მთავარი > სრულიად მართლმადიდებელთა კრება, მთავარი გვედის ფოტო > ტკივილიანი ღაღადი - ათონელი მონაზვნების მიმართვა მართლმადიდებელ სამღვდელოებას და ჩვენს ძმებს, ერისკაცებს (ნაწილი 3)

ტკივილიანი ღაღადი - ათონელი მონაზვნების მიმართვა მართლმადიდებელ სამღვდელოებას და ჩვენს ძმებს, ერისკაცებს (ნაწილი 3)


19-06-2018, 00:03

ტკივილიანი ღაღადი - ათონელი მონაზვნების მიმართვა მართლმადიდებელ სამღვდელოებას და ჩვენს ძმებს, ერისკაცებს (ნაწილი 3)

 

   „განცხადებას, რომ თითქოს მართლმადიდებელი ეკლესია ეკუმენისტურ საქმეებში „ყველა ქრისტიანის დაკარგული ერთიანობის საძიებლად" მონაწილეობს, წმიდა სინოდი მიუღებლად და დაუშვებლად მიიჩნევს, ვინაიდან მართლმადიდებელ ეკლესიას თავისი ერთიანობა არასოდეს დაუკარგავს. პირიქით, რაც მოხდა, იმიტომ მოხდა, რომ წარმოქმნილი მწვალებლობები და მომხდარი განხეთქილებები ქრისტეს სხეულისგან განვარდნას წარმოადგენს".

   „ერთიანობის მიღწევის გზა სინანულზე, მართლმადიდებლური სარწმუნოებისა და მართლმადიდებლური ნათლისღების აღმსარებლობაზე გადის".

   ვართ რა მამათა მრავასაუკუნოვანი სწავლების ერთგულნი, „შევუდგებით რა წმიდა მამებს" და ბულგარეთის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებებს, ვაცხადებთ: „როგორც შეუძლებელია, რომ ქრიტეს რამდენიმე სხეული ჰქონდეს, არამედ მხოლოდ ერთი აქვს, ისევე შეუძლებელია არსებობდეს ეკლესიების სიმრავლე: „...ერთი ეკლესია და ერთი საიდუმლო ქრისტესი..." (წმ. კირილე ალექსანდრიელი, გამოცემა ეპე (ეკლესიის ბერძენი მამები), ტ. 3, გვ. 150). მაშასადამე, ეკლესიის განყოფა და განხეთქილება ონტოლოგიურად და ფაქტობრივად შეუძლებელია, ვინიდან ღმერთკაცი იესო ქრისტე ერთი და ერთადერთია ყოველ დროში. ეკლესიის განყოფა არ ყოფილა და არც არასოდეს იქნება. არსებობდა და იარსებებს მხოლოდ ეკლესიის სხეულისგან განვარდნა (იხ. იოანე, 15: 1-6). სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ეპოქაში ხდებოდა ერთი, ერთადერთი და განუყოფელი მართლმადიდებელი ეკლესიისაგან განვარდნა და განდგომა სხვადასხვა მწვალებლებისა და განხეთქილების მოქმედთა მხრიდან, რომლებიც იმ დროიდან აღარ იყვნენ ეკლესიის წევრები და მისი ღმერთკაცობრივი სხეულის ნაწილნი.

   ასე მაგალითად, ყველაზე უწინ გნოსტიკოსები განვარდნენ, მერე არიოზელნი, სული წმიდის მგმობელნი, მონოფიზიტები, მონოთელიტები, ხატმებრძოლები, კათოლიკები (პაპისტები), მათ შემდეგ კი - პროტესტანტები და უნიატები და სხვები, ვინც მწვალებელთა და განდგომილთა რიცხვს განეკუთვნება, და ბევრი მათგანი, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ოფიციალურად იყვნენ მიწვეულნი კრეტის კრებაზე კოლიმბარიში.

   ბულგარეთის ეკლესიის მსგავსი სულიკვეთებით იყო განსმჭვალული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განცხადებაც: „მიუღებელია არამართლმადიდებლური, მოდერნისტული თეოლოგიის წიაღში ჩამოყალიბებული ეკლესიოლოგიური მწვალებლური სწავლება მაცხოვნებელი მადლის ეკლესიის კანონიკური საზღვრების გარეთ არსებობის შესახებ და მისი უკიდურესი გამოვლინება - ეგრეთ წოდებული „განშტოებათა თეორია", რომლის მიხედვითაც დღეს არსებული სხვადასხვა ქრისტიანული მიმდინარეობები განიხილება, როგორც ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიის სხვადასხვა თანაბარზომიერი განშტოებები, რომლებიც ერთნაირად ფლობენ ღვთაებრივ მადლსა და ჭეშმარიტებას" (საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილება, 1998 წლის 8 ოქტომბერი).

   5. კიდევ ერთი ცთომილება, რომელიც განუყოფლადაა დაკავშირებული წინასთან („ერთიანობის ძიება და აღდგენა") და მისგან გამომდინარეობს, ესაა მწვალებლური საზოგადოებებისათვის ეკლესიის სტატუსის მინიჭება, რასაც კრების დოკუმენტებში ბევრგან შეხვდებით. ახლა უკვე სრულიად გასაგებია, რომ სწორედ ეს იყო კრეტის კრების ჩატარების მთავარი მიზანი. ეს გახლდათ აგრეთვე რომის პაპის საზეიმო განწყობის ნამდვილი მიზეზი, როცა მან კრეტის კრების დასრულების შემდეგ კმაყოფილებით წარმოთქვა: „პირველი ნაბიჯი გადადგმულია" (პროტ. თეოდორე ზისისი, „კრეტის კრების შედარება კონსტანტინოპოლის მართლმადიდებლურ კრებასთან" (1273)", თეოდრიმია, 2016 წ. ტ. 3-4, გვ. 547).

   კრების დოკუმენტების ყველა სარწმუნოებისგან განდგომილების სულით განმსჭვალული ადგილებიდან ყველაზე მეტი გაკიცხვის ღირსია ფრაზა, რომელსაც შეიცავს დოკუმენტი „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან" (პუნქტი 6), რომელიც ღაღადებს: „მართლმადიდებელი ეკლესია ღებულობს არამართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიებისა და კონფესიების (რომლებიც მასთან კავშირი არ იმყოფებიან) ისტორიულ სახელწოდებებს".

   აქ აღარ შევუდგებით ყველაფრის ციტირებას, რაც სავსებით ზუსტად და სამართლიანად გამოტოვეს ამ ფორმულირების შესახებ იმ ეპისკოპოსებმა, რომლებიც საკუთარ თავებსაც და თავიანთ სამწყსოსაც წმიდა მამათა მართლმადიდებლური ტრადიციის თანახმად იცავენ. ისინი უდიდესი ზეწოლის, მუქარისა და დაცინვის მიუხედავად, მტკიცედ დადგნენ და ხელი არ მოუწერიათ ზემოხსენებული დოკუმენტისთვის. უბრალოდ, გვინდა ორ მთავარ საბუთსა თუ მომიზეზებას გავცეთ პასუხი, რომლებსაც ან თავიანთი გულუბრყვილობის, ან მზაკვრობის გამო - უფალს რას დაუმალავ! - იყენებენ ისინი, ვინც იცავს და მეტიც, აქებს კიდევაც ჩვენს მიერ მოყვანილ ფრაზას და ამტკიცებს, თითქოს იგი დიახაც რომ ზედმიწევნით მართლმადიდებლურია!

   ა) ისინი ამბობენ, რომ ტერმინი „ეკლესია" აქ დოგმატური მნიშვნელობით კი არ იხმარება, არამედ როგორც რაღაც „ტექნიკური ტერმინი", რადგანაც ეგრეთ წოდებული „ქრისტიანული საზოგადოებები" თვითონ უწოდებენ საკუთარ თავს „ეკლესიებს". მაგრამ თავი გავანებოთ იმას, რომ ტერმინების ამგვარი გამოყენება სრულიად მიუღებელია საეკლესიო კრების დოკუმენტებისთვის და ადრე ამგვარად არც არასოდეს უხმარიათ, აქ კიდევ სხვა საკითხიც დგება: თუკი ამ ორაზროვანი ფორმულირების უცნობ ავტორებს სწორედ ეს ჰქონდათ მხედეველობაში, მაშინ რატომ უფრო ნათლად არ ჩამოაყალიბეს იგი? მაგალითად, დაეწერათ, რომ „მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს სხვა არამართლმადიდებელი ქრისტიანული „ეკლესიებისა" და კონფესიების (რომლებიც მასთან კავშირში არ იმყოფებიან) ისტორიულ სახელწოდებას, ოღონდ ისე, რომ სიტყვა „ეკლესიები" ბრჭყალებში ჩაესვათ; ანდა ეთქვათ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ტერმინ „ეკლესიას" არამართლმადიდებლებთან დიალოგებში იკონიმიის მიზნით, დათმობის სახით იყენებს, რაც ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობიდან გადახვევაა". რა საჭირო იყო ელადის ეკლესიის მიერ შემოთავაზებული უფრო მისაღები სიტყვის - „იცის" შეცვლა სიტყვით „ღებულობს"? დაბოლოს, ყველაზე უბრალო რამ: რატომ არ განმარტეს სქოლიოში, რომ ეს ტერმინი დოგმატურ-ეკლესიოლოგიური მნიშვნელობით არ გამოიყენება? იქნებ მაშინ დამცხრალიყო წინააღმდეგობის ქარიშხალი და მიეღწიათ კიდეც ამ დოკუმენტის ერთხმად მიღებისთვის, რაც მათთვის ესოდენ საწადელი იყო? ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ მოხდა, რომ სინამდვილეში არ სჯეროდათ, რასაც ამბობდნენ, და ნებისმიერ ფასად ესწრაფვოდნენ, წერილობით და კრების ძალით მიენიჭებინათ მწვალებლობებისთვის ეკლესიის სტატუსი.

   ბ) ისინი საკუთარ თავებს ლამის გმირებად თვლიან: ეყოთ გამბედაობა, რომ არამართლმადიდებლებს „ეკლესიები" უწოდონ! ისმის კითხვა: მართლა არაფერი იციან თუ თავს ისე გვაჩვენებენ, თითქოს არ იციან, რომ ეკუმენისტების ენაზე (ეს ეხება როგორც ფორმალურ მართლმადიდებლებს, ისე მწვალებლებს) ტერმინ „არამართლმადიდებელ ქრისტიანს" არა აქვს „შეცთომილი ქრისტიანის" მნიშვნელობა, არამედ ნიშნავს შემდეგს: „მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომელიც აღიარებს როგორც მართლმადიდებლურ, ისე რომის კათოლიკურ ან პროტესტანტულ დოგმატებს და ყველა მათ ერთმანეთის თანაბარმნიშვნელოვნად თვლის?" მაგალითად, რავენაში ჩატარებულ მე-10 პლენარულ სხდომაზე (2007 წლის 13 ოქტომბერი) შერეულმა საერთაშორისო კომისიამ რომის კათოლიკურ ეკლესიასა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის საღმრთისმეტყველო დიალოგის ფარგლებში მოიწონა და ხელი მოაწერა თეორიას, რომელიც ამტკიცებს: „სრული საეკლესიო ერთიანობისთვის აუცილებელია, რომ ჩვენმა ეკლესიებმა სცნონ ერთმანეთის კანონიკური სჯულისდებები მათი სჯულისაებრი განსხვავებებითურთ"; და კიდევ უფრო ბილწი თეორია „ერთიანობისა, რომელიც სრულიადაც არ გადაგვარდება ერთსახეობად, არამედ მოითხოვს განსხვავებულობასა და თავისებურებებს" (რავენის დეკლარაციის მე-16 და 31-ე პუნქტები). ყოველივე ზემოთქმულის თანახმად გამოდის, რომ მართლმადიდებლებისა და მწვალებლების ერთიანობა იდეალური ვარიანტი ყოფილა, მართლმადიდებლებს შორის ერთიანობა კი - ავბედითი „გადაგვარება"!

   ამასთან, სიტყვა „სხვების" დამატება „არამართლმადიდებელი ქრისტიანული „ეკლესიებისა" და „კონფესიების" წინ ზემოთ მოყვანილ ნაწყვეტში დოკუმენტიდან „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან" (პუნქტი 6) ცხადად გვიჩვენებს, რომ დოკუმენტის ანონიმური შემდგენები თვითონ მართლმადიდებელ ეკლესიასაც მრავალთაგან ერთ-ერთ პარალელურად არსებულ კონფესიად თვლიან - თავისი „მრავალფეროვნებითა და თავისებურებებით". სხვა შემთხვევაში სიტყვა „სხვების" გამოყენება ზედმეტი იქნებოდა.

   მწვალებელთა კრებულს, რომელიც მე-6 პუნქტის თანახმად, ეკლესიად იქნა აღიარებული, მრავალგზის და სრულიად არაორაზროვნად ეწოდება „ეკლესიები" კრების სხვა დოკუმენტებშიც (მაგალითად, „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან", მე-16, მე-17, მე-19, 21-ე პუნქტებში).

   ამ განყოფილების დასასრულ გვინდა აღვნიშნოთ, რომ ერთი და იგივე დოკუმენტი ერთ ეკლესიას ორად ყოფს: „ერთ, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიად" (პუნქტი 4), რომლის შექმნისკენაც ვითომდა მოწოდებულია მართლმადიდებელ ქრისტიანთა გაერთიანება არამართლმადიდებლებთან (ანუ მწვალებლებთან) და „შვიდი მსოფლიო კრების ძველ ეკლესიასთან" (პუნქტი 5), რომელიც, ამ დოკუმენტის თანახმად, არ არის პირველის იგივეობრივი. ამ ორი პუნქტიდან, სხვა ყველაფერთან ერთად, ცხადი ხდება ისიც, რომ კრეტის კრება სცნობს და ღებულობს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს საღმრთისმეტყველო სტრუქტურას, ანუ „განშტოებათა თეორიას" (ანგლიკანებში შემუშავებული „საღმრთისმეტყველო" კონცეფცია, რომლის თანახმადაც მართლმადიდებელი ეკლესია, რომის კათოლიკური „ეკლესია" და ანგლიკანური თემი ერთი, წმიდა, კათოლიკე (საყოველთაო) და სამოციქულო ეკლესიის სამ შტოს წარმოადგენენ). (გაგრძელება...)

  

 

 

წიგნიდან „წმიდა და დიდი კრება: ვიმედოვნებდეთ თუ ვწუხდეთ" 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება