მთავარი > თანამედროვე მამები, წმ. დავით გარეჯელი, მთავარი გვედის ფოტო > ღირსი მამა დავით გარეჯელი - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 1)

ღირსი მამა დავით გარეჯელი - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 1)


3-06-2018, 00:02

ღირსი მამა დავით გარეჯელი - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 1)

 

 

   ამაღლების შემდგომ ხუთშაბათს ეკლესია ზეიმობს ღირსი მამის, დავით გარეჯელის ხსენებას. მამა დავითი თბილისის მფარველი წმინდანია წმინდა მოწამე აბო თბილელთან, ასი ათას ქართველ მოწამესთან და კათალიკოს პატრიარქ დოსითეოზ თბილელთან ერთად.

   „ქართლის ცხოვრება" საქართველოს ისტორიის უძველესი და ყველაზე სარწმუნო წყაროა. იგი მხოლოდ გადმოცემათა კრებული როდია, არამედ ერის გენეტიკური ხსოვნაა. „ქართლის ცხოვრების" თანახმად, ამიერკავკასიისა და კავკასიის ხალხთა წინაპარი არის თარგამოსი, იაფეთის (ნოეს უმცროსი ვაჟის) შთამომავალი, და ეს ხალხები ერთიან ოჯახს წარმოადგენენ. ძველი ქრონიკები გვაუწყებენ, რომ ბაბილონის პირველი მეფე შეიჭრა ამიერკავკასიაში. მას წინააღმდეგობა გაუწიეს იბერიელთა წინაპრებმა - თარგამოსის ძემ ქართლოსმა და მისმა ძმებმა და მტერს სძლიეს.

   საქართველოს, როგორც სახელმწიფოს თუ ტომთა კავშირის დასაბამს III ათასწლეულს აკუთვნებენ. ამ დროს კავკასიის ხალხთა რელიგია მონოთეისტური იყო. მცხეთის მამასახლისთა მმართველობის პერიოდში აქ ქალდეველთა ქვეყნიდან შემოიჭრა წარმართობა საბეიზმის (ვარსკვლავთა თაყვანისცემის) ფორმით.

   ძველი წელთაღრიცხვის I ათასწლეულში დასავლეთ საქართველოში დაარსდა ბერძნული კოლონიები, რომელთა მოსახლეობაც ქართულ-ბერძნული იყო, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში გაჩნდა ძველი წელთაღრიცხვის VII-VI საუკუნეებში ასურელთა და ბაბილონელთა თავდასხმების დროს პალესტინიდან ემიგრირებულ იუდეველთა დასახლება. ბერძნული კოლონიები ელინიზმს ავრცელებდნენ საქართველოში, განსაკუთრებით - კოლხეთში.

   იუდეველებს საქართველოს მოსახლეობაში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ბევრი პროზელიტი ჰყავდათ. ამ დროს აქ გავრცელებული იყო ბიბლიის წიგნების არამეული და ბერძნული თარგმანები, ცნობილი „მცხეთის ბილინგვის" სახელწოდებით.

   ალექსანდრე მაკედონელისა და მის ეპიგონთა პერიოდში ელინიზმის გავლენა გაძლიერდა. ძველი წელთაღრიცხვის III საუკუნეში იბერიის მეფის - ფარნავაზის დროს მაზდეანობა (ცეცხლთაყვანისმცემლობა) აღმოსავლეთ საქართველოს რელიგიად იქცა.

   ახალი წელთაღრიცხვის I საუკუნეში საქართველოში სასუფევლის სახარება იქადაგეს წმიდა მოციქულებმა - ანდრიამ, სვიმონ კანანელმა, მატათამ და, ზოგიერთი ცნობით, ბართლომემ. მიუხედავად ამისა, სამი შემდგომი საუკუნის მანძილზე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას წარმართები შეადგენდნენ.

   IV საუკუნეში ჩვენს ისტორიაში ახალი, ქრისტიანული ერა დაიწყო - წმინდა ნინოს მოღვაწეობის შედეგად ქართლი მოექცა, მაგრამ საქართველოს ზოგიერთ რაიონსა და საქარავნო გზების მახლობლად მდებარე ქალაქებში მაინც შემორჩა მაზდეანობა, რომლის გავრცელებასაც ხელს უწყობდა სასანური ირანი.

   VI საუკუნეში საქართველოს სულიერ ცხოვრებაში უდიდესი მოვლენა მოხდა - ანტიოქიიდან ჩამოვიდნენ სირიელი ბერები იღუმენ იოანეს ხელმძღვანელობით. მათი მიზანი იყო ბერ-მონაზვნური ცხოვრების დაფუძნება და სახარების ქადაგება საქართველოში. იღუმენმა იოანემ ზედაზენზე დააარსა მონასტერი, შემდეგ კი თავისი მოწაფეები ახალი მოციქულებივით წარგზავნა ქართლისა და კახეთის ყოველ კუთხეში.

   იოანე ზედაზნელის საყვარელი მოწაფე - დავითი იმ მამაცი მეომარივით მოიქცა, ბრძოლის დროს ყველაზე ფიცხელ და გადამწყვეტ ადგილს რომ ირჩევს - საქართველოს ახალ დედაქალაქ თბილისში დამკვიდრდა.

   თბილისი ციხე-ქალაქი იყო. მასზე გადიოდა გზა აზიიდან ევროპისაკენ, სპარსეთიდან სკვითებისა და სარმატების სამფლობელოებამდე, ბიზანტიიდან - ხაზართა სამეფოსაკენ. სპარსეთიდან და ჩინეთიდან აქ ჩამოჰქონდათ ქსოვილები, ინდოეთიდან - ძვირფასი ქვები და ნელსაცხებლები, ბიზანტიიდან - იარაღი, თურანიდან - ხალიჩები, არაბეთიდან - ცხენები. თბილისის ცალკეული უბნები ხელოსნებს ეკავათ მთლიანად. ქართველი ოსტატები განსაკუთრებით სახელგანთქმულნი იყვნენ ლითონისა და ვერცხლის დამუშავებით. თბილისის სამჭედლო სახელოსნოები და ბაზრები დამასკოს მოაგონებდა მნახველს. ტაძრების მახლობლად ცეცხლის საგზებლები და ცეცხლთაყვანისმცემელთა საკურთხეველები იდგა.

   ღირსი დავითი ასწლოვანი ხეებითა და ნარ-ეკლით დაფარულ მთაზე დასახლდა. მან თავისი ხელით გამოთხარა კლდეში სოროსმაგვარი გამოქვაბული და სულიერი ღვაწლი სინანულის ლოცვით დაიწყო - თბილისელების ცოდვების მოტევებას ევედრებოდა ღმერთს; ის ნანობდა მათ შეცოდებებს, როგორც საკუთარს. სიყვარულის ბუნება ამგვარია - ყოველივე პირადულის და თვით საკუთარი თავის მიცემა სხვებისთვის და სხვათა სიმძიმილის თავს დება და საკუთარი მხრებით ზიდვა. ცრემლის წყაროები სდიოდა თვალებიდან ღირს დავითს, როგორც პეტრე მოციქულს, თავის უფლისაგან განდგომას რომ იხსენებდა. სინანულის ცრემლი - გულიდან მონაწური სისხლი, სპეტაკი სამოსია, რომლითაც სული იმოსება. დავითის ნათელმხილველ თვალთა წინაშე მთელი ქალაქი კამკამა ზღვასავით მოჩანდა - მეფეთა სასახლეებიდან დაწყებული და ღარიბთა ქოხმახებით დამთავრებული. ლოცვად ხელაპყრობილი სულიერი მამა ქალაქს ხილული თუ უხილავი მტრებისგან იფარავდა მოსესავით.

   იერუსალიმის დასავლეთით აღმართულია სიონის მთა. სიონი ნიშნავს „საგუშაგო კოშკს". დასავლეთის ბნელეთისა და სიკვდილის, სატანის შავბნელი მეუფების სიმბოლოა. დასავლეთის მხრიდან სიონი ხელთუქმნელი კედელივით იცავს იერუსალიმს. თბილისის დასავლეთით სიონის მთასავით აღმართულა მამადავითის მთა და ქალაქს სატანური ძალებისგან იცავს თითქოს. ლოცვის შემდეგ დავითი მთის კალთაზე გადმოდგებოდა და ქალაქს აკურთხებდა.

   ყოველ ხუთშაბათს წმინდანი თბილისში ჩამოდიოდა, ქადაგებდა სახარებას, ესაუბრებოდა ხალხს, ლოცულობდა ტაძრებში, დანარჩენ დღეებში კი მდუმარებდა და დაყუდებით ცხოვრობდა. გადმოგვცემენ - გზა, რომლითაც ღირსი დავითი თბილისში ჩამოდიოდა, არასოდეს ყოფილა გაშენებული, ამიტომ მთისკენ მომავალ გზას დატეხილი ბილიკის ფორმა აქვს შენარჩუნებული. დავითის გულში სულიწმიდა იყო დამკვიდრებული, ამიტომ მისი ყოველი სიტყვა დიდ ზემოქმედებას ახდენდა ადამიანებზე, წვერწამახული მახვილით სწვდებოდა მათ გულს და ჭეშმარიტების ძალით ატყვევებდა. (გაგრძელება...)

  

 

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) 

 

Xareba.net – ის რედაქცია 


უკან დაბრუნება