მთავარი > სრულიად მართლმადიდებელთა კრება, მთავარი გვედის ფოტო > ტკივილიანი ღაღადი - ათონელი მონაზვნების მიმართვა მართლმადიდებელ სამღვდელოებას და ჩვენს ძმებს, ერისკაცებს (ნაწილი 1)

ტკივილიანი ღაღადი - ათონელი მონაზვნების მიმართვა მართლმადიდებელ სამღვდელოებას და ჩვენს ძმებს, ერისკაცებს (ნაწილი 1)


17-06-2018, 00:03

ტკივილიანი ღაღადი - ათონელი მონაზვნების მიმართვა მართლმადიდებელ სამღვდელოებას და ჩვენს ძმებს, ერისკაცებს (ნაწილი 1)

 

   2016 წლის 27 ივნისიდან მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიასა და ცხოვრებაში შევიდა კრება, რომელიც საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე მდებარე პატარა დასახლება კოლიმბარიში შედგა. კრების რეგლამენტის თანახმად (მუხლი 2, პუნქტი 13), კრების დადგენილებების გამოქვეყნებულ დოკუმენტებს „სრულიადმართლმადიდებლური ავტორიტეტი" აქვს, ესე იგი, სავალდებულოა ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.

   მაგრამ კრების შემდეგ გასული ცხრა თვის მანძილზე ეს დადგენილებები უდიდესი წინააღმდეგობის მიზეზი გახდა. ზოგიერთი ადგილობრივი ეკლესიის მღვდელმთავრებმა და წმიდა სინოდებმა უკვე გამოაქვეყნეს სერიოზული კრიტიკული შენიშვნები კრეტის კრების შესახებ. ვინაიდან კრების დოკუმენტები მართლმადიდებლური სარწმუნოების დოგმატებს ეხება, ხოლო მართლმადიდებლური სარწმუნოება აუცილებელი საფუძველია სწორი სულიერი ცხოვრებისა, მათ შორის ათონის წმიდა მთაზე მონაზვნური მოღვაწეობისა და ჩვენი ცხოვრების მთლიანად ქრისტე ღმერთისთვის შეწირვისა, და ვინაიდან ეს დოკუმენტები სრულიადმართლმადიდებლური ავტორიტეტის მქონედ და ყველასათვის აუცილებლად გამოცხადდა, ჩვენ ისინი ყურადღებით წავიკითხეთ და შევისწავლეთ. შეუძლებელია გულგრილად აუარო გვერდი კრეტის კრების გადაწყვეტილებებს და არად ჩააგდო ისინი, როგორც რაღაც უმნიშვნელო; რადგან ესაა არა უბრალო, კერძო აზრები, თუნდაც საჯაროდ გამოთქმული (რაც აქამდეც ხშირად მომხდარა), არამედ გადაწყვეტილებებია, დამოწმებული ადგილობრივი ეკლესიების კონკრეტულ წინამძღოლთა და თოთხმეტიდან ათი ადგილობრივი ეკლესიის მღვდელმთავართა კრების მონაწილეთა უამრავი ხელმოწერით.

   ასე რომ, სწორედ სარწმუნოებაა ჩვენი მიმართვის მთავარი თემა და სწორედ „სარწმუნოება ხდება თავდასხმის საგანი, და ჯანსაღი სარწმუნოების უკლებლივ ყველა მტრისა და წინააღმდგომის საერთო მიზანია ქრისტეს სარწმუნოების შერყევა" (წმ. ბასილი დიდი, სული წმიდისათვის, პარ. 25; ბერძენ წმიდა მამათა და საეკლესიო მწერალთა ბიბლიოთეკა, ტ. 52, გვ. 251). წმ. ბასილი დიდის ამ სიტყვებთან სრულ თანხმობაშია ღირსი პაისი ათონელის სულ ახლახან თქმული სიტყვები: „დღეს ისინი სარწმუნოების დამხობას ცდილობენ და ამისათვის ნელ-ნელა შეუმჩნევლად აცლიან ქვებს, რათა დაანგრიონ და ნამსხვრევების გროვად აქციონ სარწმუნოების მთელი შენობა. მაგრამ ამ ნგრევისათვის ყოველი ჩვენგანი აგებს პასუხს: არა მარტო ისინი, ვინც ქვებს იღებს და სარწმუნოების მთელ შენობას არღვევს, არამედ ისინიც, ვინც უბრალოდ თვალს ადევნებს, როგორ ინგრევა ეს შენობა და არ ცდილობს მის გამაგრებას მტკიცე სვეტებით" (წმ. პაისი, სიტყვები, ტ. 2, სუროტის წმ. იოანე ღმრთისმეტყველის მონასტრის გამომცემლობა, გვ. 20).

   ამგვარად, წმიდა მამათა მცნებებსა და გარდამოცემას მივყევით, სათანადო ყურადღებისა და ლოცვის თანხლებით წავიკითხეთ კრების დოკუმენტები, ახლა კი თქვენს ყურადღებას ჩვენ მსჯელობასა და დასკვნებს მივაპყრობთ.

   1. პირველ ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ კრების დოკუმენტებში არც ისე ცოტაა გამოთქმები, რომლებიც ერთდროულად როგორც მართლმადიდებლური, ისევე მწვალებლური განმარტების საშუალებას იძლევა, თუმცა წმინდად მართლმადიდებლური ფორმულირებებიც გვხვდება. მაგრამ ეს უკანასკნელი, და მით უფრო პირველი, ვერასგზით ვერ დაგვიცხრობს შეშფოთებას და ვერ დაგვიმშვიდებს სინდისს, რადგან დოკუმენტებში, როგორც ქვემოთ იქნება ნაჩვენები, მართლმადიდებლურის პარალელურად ანალოგიური მწვალებლური ფორმულირებებიცაა წარმოდგენილი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენს წინაშეა იეზუიტური ორაზროვნების (როცა ჩვეული სიტყვების უკან სულ სხვა აზრი იმალება) ნიმუში. როგორც კრების მონაწილე ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა ხუმრობით განაცხადა, „კრებამ ყველაფერი მოგვცა, რასაც კი შეიძლებოდა მოველოდეთ. ყველას შეუძლია რაც უნდა, ის აირჩიოს!"

   მაგრამ წმიდა მოციქულები და წმიდა მამები თვითონაც სხვაგვარად იქცეოდნენ და ჩვენც სულ სხვაგვარად გვასწავლიდნენ. მათი სიტყვა ერთდროულად „ჰოსაც და არასაც" კი არ ნიშნავდა, არამედ ერთადერთი მნიშვნელობა ჰქონდა - „ჰეჲ ჰე და არაჲ - არა" (იხ. 2 კორ. 1: 17-20 და იაკ. 5: 12), როგორც თვით უფალმა გვიბრძანა (მათე, 5: 37). წმიდა მამები მსოფლიო კრებებზე არასოდეს იყენებდნენ ორაზროვან ფრაზებს, რომლებსაც იქამდე მივყავართ, რომ მწვალებლები თავიანთ ცთომილებაში რჩებიან, მართლმადიდებელები კი ბრკოლდებიან. წმიდა მამები არ თხზავდნენ და არ იყენებდნენ ორაზროვან ფორმულირებებს, რომლებიც ერთდროულად შეითავსებდნენ ჭეშმარიტებასაც და ტყუილსაც - სრულიად არასწორად გაგებული, ყალბი ერთიანობის მისაღწევად. პირიქით! წმიდა მამები ბოლომდე იბრძოდნენ, რომ ერთი სულ მცირე „იოტაც" კი აღეხოცათ და გაექროთ, თუ მისი არსებობა რომელიმე ფორმულირებას მწვალებლურად აქცევდა (ასე იყო პირველ მსოფლიო კრებაზე, როცა წმიდა მამები პრინციპულად იბრძოდნენ ტერმინ „მსგავსარსის" გასაუქმებლად და „ერთსარსი"-ს შესანარჩუნებლად; ამასთან, ბერძნულად ამ ორ სიტყვას ერთადერთი ასო, იოტა განასხვავებს. ასევე, როცა აუცილებელი იყო, დაბეჯითებით მოითხოვდნენ პაწაწინა წინდებულის ჩართვას, რათა შეუძლებელი გამხდარიყო პრინციპულად მნიშვნელოვანი ფრაზის მწვალებლურად განმარტება და რათა საიმედოდ გარანტირებული ყოფილიყო მისი მხოლოდ მართლმადიდებლური გაგება (ასე იყო, როცა წმიდა მამები მტკიცედ მოითხოვდნენ უფალ იესო ქრისტესთან მიმართებაში მიეღოთ წინადადება, რომ იგი შეიცნობა „ორ ბუნებაში" და არა ისე, როგორც ეს მწვალებელ მონოფიზიტებს ჰქონდათ: „ორი ბუნებისაგან"; იგულისხმება ქრისტე მაცხოვრის ღმრთაებრივი და კაცობრივი ბუნება.

   2. რაც შეეხება კრების „რეგლამენტს", პირველ ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ მე-8 (პუნქტი 2) და მე-9 (პუნქტი 3) მუხლების თანახმად ეპისკოპოსებს და ეკლესიების წინამძღოლებსაც კი ეკრძალებათ საკუთარი აზრის გამოთქმა იმ ახალ საკითხებზე, რომლებიც ჯერ კიდევ არ ყოფილა ერთხმად შეთანხმებული წინასაკრებო კომისიების სხდომებზე. მაგრამ ეკლესიის ისტორიიდან ვიცით, რომ წმიდა მსოფლიო და დიდ კრებებზე ყოველ ეპისკოპოსსა და მღვდელმთავარს ჰქონდა სრული თავისუფლება, სამსჯელოდ გამოეტანა და მოეთხოვა გადაწყვეტილების მიღება ნებისმიერ საკითხზე - როგორც სარწმუნოების დოგმატებთან, ისე სამწყემსო პრაქტიკასთან დაკავშირებით. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ VII მსოფლიო კრების ოქმები, კერძოდ, სხვადასხვა საკითხების ხანგრძლივი და დაწვრილებითი განხილვა მონაზვნებისა და მღვდელმთავარ ტარასი კონსტანტინოპოლელის მიერ, რომელიც ზემოთ დასახელებული კრების საქმეებში შედიოდა.

   მე-11 მუხლით (პუნქტი 2) კრების დოკუმენტების საბოლოო რედაქციის მისაღებად დგინდება „ერთსულოვნების პრინციპი". მხოლოდ ამ პრინციპის თანახმადაა ნებადართული შესწორებების შეტანა პირვანდელ ტექსტებში, რომლებიც კრებისწინა სხდომებზე იყო შეთანხმებული. იგივე პრინციპი გამოიყენება იმ შესწორებების უარყოფისთვის, რომლებიც ერთსულოვნად არ იქნებიან მოწონებულნი.

   პირველ ყოვლისა, უნდა ითქვას შემდეგი: იმის გამო, რომ დარღვეულია ერთსულოვნების პრინციპი, რაც ოთხი ადგილობრივი ეკლესიის მიერ კრებაში მონაწილობაზე უარის თქმაში გამოიხატა, კრების კანონიერება ანულირებულია.

   მეტიც, რეალურად ჩვენ დავინახეთ, რომ აზრთა სხვადასხვაობა დოგმატურ საკითხებშიც არსებობდა (როგორც წინასწარ შეთანხმებული დოკუმენტების რედაქციებში, ისე შესწორებით მიღებულ საბოლოო რედაქციაში), მაგრამ ეპიკოპოსებს - როგორც უმრავლესობაში, ისე უმცირესობაში მყოფებს - თავი ისე ეჭირათ, თითქოს კრების რეგლამენტი არ დარღვეულა. ნება მოგვეცით ვიკითხოთ: ეპისკოპოსთა ეს სამწყემსმთავრო შეკრება, რომელიც ერთსულოვანი უნდა ყოფილიყო სარწმუნოებასა და ჭეშმარიტებაში, სული წმიდის მიერ იყო შთაგონებული თუ... მისი წინააღმდგომის? რამეთუ ეკლესიაში ახალი და უპრეცედენტო სიტუაცია შეიქმნა, როცა მღვდელმთავართა უმცირესობა, რომელმაც გამოხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება დოგმატური საკითხებისადმი, მაინც იძულებული გახდა დათანხმებოდა უმრავლესობის მწვალებლურ გადაწყვეტილებას.

   მე-12 მუხლის (1-3 პუნქტები) თანახმად ხმის უფლება კრებაზე მხოლოდ ადგილობრივი ეკლესიების წინამძღოლებს აქვთ. შეგახსენებთ, რომ ნამდვილად მართლმადიდებლური კრებების ტრადიცია აბსოლუტურად ყველა ეპისკოპოსის სრულ და თანასწორუფლებიან მონაწილეობას გულისხმობს, ვინაიდან ყველა მათგანი, გამონაკლისის გარეშე, მღვდელმთავარია და თანაბარი საეპისკოპოსო ძალაუფლება აქვს. კოლიმბარიში შემდგარ კრებაზე პირველად წავაწყდით მოვლენას, როცა კრებაზე დამსწრე ეპისკოპოსებს არ ჰქონდათ უფლება საკუთარი თავის სახელით მიეცათ ხმა, მათ ნაცვლად კი მათი ეკლესიის წინამძღოლი აძლევდა ხმას მთელი მის მიერ წარმოდგენილი ადგილობრივი ეკლესიის სახელით.

   ამ ნაბიჯის ტრაგიკული შედეგები აისახა ეპისკოპოსთა თანასწორპატიოსნების ორიათასწლოვანი საეკლესიო პრინციპის გაუქმებაში, რომელიც გულისხმობს, რომ ყველა ეპისკოპოსს თანაბარი ძალაუფლება და თანაბარი უფლებამოსილება აქვს. ახლა ეპისკოპოსები დაყვეს: 1) პირველი (კონსტანტინოპოლის პატრიარქი); 2) ადგილობრივი ეკლესიების წინამძღოლნი; 3) წინამძღოლებთან დაახლოებულნი და 4) დანარჩენი ეპისკოპოსები, რომლებიც აქციეს „სასახლის კარის უუფლებო მსახურებად". ამგვარად, ამ კრებამ შექმნა „ოთხი დონის" საეპისკოპოსო (ზემოდან ქვემოთ):

   1) პირველი ეპისკოპოსი (კონსტანტინოპოლის პატრიარქი);

   2) ადგილობრივი ეკლესიების წინამძღოლნი;

   3) კრების დანარჩენი დამსწრენი;

   4) ისინი, ვისაც კრებაში მონაწილეობის უფლება არ გააჩნია.

   ამასთან, კრების მთავარი ინიციატორები და სულიერი ბელადები ეპისკოპოსთა ამ დაყოფას ოთხ „ხარისხად" ადმინისტრაციული ხასიათის მოვლენად კი არ წარმოგვიდგენენ, არამედ რაღაც საღმრთისმეტყველო საფუძვლის მქონედ, თუნცა სინამდვილეში ყოველივე ეს მართლმადიდებლური ღმრთისმეტყველებისთვის სრულიად უცხოა.

   დაბოლოს, კრების რეგლამენტის მე-14 მუხლთან თანხმობით, კრების პირველ და ბოლო სხდომაზე, ვითომდა „კანონიერად", მიწვეულ იქნენ სამღვდელო ხარისხის არმქონე ცრუეპისკოპოსნი-მწვალებლები, რომელთა მიმართაც, ყოველივე ამის დაგვირგვინების სახით, უამრავი საქები სიტყვა თქვეს როგორც კრების თავმჯდომარემ (პატრიარქმა ბართლომეოსმა), ისე ადგილობრივი ეკლესიის წინამძღოლებმა და ეპისკოპოსთა მთელმა წყებამ.

   სწორედ ამ შემთხვევას ეხება მოციქულის სიტყვები, რომლებსაც თვითონ მოციქულთა მემკვიდრეები - ეპისკოპოსები - არ მისდევენ: „ნუ რაჲ შეტყუება არს ქრისტესი ბელიარის თანა? ანუ რაჲ ნაწილ უც მორწმუნესა ურწმუნოჲსა თანა" (2 კორ. 6: 14-15)? წმიდა მამები შეაჩვენებენ შეუნანებელ მწვალებლებს, ჩვენ კი მათ ქებას ვასხამთ! (გაგრძელება...)

  

 

წიგნიდან „წმიდა და დიდი კრება: ვიმედოვნებდეთ თუ ვწუხდეთ" 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება