მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > მე ვარ უფალი ღმერთი შენი - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 2)

მე ვარ უფალი ღმერთი შენი - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 2)


21-07-2018, 00:02

მე ვარ უფალი ღმერთი შენი - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 2)

 

   მშვინვიერი გაგებით „მე ვარ უფალი ღმერთი შენი" ნიშნავს ადამიანის ცხოვრებაში ფასეულობათა სრულიად გარკვეული სკალის დაწესებას, რომელშიც უმაღლესი ადგილი ღმერთს ეკუთვნის. სამწუხაროდ, ძალზე ხშირად ჩვენი სულიერი მდგომარეობა (მორწმუნე ადამიანებზე ვსაუბრობ) რაღაც ნახევრადრწმენას, უწვეტად გახანგრძლივებულ კომპრომისს ჰგავს. ჩვენ გვწამს ღმერთი, ჩვენ მივეკუთვნებით მართლმადიდებელ ეკლესიას და ამ აზრით, თაყვანს არ ვცემთ სხვა ღმერთებს, მაგრამ უფალს ჩვენს ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი არ უკავია, ჩვენი ცხოვრება სრულად არ ეძღვნება უფალს, არამედ - მისი რაღაც ნაწილი მხოლოდ. ჩვენი შინაგანი ცხოვრების, ჩვენი აზრებისა და გრძნობების კინოფირზე გადაღება და ჩვენთვის ჩვენება რომ შეიძლებოდეს, დავინახავდით, როგორი ქაოსი გამეფებულა ჩვენს სულში და რა კნინი ადგილი ეკუთვნის მასში ღმერთს.

   მაშინაც კი, როცა ლოცვაზე ვდგავართ, ჩვენს შეგნებამდე ოდნავ, ძლივძლივობით აღწევს ლოცვის სიტყვების აზრი. ეს სიტყვები იძირებიან ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ინერციაში, როგორც რაღაც ნაკადში. თავისთავად ლოცვა სულის ღმერთთან შეერთების საჭურველია, ჩვენში კი ის თითქმის ყოველთვის რჩება მხოლოდ ფორმად შინაარსის გარეშე, თითქოს „გათიშულია" გონებისა და გულისგან. ამ მიმართებით ჩვენ უფრო არათანმიმდევრულებიც კი ვართ, ვიდრე ურწმუნოები. ისინი უარყოფენ ღმერთს და მას ამოშლიან თავიანთი სულიდან. ჩვენ კი ვაღიარებთ ღმერთს, მაგრამ ამასთანავე მას ადგილს მივუჩენთ ჩვენი შეგნების რომელიღაცა კუთხეში, თითქოს ვიწრო სენაკში სახურავქვეშ, და, ვნებებს მიცემულნი, კვლავ იმავე ხორციელი ცხოვრებით ვცხოვრობთ. ჩვენ შეიძლება თავს კი ვიკავებთ უხეში ცოდვებისგან, მაგრამ განვიცდით და შინაგანად ჩავდივართ მათ, ასე ვთქვათ, ღვთის წინაშე. მშვინვიერი აზრით, სიტყვები „მე ვარ უფალი ღმერთი შენი" მოწოდებაა შინაგანი ბრძოლისკენ იმისათვის, რომ ჩვენი სული გამუდმებით შეიგრძნობდეს ღმერთის მყოფობას, გრძნობდეს თავის დამოკიდებულებას ღვთისაგან, სწამდეს მისი ძლიერება და განგება. თუკი ღმერთი არსებობს, მაშასადამე, მისი სუფევა ყოველივეზე ვრცელდება; ჩვენს სულში კი პარადოქსია: ჩვენ ვამბობთ, რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ არ გვჯერა, რომ ყოველივეზე ხელმწიფობს იგი და ამიტომ მუდამ შიში და მოუსვენრობა გვეუფლება. ვამბობთ, რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ მას წარმოვიდგენთ მძინარეს, ან ვფიქრობთ, რომ მან ჩვენ დაგვივიწყა. ჩვენ გვწამს ღმერთი, მაგრამ როცა აუცილებელია მისი ნების რეალური აღსრულება, აღმოჩნდება, რომ ღმერთს ჩვენ არ ვენდობით. უარყოფა ჩვენი საკუთარი წარმოდგენებისა და სავსებით ღვთის განგებისადმი მინდობა ჩვენ გვაძრწუნებს: ჩვენთვის ეს ჩვეულებრივი საყრდენის დაკარგვას (თუმცა კი წუთისოფელი სინამდვილეში სწორედ რომ არავითარ საყრდენს არ გვაძლევს) და, თვალდახუჭული, სიმაღლიდან სადღაც ქვევით გადახტომას ნიშნავს. აი, სწორედ ამიტომ ჩვენ კიდეც ვუხმობთ ღმერთს და კიდეც გვეშინია, სავსებით ვირწმუნოთ მისი და სავსებით მივანდოთ თავი მის ნებას.

   შეიძლება ითქვას, რომ მშვინვიერ ასპექტში პირველი მცნება ჩვენთვის არის ვალდებულება წმინდა წერილის სიტყვების მიღებისა ჩვენი სულისადმი მომართულ ბრძანებად, რომელიც უეჭველად უნდა შესრულდეს. ხატოვნად რომ ვთქვათ, ძველი აღთქმის ათი მცნება და ახალი აღთქმის ცხრა მცნება უძვირფასესი ჯაჭვია, რომლითაც დედამიწა ზეცაზეა მიჯაჭვული.

   სულიერი გაგებით პირველი მცნება ნიშნავს, რომ უფალს სურს, მისი სუფევა დამყარდეს ჩვენს სულში; ის ნიშნავს გაცნობიერებას იმისას, რომ ადამიანი შექმნილია არა ამ სოფლისთვის, სადაც ყოველივე სიკვდილით მთავრდება (როგორც მდინარის ნაკადი წყდება ჩანჩქერისაგან, რომელშიც ქვებს მიენარცხება და იღუპება ყოველგვარი ცოცხალი არსება), არამედ მასში უნდა ცოცხლობდეს ღვთის ხატება და მსგავსება, ადამიანმა თავი დაუმორჩილოს ღმერთს და მას შეუერთდეს. მთელი სამყარო არარაობაა ღმრთეებასთან შედარებით, როგორც წერტილი - უსასრულობასთან შედარებით. ღმერთს, რომელმაც შექმნა ეს სოფელი და ზესთასოფლის მყოფობა, დრო და მარადისობა, სურს, რომ ადამიანი სულიერი საკვრველით შეუერთდეს მას და მან ადამიანს საღმრთო ცხოვრებაში მისცეს ნაწილი. ამიტომ ღმერთის რწმენამ ადამიანი ხელახლა უნდა დაჰბადოს და შეცვალოს მისი ცხოვრება. რწმენამ ადამიანის ცხოვრებიდან უნდა გამოდევნოს ყველაფერი, რაც ღმერთისგან განიზიდავს მის გონებას, მისი ყოფითი მოთხოვნილებები და საქმეები აუცილებელ მოთხოვნამდე, მინიმუმამდე შეამციროს. თავის უმთავრეს, უწყვეტ საქმედ ადამიანი უნდა თვლიდეს ლოცვას, რომელიც ღმრთეების ნათელს უცხადებს სულს მსგავსად იმისა, ის თვითონ რომ იღვიძებს დილით, თავისი ოთახის დარაბებს აღებს და მზის სხივები აცისკროვნებს მის საცხოვრებელს.

   ლოცვა ღმერთს ადამიანის სულში მოქმედების საშუალებას აძლევს. თუკი უფალი ღმერთი ჩვენი ღმერთია, მაშასადამე, მისი დიდებულებისა და ღირსების გამო, მისი იგავმიუწვდომელი მისტიკური მშვენიერებისა და მის მიერ დადებულ მდიდარ აღთქმათა გამო, რომლებიც ადამიანის გონებით წვდომის უნარს აღემატებიან, ჩვენი მთავარი სამუშაო სწორედ შინაგანი ლოცვა უნდა იყოს, ყოველივე დანარჩენი კი ცხოვრებაში მისთვის მომზადებას უნდა ემსახურებოდეს.

   ლოცვა - ეს არის პასუხი კითხვაზე, ვინაა ჩვენი უფალი - ღმერთი თუ ეს სოფელი. წარმართებისთვის კოსმოსი იყო ღმერთი. და თუკი ჩვენ ღმერთზე მეტად სხვა რამ გვიყვარს, ან სხვა რამის უფრო გვეშინია, ვიდრე ღვთისა, მაშასადამე, ჩვენი გული „უცხო ღმერთებს" ეკუთვნის. თუკი ჩვენ დავივიწყეთ შინაგანი ლოცვა და მხოლოდ გარეგან ლოცვას ვჯერდებით, რომელიც ჩვენს გულამდე არ აღწევს, მაშ, ღმერთი აღარ ყოფილა ჩვენი ღმერთი. ერთი სიტყვით, პირველი მცნების სულიერი აზრი - ეს არის გონებით გულში მყოფობა უფლის სახელით.

   უფალი ყოვლისშემძლეა, მაგრამ მას სურს, რომ ჩვენ ჩვენი ნებით მივიღოთ იგი ჩვენი სულის მეუფედ. ეს კი ნიშნავს დაუცხრომელ ბრძოლას დემონთან და ამ სოფელთან, რათა უფალმა იხილოს ჩვენი დაშვრომა, მოხედოს ჩვენს ბრძოლას და ჩვენს გულს, როგორც თავის განსასვენებელ ადგილს.

 

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება