სულს ერთგვარ შინაგან სივრცეს.

   სულიერი ცხოვრება ადამიანის გულს აფართოებს, უჩვენებს, როგორი უნდა იყოს ის და სიმშვიდისა და თავისუფლების გრძნობას თუნდაც ნაწილობრივ განაცდევინებს სიტყვებში - „მონა ქრისტესი" - გათავისუფლების დასაწყისი მდგომარეობა. ცოდვის მონა ღვთის მონა ხდება. ვნებებისა და ცოდვის იმპულსებში მცხოვრებ ადამიანს, მცნებები მონობად და უღლად მიაჩნია, მაგრამ უფალმა ბრძანა: „უღელი ჩემი ტკბილ არს" (მთ. 11, 30). ეს მონობა გამოსასყიდია მონობისაგან, რათა შემდგომ მიენიჭოს თავისუფლება, თავისუფლების კუალად კი მიმადლოს მას ღმერთმა.

   ვნებები უცხოა სულისათვის, მცნებები - ახლობელი.

   ხორციელი ადამიანისათვის მტანჯველი და უაზროა მცნება თავისი მტრის - უსინდისო მატყუარას, ცილისმწამებლის ან, რაც განსაკუთრებულად მტკივნეულია მოღალატე მეგობრის მიტევებისა, მაგრამ თუკი თავს სძლევს და არა მოლაყბე ენის წვერით, არამედ გულით მიუტევებს, თითქოს შავი ღრუბელი გაიფანტა და სინათლე იხილაო, გულში მოულოდნელ სიხარულისა და განსაკუთრებულ სიმშვიდეს იგრძნობს.

   ვნებები ჩვენ გვგონია ჩვენი გულის ნაწილი, მაგრამ როცა ცოდვას ჩავიდენთ, დავინახავთ, რომ მათ მოგვატყუეს, რომ ისინი უცხოა ჩვენთვის. სახარების მცნებები რეალური ცხოვრებისაგან დაშორებული და თითქმის შეუსრულებელი გვეჩვენება, მაგრამ თუკი მათ შესრულებას შევეცდებით, ვიგრძნობთ, როგორ ცოცხლდება ჩვენი გული.

   თავისუფლება - ეს გულის გათავისუფლებაა ყოველივე უცხოსაგან. ის ღმერთისთვისაა შექმნილი, ამიტომ თავისუფლება - ღმერთშია. თავისუფლება - ეს მარადისობიდან გადმოღვრილი ნათელია. ადამიანი საკუთარ თავს მხოლოდ ღმერთში ჰპოვებს და თავისთავადი ხდება.

   ქრისტე - ეს დამიანის იდეალია, - ცოცხალი, ღვთაებრივი ძალის მქონე იდეალი. ადამიანი იმდენადაა თავისუფალი, რამდენადაც ქრისტესთან მსგავსებას იმ ღვთაებრივი ნათლის მეშვეობით მიელტვის, რასაც მადლი ჰქვია.

   თავისუფლება - ეს გამოსვლაა ქმნილი, განივთებული, დაკომპლექსებული, ვნებიანი მდგომარეობიდან, ის ღვთაებრივ სრულყოფასთან ზიარებაა.

   ცინიკოსები, სტოკიოსები, ბუდისტები, როდესაც თავისუფლებას ეძიებნენ, მას თვით ყოფიერების უარყოფაში ხედავნენ: ცინიკოსები - ქილიკში, სტოიკოსები - ამაყ სიძულვილში, ბუდისტები სურვილების განადგურებაში. ეს იყო სიკვდილის თავისუფლება. ის ქრისტიანებისათვის თავისუფლების რექვიემივით ჟღერს. როგორი თავისუფლების მიღწევა შეეძლოთ ცინიკოსებს დაცინვითა და მაიმუნური მანჭვით? რისაგან თავისუფლების? ადამიანისადმი პატივისცემისაგან? რისი თავისუფლების? ღორებთან ერთად ერთი გობიდან საერთო სიბინძურის ჭამისა? ადამიანის უმაღლესი ღირსების და პირუტყვისაგან მთავარი განმასხვავებელი ნიშნის-სიტყვის-გადაქცევისა ბგერით სიმყრალედ, რასაც სახედარი კუდს ქვემოდან უშვებს? ასეთ შემთხვევაში მტრულად განწყობილი კრეტინი, საკუთარი ფეკალით სახეს რომ ითხუპნის, დიოგენეს აჭარბებს, რადგან თავისუფალია ზნეობრივი ნორმებისაგან ცინიკოსების თავისუფლება შუა მოედანზე იმის კეთებაა, რაც საპირფარეშოში კეთდება, მაგრამ ამით მაინც არ შეუძლიათ სრული თავისუფლების მიღწევა. მათი პროგრამაა - ტრადიციების დანგრევა. აქედან გამომდინარე, ეს „კასრის ანარქისტები „ეთიკური ქცევისათვის თავისუფალნი არ არიან. როცა დიოგენე ციებით დაავადდა და ბრბო წინაშე ჩვეული თავხედობის ნაცვლად ცახცახი და კბილების კრაჭუნი დაიწყო, მიხვდა, რომ მისი სული ხეულზეა დამოკიდებული და სრულიადაც არ არის თავისუფალი, ამიტომ გამძვინვარებულმა თავი ჩამოიხრჩო. საერთოდ ცინიზმი - თავისუფლების თამაშია, რომელიც ექსტრავაგანტული უსაქციელობით იწყება და ნაცრისფერი უხამსობით მთავრდება.

   სტოიკოსების თავისუფლება - ეს ამაყთა სიგიჟეა, რომლებმაც ქვეყანას, როგორც მათთვის უღირსს, მსჯავრი გამოუტანეს. სტოიკოსი სპილოს ძვლისაგან კოშკს აგებს. იქ თავს იმწყვდევს და როგორც კლდიდან ზღვის ტალღებს, სარკმლიდან ბრბოს დასცქერის გულგრილი მზერით. ეს მდგომარეობა ერთმა პოეტმა შემდეგი სიტყვებით დაახასიათა: „ჩემი ერთიანი სამშობლო - ჩემი უდაბური სულია". სტოიკოსი უბედურებებს მედგრად იტანს, რადგან სძულს ადამიანები და ცხოვრება; ის შეურაცხყოფას არ პასუხობს, რამდენადაც ძაღლების ხროვაზე ყურადღების მიქცევა დამამცირებლად მიაჩნია: სიკვდილს მშვიდად ეგებება, რადგან არ უყვარს სიცოცხლე, რომელიც არარაობად და ამაოდ წარმოუდგება. სტოიკოსებისათვის ღვთაებრიობა არ არსებობს: - „ისეთი ცუდი სურათის დახატვა, როგორიც სამყაროა, დიდ მხატვარს არ შეეძლო" - მიიჩნევენ ისინი. ღვთაებრიობის ნაცვლად მათ აქვთ სწავლება უმაღლეს სულებზე, ლოგოსებზე, ენერგეტიკულსა და თესლოვანზე, რომლებიც ყოვლად უსარგებლო სიცოცხლეს წარმოშობენ.

   ეპიკურესეული თავისუფლება - ეს არის მცირედით ტკბობის უნარი. ეპიკურე ამბობდა: „მე ქერის წვნიანით ვტკბები", მაგრამ ტკბობისა და ზომიერების პრინციპები ურთიერთშეუთავსებელია და ამიტომ ყველაფერში ტკბობის მაძიებლობაზე დამყარებულმა ეპიკურეობამ ვერ შეძლო სატუსაღოს ულუფით დაკმაყოფილება და ჰედონიზმად გარდაიქმნა, სადაც სურვილი თავისუფლებას ართმევს ადამიანს და მის მონად აქცევს. (გაგრძელება...)

  

 

 

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)  

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება