მთავარი > მნიშვნელოვანი თემები, სრულიად მართლმადიდებელთა კრება, მთავარი გვედის ფოტო > საქართვველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომის ოქმი (22.12.2016)
საქართვველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომის ოქმი (22.12.2016)7-06-2018, 00:02 |
2016 წლის 22 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. მდივნად დაინიშნა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე). წმიდა სინოდის წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და გააცნო სხდომის საკითხები.
წმიდა სინოდზე განხილულ იქნა შემდეგი თემები: 1. კუნძულ კრეტაზე მიღებული დოკუმენტების შესახებ ისაუბრა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავამ). მან აღნიშნა: როგორც ცნობილია, ა.წ. 17-26 ივნისს კუნძულ კრეტაზე შედგა კრება, რომლის მუშაობაში მონაწილობდნენ მეთაურები და წარმომადგენლები ათი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიიდან. ამგვარი შეკრება ათწლეულების მანძილზე იგეგმებოდა და იგი არის ღირსშესანიშნავი და განსაკუთრებული მოვლენა წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში. კრების მზადებას თავიდანვე სათავეში ედგა კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, პროცესში კი ჩართული იყო ყველა ოფიციალური ეკლესია. წინასაკრებო სამუშაო შეხვედრებზე 1961 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს დელეგატებიც მონაწილეობდნენ. რა თქმა უნდა, უფროსი თაობის სასულიერო დასის სხვადასხვა წევრის მიერ ათწლეულების მანძილზე გაწეული შრომა დასაფასებელია. როგორც ადრეც იყო აღნიშნული, კრების მომზადების საბოლოო ეტაპზე წარმოქნილმა სერიოზულმა დაბრკოლებებმა რამდენიმე ადგილობრივ ეკლესიას არ მისცა საშუალება, მონაწილეობა მიეღო კრეტის კრების მუშაობაში, რის გამოც ჩვენს გულისტკივილს კიდევ ერთხელ ვადასტურებთ და დღესაც მიგვაჩნია, რომ აუცილებელი იყო ყველა ეკლესიის მიერ დასმული საკითხების შესწავლა-განხილვა, რაც არ განხორციელდა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით წმიდა სინოდმა დაადგინა: რადგანაც კრეტის კრების მუშაობაში არ მონაწილეობდა ოთხი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია, ამიტომაც მას არ შეიძლება ეწოდოს საყოველთაო, სრულიადმართლმადიდებლური (პანორთოდოქსული) კრება; კრეტის კრების მომზადებისა და ჩატარების დროს დაირღვა მართლმადიდებელ ეკლესიათა მიერ დადგენილი და აღიარებული მთავარი პრინციპი კონსენსუსისა, რაც გულისხმობდა განსახილველ საკითხთა შესახებ ყველას თანხმობასა და გადაწყვეტილების ერთსულოვნად მიღებას. ამიტომაც კრეტის კრების დადგენილებები ვერ იქნება სავალდებულო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის; კრეტის კრების მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში არსებითად არ აისახა ეკლესიათა მიერ წარმოდგენილი საფუძვლიანი შენიშვნები. ამიტომაც აუცილებელია მათი შემდგომი გადამუშავება და გასწორება. არაა გამორიცხული ზოგიერთ შემთხვევაში ახალი დოკუმენტის შექმნაც. ამისთვის კი საჭიროა, კრეტის კრების სამდივნოს მიერ გამოგზავნილი და თარგმნილი ტექსტები ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოს ეკლესიის სასულიერო დასის, ღვთისმეტყველთა და მორწმუნე ერისათვის და მათი საფუძვლიანი შენიშვნების გათვალისწინებით, დოკუმენტებს მიეცეს მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატური და კანონიკური სწავლების შესაბამისი სახე. ა.წ. 17-26 ივნისს კუნძულ კრეტაზე გამართული კრება შეიძლება ჩაითვალოს უმნიშვნელოვანეს ეტაპად მართლმადიდებელი ეკლესიების დიდი და წმიდა პანორთოდოქსული კრების ჩასატარებლად, რომელმაც აღნიშნულ მომავალ კრებაზე ხელი უნდა შეუწყოს ყველა საკითხის გატანას და გადაწყვეტილებების მიღებას საერთო მართლმადიდებლური ერთობითა და ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის მაცხოვნებელ სწავლებაზე დაყრდნობით. საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა დაადგინა, რომ შეიქმნას საღვთისმეტყველო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ა) გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) თავჯდომარე; ბ) ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი); გ) სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი); დ) რუსთველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი); ე) მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე); ვ) პროტოპრესვიტერი გიორგი (ზვიადაძე).
წიგნიდან „წმიდა და დიდი კრება: ვიმედოვნებდეთ თუ ვწუხდეთ" Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |