მთავარი > მნიშვნელოვანი თემები, სრულიად მართლმადიდებელთა კრება, მთავარი გვედის ფოტო > ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინება კრეტის კრებისა და ტექსტის - „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან“ - შესახებ (ნაწილი 2)
ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინება კრეტის კრებისა და ტექსტის - „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან“ - შესახებ (ნაწილი 2)14-06-2018, 00:01 |
ასეთ შემთხვევაში კრების დოკუმენტში აღნიშნული უნდა ყოფილიყო, რომ „ეკლესიების" „ისტორიული სახელწოდება", რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიისგან განდგომილ თემებს მიაკუთვნეს, ფიქტიური სახელწოდებებია და მათ სინამდვილეში რეალური რეფერენტი არ გააჩნიათ. თუ ამ შენიშვნას არ დავურთავთ, მაშინ ისტორიულ სახელწოდებას „არამართლმადიდებელი ეკლესიები" თავისი რეალური ისტორიული რეფერენტი ეყოლება, რომელსაც იგი განეკუთვნება. ესე იგი, ჩვენ ვაღიარებთ სხვა, მართლმადიდებელი ეკლესიებისაგან განსხვავებულ ეკლესიებს, რაც აშკარად ეწინააღმდეგება პირველ პუნქტს და მე-6 დოკუმენტის დასაწყისში ნათქვამ სიტყვებს („ეკლესია ერთია და ერთადერთი"). 4. მე-12 პუნქტში გამოთქმული მტკიცება, რომ „საღმრთისმეტყველო დიალოგების ჩატარებისას ყველასათვის საერთო მიზანს წარმოადგენს მართალ სარწმუნოებასა და სიყვარულში ერთობის საბოლოო აღდგენა", მეტისმეტად გაუბრალოებულია და ამომწურავად არ ასახავს პროცესის განზომილებებს. ერთობა გულისხმობს ერთმორწმუნეობას, ერთსულოვნებასა და შეთანხმებულ მოქმედებას ყველა დოგმატური განსაზღვრებისა და საეკლესიო კანონების თანახმად, რომლებიც საეკლესიო კრებების მიერაა დამტკიცებული, აგრეთვე ლიტურგიკული გარდმოცემისა და სული წმიდისმიერი საიდუმლო ცხოვრების მიმართ. ასეთი ერთობის მიღწევის გზა სინანულზე, მართლმადიდებელი სარწმუნოების აღიარებასა და ნათლისღებაზე გადის. 5. მე-20 პუნქტში მითითებულია, რომ „მართლმადიდებელი ეკლესიის საღმრთისმეტყველო დიალოგების ჩატარების პერსპექტივები დანარჩენ ქრისტიანულ მსოფლიოსთან ყოველთვის განისაზღვრება უკვე ჩამოყალიბებული საეკლესიო ტრადიციის მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიისა და კანონიკური კრიტერიუმების პრინციპების საფუძველზე", მაგრამ უფრო ზუსტი იქნებოდა, თუ გამოთქმას - „უკვე ჩამოყალიბებულ საეკლესიო ტრადიციას" „მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციით" შევცვლიდით. 6. ამ დოკუმენტისაგან მიღებული ზოგადი შთაბეჭდილება ასეთია: იგი მრავალ ორაზროვან გამოთქმასა და ტერმინოლოგიურ ეკლესიოლოგიურ შეუსაბამობას შეიცავს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მასში ამომწურავად და დასაბუთებულად არ არის ხაზგასმული არამართლმადიდებლურ აღმსარებლობებთან ჩატარებული საღმრთისმეტყველო დიალოგების მთავარი მიზანი, რომელიცაა არამართლმადიდებელთა მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში დაბრუნება კანონიკური წესით, აგრეთვე, ამ მიზნის შესაბამისად, გარკვევით არ არის ჩამოყალიბებული მოცემული დიალოგების ძირითადი დებულებები და პრინციპები. ამის ნაცვლად მე-16 და მის შემდგომ პუნქტში ხდება არასამთავრობო ორგანიზაციის, „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს" ლეგიტიმაცია, რომელშიც ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია, მადლობა ღმერთს, დიდი ხანია არ მონაწილეობს. 7. ძირითადი მიზნის საპირისპიროდ, რომელიც ზემოთ, მე-6 პუნქტში მივუთითეთ, დოკუმენტში (მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტებში) ერთობ თანმიმდევრულად და ამომწურავადაა რეგლამენტირებული სხვადასხვა დიალოგების ჩატარების მეთოდოლოგია. 8. ტექსტში (22-ე პუნქტში), როგორც ჩანს, მოცემულია წინაპირობა კუნძულ კრეტაზე შემდგარი კრების უცთომელობისა და მისდამი არაკრიტიკული დამოკიდებულების შესახებ, ვინაიდან ამ პუნქტში მითითებულია, რომ „ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სარწმუნოების დაცვა მხოლოდ საკრებო სისტემითაა შესაძლებელი, რომელიც ძველთაგანვე ეკლესიის ყველაზე კომპეტენტური და სარწმუნო კრიტერიუმი იყო სარწმუნოებისა და კანონიკური წესრიგის საკითხებში". მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მიგითითოთ პერიოდები ეკლესიის ისტორიიდან, რომლებიც გვიჩვენებენ, რომ მსოფლიო საეკლესიო კრებებზე გამოტანილი დადგენილებების საბოლოო კრიტერიუმს მთელი მართლმადიდებლური სავსებით ფხიზელი დოგმატური სინდისი წარმოადგენს. მსოფლიო საეკლესიო კრებების სისტემას არ შეუძლია ავტომატურად ან მექანიკურად უზრუნველყოს მართლმადიდებელ ქრისტიანთა მიერ აღიარებული სარწმუნოების სიმართლე.
II. მთავარი დასკვნა კუნძულ კრეტაზე შემდგარი კრება არ არის არც დიდი, არც წმიდა, არც სრულიადმართლმადიდებლური. 1. იმიტომ, რომ მასში რამდენიმე ადგილობრივი ავტოკეფალური ეკლესია არ მონაწილეობდა, აგრეთვე იმიტომ, რომ დაშვებული იყო მთელი რიგი ორგანიზაციული და საღვთისმეტყველო ხასიათის შეცდომები. ამის მიუხედავად, ჩვენ პატივს ვცემთ და ვაფასებთ ამ კრების ყველა ორგანიზატორისა და მონაწილის ძალისხმევას. 2. კრეტის კრებაზე მიღებული დოკუმენტების გულმოდგინე შესწავლის შემდეგ იმ დასკვნამდე მივედით, რომ ზოგიერთი მათგანი არ შეესაბამება მართლმადიდებლურ საეკლესიო სწავლებას, ეკლესიის დოგმატურ და კანონიკურ გარდამოცემას მსოფლიო და ადგილობრივი საეკლესიო კრებების სულისკვეთებას. 3. აუცილებელია კუნძულ კრეტაზე მიღებული დოკუმენტების შემდგომი საღმრთისმეტყველო განხილვა, რათა მოხდეს მათი შესწორება, რედაქტირება, კორექტირება ანდა შეცვლა ახალი დოკუმენტებით ეკლესიის სულისა და გარდამოცემის თანახმად. ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია არის ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის განუყოფელი ნაწილი, მისი ცოცხალი წევრი. როგორც ქრისტეს სხეულის წევრი, როგორც თავად ეს სხეული ბულგარეთის ადგილობრივ ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ მდებარე ბულგარეთის ეპარქიებში, ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია გააგრძელებს ყოფნას ძმურ ევქარისტიულ სულიერ, დოგმატურ და კანონიკურ კავშირში ყველა სხვა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიასთან - როგორც კრეტის კრების მონაწილე, ისე არამონაწილე ეკლესიებთან. ეკლესია არ არის საერო ორგანიზაცია, იგი ღმერთკაცობრივი ორგანიზმია. იმის გამო, რომ ეკლესია საყოველთაოა, ის არ ექვემდებარება და არც უნდა ექვემდებარებოდეს პოლიტიკურ და საერო ინტერესებს და მათგან გამომდინარე განხეთქილებებს. ეკლესიის თავი არის თავად უფალი იესო ქრისტე, რომელიცაა „გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება". საეკლესიო ცხოვრების ავტოკეფალურობისა და საყოველთაობის (კათოლიკურობის) პრინციპები არა მარტო ეწინააღმდეგება, არამედ ავსებს ერთმანეთს, გამომდინარეობს ერთმანეთისგან და ერთმანეთთან სრულ ერთობაში იმყოფება.
2016 წლის 30 ნოემბერი წიგნიდან „წმიდა და დიდი კრება: ვიმედოვნებდეთ თუ ვწუხდეთ" Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |