მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > იესო ქრისტეს ამაღლება - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 1)

იესო ქრისტეს ამაღლება - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 1)


31-05-2017, 00:02

 

   უფლის ამაღლება თორმეტ უდიდეს საეკლესიო დღესასწაულთა რიცხვში შედის. ქრისტიანული დღესასწაულები ოქროს ჯაჭვის რგოლებს ჰგავს - ისინი განუყრელადაა დაკავშირებული ერთიმეორესთან. აღდგომიდან მეორმოცე დღეს ეკლესია ზეიმობს ამაღლებას, ხოლო ამაღლებიდან მეათე დღეს - წმიდა სამების დღესასწაულს - საღმრთისმსახურო წლიური წრის დამაგვირგვინებელ აკორდს.

   ვიდრე უშუალოდ ამაღლების დღესასწაულზე ვისაუბრებდეთ, ვფიქრობთ, ჯეროვანია განვმარტოთ, რა მნიშვნელობა და აზრი აქვს ბიბლიურ და საეკლესიო სიმბოლიკას, როგორი კავშირი არსებობს საღმრთო ისტორიასა და საეკლესიო ლიტურგიკას შორის. რელიგიურ დღესასწაულში მონაწილეობა მხოლოდ წმინდა ისტორიულ მოვლენათა გახსენებას როდი ნიშნავს, არამედ მისტიკურად მათში ჩართვას და მათ სულიერ განცდასაც.

   სატაძრო მსახურების, მისი სახეებისა და რიტუალების, სიმბოლური წესების მეშვეობით ადამიანი ისტორიაში მომხდარი და საეკლესიო კალენდრის რიტმში განმეორბადი მოვლენების რეალური მონაწილე ხდება.

   უფლის ამაღლება, მისი ამქვეყნიური ცხოვრების დასრულება ქრისტიანულ დღესასწაულთა გვირგვიანია - ძე ღმრთისას თავის მარადიულ მყოფობაში დაბრუნების ხილული ფორმა. ამაღლება გვიხსნის, რომ ადამიანის სულიერ სრულყოფას საზღვარი არა აქვს.

   ამქვეყნიური ცხოვრების დროს ქრისტე დაემორჩილა დროსა და ისტორიას. იმავდროულად იგი ამ მცნებებზე მაღლა იდგა, ვითარცა მათი შემოქმედი და მეუფე. იესო ნაზარეველის ცხოვრება ქრიტიანისათვის არის არ მარტო ისტორიული წარსული, არამედ აქტუალური აწმყოც და უსასრულო მომავალიც. ქრისტიანულ დღესასწაულებზე ჩვენ ვეხებით მარადიულსა და დროებითს, მიწიერსა და ზეციურს. დღესასწაული არის სულიერი ეონის განცხადება დედამიწაზე, ტაძრის საკრალურ სივრცეში.

   ქრისტეს ამაღლებას ონტოლოგიური (ყოფიერებასთან დაკავშირებული), ზნეობრივი, სულიერი და ესქატოლოგიური (კაცობრიობის ისტორიის აღსასრულთან დაკავშირებული) მნიშვნელობა აქვს.

   მარკოზის სახარებაში აღწერილია იესო ქრისტეს ამაღლების დიდებული სურათი:

   აღდგომიდან მეორმოცე დღეს მაცხოვარი უკანასკნელად გამოეცხადა მოციულებს და იერუსალიმიდან ზეთისხილის მთაზე წაიყვანა. გზაზე საუბრისას მან უბრძანა მოწაფეებს, არსად წასულიყვნენ იერუსალიმიდან სულიწმიდის გარდამოსვლამდე. მთაზე რომ ავიდნენ, იესომ აკურთხა მოციქულები და ამაღლდა ზეცად, ღრუბელმა შეიწყნარა იგი. მოციქულების წინაშე წარმოდგა ანგელოზი, რომელმაც მათ გამოუცხადა: „ესე იესო, რომელი ამაღლდა თქუენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად" (საქმე 1. 11). უფალი ამაღლდა და დაჯდა „მარჯუენით მამისა".

   სახარების მხოლოდ წაკითხვა ცოტას ნიშნავს. საჭიროა მისი განსაკუთრებული ენის, სიმბოლიკისა და გამოსახვის სხვა საშუალებათა ცოდნაც. ეს სულ არ ნიშნვს იმას, რომ სიმბოლოების გამოყენება სახარებაში მოვლენებს განყენებულ, პირობით ალეგორიებად აქცევს.

   სახარება არის სიტყვა ჭეშმარიტებისა, მაგრამ ეს ჭეშმარიტება მრავალმხრივია და მრავლმნიშვნელოვანი. მიწიერში მოიაზრება ზეციური, ისტორიულში - მარადიული.

   სიმბოლო აზრს კი არ ცვლის, არამედ აღრმავებს მას და მოვლენათა საკრალურ მხარეს ხსნის.

   სახარება არის ღმრთეებრივი გონების განცხადება ადამიანური სიტყვის მეშვეობით, განცხადება სულიერი სამყაროს, მარადიული სიცოცხლის, ადამიანის სულის ღმერთთან კავშირის, მყოფობის უმაღლესი, ფენომენოლოგიის ფარგლებს მიღმა არსებული რეალობისა. სახარება გვიხსნის იმას, რაც სენსორული აღქმისა, თუ ლოგიკური ანალიზის საგანი არ არის. სული მას აღიქვამს მასში მისტიკურად ჩართვას, სულიერ არსებათა, საღმრთო ენერგიის, ზელოგიკური კატეგორიების სამყაროში ინტუიციური წვდომის გზით.

   ამიტომაც იყენებს წმინდა წერილი სიმბოლოს: ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ ნაცნობს, ჩვეულებრივსა და ხილულს, სიმბოლო მეშვეობით ჩვენი გონებით ავმაღლდეთ ყოველივე ამაზე და მივწვდეთ უცნობს, იდუმალსა და უხილავს.

   ბიბლიური სიმბოლო ადამიანის ინტელექტუალურ შესაძლებლობებსა და ღმრთაებრივ გნოსისს შორის არსებული სულიერი რგოლია. როდესაც ხელში ვიღებთ ბიბლიას, დიდი საიდუმლოს წინაშე ვდგებით. ამ საიდუმლოს უდიდესი მოწიწებით უნდა ვეხებოდეთ.

   ორმოცი დღე გავიდა აღდგომიდან ამაღლებამდე, ორმოცი დღის განმავლობაში იმყოფებოდა იესო თავის მოწაფეებთან, ასწავლიდა მათ, იოანე ოქროპირის სიტყვით, „ზეცათა სასუფევლის საიდუმლოებას". ქრისტეს აღდგომამდე ეს საიდუმლო მათთვის გაუგებარი და მიუწვდომელი იქნებოდა.

   რიცხვი „ორმოცი" სულიერი გამოცდის დროისა და ამქვეყნიური ცხოვრების სიმბოლოა. ორმოცი წლის განმავლობაში მიჰყავდა მოსეს თავისი ხალხი აღთქმული მიწიკენ. ორმოცი დღე იმარხულა იესო ქრისტემ, ვიდრე სასუფეველი სახარების ქადაგებას შეუდგებოდა. ორმოც დღეს იმყოფებოდა იგი მიწაზე ჯვარცმის შემდეგ, ეცხადებოდა თავის მოწაფეებსა და მოციულებს, მათ საღმრთო მადლის მითებისა და სახარების ქადაგებისათვის ამზადებდა. (გაგრძელება...)

   


არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება