მთავარი > თანამედროვე მამები, სიკვდილი, მთავარი გვედის ფოტო > „ოცდახუთი თავი სიკვდილის ხსოვნაზე“ - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 1)

„ოცდახუთი თავი სიკვდილის ხსოვნაზე“ - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 1)


31-05-2018, 00:02

„ოცდახუთი თავი სიკვდილის ხსოვნაზე“ - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 1)

 

   დასაწყისში სიკვდილის ხსოვნა მძიმეა და მტანჯველიც კი, მაგრამ შემდგომ, როცა მისი ზემოქმედებით ვნებები თვინიერდებიან, როგორც მომთვინიერებლის მათრახის ქვეშ გარეული მხეცები, ადამიანი არა სიმძიმესა და ტანჯვას, არამედ შვებას გრძნობს.

      ის თითქოსდა იღვიძებს, ვნებათა უღლისგან გათავისუფლებით მისი გონება გაცილებით ნათელი და სუფთა ხდება. მისი სული, რომელიც მიწიერზე მიჯაჭვული ისე ძლიერ აღარ არის, როგორც ადრე, თანდათანობით თავისუფლების შეგრძნებას იწყებს. მის გულს სისუფთავე სწყურდება, რის შესახებაც ერთ-ერთმა წმ. მამამ თქვა, რომ სიკვდილის ხსოვნა სუფთაა და ბრძენი, თუმცა საშინელია მისი სურათები.

   უნდა ითქვას, რომ თვით ხასიათი სიკვდილზე ფიქრისა ადამიანის განწმენდისდა მიხედვით იცვლება. შიშს იმედი ცვლის და საფლავის წყვდიადს მიღმა სული აღდგომის ნათელს ჭვრეტს. ღირსი იოანე კიბისაღმწერელი წერს: "ზოგნი ამბობენ, რომ უმჯობესია ლოცვა, ვინემ ხსოვნა სიკვდილისა, მე კი ერთ სახეში ორ არსებას ვასხამ ხოტბას".*

   ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ადამიანის სხეულმა, ღვთის მიერ შექმნილმა გასაოცარმა ინსტრუმენტმა სულისა, ცოდვით დაცემის შემდგომ დეფორმაცია განიცადა, სიკვდილისა და ხრწნის მეუფებაში აღმოჩნდა. ერთი მხრივ - დამხმარე, მეორე მხრივ კი მოწინააღმდეგე გახდა სულისა. ადამიანის სხეულში, მის მოწყობაში, მისი, როგორც ფიზიკური ორგანიზმის მიზანშეწონილობაში, ღვთის ყოვლადგრძნობაა ასახული და უწინდელი სილამაზის ნარჩენებია შემონახული. მაგრამ ამასთანავე სხეული როგორიღაც მყრალ ჩირქგროვასაც წარმოადგენს.

   ლორწოს წვეთიდან ნაყოფი ჩნდება და ის თანდათანობით ადამიანის სახეს იღებს. ბავშვს სუსტი და მყიფე სხეული აქვს; ადამიანის შვილი გაცილებით უსუსურია, ვიდრე ნებისმიერი ცხოველისა. როგორც კი წამოიზრდება ადამიანი, სხეულში ვნებები იღვიძებენ. ხშირად სხეული სულს იმონებს და ადამიანი თავის თავს მთლიანად აიგივებს მასთან. სული ხორცს იმდენადაა დამორჩილებული, რომ დროთა განმავლობაში ადამიანი თვლის, რომ სული, როგორც ასეთი, არ არსებობს, რომ ის მხოლოდ სხეულის ფუნქცია - ტვინის უჯრედებისა და ბოჭკოების ფუნქციაა.

   შემდგომ, წლებთან ერთად, სხეული ბერდება, ძველდება ნახმარი სამოსივით. დგება სიბერე და სული ადამიანის სამსახურზე უარს ამბობს, ის მძიმე ტვირთი ხდება მისთვის, ხოლო არცთუ იშვიათად, ჯერ ისევ ახალგაზრდობაში, შესაძლოა მძიმედ დასნეულდეს და მაშინ ის საბრალო სანახავია. სნეულება სხეულს ერთგვარ შინაგან ფილტრს მოაშორებს და მისი ფორებიდან შხამი მოჟინავს, აფრქვევს სიმყრალეს, რომელსაც ის შეიცავს.

   სხეულით დამონებულ სულში ვნებები ბინადრობენ, მაგრამ მას მათი დაკმაყოფილება არ შეუძლია ისე, როგორც ისურვებდა, ანუ - სავსებით. ამიტომ მანკიერი ადამიანები სიბერეში, ჩვეულებრივ, ბოროტები და გაღიზიანებულები ხდებიან. მათ თავიანთი უძლურების გამო თითქოსდა შურისძიება სურთ ქვეყნიერებაზე. სიბერე - ეს ადამიანური ცხოვრების დასკვნების კეთებაა, მოსავალია, რომელსაც მეურნე შემოდგომაზე თავისი მინდვრიდან იღებს - ძნებში კი ყველაზე ხშირად თავთავის ნაცვლად სარეველაა.

   ბოლოს ყველასთვის გარდაუვალი სიკვდილი მოდის და ის, ვინც ქვეყანა და საკუთარ სხეულს იყო მიჯაჭვული, ხედავს, რომ მოტყუებულია, რომ დემონმა ბოროტად დასცინა. წუთისოფელზე მთლიანად მიჯაჭვული ადამიანებისათვის ეს საბოლოო მარცხია. ასეთ ადამიანებს ძლიერ უჭირთ დაჯერება იმისა, რომ მათთანაც მივა სიკვდილი, უჭირთ ჩახედონ მას თვალებში, წარმოიდგინონ, რომ მტვრად იქცევა მათი სხეული, ამიტომ თავის მოსატყუებლად მთელ ძალებს იკრებენ. არსებითად რომ ითქვას, მთელი საკაცობრიო ხელოვნება, ლიტერატურა, პოეზია - იგივე სიცრუეა, ის გვამზე გადაფარებული ოქროს ფარჩაა.

   არაფერია ისე ნაცნობი, როგორც სიკვდილი და არაფერია მასავით იდუმალი და უცნობი. ფაუსტმა სული ეშმაკს მიჰყიდა, რათა იმას წამი შეეჩერებინა, მისთვის უკვდავება მიეცა დედამიწაზე. ეშმაკმა მოატყუა ფაუსტი. ადამიანს ახლაც ასევე ავიწყდება, რომ დრო ყოფიერების უფსკრულიდან სიკვდილი უფსკრულისაკენ მიედინება, ის ამ დინებაშია და დინებას დაუოკებელი ძალით სამარისაკენ მიჰყავს იგი. არავის და არაფერს ძალუძს ამ ნაკადის შეჩერება. ადამიანს მთელი სამყაროს დაუფლებაც რომ შეძლებოდა, ის მაინც ვერ შეძლებდა დაებრუნებინა თუნდაც ერთი განვლილი წამი. თუ ადამიანმა დაივიწყა მარადისობა, სადაც იწყება ჭეშმარიტი ცხოვრება და მთელი ძალები თავის მიწიერ არსებობას შეელია, თუკი დაივიწყა სიკვდილი, მაშინ ის თვითმკვლელია: მან დაკარგა ღმერთი. მიწაზე კი არ არსებობს უკვდავება. სიკვდილის დოლაბი მას აუცილებლად ჩამოფქვავს.

   თუკი ადამიანი მარტოოდენ მიწიერი შთაბეჭდილებებით და გრძნობიერი ვნებებით ცხოვრობდა, თუკი მისი გონება, როგორც ციყვი ბორბალში, მხოლოდ მიწიერი საზრუნავის გარშემო ტრიალებდა, მაშინ მისი გამიწიერებული და ბრმა სული მარადისობის ნათლის აღქმას ვერ შეძლებს, ამიტომ სიკვდილი შემდეგ ის მეტაფიზიკურ წყვდიადში ჩაიძირება. ჩვენ ჩვენი სულის ხრწნილებაზე ვლაპარაკობთ, იმაზე, რომ საფლავში გვამი ჯოჯოხეთის სახეს წარმოადგენს, მაგრამ სულს რა დაემართა ცოდვით დაცემის შემდგომ? ჩვენი სული, სხეულის მსგავსად - ჩირქგროვაა. როგორც გვამში მატლები, ჩვენს სულშიც ვნებები ბუდობენ. ბავშვის სულში უკვე იმალება გუცნობიერებელი ცოდვა. უფრო მეტიც: ადამიანის სულს დაბადებიდანვე დაჰყვება პირველქმნილი ცოდვის შედეგები და ისინი ადამიანის, როგორც ორგანიზმისა და ინდივიდის ფორმირებაზე ზეგავლენას ახდენენ. (გაგრძელება...)

  

 

 

* ღირსი იოანე კიბისაღმწერელი, სინას მთის იღუმენი (წინამძღვარი). კიბე. სიტყვა-28, თავი 46 - რედ.

 

 

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)  

Xareba.net - ის რედაქცია  


უკან დაბრუნება