მთავარი > კითხვა-პასუხი, რელიგიური ცდომილებანი, თანამედროვე მამები, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > რატომ არ შეიძლება ერთდროულად ქრისტიანიც იყო და მუსლიმანიც? - მამა რაფაელი (კარელინი) პასუხობს შეკითხვას

რატომ არ შეიძლება ერთდროულად ქრისტიანიც იყო და მუსლიმანიც? - მამა რაფაელი (კარელინი) პასუხობს შეკითხვას


16-06-2018, 00:02

 

   კითხვა: აჭარაში ბევრი მართლმადიდებლურად მონათლული ქრისტიანობასთან ერთად აღიარებს მუსლიმანობის ჭეშმარიტებასაც და არგუმენტად მოჰყავს ის, რომ თითქოს ყველა მორწმუნე ერთ ღმერთს ემსახურება. შეიძლება თუ არა ჭეშმარიტი მორწმუნე ამ ორივე რელიგიის ჭეშმარიტებას აღიარებდეს და რით შეუძლია ჭეშმარიტ მორწმუნეს ებრძოლოს რწმენის ასეთ გაუკუღმართებულ გამოვლინებას?

   (შეკითხვით მოგვმართა ლაშა ბასილაძემ ბათუმიდან).

   პასუხი: რატომ არ შეიძლება ერთდროულად ქრისტიანიც იყო და მუსლიმანიც?

   ქრისტიანობა და მუსლიმანობა ორი რელიგიური სისტემაა, განსხვავებულნი ერთიმეორისაგან სარწმუნოების აღმსარებლობის, ზნეობისა და საღვთისმსახურო წესების სფეროებით. ამასთან განსხვავებები იმდენად მკვეთრია და წინააღმდეგობრივი, რომ მსგავსებათა გარეგნული ძიებაც კი მეტად ძნელია. ქრისტიანობის უმთავრესი დოგმატი არის რწმენა ერთი სამგვამოვანი (სამპიროვანი) ღმერთისა. მაჰმადიანობა უარყოფს ამ დოგმატს და წმ. სამების რწმენას მრავალღმერთიანობად მიიჩნევს. თანაც ყურანში არასწორადაა ინტერპრეტირებული სწავლება წმ. სამების შესახებ; სახელდობრ, ქრისტიანებს მიეწერებათ სწავლება ორი ღმერთისა და ქალწულ მარიამის შესახებ: „და აი, თქვა ალაჰმა: „ო, ისა, ძეო მარიამისაო! განა შენ უთხარი ადამიანებს: "მიმიღეთ მე და დედაჩემი ორ ღმერთად თვინიერ ალაჰისა?" მან მიუგო: „გაქებ შენ! როგორ შემიძლია ვთქვა ის, რისი თქმის უფლებაც არ მაქვს?" (ყურანი, სურა 6. ტაეპი 116). შესაძლოა ამგვარი სწავლება ქალწულ მარიამის ღმრთეებრივი პიროვნების შესახებ არსებობდა რომელიმე გნოსტიკურ სექტაში, მაგრამ თვითონ ქრისტიანობას არასოდეს მიუღია ამგვარი ზემარიამიზმი. ყურანში ქალწული მარიამი გაიგივებულია მოსეს დასთან - მარიამთან, ხოლო მუსლიმანების ზეპირი გადმოცემები ირწმუნებიან, რომ იგი ცოცხლად იყო დაცული თხუთმეტი საუკუნის განმავლობაში. ამრიგად, ქრისტიანობის პირველი დოგმატი წმინდა სამების შესახებ კატეგორიულადაა უარყოფილი ყურანში.

   ქრისტიანობის მეორე დოგმატი არის რწმენა ღმერთკაცის, იესო ქრისტესი - ძე ღმერთისა და სოფლის მაცხოვრისა. ყურანი უარყოფს ამ დოგმატს შემდეგი ფორმით: „ალაჰს არ ჰყავს ცოლი და შვილები". მუსლიმანისთვის იესო ქრისტე წინასწარმეტყველია და არა ძე ღმრთისა: "გწამდეს ალაჰი და მისი წინასწარმეტყველნი და არ თქვათ „სამი". მხოლოდ ალაჰია ერთი ღმერთი" (ყურანი, სურა 5, ტ. 169).

   ქრისტიანული სწავლება ცხონების შესახებ დაფუძნებულია სწავლებაზე გამომხსნელი მსხვერპლის შესახებ, რომელიც ქრისტემ შესწირა ჯვარზე კაცობრიობის გამოსახსნელად. ყურანი უარყოფს გოლგოთის მსხვერპლის მნიშვნელობას. მეტიც, ისლამი ასწავლის, რომ ჯვარს აცვეს არა ქრისტე, არამედ სვიმონ კვირინელი - ქრისტეს ჯვარის მტვირთველი. ყურანში არის სურა, რომელშიც ალაჰი ეკითხება ქრისტეს, უწოდებს თუ არა იგი თავის თავს ღმერთს, და ქრისტე გადაჭრით უარყოფს ამას. ყურანის სწავლებით, ქრისტე ცოცხლად იქნა აღტაცებული ზეცაში და მოვა წუთისოფლის დასასრულს. მაგრამ იგი მოვა არა კაცობრიობის განსასჯელად, არამედ იმისათვის, რომ იქადაგოს სინანული, მოკვდეს და მედინაში აკლდამაში ჩაწვეს მუჰამედის გვერდით.

   ყურანი უარყოფს ქრისტიანული ეკლესიის ყველა საიდუმლოს. თუკი ქრისტიანობა აღიარებს, რომ ნათლისღების გარეშე ცხონება შეუძლებელია, მუსლიმანებმა იუდეველებისგან გადმოიღეს წინადაცვეთის წესი (მაგრამ წინადასცვეთენ არა ჩვილ ბავშვს, არამედ - 8-12 წლის ყმაწვილს), თუმცაღა იგი მოკლებულია სიმბოლურ მნიშვნელობას - მესიის მოლოდინს.

   ყურანი ასწავლის სიკეთეს და მოწყალებას, მაგრამ მან არ იცის მტრის სიყვარული და მის მცნებებს სიკეთის შესახებ ორმაგი ხასიათი აქვს: მუსლიმანი სხვანაირად უნდა მოეპყროს ერთმორწმუნეს და სხვანაირად - სხვა სარწმუნოების მიმდევარს.

   ქრისტიანობა ცნობს მხოლოდ ერთცოლიანობას, ხოლო მუსლიმანისთვის ნებადართულია ჰყავდეს მხოლოდ ოთხი ცოლი და ხარჭა იმდენი, რამდენსაც მისი სახსრები გასწვდება.

   მთავარ მუსლიმანურ დღესასწაულებად ითვლება ყურანში და გადმოცემებში აღწერილი მოვლენები მუჰამედის ცხოვრებიდან, აგრეთვე ხსენება აბრაამის მსხვერპლისა. მუსლიმანთა მარხვა - რამაზანი - ქრისტიანული მარხვისაგან განსხვავდება იმით, რომ აწესებს საჭმელ-სასმლისგან თავშეკავებას განთიადიდან მზის ჩასვლამდე, ღამით კი მმარხველს შეუძლია ჭამოს რაც უნდა და რამდენიც უნდა. ეს მარხვა ერთ თვეს გრძელდება და სრულდება დღესასწაულით, რომელსაც „ბაირამი" (სამსხვერპლო კრავი) ეწოდება.

   მუსლიმანობა არ ცნობს სამღვდელო ქიროტონიას. მოლა არჩეული პირია, ყოველგვარი საკრამენტული უფლებების გარეშე, რომელიც მეჩეთს ხელმძღვანელობს.

   ეკლესია, ამ სიტყვის ჩვენეული გაგებით, მუსლიმანებს არა აქვთ, ხოლო მეჩეთი არის ლოცვისთვის შესაკრებელი ადგილი.

   ამ მოკლე შენიშვნაში ჩვენ კრიტიკულად არ გაგვიანალიზებია მუსლიმანობა, არც ქრისტიანობის აპოლოგია გვიცდია, არამედ მათი შეპირისპირების მხოლოდ რამდენიმე ფაქტით შემოვიფარგლეთ, რათა გვეჩვენებინა შეუძლებლობა სარწმუნოების ერთი აღმსარებლობის შეთავსებისა მეორესთან. ჩვენ თავი შევიკავეთ აგრეთვე ძალადობაზე საუბრისგან, რაც მუსლიმანებმა დაუშვეს ქრისტიანთა მიმართ, კერძოდ - სამხრეთ საქართველოს დაპყრობისას. თუმცაღა უნდა დავძინო, რომ ამგვარი ძალადობა გამართლებულია ყურანის ზოგიერთ გამონათქვამში.

   ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქრისტიანებსა და მუსლიმანებს კეთილგანწყობითი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ერთიმეორესთან, მიწიერი აზრით კი - ერთმანეთს უნდა დაეხმარონ.

   მაგრამ მცდელობა ქრისტიანობისა და მუსლიმანობის ერთდროულად აღიარებისა, რაღაც ფანტასტიკური ჰიბრიდია!



არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება