მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > სულთმოფენა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 2)

სულთმოფენა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 2)


28-05-2018, 00:02

სულთმოფენა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 2)

 

   არსებობს კიდევ ვნებიანი ექსტაზის მდგომარეობა (ხელოვნური ნერვულ - ფსიქიკური ეგზალტაცია), რაც ზოგიერთ სექტასა და საკროებულოში სიყვარულად საღდება, მაგრამ მის შესახებ მე უბრალოდ, არ მსურს აქ საუბარი.

   ისტორიის უდიდესი საოცრება და აუხსნელი ფენომენი იყო თვით მოციქულთა ქადაგება. ქრისტეს თავის მოწაფეებად ბრძენები და ფილოსოფოსები, ელინისტური და იუდაისტური სამყაროს ინტელექტუალები რომ აერჩია, შეიძლებოდა ეფიქრათ, რომ მათ თავიანთი გენიალურობით, ბრწყინვალე მჭევრმეტყველებითა და ფილოსოფიური აღკაზმულობით გაავრცელეს და დაამყარეს ქრისტიანობა მსოფლიოს ხალხებში. მაგრამ მოციქულები ხომ უბრალო მეთევზეები, მიწათმოქმედები და ხელოსნები იყვნენ, რომლებიც არაფრით გამოირჩეოდნენ თავიანთი წრის ხალხისგან. არა მათი მქადაგებლური ნიჭი, არამედ საღმრთო ძალა ხელმწიფებით იზიდავდა ადამიანთა გულებს ქრისტეს სწავლებისაკენ.

   ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ საბრძოლო ბანაკად იდგა რომის იმპერია. მისი ბრწყინვალე ინტელექტური ძალები, წარმართული რელიგიები და ოკულტური სისტემები მათი მიმზიდველი მისტერიებით, ძლიერი და მოქნილი ადმინისტრაციული აპარატი, შეუმუსრავი რომაული ლეგიონები - კერპთაყვანისმცემლობის მთელმა სამყარომ გააერთიანა თავისი ძალები ეკლესიასთან ბრძოლაში, თავს დაატყდა მას მთელი თავისი სიმძიმით; ქრისტიანთა დევნულების ცეცხლი დაანთო სამ კონტინენტზე, იმპერიის მიწა დატბორა მოწამეთა სისხლით, როგორც წვიმით, და ამ ბრძოლაში თვითონვე დაეცა სასიკვდილოდ განგმირული. ეკლესიამ სულიერი გამარჯვება მოიპოვა და სისხლიანი დევნულებიდან გამოვიდა კიდევ უფრო განათლებული, კიდევ უფრო გაბრწყინებული თავისი სულიერი სიმშვენიერით.

   სულიწმიდის ძალით აღჭურვილმა მოციქულებმა სახარება, ანუ სასიხარულო ამბავი ქვეყნიერების კიდით კიდემდე იქადაგეს და ანტიკური სამყაროს ყველაზე უფრო შორეულ ქვეყნებსა და მხარეებშიც გაავრცელეს. ისინი აფუძნებდნენ ქრისტიანულ საკრებულოებს, ხელთდაასხამდნენ ეპისკოპოსებსა და პრესვიტერებს, დედობრივი მზრუნველობითა და მამობრივი სიმკაცრით ადევნებდნენ თვალყურს ახლად დაფუძნებული ეკლესიების ცხოვრებას, გეგონება მათ თავიანთი გულით ატარებენო.

   მოციქულთა ქადაგებამ თითქოს ფრთებით გადაუქროლა საჰარის გავარვარებულ ქვიშებს, თოვლიან სკვითიას, დასავლეთით ალბიონის მოქურუხებულ კლდეებამდე მიაღწია, ხოლო აღმოსავლეთით - არაბეთის ზეგნებსა და ინდოეთის ოკეანის კუნძულებამდე. მოციქულები თავიანთი ქადაგების ჭეშმარიტებას საღმრთო ძალის გამოვლინებებითა და საკვირველი სიყვარულით მოწმებდნენ, ხოლო თავიანთი ცხოვრების ღვაწლი მოწამეობით - სისხლით დაბეჭდილი მოწმობით აღასრულეს.

   სულთმოფენის დღეს სადღესასწაულო ღმრთისმსახურება სულიწმიდის მიმართ ლოცვის გალობით იწყება: „მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო..." ღმერთი ჩვენი მეუფეა და ყოვლისმპყრობელი. ის ზეცის სამყაროს, ნათლით შემოსილი ანგელოზების სამყაროს მეუფეა და როდესაც ადამიანის სულში განეფინება სუფევით, მას ზეცად აქცევს.

   ქრისტიანი თავს „უფლის მონას" უწოდებს. ზოგიერთი ადამიანისთვის ეს სიტყვები შოკისმომგვრელია. ზოგიერთი მას სამწუხარო არქაიზმად, „თავისუფლება და ადამიანის ღირსება" - ამ სიტყვების საწინააღმდეგო ცნებად მიიჩნევს. მცირედ გადავუხვევ თემიდან და ძველი ცნობილი ფილოსოფოსის - სოკრატეს ცხოვრებიდან ერთ მაგალითს მოვიყვან. ერთხელ სოკრატეს მოწაფეები ეწვივნენ დაბადების დღის მისალოცად. ყველამ საჩუქარი მიართვა, ვისაც რა შეეძლო. ერთი ახალგაზრდა სულ ბოლოს მივიდა სოკრატესთან და უთხრა: „მე ღატაკი ვარ, არაფერი მაქვს, ამიტომ გიძღვნი იმ ერთადერთს, რაც გამაჩნია - საკუთარ თავს შენს სრულ განმგებლობაში". სოკრატემ მიუგო: „შენი საჩუქარი ჩემთვის ყველა სხვა საჩუქარზე ძვირფასია. მე ვიღებ მას, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ გასწავლო და შენი თავი შენვე დაგიბრუნო, ოღონდ უკვე გაუმჯობესებული, განახლებული სახით".

   ღვთის მორჩილებაში ადამიანი თავისუფლდება ვნებებისა და ცოდვების მონობისაგან - ყველაზე სამარცხვინო, ყველაზე სასტიკი ტირანიისგან. იგი იძენს ზნეობრივ ძალას იმისთვის, რომ სინდისიერად იცხოვროს.

   ჩვენ ღვთის მონები ვართ, მაგრამ ღმერთი მონათმფლობელი არ არის. პირიქით, ის ჩვენს გულებში შემოდის, როგორც განმათავისუფლებელი, როგორც სიცოცხლე და ნათელი.

   ქრისტიანობას დეკლარაციულად არ გაუუქმებია მონობა, მაგრამ მან მისი ფესვები მოსპო. ანტიკური სამყარო თავისი ყველაზე ცნობილი წარმომადგენლების - პლატონისა და არისტოტელეს სახით, მონობას სახელმწიფოს აუცილებელ ინსტრუმენტად და სოციალური ცხოვრების ბუნებრივ ფორმად მიიჩნევდა. ქრისტეს სწავლებით, მონათმფლობელისა და მონის ღირსებები თანაბრად გამოცხადდა და ამით მორალური გამართლება დაკარგა მონობამ. ისტორიულად მონობა შემდგომშიც არსებობდა, მაგრამ უკვე როგორც საზოგადოებრივ ურთიერთობათა მახინჯი ფორმა, როგორც ავადმყოფური წანაზარდი კაცობრიობის სხეულზე. ქრისტიანობამ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა მონობას და თუ ეს განაჩენი მაშინვე არ იქნა გაცნობიერებული და სისრულეში მოყვანილი, ეს მისი ბრალი არ არის.

   სულიწმიდას „ნუგეშინის მცემელი" ეწოდება. ყველა ადამიანს სწყურია ბედნიერება, მაგრამ ყოველ მათგანს თავისებურად ესმის ის და თავისებურად ეძებს მას. მეტწილად ბედნიერებას გარეგანსა და წარმავალში, უსიცოცხლო მატერიაში ეძებენ - იქ, სადაც ის არ არის. ამიტომაც არიან ადამიანები უბედურები, ხოლო კაცობრიობის ისტორია - ტრაგიკული. ადამიანი ცდილობს ბედნიერება მოიპოვოს თავისი სურვილებისა და ხან უხეში, ხან კი დახვეწილი და პოეტიზირებული ვნებების დაკმაყოფილებით. მაგრამ სული, როგორც კი მიაღწევს საწადელს, განიხიბლება და სიცარიელეს გრძნობს. „ეს ის არ არის, რასაც ველოდი", - ამბობს იგი. მხოლოდ ღმერთს, ადამიანის შემქმნელს, ძალუძს თავისი სულით ამოავსოს მისი გულის უფსკრული და თავისი მშვიდობა მიმადლოს მას.

   აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს სულიწმიდის მიერ დაფუძნდა ქრისტიანული ეკლესია. ძველი და ახალი თეოსოფები ამბობენ, რომ ქრისტიანობა ღმერთთან აღსავალი ერთ-ერთი გზაა. მაგრამ ქრისტემ თქვა: „არა ვინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ" (იოანე. 14. 6).

   სხვა რელიგიებში არის მიმზიდველი მისტერიები, აზრის ფერიული ბრწყინვალება, სხვაგვარ სიმაღლეთა და სიღრმეთა მოჩვენებები; მათში ისეთი გამოთქმების დაძებნაც შეიძლება, ვერბალურად სახარების აზრებს რომ ჰგავს (უფრო ხშირდ - სახარებიდან ნასესხები), მაგრამ მათში არ არის ქრისტე - ღმრთეებრივი ლოგოსი და ჭეშმარიტების სული, რომლის ქმედებით ადამიანი ღმერთს ემსგავსება.

   სულთმოფენა არა მარტო საწყისია ეკლესიისა, არამედ - მისი სამარადისო, მოუკლებელი მყოფობა, ეკლესიაში სულიწმიდის გარდამოსვლა და მორწმუნეთა განწმენდა ლოცვებსა და საიდუმლოებებში.

   სულთმოფენის დღეს უფალმა ეკლესია დააფუძნა დედამიწაზე, რათა სულიწმიდის მადლით სახეცვლილი ადამიანის სული ღვთის საკვირველი, მშვენიერი ტაძარი იყოს უკუნისამდე.

   



არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება