მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > საღმრთო ლიტურგიის საიდუმლო აზრისათვის - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 2)

საღმრთო ლიტურგიის საიდუმლო აზრისათვის - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 2)


9-06-2018, 00:03

საღმრთო ლიტურგიის საიდუმლო აზრისათვის - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 2)

 

   იყო ერთი წმინდანი, ნიფონტ კვიპრელი. ის კეთილმსახურ ოჯახში აღიზარდა, მაგრამ შემდეგ არაწმინდად ცხოვრობდა. ერთხელ ნიფონტი თავის მეგობარს ესტუმრა. ის დააცქერდა ნიფონტს და უთხრა: „საშინელი სახე გაქვს, ეთიოპიელს დამსგავსებიხარ!" ამ სიტყვებმა ნიფონტს გული შეუძრა, იფიქრა: „ვაი მე, ცოდვილს! თუკი ამ სოფელშივე შავია ჩემი სულიც და სხეულიც, როგორ უნდა წარვდგე უფლის პირის წინაშე! ვაი მე, უბადრუკს!..." და ნიფონტი ცოდვების მონანიებას შეუდგა; სულთქმითა და გოდებით ინანიებდა თავის გახრწნას. მონანიება წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ნიფონტს სასტიკად გამოსცდიდა დემონი, გონებას უბნელებდა, ეცხადებოდა და ეუბნებოდა: „ღმერთი არ არსებობს, ქრისტე არ არსებობს! მხოლოდ მე ვარ ამ სოფლის მპყრობელი და მეუფე". ნიფონტი შეუპოვრად განაგრძობდა იესოს ლოცვას. სინანულისა და სიმდაბლისათვის ღმერთმა მას სულიერი თვალები აუხილა, სულიერი მჭვრეტელობის სული მიჰმადლა. ერთხელ ნიფონტი ტაძარში ღვთისმსახურებას ესწრებოდა და მას სულიწმიდის მიერ განეცხადა, რა ხდება საკურთხეველში საღმრთო ლიტურგიის აღსრულების დროს: მან იხილა ცეცხლი, რომელიც ზეციდან გარდამოხდა და საკურთხეველი და მღვდელმთავარი დაფარა; მღვდელმა რომ წარმოთქვა: „კურთხეულ არს მეუფება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა", ნიფონტმა იხილა საყდარზე მჯდომარე უფალი; ორი ხელით აკურთხებდა ტაძარში მყოფ ყოველ ადამიანს. დიდი ეკტენიის წარმოთქმისას ნიფონტს თითქოს მთელი სამყარო გადაეშალა თვალწინ. მან იხილა, რომ ეკტენია (ვედრება) თითქოს ანგელოზის ფრთებით იფარავს მთელს კაცობრიობას. ავადმყოფებს, მწუხარებაში მყოფთ, მღვდლის სიტყვით, უფალი ანგელოზებს უგზავნიდა, რომლებიც ანუგეშებდნენ მათ, შვებას აძლევდნენ და კურნავდნენ. მენავეთა, მოგზაურთათვის ვედრების დროს ნიფონტი ხედავდა აზვირთებულ ზღვას და ხომალდს, რომელიც ხან მაღლა ირწეოდა ზვირთებზე, ხან კი ქვევით ეშვებოდა მქუხარე უფსკრულში ჩატეხილ ტალღასთან ერთად; ხედავდა ადამიანებს, - შეძრწუნებულნი, ისინი სიკვდილსღა ელოდნენ. ზოგი ლოცულობდა, ზოგი გემბანზე იწვა, ფიცარს, ტროსს ჩასჭიდებოდა და აი, მღვდელმა მენავეთათვის (გემით მოგზაურთათვის) ლოცვა რომ წარმოსთქვა, უეცრად ქარიშხალი ჩადგა და მალე ნიფონტმა იხილა წყნარი, ლაჟვარდისფერი ზღვა, რომელზეც ხომალდი მიცურავდა; ხალხი ლოცულობდა და ღმერთს მადლობდა. სამწმიდაარსობის გალობის დროს ოთხი ანგელოზი გარდამოხდა საკურთხეველში და მათ მგალობლებთან ერთად იგალობეს. მედავითნე მოციქულის ეპისტოლეს რომ კითხულობდა, ნიფონტმა იხილა წმინდა პავლე მოციქული, - წამკითხველის უკან იდგა და მას თვალყურს ადევნებდა. სახარების კითხვის დროს ოქროს წვიმამ განაბრწყინა ტაძარში მყოფნი. მისი წვეთები იმათ გულებში აღწევდა, ვინც უფლის მიმართ ლოცულობდა და წმინდა წერილს ისმენდა. კათაკმეველთა ლიტურგიის დროს მღვდელმა რომ წარმოთქვა: „კათაკმეველნო, განვედით", ანგელოზებმა ტაძრიდან განდევნეს ისინი, ვინც ტაძარში საუბრობდა, უღირსად იქცეოდა. ანგელოზები მათ სულებს აძევებდნენ, ტაძარში კი მხოლოდ მათი სხეულები რჩებოდა, რომლებიც მკვდარ გვამებს მიმსგავსებოდნენ. წმიდა ძღვენთა გარდაღების დროს საკურთხევლის კრეტსაბმელი რომ გაიხსნა, განიხვნენ ცანი და საკვირველი სურნელი დატრიალდა. საკურთხეველში ზეგარდამოვიდნენ ანგელოზები, ისინი გალობდნენ: „დიდება ქრისტე ღმერთს!" მათ ნათლით გაბრწყინებული უმშვენიერესი ყრმა ეჭირათ, რომელიც ფეშხუმზე დააბრძანეს, თვითონ კი გარს შემოერტყნენ ტრაპეზს და წმიდა ძღვენს ემსახურებოდნენ. ორი სერაფიმი და ორი ქერუბიმი დაფრინავდა მის თავს ზევით და მას თავისი ფრთებით იფარავდა. დიდი გამოსვლის დროს წმინდა ნიფონტმა იხილა უფალი იესო ქრისტე, რომელსაც ჯვარი მოჰქონდა, მას მოჰყვებოდა მღვდელი ბარძიმ-ფეშხუმით ხელში. ძღვენთა განწმედისა და საშინელი საიდუმლოს აღსრულების დროს, მღვდელმა რომ წარმოსთქვა: „მიიღეთ და სჭამეთ; ესე არს ხორცი ჩემი", წმინდანმა იხილა, რომ ერთმა ბრწყინვალე ანგელოზმა ლახვარი აიღო და ნათლით შემოსილი ყრმა დაკლა; მისი სისხლი წმიდა ბარძიმში ჩაღვარა, ყრმა ფეშხუმზე დაასვენა და თვითონ მოწიწებით დადგა ისევ თავის ადგილზე. დაიწყო საღმრთო, უხრწნელ საიდუმლოთა ზიარება. ნიფონტმა იხილა, რომ თვით ქრისტე მაცხოვარმა აართვა მღვდელს ბარძიმი და თავისი ხელით აზიარა ყველა ქრისტიანი. მაზიარებელთაგან ზოგს მზესავით გაბრწყინებული სახე ჰქონდა, ზოგიერთს კი ზანგივით შავი და პირქუში. ანგელოზები იდგნენ და უყურებდნენ, ვინ როგორ მიეახლებოდა საშინელ საიდუმლოს. ვინც ღირსეულად ეზიარებოდა, ანგელოზები მას გვირგვინს ადგამდნენ, უღირსებს კი ზურგს აქცევდნენ და მოიძაგებდნენ. წმინდა ღვთისმსახურების დამთავრებისას ნიფონტმა იხილა, რომ ულამაზესი ყრმა უეცრად კვლავ ცოცხალი და მრთელი აღმოჩნდა ანგელოზების ხელში და ზეცად ამაღლდა. მღვდელი, ჯვარით ხელში, ჩამოლოცვას რომ წარმოთქვამდა, ჯვარის ნიში ორი ნათელი სხივივით გამობრწყინდა ცაზე. მღვდელმა წარმოთქვა წმინდანთა სახელები, რომელთა ხსენებაც იმ დღეს აღესრულებოდა და წმინდა ნიფონტი - ისინი საკურთხევლიდან ამბიონზე გამოდიოდნენ, ხალხს აკურთხებდნენ და ისევ საკურთხეველში შედიოდნენ. ყოველივე ეს წმინდა ნიფონტ კვიპრელმა თავის მოწაფეს უამბო, რომელმაც წმინდანის ნაამბობი ჩაიწერა მრავალთა სულის სარგებლისათვის.

   უფალმა ხუთი ათასი კაცი დააპურა უდაბნოში და მოწაფეებს უბრძანა, შეეგროვებინათ პურის ნარჩენები, რათა არავის ეფიქრა, სასწაული ილუზიური, მოჩვენებითი იყოო (ისეთი, როგორიც ანტიქრისტეს სასწაულები იქნება), პურის გამრავლების ფაქტში კიდევ ერთი საიდუმლო აზრია დამარხული - ის, რომ წმინდა ზიარების საიდუმლო მოუკლებელია, იგი აღესრულება ვიდრე სამყაროს აღსასრულამდე.

   რამდენად ხშირად შეგვიძლია ვეზიაროთ ქრისტეს უწმიდეს საიდუმლოს? წმინდა ეკლესია ზიარების ზუსტ ვადებს არ გვიწესებს. რამდენად ხშირად ვეზიარებით - ეს დამოკიდებულია ჩვენს სულიერ მოთხოვნილებებზე, ჩვენი ცხოვრების გარემოებებზე, ჩვენს მომზადებაზე ზიარებისთვის და ჩვენს მონანიებაზე. ზოგიერთები გაურბიან წმიდა ზიარებას და მიზეზობენ - ზიარების უღირსები ვართო. არც ერთი ადამიანი არაა ზიარების ღირსი.

   „ჩვენ ქრისტეს წმიდა საიდუმლოთა ზიარების უღირსად უნდა ვთვლიდეთ თავს; მაგრამ ჩვენი თავი ზიარებისაგან არ უნდა განვაყენოთ იმის გამო, რომ თავს ცოდვილად ვცნობთ. პირიქით, უფრო და უფრო დიდი წყურვილით ჯერ არს მისკენ სწრაფვა - სულის საკურნებლად და განსაწმენდად. ოღონდ სულის ისეთი სიმდაბლითა და სარწმუნოებით უნდა ვეზიარებოდეთ, რომ საღმრთო მადლის მიღების უღირსად ვთვლიდეთ თავს და კიდევ უფრო მეტად გვსურდეს ჩვენი წყლულების განკურნება. სხვაგვარად წელიწადში ერთხელაც კი შეუძლებელია ზიარების ღირსეულად მიღება", - წერს ღირსი მამა იოანე კასიანე რომაელი.

   მოსკოველი მიტროპოლიტი პლატონი ამბობს: „...რას ვხედავთ? შეძრწუნებლულნი ვხედავთ... რომ ზოგიერთები - გულფიცხელნი, თუ დაბრმავებულნი, თუ საპყარნი, არ ვიცი რა ვუწოდო მათ, არა თუ ხშირად, არამედ წელიწადში ერთხელაც არ მიეახლებიან წმიდა საიდუმლოს. ვაი, ჩვენ ცოდვილთ; ეჰა, უბედურება ეკლესიისა!

   სად არიან მადლიერნი შვილნი ქრისტესნი? სადაა საერთო ტრაპეზი? სადაა პური საზიარო, სადაა ერთობით შესმული ბარძიმი? სადაა მოციქულებრივი „განკრძალულ-ყოფა განტეხასა პურისასა?" აქ იმდენ წარუმართებლობას ვხედავ, რამდენსაც სხვაგან არსად. ქრისტეს სიკვდილს მცირენი მოიხსენიებენ, ზოგიერთებმა ისიც კი არ იციან, რისთვისაა დაწესებული ეს საიდუმლო. ამგვარად ქრისტიანობის უპირველესი ნიშანი წარიხოცება, ამგვარად ქრისტე დავიწყებას ეძლევა... ტრაპეზი, მის მიერ დაწესებული, მხოლოდ წესად ითვლება ჩვენში; ვუმზერთ მას, მაგრამ არ ვგემულობთ. მაინც რატომ არ მივეახლებით? „განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი!" (ფს. 33. 9). ან იქნებ უღირსი ხარ? მაგრამ სწორედ მაგიტომ უნდა მიეახლო: რაკი უღირსი ხარ - ღირსება რომ მოიპოვო, და რაკი არაფერი დაგიმსახურებია, ქრისტეს ნამსახურს რომ დაეშურო. ის ადამიანი ჭამს და სვამს დასასჯელად, ვინც თავს არ განისჯის. მე განვიქიქებ თავს, და როცა აღმოვაჩენ ხოლმე, რომ უღირსი, ცოდვილი და განკიცხული ვარ, მით უმეტეს მივდივარ და მივეახლები იმას, ვინც ცოდვილებს იწყნარებს, მოუხმობს და ცოდვებით დამძიმებული მშვიდობას მიჰმადლებს".

   ჩვენ ჩვენი ცოდვები გულწრფელად უნდა ვაღიაროთ მღვდელმსახურის წინაშე და მან უნდა გადაწყვიტოს - ვეზიაროთ თუ გადავდოთ ზიარება.

   დიმიტრი როსტოველი ამბობს: „ღმერთი შენი მტერი კი არ არის, არამედ მკურნალია. რატომ გაურბიხარ საღმრთო ბარძიმს? გიჯობს, შეიწყნარო სულიერი ექიმობა და განიკურნო, ვიდრე ცოდვის უფრო მძიმე სენით დაავადდე და წარწყმდე".

   განსაკუთრებით ხშირად უნდა ეზიარებოდეს მონაზონი. ათონზე სქემოსნები კვირაში ორჯერ ეზიარებიან. ერთხელ მოსკოველი მიტროპოლიტი ფილარეტი ერთ მონასტერში ჩავიდა. გამოიძახა იღუმენი (მონასტრის წინამძღვარი) და უთხრა: „ხვალ ლიტურგიას აღვასრულებ და მსურს ვეზიარო ჩემს ძმებთან ერთად". იღუმენმა მიუგო: „მეუფე, არ ვიცოდი, ჩამოსვლას რომ აპირებდით, ამიტომ მზად არა ვართ ზიარებისთვის". მიტროპოლიტმა თქვა: „ჭეშმარიტი მონაზონი მუდამ მზად უნდა იყოს ზიარებისთვის". ბასილი დიდი გვამცნებს: „კარგია და სასარგებლოა ყოველდღე ზიარება და წმინდა ხორცისა და სისხლის მიღება. ქრისტე გარკვევით ამბობს: „რომელი ჰსჭამდეს ხორცსა ჩემსა, და ჰსმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხოვრება საუკუნო" (იოანე 6. 54). ჩვენ თვითონ ვეზიარებით კვირაში ოთხჯერ: უფლის დღეს*, ოთხშაბათს, პარასკევს და შაბათს; აგრეთვე სხვა დღეებში, თუკი რომელიმე წმინდანის ხსენებას ვზეიმობთ".

   იოანე ოქროპირი წერს: „ვხედავ, ბევრი ქრისტიანი ხშირად არ ეზიარება. ეს ეშმაკის საქმეა. ბოროტი სული ხელს უშლის ქრისტეს სისხლისა და ხორცის ხშირად მიღებას. და ცხადია, ვინც ხშირად არ ეზიარება, თავის თავზე დიდ ძალაუფლებას აძლევს ეშმაკს; დემონი ეუფლება მის ნებას და ყოველგვარი ბოროტებისკენ მიმართავს".

   ზიარების საიდუმლოს დაწესება ღვთის უდიდესი ქველისმოქმედებაა ადამიანთა მიმართ, მისი გამოუთქმელი სიყვარულის გამოვლინება. წმინდა მამები წმ. ზიარების საიდუმლოს „ყველა საიდუმლოს მზეს" უწოდებენ.

   იოანე ოქროპირი განგვიმარტავს: „უფალს ყოველი სული უფრო მეტად უყვარს, ვიდრე დედას - თავისი შვილი. დედა არ ტოვებს შვილს და უფალი არ დააგდებს ცოდვილს. თუმცა არსებობენ დედები, რომლებიც შვილებს ტოვებენ, დედის რძესაც არ აღირსებენ; უფალი კი არავის ტოვებს. ის გვკვებავს ჩვენ, და გვკვებავს არა რძით, არამედ თვით საკუთარი სისხლით!"

 

 

 

* კვირა დღის სახელწოდება ბერძნულ და ლათინურ ენებზე.

 

 

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება