მთავარი > სრულიად მართლმადიდებელთა კრება, მთავარი გვედის ფოტო > ტკივილიანი ღაღადი - ათონელი მონაზვნების მიმართვა მართლმადიდებელ სამღვდელოებას და ჩვენს ძმებს, ერისკაცებს (ნაწილი 5)
ტკივილიანი ღაღადი - ათონელი მონაზვნების მიმართვა მართლმადიდებელ სამღვდელოებას და ჩვენს ძმებს, ერისკაცებს (ნაწილი 5)21-06-2018, 00:02 |
კრეტის კრება გამოვიდა ასევე „აღმოსავლეთის პატრიარქთა საზოგადო ეპისტოლეს" (1848 წელი) წინააღმდეგ, რომელიც აცხადებს, რომ ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სარწმუნოების დაცვის გარანტი არის „ეკლესიის სხეული, ესე იგი, თვითონ ხალხი", და არავითარ შემთხვევაში კრებსითობა, თანაც „მხოლოდ ერთადერთი იგი", როგორც ამას კრეტის კრება ამტკიცებს 22-ე პუნქტში. დასკვნითი არგუმენტის სახით, როგორც უკანასკნელი ლურსმანი კუბოს სახურავზე, მოგვყავს პასუხი, რომელიც კრეტის კრებას ბულგარეთის საპატრიარქოს წმიდა სინოდმა გასცა: „საბოლოოდ, რაც შეეხება 22-ე პუნქტს, რომელიც ამტკიცებს, რომ „ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სარწმუნოების დაცვა მხოლოდ კრებსითობის საშუალებითაა შესაძლებელი, წმიდა სინოდი (იგულისხმება ბულგარეთისა) პირიქით, აცხადებს, რომ „მსოფლიო კრებებზე დასამტკიცებლად საბოლოო კრიტერიუმად გვევლინება მთელი მართლმადიდებლური სავსების ფხიზელი დოგმატური სინდისი". წმიდა სინოდი ასევე აცხადებს, რომ „მსოფლიო და სრულიადმართლმადიდებლური კრებების სისტემას არ ძალუძს ავტომატურად ან მექანიკურდ უზრუნველყოს მართლმადიდებელ ქრისტიანთა მიერ აღიარებული სარწმუნოების სიმართლე". (http://www.prvoslavie.ru/99048.html)
დაბოლოს, მეორე მსოფლიო კრების მე-6 კანონის დამოწმება, რომელიც 22-ე პუნქტის დასკვნაშია მოცემული [„ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სარწმუნოების დაცვა მხოლოდ კრებსითობის საშულებითაა შესაძლებელი, რომელიც ძველთაგანვე ეკლესიის კომპეტენტურ და უმაღლეს კრიტერიუმს წარმოადგენდა სარწმუნოებისა და კანონიკური წესრიგის საკითხებში (მეორე მსოფლიო კრების მე-6 კანონი)"] მხოლოდ წინამავალი ტექსტისათვის ავტორიტეტის მინიჭებას ისახავს მიზნად და აბსოლუტურად არაფერი აქვს საერთო აქ გადმოცემული საკითხის არსთან, რადგან ეს კანონი სარწმუნოებრივ საკითხებს საერთოდ არ ეხება! სწორედ ამიტომ მათ, ვინც ზემოხსენებული 22-ე პუნქტი შეადგინა, იქიდან გამომდინარე, რომ იქ სარწმუნოების სიწმინდის დაცვაზეა ლაპარაკი, სრულიად ტლანქად დაურთეს ფრაზა: „და კანონიკური წესრიგისა". სავსებით ცხადია, რომ ეს იმისთვის გაკეთდა, რათა იგი „დამაკავშირებელი ხიდის" სახით გამოეყენებინათ ძირითად აზრსა და მე-6 კანონს შორის, და ეს ყველაფერი მიზნად ისახავს მთელი პუნქტისათვის ხელოვნური ავტორიტეტის მინიჭებას! და აი, ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, უბრალოდ გვაოგნებს, გვამწუხრებს და წმინდა მრისხანებას იწვევს ჩვენში ცნობა, რომ კრეტის კრების მომხრენი ერთადერთ 22-ე პუნქტზე (და მხოლოდ მასზე) დაყრდნობით, რომელიც შორსაა ობიექტურობისა და ჭეშმარიტებისაგან, ემუქრებიან და დევნიან მათ, ვინც ამ კრებას არ აღიარებს! ეს ფაქტი მალე აავსებს მორწმუნე ერის მოთმინების ფიალას და შორს აღარ იქნება ის დღე, როცა დაიგმობა კრეტის კრებაც და ისინიც, ვინც განაგრძობს მის მხარდაჭერას. 8. „მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა და დიდი კრების ეპისტოლეში ვკითხულობთ: „მართლმადიდებელი ეკლესია თავის ერთიანობასა და საყოველაობას კრებაში გამოხატავს" (პუნქტი 1). სხვაგვარად რომ ვთქვათ, კრება ცდილობს თავს მოგვახვიოს აზრი, რომ ერთიანობა და საყოველთაობა ეპისკოპოსის სახით „რეალიზდება", მაშასადამე, ერთიანობა და საყოველთაობა თავის გამოხატულებას მხოლოდ კრებაში პოვებს, ამის გარანტად კი გამოდის კრების „უპირატესი" (პატრიარქი ბართლომე). ამასთან, კრება გაურბის ნათელ და ცხად განმარტებას, თუ რაში მდგომარეობს ეკლესიის ნამდვილი ერთიანობა და საყოველთაობა. ჩვენი ღმერთშემოსილი მამების წმიდა გარდამოცემის თანახმად, ქრისტეს ეკლესიის ნამდვილი ერთიანობა და საყოველთაობა სულის ცხონების საიდუმლოს უკავშირდება, რომელიც არის კიდევაც თავად ჩვენი სარწმუნოება - „დედა საუკუნო ცხოვრებისა", როგორც მას კირილე ალექსანდრიელი უწოდებს - და არანაირად არ უკავშირდება ეპისკოპოსის პიროვნებას. პირველ შემთხვევაში ერთიანობა უკვე არსებობს, როგორც მოცემულობა, მეორეში კი იგი უნდა ვეძიოთ. მართლმადიდებლური თვალსაზრისით, კრება კი არ ეძიებს ერთიანობას, არამედ უკვე აქვს იგი. სული წმიდა „ქმნის, სხვადასხვა ნაწილებიდან ერთ მთლიანობად აერთიანებს და მუდმივად იმარხავს ეკლესიის მთელ რიგს, ინსტიტუტს: საიდუმლობებსაც და ეკლესიის თვით მოწყობასაც" (ეს გადმოცემულია ბერძნული ფრაზით და ყველას ერთიანობისკენ მოუწოდებს. სული წმიდა უკვე არის, არსებობს ეკლესიაში და მათში, ვინც მის ნაწილს, მის წევრებს წარმოადგენს, რამეთუ სული წმიდა არ არის რაღაც ისეთი, რაც დაკარგულია და მისი ძებნა არ არის საჭირო. ამგვარად, „ეპისტოლეში" ჩვენ ვხედავთ, რომ კრეტის კრება ცდილობს ცნებები „ერთიანობა" და „საყოველთაობა" სარწმუნოების ჩარჩოებიდან გაათავისუფლოს და ეპისკოპოსის პიროვნებას (ცალკეული ეპარქიისთვის) ან ეპისკოპოსთა კრებულს (ადგილობრივი ან მსოფლიო საეკლესიო კრებისათვის) მიაბას. ცნებების ასეთი აღრევა დიდ დოგმატურ პრობლემებს იწვევს (ეკლესიის შესახებ დოგმატური სწავლების შეცვლას). აქ ამ საკითხზე ერთადერთი შენიშვნით შემოვიფარგლებით: პერგამონის მიტროპოლიტ იოანე ზიზიულასის თანახმად, „ერთი და ერთადერთი მმართველი ეპისკოპოსის არსებობა ყოველ ადგილობრივ ეკლესიაში (ეპარქიაში) აუცილებელი და კატეგორიული პირობაა ამ ეკლესიის საყოველთაობის შენარჩუნებისა" (პერგამონის პიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი, შრომები, ტ. 1., გვ. 586). ნუთუ ამ სიტყვებიდან ის დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ ადგილობრივი ეკლესიები (ანუ ეპარქიები), რომლებიც დიდხანს რჩებიან „დაქვრივებულნი" (ეპისკოპოსის სიკვდილის ან რაიმე სხვა მიზეზის გამო), ავტომატურად კარგავენ თავიანთ ერთიანობასა და საყოველთაობას, სანამ ეპისკოპოსი არ ჰყავთ? აზროვნების ასეთი წესი სრულიად უცხოა მართლმადიდებლობისთვის! იმისათვის, რომ ჩვენი გონება ჭეშმარიტებისათვის უცხო და ეშმაკისაგან მომავალი უამრავი აზრითა და ცნებით არ დაზიანდეს, ჩვენი დროის აღმსარებლის, მართლმადიდებელი წმიდა მამის, იუსტინე პოპოვიჩის სიტყვებს მოვიყვანთ: „არსებითად, საყოველთაობა სხვა არაფერია, თუ არა ღმერთკაცობა. განკაცებული სიტყვა-ღმერთი - ღმერთკაცი უფალი იესო ქრისტე ხომ იგია, ვინც თავის თავში აერთებს, კრებს, საყოველთაოს, მსოფლიოს ხდის ყოველივეს თავის თავთან, შემოქმედთან, და ყველა საგანს - ერთმანეთთან. ამ კრების ნაწილნი ხდებიან და მისით ცხოვრობენ თავისუფალი ნებით, წმიდა საიდუმლოებებისა და წმიდა სათნოებების მეშვეობით. სწორედ ამაში მდგომარეობს კაცის ღმრთაებრივი დიდებულება, მთელი სიღრმე, სიმაღლე და სივრცე კაცის ღმერთთან მიმსგავსებისა და კაცის ღმერთკაცობისა" (წმ. იუტინე პოპოვიჩი, „ეკლესია - ქრისტეს საიდუმლოთა საიდუმლო", გვ. 259). 9. როგორც „მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა და დიდი კრების ეპისტოლეში", ისევე კრების „საზოგადო ეპისტოლეში" არსებობს პრობლემური ფრაზა: „ეკლესია თავისი თავისთვის არ ცხოვრობს". ჯერ ერთი, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფრაზა კათოლიკური ეკლესიის კატეხიზისიდანაა ნასესხები: (http://www. Vticn.va/archive/ccc_css/archive/catechism/p123a9p3.html). მეორეც, მართლმადიდებლური თვალსაზრისით ეკლესიის თავი არის ღმერთკაცი იესო ქრისტე. ეკლესია ნამდვილად ცხოვრობს თავისი თავისთვის, ანუ ქრისტესთვის, და იგი სავსებით დამოუკიდებელია ამა სოფლის ცხოვრებისგან. ხოლო თუ „ეპისტოლეს" ზემოთ მოყვანილ ფრაზას დავეთანხმებით, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ჩვენც ეკლესიის გამიწიერების მომხრენი ვხდებით. „ეპისტოლეს", „საზოგადო ეპისტოლეს" და „მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში" ტექსტებში ნათლად ჩანს პროტესტანტული ენა, რომელსაც ვხვდებით როგორც პროტესტანტების „სოციალურ სახარებაში", ისევე პაპისტების დოკუმენტში „ეკლესია თანამედროვე მსოფლიოში". ჩვენ ვხედავთ, რომ ეკლესია, ერთვება რა პოლიტიკური თანამეგობრობის აქტუალური პრობლემებისა და თანამედროვე მსოფლიოს სხვა მწვავე საკითხების გადაწყვეტაში, სულ უფრო ხშირად იყენებს „უსაფრთხო რიტორიკის" ენას, რითაც გაურბის ცხოვრების ჭეშმარიტი აზრისა და ჯვარის მტვირთველობის აუცილებლობაზე ლაპარაკს - თუმცა ჯვარის მტვირთველობა, ღმრთის მადლის მოქმედებით, ჭეშმარიტ სულიერ თავისუფლებას გვანიჭებს. 10. ცხადია, კიდევ ბევრი რამის აღნიშვნა შეიძლებოდა. მაგალითად მოვიყვანთ ზოგიერთ „საძრომს" საეკლესიო ქორწინების დამაბრკოლებელ მიზეზებთან მიმართებაში, რომლებსაც კრების მიერ მიღებული დოკუმენტი „ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები" შეიცავს. მართლმადიდებლებისა და არამართლმადიდებლების (ანუ „ქრისტიანების", რომლებიც მწვალებლობებით არიან შერყვნილნი) აქამდე შეუძლებელი ქორწინებისთვის „საძრომი" ჩნდება საეკლესიო იკონომიის დაშვების სახით, თუ შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს ამა თუ იმ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდი ან მღვდელმთავართა კრება (პუნქტი 5.). ამგვარად, კრება ოფიციალურად რთავს ნებას არამართლმადიდებელ ქმრებს თუ ცოლებს მონაწილეობა მიიღონ მართლმადიდებლურ ეკლესიურ ცხოვრებაში და საიდუმლოებებში და ამასთან, არსებითად, მოუნათლავებად და საღმრთო მადლს მოკლებულებად რჩებოდნენ. რაც შეეხება ქიროტონიის (მღვდლად ხელდასხმის) შემდეგ ქორწინებას, „საძრომის" კარი მხოლოდ ეს-ესაა შეიღო, რადგან ძველისძველი კანონიკური ნორმა, რომელიც კრძალავს ქიროტონიის შემდეგ ქორწინებას, ჯერ კიდევ ძალაშია; მაგრამ ამავე დროს მე-5 პუნქტში სახიფათო განცხადება კეთდება, რომ „მღვდლობა თავისთავად არ არის დაბრკოლება ქორწინებისთვის". დაბოლოს, რაც შეეხება ქორწინების შესაძლებლობას მონაზვნად კურთხევის შემდეგ, ასევე მართლმადიდებლებისა და არაქრისტიანების ქორწინებას - ასეთი „საძრომები", მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით დახურულია, ვინ იცის, იქნებ შემდგომ კრებამდე, რომელიც, „ეპისტოლეში" გაკეთებული განცხადების თანახმად, უახლოეს შვიდ წელიწადში უნდა ჩატარდეს. მიუხედავად საეკლესიო ქორწინების დამაბრკოლებელი მიზეზების მიმართ „აკრიბიის" (კანონი დაცვის სიზუსტის) პრინციპის შენარჩუნებისა, არ გაკეთებულა კატეგორიული განცხადება, რომ ამ საკითხში საეკლესიო „იკონომია" (ანუ შემწყნარებლობა) მომავალშიც შეუძლებელი იქნება (პუნქტები 3 და 5). ვასრულებთ რა კრეტის კრების როგორც ცალკეული, ისე ზოგადი ფორმულირებების ანალიზს, ვიმედოვნებთ: ყოველივე ზემოთქმულიდან ცხადი და გასაგები გახდა, რომ შეუძლებელია ამ კრების დოკუმენტების მიღება და მათი ჩათვლა მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა გარდამოცემის ნაწილად, რადგანაც ისინი არ იცავენ სიზუსტეს და ეკლესიის ღმერთშემოსილი მამების ღმრთისმეტყველების ერთგულებას, რომელთა ლოცვებსაც ჩვენ მოვუხმობთ ხოლმე საეკლესიო მსახურების დასასრულ (ათონზე და ყველა ბერძნულენოვან ადგილობრივ ეკლესიაში ყოველი ღვთისმსახურება მთავრდება ასამაღლებლით: „ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფლო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალე ჩვენ!"). მართლმადიდებლური დოგმატური სწავლების თანახმად, ეს დოკუმენტები წმიდა სამების (ტრიადოლოგიის) და ეკლესიის (ეკლესიოლოგიის) შესახებ მიუღებელია. ეს განსაკუთრებით ეხება დოკუმენტებს: „მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა და დიდი კრების ეპისტოლე", „საზოგადო ეპისტოლე", „მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში", „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან", „ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები", რომლებიც უმეტესად ვატიკანის მეორე კრების შესაბამისი დოკუმენტების გავლენის ქვეშ მოექცნენ. ამგვარად, სრულიად აშკარაა, რომ ჩვენ ვერ მივიღებთ კრეტის კრების გადაწყვეტილებებს, ვინაიდან ისინი არამართლმადიდებლური დოგმატების შემცველ დოკუმენტებს ამტკიცებენ, მათთან დათანხმების ნებას კი ჩვენი მართლმადიდებლური დოგმატური თვითშემეცნება და წმიდა მამათა წმიდა გარდამოცემა არ გვაძლევს, იმის მიუხედავად, რომ ეს დოკუმენტები თავის თავს უცილობელი „სრულიადმართლმადიდებლური ავტორიტეტის" ღირსებას მიაწერენ. ამ მიმართვის მიზანის გულახდილად, ჩვენი სინდისის კარნახით, გამოვხატოთ, რომ არ ვეთანხმებით კრეტის კრებას; ამავე დროს ინფორმაცია მივაწოდოთ ყველა ჩვენს ქრისტესმიერ ძმას - სასულიერო პირებსაც და ერისკაცებსაც, ვინც შეცდომაში იქნა შეყვანილი; დაბოლოს, დავუპირისპირდეთ სულ უფრო მზარდ მუქარასა და დევნას ოფიციალური ეკლესიის მხრიდან მათ წინააღმდეგ, ვინც არ ღებულობს კრეტის კრებას, რომელიც არ იქცა მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტ გამომხატველად. ეს მიმართვა ტკივილისა და მღელვარების გამოხატვაა - როგორც ჩვენი საკუთარი, ისევე მრავალი ათონელი მონაზვნისა, რომელთა სახელითაც გამოვდივართ ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი. ჩვენ ვლოცულობთ და ღმრთისა და კაცთა წინაშე გულისტკივილით ვხმობთ: მოგვმადლოს ღმერთმა, წმიდა სამებით განდიდებულმა, რომ შემდგომმა კრებამ, როგორც სულიერმა ქირურგმა, ამოიღოს ეს დოკუმენტები ეკლესიის ცხოვრებიდან - და დადგეს ჟამი განკურნებისა.
გულისტკივილით და ქრისტესმიერი სიყვარულით ქვემორე ხელისმომწერნი, ათონელი მონაზონ-კელიოტები:
ბერი პაისი, მონაზონი, ძმებითურთ, წმიდა მთავარანგელოზთა წმიდა კელია „ავერკია", კარიესი; ბერი არსენი, მღვდელმონაზონი, ძმებითურთ, წმიდა კელია „პანაგუდა"; ბერი ეფროსინე, მონაზონი, ძმებითურთ, პატიოსანი წინამორბედის წმიდა კელია, კარიესი; ბერი ნიკოლოზი, მონაზონი, წმ. დიმიტრის წმიდა კელია, კარიესი; ბერი პანტელეიმონი, მღვდელმონაზონი, წმ. იოანე ღმრთისმეტყველის წმიდა ისიხასტირი, კატუნაკი; ბერი ნიკოდიმოსი, მონაზონი, წმ. იოანე ღმრთისმეტყველის წმიდა კელია, კარიესი.
წიგნიდან „წმიდა და დიდი კრება: ვიმედოვნებდეთ თუ ვწუხდეთ"
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |