მთავარი > სრულიად მართლმადიდებელთა კრება, მთავარი გვედის ფოტო > ტკივილიანი ღაღადი - ათონელი მონაზვნების მიმართვა მართლმადიდებელ სამღვდელოებას და ჩვენს ძმებს, ერისკაცებს (ნაწილი 4)

ტკივილიანი ღაღადი - ათონელი მონაზვნების მიმართვა მართლმადიდებელ სამღვდელოებას და ჩვენს ძმებს, ერისკაცებს (ნაწილი 4)


20-06-2018, 00:03

ტკივილიანი ღაღადი - ათონელი მონაზვნების მიმართვა მართლმადიდებელ სამღვდელოებას და ჩვენს ძმებს, ერისკაცებს (ნაწილი 4)

 

 

   6. მაგრამ ყველაზე დამღუპველად და სახიფათოდ კრეტის კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს შორის ჩვენ ისინი მიგვაჩნია, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას მიმართავენ ორმხრივი დიალოგებისკენ და ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსკენ, რომელთა საშუალებითაც კრება

   1) ყოველნაირად აქეზებს, ზემოქმედებას ახდენს და, პრაქტიკულად, აიძულებს უკლებლივ ყველა ადგილობრივ ეკლესიას, რომ მონაწილობა მიიღოს ამ ასწლოვან დიალოგებში, თანაც ყოველგვარი წინასწარი პირობების გარეშე, სანამ საბოლოო მიზანი - გაერთიანება არ იქნება მიღწეული; ამასთან, უგულებელყოფილია მოციქულთა ბრძანება: „მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე" (ტიტ. 3: 10).

   2) თავისი დუმილით კრება ფაქტობრივად აკურთხებს საშინელ ანტიკანონიკურ მოქმედებებს (ერთობლივ ლოცვებს მწვალებლებთან, განსაკუთრებით ლიტურგიაზე, ეკუმენისტურ მსახურებებში მონაწილეობას და სხვა), რომლებიც ამ დიალოგების დროს ტარდება მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა თანდასწრებით და მონაწილეობით. კრება გულგრილად, განურჩევლად ექცევა არა მარტო იმას, რასაც ეკლესიის წმიდა კანონები გვიბრძანებენ (რომელთაც დოკუმენტები ტექსტები არც კი ახსენებენ), არამედ ახლახან შემდგარი მართლმადიდებელთაშორისი თათბირის დადგენილებასაც, რომელსაც საქართველოს ეკლესიის კრების გადაწყვეტილება ეყრდნობა: „მიუღებელია როგორც ერთობლივი ლოცვა, ისევე ერთობლივი მონაწილეობა საიდუმლოებებში არამართლმადიდებლებთან თანალოცვა და თანაზიარება, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ყოველთა მართლმადიდებელთა შეკრებაზე (თესალონიკი, 1998 წლის 29 აპრ. 2 მაისი) მიღებული საბოლოო დოკუმენტი, რომლის მე-13 მუხლის ბ) პუნქტში წერია: „მართლმადიდებელი დელეგატები არ მიიღებენ მონაწილეობას ეკუმენურ მსახურებაში, საერთო ლოცვებში და ღვთის თაყვანისცემაში, ასევე ასამბლეის სხვა რელიგიურ ცერემონიებში" (საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა კრების გადაწყვეტილება, 1998 წ.).

   მაგრამ თვით ყველაზე გამოუსწირებელი ეკუმენისტიც კი - კონსტანტინოპოლის პატრიარქი ათინაგორა - საზოგადო ეპისტოლეში ადგილობრივი ეკლესიების წინამძღოლთა მიმართ (31. 01. 1952) ხაზგასმით ამბობდა: „მართლმადიდებელ სასულიერო პირებს, რამდენადაც შესაძლებელია, თავშეკავებულად უნდა ეჭიროთ თავი შეკრებებზე, სადაც ღმრთისმსახურება არამართლმადიდებლებთან ერთად ტარდება, რადგან ასეთი შეკრებები აშკარად არღვევენ წმიდა კანონებს და ასუსტებენ მართლმადიდებელთა რელიგიურ სიფხიზლეს..." (იხ. კარმირისი, „დოგმატური და სიმბოლური მოწმობები" გვ. 962-63).

   დიახ, ყველაფერი, რაც კრებაზე მიიღეს, საშინელებაა, მაგრამ ჩვენ მაინც გვმართებს შემდეგი რეალობის გაცნობიერება: სწორედ ის „მართლმადიდებელთა რელიგიური გრძნობების შესუსტება", რომელსაც პატრიარქი ათინაგორაც კი საფრთხედ და ერთობ არასასურველ საქმედ მიიჩნევდა, დღეს სანუკვარ მიზნად იქცა! ამიტომაც ვერსად ვერ ვნახავთ, რომ იმ მართლმადიდებელ წარმომადგენლებს, რომლებიც ამგვარ ღმრთისმსახურებებში მონაწილეობენ, რაიმე კანონიკური აკრძალვა ან შეზღუდვა ეკისრებოდეთ. ჩვენ სწორედაც რომ საპირისპირო მოვლენას ვაწყდებით: ისინი დაკავებულ თანამდებობებზე რჩებიან და მეტიც, სხვადასხვა საეკლესიო ჯილდოებსაც ღებულობენ. 2016 წლის კრეტის კრება, როდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ზუტად ამ „სანუკვარი მიზნის" მიღწევას ემსახურება.

   3) და ის, რაც ყველაზე უარესია: კრება თავისი ინიციატივებით, ასევე საქები სიტყვების საშუალებით, რომლებიც მიმართულია როგორც ორმხრივი დიალოგები, ისევე ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსკენ, თუმცა ირიბად, მაგრამ სრულიად ერთმნიშვნელოვნად ლეგალიზაციას უკეთებს და ავტორიტეტულობას ანიჭებს უამრავ მწვალებლურ დოკუმენტს, რომლებიც, სხვათა შორის, „მართლმადიდებელი" წარმომადგენლების მიერაცაა ხელმოწერილი. მაგალითად:

   - ანტიქალკიდონელებთან: ერთობლივი შეთანხმება (1989; 1990);

   - კათოლიკე პაპისტებთან (1987), ბალამანდში (1993), რავენაში (2007) და სხვ.

   - ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს სხდომებზე: პორტუ-ალეგრიში (2006), პუსანში (2013) და სხვ.

   სულ ახალ-ახალი ეგრეთ წოდებული თეორიები: „უხილავი ეკლესიის", „განშტოებათა თეორიის", „დოგმატების ტოლფასიანობის", „ნათლისღების ღმრთისმეტყველების" შესახებ სწორედ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ფსევდოსაღმრთისმეტყველო არენაზე იქნა მიღებული.

   ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მთელი საქმიანობა „ყველა ქრისტიანის დაკარგული ერთიანობის" ძიებისკენაა მიმართული. არ არსებობს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს არც ერთი დოკუმენტი, რომელიც მისაღები იქნებოდა ეკლესიის წმიდა მამათა მართლმადიდებლური ღმრთისმეტყველების თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დოკუმენტები ერთხმად იქნა მიღებული, მათ შორის „მართლმადიდებელი" წარმომადგენლების - მოღალატეების მიერ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს გენერალური სესიების დროს.

   აქამდე ჩვენ საკუთარი სინდისის დამშვიდებით ვიყავით დაკავებულნი და გარკვეულწილად ვაიძულებდით მას დადუმებულიყო, ასე ვთქვათ, შემთანმხმებლურ პოზიციას ვიკავებდით. ამას იმით ვამართლებდით, რომ ყოველივე ზემოაღწერილი მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მცირერიცხოვანი წარმომადგენლების საქმე იყო, რომლებიც თვითნებურად მოქმედებდნენ, და რომ, რაკიღა დოკუმენტები ადგილობრივი ეკლესიების მღვდელმთავართა კრებებით არ იქნა მოწონებული (ეს ეკლესიები ხშირად ინფორმირებულნიც კი არ იყვნენ ამგვარი დოკუმენტების არსებობის შესახებ), ესე იგი, მათ არავითარი ძალა არ გააჩნიათ და, მაშასადამე, შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ და არაფერმა აგვაღელვოს. უბრალოდ, ვლოცულობდით, იმედი გვქონდა და მოველოდით, რომ ისინი გაუქმდებოდნენ და დაიგმობოდნენ ერთ ზოგად მართლმადიდებელ ან ადგილობრივ კრებაზე მაინც. და იმ დროს, როცა სწორედ ეს უნდა ყოფილიყო კრეტის კრების ერთადერთი საქმე, ის სრულიად საპირისპიროდ მოიქცა: ირიბად დააკანონა ყველა მწვალებლური დადგენილება!

   და არა მარტო ირიბად, ამ დადგენილებების პირდაპირი აღიარებაც მოხდა! დოკუმენტ „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან" მე-19 პუნქტში აბსოლუტურად გარკვევით და ერთმნიშვნელოვნად წერია: „ტორონტოს დეკლარაციის ეკლესიოლოგიურ წინამძღვრებს (1950) „ეკლესია, ეკლესიები და ეკლესიათა მსოფლიო საბჭო" ფუძემდებლური მნიშვნელობა აქვს მართლმადიდებელთა მონაწილობისთვის საბჭოში". და თუმცა შემდეგ დოკუმენტის ტექსტში მოყვანილია ზოგიერთი „უწყინარი" ამონაწერი ამ დეკლარციიდან, მაგრამ მისი დანარჩენი შინაარსი დაფარული და მიჩუმათებულია. კერძოდ, ტორონტოს დეკლარაციის ბოლოს ნათქვამია: „წევრი-ეკლესიები აცნობიერებენ: ის, რომ ისინი ქრისტეს ეკლესიის წევრები არიან, უფრო ყოვლისმომცველია, ვიდრე მათი საკუთარი ეკლესიების წევრობა" (დეკლარაცია, თავი 4, პუნქტი 3). სხვაგვარად რომ ვთქვათ, კრეტის კრება გარკვევით, ცხადად და დაუფარავად ღებულობს პროტესტანტიზმის მწვალებლურ ეკლესიოლოგიას! რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ დეკლარაციის თუნდაც მარტო სახელწოდება - „ეკლესია, ეკლესიები და ეკლესიათა მსოფლიო საბჭო" - თავისთავად საქვეყნოდ ქადაგებს მწვალებლურ ეკლესიოლოგიას, მიგვანიშნებს რა, რომ ეკლესია და ეკლესიები ერთმანეთისგან განსხვავებული ცნებებია.

   ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მწვალებლური დადგენილებების აშკარა მოწონებას კრების იმავე დოკუმენტში კიდევ ორჯერ ვხვდებით: ჯერ მე-17 პუნქტში, სადაც ლაპარაკია „სპეციალური კომისიის მოხსენებაზე მართლმადიდებელთა მონაწილეობისთვის ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში", რომელიც საბოლოოდ იქნა მოწონებული ემს-ს ცენტრალური კომისიის მიერ 2002 წელს; შემდეგ 21-ე პუნქტში, სადაც საუბარია კომისიის საღმრთისმეტყველო დოკუმენტებზე „სარწმუნოება და ეკლესიის მოწყობა" (ამ დოკუმენტების ანალიტიკური განხილვა მოცემულია ნავპაკტის მიტრ. იეროთეოზის (ვლახოსის) სტატიაში „ელადის ეკლესიის მღვდელმთავართა კრების გამოსვლის ტექსტი" და პროტოპრესვ. ანასტასი ნგოცოპულოს სტატიაში „კრეტის კრება და ემს", ორთოდოქსის ტიპოსი, 2136-ე გამოშვება, გვ. 1 და 5).

   ჩვენ მიგვაჩნია, რომ უკვე ემს-ს მწვალებლური დოკუმენტების ამ სამი აშკარა, სრულიად დაუფარავი მოწონების გამო, რომელთა არსებობის ფაქტის არც დამალვა შეიძლება და არც გვერდის ავლა, კრტის კრება საეკლესიო დაგმობას იმსახურებს.

   7. ასევე, ახლად გამოგონილი ცთომილება აზრი, რომელიც დოკუმენტის - „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან" – 22-ე პუნქტშია გადმოცემული: „ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სარწმუნოების დაცვა შესაძლებელია მხოლოდ კრებსითობის საშუალებით". ეს სრულიად უცხოა მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებისა და მისი ცხოვრებისათვის.

   ჯერ ერთი, ამგვარი მტკიცების წარმოთქმისას კრება საკუთარ თავსაც კი ეწინააღმდეგება, რადგან თავისი „საზოგადო ეპისტოლეს" მე-3 პუნქტში იგი კონსტანტინოპოლის დიდი ადგილობრივი კრების (1484 წ.) მნიშვნელობას აღიარებს. მაგრამ ამ კრებამ დაგმო ფერარო-ფლორენციის უნიატური კრება (1438-39 წწ.) და გაამართლა მღვდელმთავარი მარკოზ ეფესელი, რომელიც არსებითად ერთადერთი გამოდიოდა უნიის წინააღმდეგ - სწორედ მღვდელმთავარმა მარკოზმა ჩააგონა მთელ ეკლესიას უნიატური კრების დადგენილებების გაუქმება. კრეტის კრება რომ თავისი დოკუმენტის 22-ე პუნქტის ერთგული იყოს, ის პირიქით უნდა მოქცეულიყო: უნდა დაეგმო 1484 წელს შემდგარი კონსტანტინოპოლის კრება, რომელმაც, კრეტის კრების თანახმად, არაფრად ჩააგდო „ფერარო-ფლორენციის კრებითობა, როგორც უმაღლესი ავტორიტეტი სარწმუნოების საკითხებში". გამოდის, რომ კრეტის კრებამ გაამართლა „პირი" (ანუ მღვდელმთავარი მარკოზ ეფესელი), რომელმაც ხელი შეუწყო „ეკლესიის განყოფას ვითომდა ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის დაცვის საბაბით" (ბრჭყალებში ჩასმული ტექტი 2-ე პუნქტიდანაა აღებული). თუმცა, ცხადია, კრეტის კრება ვერ გაბედავს უფრო შორს წასვლას - ყოველ შემთხვევაში, მოცემულ მომენტში მაინც - რათა საკუთარ თავს არ დაუპირისპირდეს.

   22-ე პუნტის მიღებით კრეტის კრება ეკლესიის ორიათასწლოვანი საკრებო საქმიანობის მოწინააღმდეგედ წარმოაჩენს თავს - იმ საქმიანობისა, რომლის მეშვეობითაც დაგმობილ იქნენ მწვალებლობებიც და ზოგიერთი კრებაც, რომლებსაც შემდგომში მწვალებლური კრება, ავაზკთა კრება და ცრუკრება ეწოდა, მაგალითად, ეფესოს კრება (449 წ.), იერიის კრება (754 წ.), ლიონის კრება (1274 წ.) და სხვ. ამავე დროს წმინდანებადაა შერაცხილი ყველა, ვინც ამ ცრუკრებებს ეწინააღმდეგებოდა, იდევნებოდა და მოწამეობრივ სიკვდილს ღებულობდა. (გაგრძელება...)

   




წიგნიდან „წმიდა და დიდი კრება: ვიმედოვნებდეთ თუ ვწუხდეთ" 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება