მთავარი > წმიდათა ცხოვრება, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > წმინდანთა ნაწილების თაყვანისცემის შესახებ - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 2)

წმინდანთა ნაწილების თაყვანისცემის შესახებ - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 2)


24-06-2018, 00:03

წმინდანთა ნაწილების თაყვანისცემის შესახებ - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 2)

 

   ისიც ყველამ იცის საკუთარი გამოცდილებით, რომ მხოლოდ ადამიანებს კი არა, ადგილებს, სახლებსაც და ნივთებსაც კი თავ-თავიანთი სახე აქვთ, თავ-თავიანთი ნათელი ან ბნელი ფონი. ზოგიერთ სახლში კარგად ვართ, გულში სიმშვიდე ისადგურებს, თითქოს ყველა ეჭვმა და საზრუნავმა დაგვტოვა, ცოდვილი და ამაო აზრებიც დაგვესხნენ. ასეთ სახლებში ადამიანი თავისუფლად სუნთქავს, თითქოს ტყეში ან მთაში იყოს და სუფთა ჰაერით ტკბებოდეს. უკვე ძველებმა შენიშნეს, რომ ადამიანის სული მისივე ნივთებზეც ტოვებს კვალს. წმინდანთა ტანსაცმელსა და ნივთებს სასწაულთმოქმედი ძალა აქვთ. ამის მაგალითად გამოდგება ძველ აღთქმაში - მოსეს კვერთხი და ელია წინასწარმეტყველის ხალენი, ახალ აღთქმაში კი მოციქულთა თავსაბურავები და პეტრე მოციქულის ჯაჭვები.

   და პირიქით, არსებობს სახელები, სადაც გულზე თითქოს რაღაც სიმძიმე გვაწევს, უცნაური სევდა და შფოთი გვეუფლება და ერთადერთი სურვილი გვიჩნდება - რაც შეიძლება სწრაფად გავცილდეთ იქაურობას. ასეთი სახლი რაც არ უნდა მდიდრული და საგულდაგულოდ გაწმენილ-გაკრიალებული იყოს, მისი ატმოსფერო მომწამვლელი ნივთიერებებითაა გაჟღენთილი, ადამიანი თავის გარშემო თითქოს სიბინძურის სუნსაც კი გრძნობს. ზოგიერთ სახლში უნებლიე ძრწოლა გვიპყრობს - თითქოს იქ რაღაც დანაშაული მომხდარა და ადამიანის სისხლი დაღვრილაო. ცოდვის რადიაცია განსაკუთრებით იმ სახლებში იგრძნობა, სადაც ოდესმე ჯადოქრობით, მკითხაობით, სპირიტიზმით ან სხვა ამდაგვარი საქმეებით შეუბღალავთ კერია.

   საერთოდ, ნათელი და ბნელი ძალები ფიზიკურად მჟღავნდებიან. ადამიანი ღმრთაებრივი მადლის თანაზიარიც შეიძლება გახდეს და დემონურ ძალთა მედიუმიც. ჩვენ მხოლოდ წმინდანთა ნაწილებს როდი ვცემთ თაყვანს, არამედ მათ საფლავებსაც, აგრეთვე სახლებს, სადაც ისინი ცხოვრობდნენ. წმინდანთა ნივთები ისევე ინახავენ ღმრთაებრივ ძალას, როგორც ჭურჭელი ინახავს ოდესღაც მასში ჩასხმული მირონის ნელსურნელებას.

      ახალ აღთქმაში სიკვდილი უკვე აღარ არის ჯოჯოხეთის კარიბჭე. წმინდანებისთვის იგი ქრისტესთან შეხვედრას, ჭეშმარიტი ცხოვრების დაწყებასა და ნათლის სამეფოში გადასახლებას ნიშნავს. ღმრთის მადლი მხოლოდ სულს კი არა, ხორცსაც ეუფლება, სხვაგვარად ხომ მკვდრეთით აღდგომის აზრი გაუგებარი იქნებოდა. ადამიანი, როგორც პიროვნული, სულიერი და ხორციელი არსება, მარადიული ცხოვრებისთვის არის მოწოდებული, აღდგომის შემდეგ სხეული სულის მსგავსი, სული კი სხეულის მსგავსი იქნება (სული ხილულ სახეს მიიღებს).

   ეკლესიამ კიდევ ერთი საიდუმლო გაგვიმჟღავნა, რომელიც მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგომას ეხება. ადამიანის სხეული მიწისგანაა შექმნილი, იგი ფიზიკურ ელემენტებსაც შეიცავს და კოსმოსის ენერგეტიკულ სტრუქტურებსაც. ადამიანი მთელი სამყაროს სახეა, ალბათ ამიტომაც უწოდებდა ზოგიერთი ძველი ფილოსოფოსი და ეკლესიის მამა ადამიანს მიკროკოსმოსს.

   ძველი მისტიკოსები ხილულ სამყაროს ალეგორიულად ზოგჯერ ადამიანის სახით წარმოადგენდნენ და ამით სამყაროსა და ადამიანის კავშირს უსვამდნენ ხაზს. ადამიანის სული, როგორც ღმრთაებრივ ბაგეთა ამონასუნთქი, სულიერ სამყაროს ეკუთვნის; ადამიანი ორი სამყაროს დამაკავშირებელი რგოლია, მეტიც, ეს სამყაროები თვით მასში იმყოფებიან, მისი სულისა და სხეულის ურთიერთკავშირში. ადამიანი ღმერთის შემოქმედების გვირგვინია, ხილული სამყაროს შექმნის ბოლო აქტი, და როგორც მეფე წარმოადგენს თავის სახელმწიფოს, ისევე ადამიანი წარმოადგენს კოსმოსს სულიერ სამყაროში. ღმერთთან კავშირის გაწყვეტით ადამიანმა მხოლოდ თავისი თავი კი არ დაუქვემდებარა სიკვდილისა და ჯოჯოხეთის ხელმწიფებას, არამედ მთელი მატერიალური სამყარო ხრწნილებისა და მატერიალურობის უფსკრულში ჩააგდო.

   ამიტომ მატერიალურმა სამყარომ სერიოზული დეფორმაცია განიცადა: მატერიალური სტრუქტურების იერარქიული წყობა, რომელიც თავისუფლებისა და სიმპათიის პრინციპს ეფუძნება, მექანიკურმა კანონებმა შეცვალა. და ეს კანონები უწინდელ ჰარმონიასთან შედარებით ავადმყოფურ კომპლექსებს დაემსგავსა. მათში, როგორც ცოდვის შედეგი, აისახა სიყვარულის - მთელი სამყაროს უმთავრესი ფუნდამენტის გაქრობა. მაგალითად, მიზიდულობის კანონი სხვა არა არის რა, თუ არა ძალადობა და ძლიერის მიერ სუსტის, დიდის მიერ პატარის დამონება. უსიყვარულოდ ძალადობა, დაქვემდებარება და შეზღუდვა იქცა სრული დაშლისაგან სტრუქტურების დაცვის ერთადერთ საშუალებად. ღმერთსა და ადამიანს შორის კავშირის აღდგენით მოხდება თვით კოსმოსის ფერისცვალება და განსულიერება: კოსმოსი აღდგება მთელი თავისი სიდიადით და მთელი სამყარო შემოქმედის სადიდებელ სიმფონიად იქცევა. მაგრამ ეს მომავალი ფერისცვალება დაიწყება ადამიანის განახლებით სული წმიდის მიერ, ამიტომ მიცვალებულთა აღდგომა მთელი სამყაროს აღდგომაც იქნება. ამ სოფელში კაცის სულსა და სხეულს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს, მაგრამ საიდუმლო კავშირი სიკვდილის შემდეგაც რჩება. ასე რომ, მიცვალებულთა დაკრძალვა უკვე ძველ აღთქმაში მოწყალების ერთ-ერთ საქმედ იყო მიჩნეული (ტობის წიგნი), ახალი აღთქმის ეკლესიაში კი არსებობდა საძმოები, რომელთა წევრებიც ღატაკთა, უთვისტომოთა, მოგზაურთა და გლახაკთა დაკრძალვას კისრულობდნენ. მიწის ზემოთ დარჩენილ მიცვალებულთა სულები, განსაკუთრებით ბოროტმოქმედთა მიერ მოკლულთა სულები, ხშირად ეცხადებოდნენ ადმიანებს, უჩვენებდნენ, სად იყო დამალული მათი გვამები და ძვლები და დაკრძალვას მოითხოვდნენ.

   ქრისტიანობა გვასწავლის, რომ პირველქმნილმა ცოდვამ მოსწყლა კაცი და მისი სხეული ვნებების ბუდედ აქცია, მაგრამ ქრისტიანობა იმასაც გვეუბნება, სხეული სულის დიდებული ინსტრუმენტიაო. სხვა რელიგიებსა და სწავლებებში არავითარი საფუძველი არ არსებობს სხეულისთვის საკმარისი პატივის მიგებისა. პანთეისტებისთვის სხეული გარდამავალი ეტაპია, ეფემერული ფორმა, სულთან შემთხვევით დაკავშირებული დროებითი სამოსელი; მატერიალისტებისთვის იგი უჯრედების, ატომებისა და მოლეკულების რთული კონგლომერატი, რომელიც სიკვდილის შემდეგ ელემენტებად დაიშლება; უკიდურესი სპირიტისტებისთვის სხეული სულის აჩრდილია - სხეული წავა და აჩრდილიც გაქრება, ანტიკურობის ანთროპომორფული რელიგიებისთვის პირიქით, თვითონ სულია სხეულის აჩრდილი; ინდუისტები ამტკიცებენ, რომ სხეული ილუზორული ყოფნის ფორმაა, მირაჟი და ბოროტება. ბუდისტებიც დაახლოებით ამასვე ამბობენ, იმ განსხვავებით, რომ ისინი არ აღიარებენ სულის მთლიან ბუნებას, მხოლოდ მის ელემენტებს სცნობენ, რომლებიც სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის იმპულსის მოქმედებით სულისა და სხეულის ახლ-ახალ კომბინაციებს ქმნიან.

   ჩვენ თაყვანს ვსცემთ წმინდანთა ნაწილებს, როგორც მადლის დაულეველ წყაროს, როგორც მომავალი ცხოვრების ხატს.

   წმინდანთა სხეულები იმ დროის წინასწარმეტყველებაა, როდესაც სიკვდილი განქარდება - აღარ იარსებებს, როდესაც მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იძლევა სულისა და სხეულის დუალიზმი და იშვება ერთიანი, სრულყოფილი პიროვნება, რომელშიც სხეული სულის ფორმად იქცევა, სული კი - სხეულის შინაარსად. ამიტომ წმინდანთა ნაწილები და მათი საფლავები ჩვენთვის მარადიულობის სიმბოლოებია, უხილავი ნათლისა და სულიერ ძალთა წყარო. წმინდანთა სამარხები მიწის წიაღიდან ამომავალი მზეებია, თავიანთი სხივებით რომ განანათლებენ სოფელს.

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)  

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება