მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > უფლის საშინელი განსჯა (გასამართლება) - ღირსი იუსტინე პოპოვიჩი

უფლის საშინელი განსჯა (გასამართლება) - ღირსი იუსტინე პოპოვიჩი


3-05-2024, 15:09

 

 

 

 

საუბარი დიდ პარასკევთან დაკავშირებით

   

   ღვთის ხატება ადამიანში არასდროს ყოფილა ისე დაკნინებული, საყვარელო ძმაო, როგორც დღეს, არასდროს ყოფილა ღმერთი ისე დამცირებული, როგორც დღეს. დღეს ეშმაკი ჩასახლდა ადამიანში, რათა განხორციელებული ღმერთკაცი განყოს. დღეს მთელმა ბოროტებამ ადამიანის სხეულში მოიყარა თავი, რათა ღმერთი განაგდოს. დღეს მთელი ჯოჯოხეთი დედამიწაზე გადმოსახლდა; ნუთუ ვინმეს ახსოვს, რომ ოდესღაც დედამიწაზე სამოთხე იყო? ადამიანის დღევანდელი დაცემა გაცილებით დიდია, ვიდრე პირველი. მაშინ ადამიანი ღმერთს დაშორდა, დღეს კი მან ჯვარს აცვა ღმერთი, ღმერთი მოკლა. ადამიანო, რა გქვია შენ, თუ არა ეშმაკი? მაგრამ რას ვამბობთ? ეს ხომ ეშმაკის ცილისწამებაა. ეშმაკი არასდროს ყოფილა ასე ბოროტი, ასე ოსტატურად ბოროტი, როგორც ადამიანია. უფალი იესო ქრისტე ჯოჯოხეთშიც ჩავიდა, მაგრამ იქ იგი ჯვარზე არ გაუკრავთ. ჩვენ კი ჯვარს ვაცვით! განა ადამიანები ეშმაკზე უარესნი არა ვართ, განა დედამიწა ჯოჯოხეთზე ცეცხლშეგზნებული არაა? ჯოჯოხეთიდან ქრისტე არ განუდევნიათ, დღეს კი ის ადამიანებმა დედამიწიდან გააძევეს, თავისი სხეულიდან, თავისი გულიდან, თავისი ქალაქიდან გააგდეს...

   გულზე გველივით შემომხვევია, ძმებო, ერთი ბოროტი კითხვა და ნიშნისმოგებით მეუბნება: ნუთუ ოდესღაც ადამიანი კეთილი იყო, თუკი მან შესძლო ქრისტეს ჯვარცმა? შენ გჯერა ადამიანის, ამაყობ მისით, ოპტიმისტი ხარ? ოჰ, შეხედე ადამიანს, შეხედე კაცობრიობას დიდი პარასკევის მწვერვალიდან, შეხედე ადამიანს, რომელმაც ღმერთკაცი მოკლა, და თქვი: შენ ახლაც ოპტიმისტი ხარ? ნუთუ არ გრცხვენია, რომ ადამიანი ხარ? ნუთუ ვერ ხედავ, რომ ადამიანი ეშმაკზე უარესია?

   დაივიწყეთ ყველა დღე დიდ პარასკევამდე და დიდი პარასკევის შემდეგ; შეხედეთ ადამიანს დიდი პარასკევის მიჯნიდან. ხომ არ არის ის ყოველგვარი ბოროტების მწვერვალი, ყოველგვარი დაბრკოლების ასპარეზი, ყოვლგვარი სისაძაგლის თავმოყრა? ჭკუაზე ხომ არ შეშალა ადამიანმა დედამიწა? ხომ არ დაამტკიცა დღეს ღმერთკაცის მკვლელმა ადამიანმა, რომ ის ჭეშმარიტად დედამიწის შეშლილობას გამოხატავს?

   თვით საშინელი სამსჯავროც კი, ძმებო, არ იქნება დიდ პარასკევზე საშინელი. არა, ის უეჭველად ნაკლებად საშინელი იქნება, რამეთუ მაშინ უფალი იქნება მსჯავრმდებელი, დღეს კი ადამიანი სჯის ღმერთს. დღეს ხდება ღმერთის საშინელი განსჯა, მას სჯის კაცობრიობა. დღეს ადამიანი აფასებს ღმერთს, აფასებს მას ოცდაათ ვერცხლად, ქრისტეს - ოცდაათ ვერცხლად. ნუთუ ეს არის ბოლო შეფასება? ნუთუ იუდა ჩვენი საბოლოო სიტყვაა ქრისტეს შესახებ?

   დღეს კაცობრიობამ ღმერთს სიკვდილი მიუსაჯა. ცისა და მიწის ისტორიაში ესაა უდიდესი ამბოხება. ცისა და მიწის ისტორიაში ესაა უდიდესი ცოდვა. ასეთი რამ არ ჩაუდენიათ თვით დაცემულ ანგელოზებსაც კი. დღეს მოხდა ღმერთის საშინელი განსჯა... სამყაროს არასდროს უხილავს ასეთი უმანკო განსასჯელი და ასეთი საშინელი მსაჯული: არასდროს დაუცინიათ ღმერთისთვის ასე საშინლად. მოხარხარე ჯოჯოხეთი ჩასახლდა დღეს ადამიანში და დასცინა ღმერთსა და ყოველივე ღვთაებრივს. დღეს დასცინეს მას, ვისაც არასდროს გაუცინია. ამბობენ, რომ უფალი იესო არასდროს იცინოდა, პირიქით, ხშირად ხედავდნენ მას მტირალს. დღეს დაამცირეს ის, ვინც მოვიდა ჩვენს განსადიდებლად; დღეს ვტანჯავთ მას, ვინც მოვიდა ტანჯვისაგან ჩვენს განსათავისუფლებლად; დღეს სიკვდილს ვანიჭებთ მას, ვინც მარადიული ცხოვრება მოგვიძღვნა. ადამიანო, აქვს თუ არა საზღვარი შენს უგუნურებას? აქვს კი საზღვარი შენს დაცემულობას?

   ჯვარი, სამარცხვინო საჩუქარი, მივუძღვანეთ მას, ვინც მარადიული დიდება მოგვანიჭა. კეთროვანო, შენ მან კეთრისაგან განგწმინდა, ნუთუ ამის სანაცვლოდ შენ მას ჯვარს უძღვნი? ბრმავ, შენ მან თვალი აგიხილა, ნუთუ იმისთვის, რომ ჯვარი გეხილა და ის მასზე გაგეკრა? მკვდარო, შენ ცხედრისაგან აღგადგინა, ნუთუ იმისთვის, რომ შენს სამარეში ის ჩაგესვენებინა? უტკბილესმა იესომ კეთილი უწყებებით დაატკბო ჩვენი ცხოვრების მწარე საიდუმლო, ძმებო, რომელი ერთისათვის ვანიჭებთ მას ამგვარ სიმწარეს?

   „ჩემო ხალხო, რა დაგიშავეთ? განა იუდა არ აღვავსე სასწაულებით? განა არ აღვადგენდი მკვდარს ერთი სიტყვით? განა არ ვკურნავდი ყოვლგვარ ავადმყოფობასა და სნეულებას?.. თქვენ კი რას მომაგებთ? მკურნალობისათვის წყლულები მომანიჭეთ, სიცოცხლის სანაცვლოდ მკლავთ და ხის ჯვარზე მაკრავთ..."

   დიდი პარასკევი არის, ძმებო, ჩვენი სირცხვილიც, თავის მოჭრაც და თავს ლაფის დასხმაც. იუდა ისკარიოტელში მეტ-ნაკლებად იყო თითოეული ადამიანის სულის ნაწილი. ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ ჩვენ უცოდველნი ვიქნებოდით. იუდას გამო ყველა ჩვენგანი დაეცა; ყველა ჩვენგანმა გასცა ქრისტე; ყველა ჩვენგანმა გასცა ქრისტე და ეშმაკის თანაზიარი გახდა, სატანა შევიწყნარეთ. დიახ, სატანა, რამეთუ წმინდა სახარებაში ნათქვამია: „შემდგომად მიღებისა იუდასა პურისა მის, შევიდა მისა ეშმაკი" (იოანე 13, 28). რომელი პურის შემდეგ? იმ პურის მიღების შემდეგ, რომელიც მას ქრისტემ უბოძა, ზიარების შემდეგ, ქრისტეს შემდეგ. ოჰ, არსებობს კიდევ უფრო დიდი დაცემა, უფრო დიდი საშინელება?

   ვერცხლისმოყვარეობავ, შენ გაეცი უფალი იესო ქრისტე! ვერცხლისმოყვარეობავ, შენ დღესაც ხშირად გასცემ მას. იუდა, რომელიც ქრისტეს მოწაფე იყო, რომელიც ქრისტეს ყველა სასწაულს ესწრებოდა, რომელიც ქრისტეს სახელით კეთროვნებს განწმენდდა, ავადმყოფებს კურნავდა, მკვდრებს აღადგენდა, არაწმინდა სულებს განაგდებდა - ეს იუდა ვერცხლისმოყვარეობამ აქცია გამცემლად და ქრისტეს მკვლელად; მაშინ მე და შენ როგორღა არ გვაქცევს გამცემლებად და ქრისტეს მკვლელებად, მე, რომელსაც არ მიხილავს განკაცებული ღმერთი, რომელსაც არც კეთროვანი განმიწმინდავს, არც ავადმყოფები განმიკურნავს, არც მკვდრები აღმიდგენია იესოს სახელით? იუდა დიდი ხნის მანძილზე იყო მასთან, ვისაც ადგილი არ ჰქონდა, რომ თავი მიედრიკა, რომელიც საქმით და სიტყვით ასწავლიდა, რომ არც ვერცხლი და არც ოქრო არ ეტარებიათ. ხოლო მე? ხოლო შენ? თუკი არ ძალგიძს, ძმაო, უპოვარებისას იყო ბედნიერი, თუკი არ შეგიძლია, სიღარიბით იყო კმაყოფილი, იცოდე, რომ იუდობის კანდიდატი ხარ. ნუ იკითხავ: ნუთუ მე, უფალო? რამეთუ აუცილებლად მიიღებ პასუხად: დიახ, შენ თავად სთქვი. თუკი ესწრაფვი სიმდიდრეს, თუკი აღენთები ფულის წყურვილით, იცოდე, რომ შენში იუდა იღვიძებს. ძმაო და მეგობარო, სამუდამოდ დაიმახსოვრე: ვერცხლისმოყვარეობამ ჯვარს აცვა ქრისტე, მოკლა ღმერთი. ვერცხლისმოყვარეობამ ქრისტეს მოწაფე ქრისტეს მტრად, ქრისტეს მკვლელად აქცია. მაგრამ ამასაც არ დასჯერდა: მან თავად იუდაც მოკლა. ვერცხლისმოყვარეობას აქვს ის წყეული თვისება, რომ ადამიანს არა მარტო ქრისტეს მკვლელად, არამედ თვითმკვლელადაც აქცევს. ჯერ ის ადამიანის სულში კლავს ღმერთს, ხოლო, როცა ღმერთს მოკლავს ადამიანში, შემდეგ თვით ადამიანსაც კლავს.

   სიკვდილი საშინელი საიდუმლოა, ძმაო, მაგრამ უფრო დიდი საშინელებაა, როცა ადამიანები ღმერთს უსჯიანს სიკვდილს და როცა სურთ მისი ყოველნაირი მოკვლა, სრულიად განადგურება, როცა სურთ, რომ ის სავსებით მკვდარი იყოს, ისე რომ მისგან აღარაფერი დარჩეს. დღეს ის დღეა, როცა ადამიანები ღმერთზე უფრო სასტიკნი არიან, რამეთუ ისე აწამებენ ღმერთს, როგორს მას არასდროს არავინ უწამებია; რამეთუ აფურთხებენ ღმერთს, მას კი არასდროს არავისთვის შეუფურთხებია; რამეთუ ურტყამენ ღმერთს, როცა მას არასდროს არავისთვის დაურტყამს. დაე, დადუმდეს ყველა, ვისაც ადამიანის სახელი ჰქვია! დუმდეს ყოველი ადამიანი! დაე, ნურავინ იამაყებს ადამიანობით, ნურავინ იამაყებს კაცობრიობით, რადგან დახეთ: კაცობრიობა თავის გულში ვერ გუობს ღმერთს, ის კლავს ღმერთს. განა შეიძლება იამაყო ასეთი კაცობრიობით! დაე, ნურავინ დაიკვეხნის ჰუმანიზმს! ოჰ, ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ სატანიზმია, სატანიზმი, სატანიზმი...

   დღეს არც ეშმაკებს, არც ცხოველებს, არც ტურებს დაუწნავთ ეკლის გვირგვინი და არ დაუდგამთ ქრისტესთვის თავზე, ეს გააკეთეს ადამიანებმა. ეკლის გვირგინით შეამკეს ის, ვინც ადამიანი შეამკო უკვდავებით. კაცობრიობამ ეკლის გვირგვინი დაადგა თავზე მას, ვინც დედამიწას ვარსკვლავების გვირგვინი დაადგა! ეკლის გვირგვინს ვადგამთ, მეგობარო, ქრისტეს მეც, შენც, თუკი ვერცხლისმოყვარენი ვართ, თუკი ვჭორაობთ, თუკი ვლოთობთ, თუკი არა ვართ გულმოწყალენი, თუკი ვართ მრისხანენი, თუკი ცოდვილი აზრები გვიტრიალებს თავში, თუკი არაწმინდა ზრახვები გვაქვს, თუკი არა გვაქვს რწმენა და სიყვარული. თითოეული ჩემი და თქვენი ცოდვა ეკალია და იმ ეკლის გვირგვინს ვამატებთ, რომელსაც კაცობრიობა დაუცხრომელად წნავს უფალ იესო ქრისტეს თავზე დასადგმელად.

   ღმერთის წამებისას ადამიანი არანაკლებ გულბოროტი აღმოჩნდა, ვიდრე ეშმაკი. თქვენ არ გჯერათ? მომისმინეთ, რას მოგვითხრობს თვითმხილველი: მაშინ მას სახეში აფურთხებდნენ: ოჰ, მას სახეში, მას საოცარსა და მომხიბვლელ თვალებში... ღმერთო, რატომ არ დადაღე კეთრით მათი ბაგენი და რატომ არ აქციე მათი ბაგები ჭრილობებად? იმიტომ ხომ არა, რომ ჩვენთვის მოთმინება და სიმდაბლე გესწავლებინა? აფურთხებდნენ ამ საოცარ, ამ კეთილ სახეს, რომელიც ყოველგვარ თანავარსკვლავედზე, ყოველგვარ ნეტარებაზე უფრო ძვირფასია. რას ვამბობ? დიახ, ყოველგვარ ნეტარებაზე ძვირფასია, რადგან ამ სათნო სახეზე მთელი ნეტარების სისრულე, მარადიული სიხარულის მთელი სისრულეა... აფურთხებდნენ იმ ნათელ სახეს, რომლის წინაშეც ზღვა მშვიდდებოდა და წყნარდებოდა; იმ სახეს, რომელიც ლმობიერს ხდიდა აბობოქრებულ სულებს და მათ სიმშვიდეს ანიჭებდა. და თქვენ ამაყობთ ადამიანით? ოჰ, ნუღარ დადიხართ თავაწეული, მატლო და არარაობავ! არაფერს, არაფერს არ უნდა რცხვენოდეს თავისი თავის ისე, როგორც ადამიანს: არც დემონებს, არც მხეცებს, არც ცხოველებს... ადამიანები ღმერთს აფურთხებენ - არის კი რაიმე ამაზე საშინელი? ადამიანები ურტყამენ ღმერთკაცს - არის კი რაიმე ამაზე სატანისტური? ძმებო, ჯოჯოხეთი რომ არ ყოფილიყო, ის უნდა გამოგონილიყო ადამიანებისთვის, მხოლოდ და მხოლოდ ადამიანებისთვის...

   მას, შემოქმედსა და ღმერთს, აფურთხებდნენ და სცემდნენ, ის კი სულგრძელებდა და დუმილით იტანდა ყოველივეს. შეძლებ კი თავის მართლებას შენ, როცა ყოველგვარ შეურაცხყოფას შეურაცხყოფით უპასუხებ? ყოველგვარ ბოროტებას - ბოროტებით? წყევლი მაშინ, როცა გწყევლიან და გძულს მაშინ, როცა ძულხარ? როცა ბოროტებას პასუხობ ბოროტებით, მაშინ უფალ იესო ქრისტეს აფურთხებ, როცა გძულს ის, ვისაც სძულხარ, ქრისტეს სცემ და ტანჯავ, როცა შეურაცხყოფას შეურაცხყოფით პასუხობ, უფალ იესო ქრისტეს ამცირებ, რადგან მას არასდროს ჩაუდენია ასეთი რამ.

   და თავმდაბალ უფალს პილატე ჯვარცმისთვის წირავს. ხალხი კი მას წამებაზე წამებას უმატებს, ტანჯვაზე - ტანჯვას, ლანძღვაზე - ლანძღვას. და გალანძღულ ღმერთს ჯვარზე აკრავენ, ჯვარზე აჭედებენ. ნუთუ ლურსმნებს გაუყრით ქრისტეს ხელებში, ხელებში, რომლებმაც ამდენი ავადმყოფი განკურნა? ამდენი კეთროვანი განწმინდა? ამდენი მკვდარი აღადგინა? ნუთუ დადუმდებიან ბაგენი, რომლებიც ისე საუბრობდნენ, როგორც არცერთ ადამიანს არ უსაუბრია? იაიროს, სადა ხარ? ლაზარე, სადა ხარ? ნაანის ქვრივო, სადა ხარ, რომ დაიცვა შენი და ჩემი ღმერთი? ნუთუ ჯვარს აცვამთ მას - უიმედოთა იმედს, წარუმატებელთა სასოებას, ბრმათა თვალისჩინს, ყრუთა ყურთასმენას, მკვდართა აღდგომას? ნუთუ ლურსმნებს ჩაარჭობთ ამ წმინდა ფეხებში, რომელთაც მშვიდობა მოიტანეს, რომელთაც გვახარეს, რომლებიც ისე დადიოდნენ ზღვაზე, როგორც ხმელეთზე, რომლებიც ისწრაფვოდნენ ყველა ავადმყოფისაკენ? მკვდარი ლაზარესაკენ? ღადარინელი ეშმაკეულისაკენ?

   უფალი ჯვარცმულია. კმაყოფილნი ხართ თუ არა ღვთისმბრძოლნო, დამშვიდდით თუ არა, ღვთისმკვლელნო? რას ფიქრობთ ჯვარზე მყოფი ქრისტეს შესახებ? მატყუარაა, უსუსური, მაცდური; თუკი ჭეშმარიტად ძე ღვთისა ხარ, ჩამოდი ჯვრიდან. აჰა, შენ, ტაძრის სამ დღეში აღმდგენელო, შენს თავს უშველე და ჩამოდი ჯვრიდან.

   ხოლო რას ფიქრობს ჯვარზე მყოფი უფალი ჯვრის ქვეშ მყოფ ხალხის შესახებ? ფიქრობს მხოლოდ იმას, რაც შეიძლება იფიქროს სიყვარულისა და სიმდაბლის ღმერთმა: მამაო, შეუნდე, რამეთუ არა იციან, თუ რასა იქმან! ჭეშმარიტად არ იციან, თუ რას უშვებიან განკაცებულ ღმერთს. განა ღმერთისათვის ხორცშესხმული ყოფნა უფრო ადვილი იყო, ვიდრე ჯვარზე ყოფნა? უფრო მძიმე იქნებოდა, მერწმუნეთ, თუკი მას ყოველთვის გვერდით ეყოლებოდა ნახევრად ეშმაკი. რადგან გაცილებით დიდი სხვაობაა ღმერთსა და ადამიანს შორის, ვიდრე ეშმაკსა და ადამიანს შორის, სიკვდილსა და ღმერთს შორის, ვიდრე სიკვდილსა და ადამიანს შორის. მაცხოვარი გრძნობდა ამ ტანჯვას: მისი წმინდა, უცოდველი ბუნება აღსდგა სიკვდილის წინააღმდეგ და ის, ხედავდა რა სიკვდილის გარდუვალობას, ჭმუნავდა და დრტვინავდა, გული ჩემი მწუხარე არს სიკვდილამდე.

   თუკი უფალი წუხს, თუკი უფალიც განიცდის სიკვდილის წინ, მაშინ მითხარით, ყოფილა რაიმე ადამიანისთვის სიკვდილზე უარესი? სიკვდილზე უფრო არაბუნებრივი? სიკვდილზე უფრო საშინელი? სიკვდილი ძნელია ღმერთისთვის და მით უფრო მძიმეა ის ადამიანისთვის. სიკვდილი ადამიანისთვის ყველაფერზე მეტად ძნელია, რადგან ის ყველაზე მეტად განაშორებს ადამიანს ღვთისაგან. ქრისტეს კაცურმა ბუნებამ იგრძნო ეს და ტკივილით აღიარა: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევე? - შეჰღაღადა ღმერთს მხოლოდშობილმა ძემ, მამის თანაარსმა, მამის განუყოფელმა ნაწილმა. ნუთუ ეს არ არის საუკეთესო დადასტურება, რომ სიკვდილი არის ძალა, რომელიც განგვაშორებს, გვწყვეტს, განგვყოფს ღმერთისაგან?

   ჯვარს აცვეს ღმერთი. მეტი რაღა გინდა, ადამიანო? რომ არ ყოფილიყო კეთილგონიერი ავაზაკი, ვერაფრით შეძლებდი თავის მართლებას. ის რომ არ ყოფილიყო, დედამიწა სამუდამოდ დარჩებოდა ჯოჯოხეთად. როცა ქრისტეს მიმართ ყველა მისი მოწაფე დაბრკოლდა, ავაზაკმა ის აღიარა როგორც ღმერთი და როგორც მეუფე: მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა. ავაზაკი ჩვენი იმედია, რამეთუ მან მაშინ აღიარა ქრისტე ღმერთად, როცა ყველამ დაკარგა მისი, როგორც ღმერთის იმედი, რამეთუ მან იესო მაშინ აღიარა ღმერთად, როცა იესო იყო გალანძღული, მასხრად აგდებული, ნაწამები, როცა ის გაცვლილი იქნა ბოროტმოქმედზე, მაშინ, როცა ისე საშინლად ეწამებოდა და იტანჯებოდა, როგორც უბრალო ადამიანი.

   მაგრამ იმ დროს, როცა ადამიანები ღმერთს აფურთხებდნენ, იმ დროს, როცა ადამიანები ღმერთს ჯვარზე აკრავენ, მთელი ბუნება წინ აღუდგება ყოველივე ამას: იყო ჟამი მეექუსე; და ბნელ იყო ყოველდა ქვეყანასა ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე... და ხმა-ჰყო ხმითა დიდითა იესო, და განუტევა სული და დაბნელდა მზე, და განიპო კრეტსაბმელი ტაძრისა მის შორის, და საფლავნი აღეხუნენ. და მრავალნი გუამნი შესვენებულთა წმიდათანი აღსდგეს (მათე 28, 45, 59-62).

   როცა ადამიანებმა დაამთავრეს ღმერთის დაცინვა და მიწყნარდნენ, მაშინ სამყარო ალაპარაკდა, ქვები ალაპარაკდნენ და უფრო მეტი თანაგრძნობა გამოხატეს ქრისტეს ტკივილის მიმართ, ვიდრე ადამიანებმა. მზეც კი ალაპარაკდა: დააბნელა ნათება მრისხანე მნათობმა ჩვენმა. სინათლეს შერცხვა იმისა, რაც ახარებდათ ადამიანებს. მკვდრებმა საფლავებში გაიგონეს ქრისტეს გმინვა და გაიღვიძეს, საფლავებიდან წამოდგნენ მაშინ, როცა ჯვრის ქვეშ იდგნენ ადამიანები, რომელთაც სხეულში ჰქონდათ მკვდარი სულები. „დღეს ტაძრის კრეტსაბმელი ორად გაიპო, რათა ემხილებინა უსჯულონი და მზემაც დაშალა თავისი სხივები, როცა იხილა ჯვარცმული უფალი".

   „ყოველი ქმნილება განიცდის, ყოველი", დიახ, ყველაფერი, ყველაფერი თანაუგრძნობდა ჯვარცმულ უფალს, ყველაფერი - ადამიანის გარდა. ჯერ კიდევ ჯვარზე მყოფ ქრისტეში შეიცნო ყოველგვარმა ქმნილებამ ღმერთი და აღიარა ის, როგორც ღმერთი. ქრისტემ ჯვარზე ყოფნისასაც გამოავლინა თავისი ღვთაებრიობა. რით? - თავისი მტრებისადმი ლოცვით: მამაო, შეუნდე, რამეთუ არა იციან, თუ რასა იქმან.

   ჭეშმარიტად, არ იციან ადამიანებმა, რას უკეთებენ ქრისტეს. ღვარძლიანი უვიცობით ადამიანებმა ქრისტე ჯვარზე აცვეს, მაგრამ დღესაც ღვარძლითვე ჯვარზე აკრავენ მას. რამეთუ უკეთუმცა ეცნა, არამცა უფალი იგი დიდებისა ჯუარს-ეცუა (1 კორ. 2, 8). სიმშვიდითა და სიმდაბლით შემოვიდა უფალი ამ წუთისოფელში. განა უდიდესი სიმდაბლე არ არის ის, რომ ღმერთი ადამიანად იქცევა, იმოსება ადამიანის სხეულით, რომელიც ხრწნადი არარობაა. სიმდაბლითა და სიმშვიდით განვიდა უფალი ამ წუთისოფლიდან; განვიდა მდაბალი, თავის მტანჯველთათვის მლოცველი. ადამიანები არ იცნობენ ქრისტეს, ამიტომ აძევებენ მას, არ იციან, თუ რაოდენ დიდია ის სიყვარული, ის სიმშვიდე, ის სიმდაბლე, როცა ღმერთი აძლევს ადამიანებს იმის უფლებას, რომ ის განსაჯონ, რომ ადამიანებმა მას აფურთხონ, რომ ადამიანებმა მას სცემონ და ბოლოს მოკლან.

   დღესაც საშინელია, ძმაო, ქრისტეს ხვედრი ამ წუთისოფელში. თოთოეული ჩვენი ცოდვა მისთვის დიდი პარასკევია. ჩემი ოთხი ცოდვა და უკვე ჯვარს ვაცვი უფალი იესო. ყოველი შენი ცოდვა, ძმაო, მისთვის გაცილებით დიდი ტანჯვაა, ვიდრე შენთვის და ჩემთვის. ცოდვებით ჩადენით, მას ჯვარზე აკრავ. თითოეული უწმინდური აზრი, თითოეული ავხორცული გულისთქმა ყვირის და ღრიალებს: ჯვარს აცვით, ჯვარს აცვით! განა მთელი ჩვენი ცხოვრება ამ წუთისოფელში იესო ქრისტესთვის დაუსრულებელი დიდი პარასკევი არ არის? თითოეული ჩემი ცოდვა სამსჭვალია, რომელსაც მდაბალი უფლის ხელებზე ვაჭედებ, თითოეული ჩემი ვნება ეკალია, მთელი ჩემი ვნებები ეკლის გვირგვინია, რომელსაც ქრისტეს ვადგამთ თავზე. ჩვენ ებრაელებზე უფრო საშინლად ვლანძღავთ ქრისტეს. ებრაელებს შეეძლოთ ნაკლებად ერწმუნებინათ ქრისტე, რადგან ის ჯერ კიდევ არ იყო მკვდრეთით აღმდგარი. ჩვენ კი, რომელთაც ქრისტე უკვე ოცი საუკუნეა მტკიცედ გვიმოწმებს თავის აღდგომას, ჩვენ დავცინით აღდგომილ ქრისტეს, ვაფურთხებთ აღდგომილ ქრისტეს, ხელახლა ჯვარზე ვაკრავთ ქრისტეს, მკვდრეთით აღმდგარ ქრისტეს. განა ქრისტეს ჯვარზე არ აკრავს ის მოძღვარი, რომელიც თავის სამწყსოს ქრისტესაგან განაშორებს თავისი ცხოვრებით? განა აღდგომილ ქრისტეს არ აწამებს, არ დასცინის ის პროფესორი და მასწავლებელი, რომელიც თავისი ღვთისმბრძოლური სწავლებით ღმერთს განდევნის თავის მოსწავლეთა სულებიდან? განა ქრისტეს არ არცხვენს, განა მას არ აფურთხებს თითოეული ქრისტიანი, რომელსაც მხოლოდ სახელად ჰქვია ქრისტიანი?

   ვაი, რომ დაუცხრომელად ვდევნით აღდგომილ ქრისტეს, როგორ, როგორ ვდევნით ჩვენ ქრისტეს, იტყვის ზოგიერთი, როცა ის ხორციელად არ არის ჩვენს გვერდით? როცა ვერ ვხედავთ მის სხეულს? ოჰ, ვდევნით ქრისტეს, ძმაო, როცა მის სულს ვდევნით, როცა მის სწავლებას ვდევნით, როცა მის წმიდანებს ვდევნით, როცა მის ეკლესიას ვდევნით. ქრისტეს ვდევნით მაშინ, როცა მათხოვარს ვდევნით, რადგან ქრისტე ის არის, ვინც მათხოვრის სახით გვთხოვს; ჩვენ ვდევნით ქრისტეს, როცა შიშველს არ ვმოსავთ, რამეთუ შიშველის სახით ქრისტეა შიშველი; ჩვენ ვდევნით ქრისტეს, როცა მშიერს არ ვაჭმევთ, რამეთუ მშიერის სახით ქრისტე გვეცხადება; ჩვენ ვდევნით ქრისტეს, როცა ავადმყოფს არ ვნახულობთ, რამეთუ უძლურის სახით ქრისტეა უძლური; თითოეული ტანჯულის სახით უფალი იესო იტანჯება; თითოეული მწუხარის სახით უფალი იესო ქრისტე წუხს. ადამიანებისადმი ღვთის განუზომელი სიყვარულის გამო ის განუწყვეტლივ გვევლინება ყველა მშიერის, ყველა ავადმყოფის, ყველა მწყურვალის, ყველა მწუხარის, ყველა უბედურის, ყველა მოძულებულის, ყველა გალანძღულის, ყველა დამცირებულის, ყველა შეურაცხყოფილის, ყველა შიშველის, ყველა დამცირებულის, ყველა დევნილის სახით. ის განუწყვეტლივ იმოსება ადამიანური სხეულით, მასთან ერთად იტანჯება, მასთან ერთად ეწამება, წუხს მის გამო. თავისი განუსაზღვრელი ლმობიერების გამო ის მუდამ მათთანაა დაკავშირებული: რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ (მათე 25, 45). ქრისტე ხორცშესხმულია თითოეული ქრისტიანის სახით. ყური უგდე რას ამბობს: საულ, საულ! რას მდევნი მე? (საქმე 8,4) რამეთუ, თუკი დევნი მას, ვისაც ჩემი სწამს, მე მაფურთხებ, თუკი აწამებ მას, ვისაც ჩემი სწამს, მე მაწამებ.

   არა მარტო უფალ იესო ქრისტესთვის, ძმაო, არამედ თითოეული ქრისტიანისთვისაც ამ წუთისოფლის ცხოვრება დაუსრულებელი დიდი პარასკევია. რაც უფრო მეტია შენში ქრისტე, მით უფრო მეტად ივნები. თუკი ქრისტესი ხარ, ჩათვალე შენი თავი მიწის მტვრად, რომელსაც ყველა ისე თელავს, როგორც თელავდნენ ქრისტეს. როცა გწყევლიან, დალოცე, როცა გცემენ, მიუტევე, როცა სძულხარ, გიყვარდეს. მოთმინებით დაამარცხე შენი მტანჯველნი, როგორც უფალმა დაამარცხა. ბოროტებას სიკეთით უპასუხე; იბრძოლე ისე, როგორც უფალი იესო ქრისტე იბრძოდა; ამპარტავნებას ებრძოლე სიმდაბლით, მრისხანებას ებრძოლე სიმშვიდით; სიძულვილს ებრძოლე სიყვარულით, შეურაცხყოფას ებრძოლე შენდობით; ცილისწამებას ებრძოლე ლოცვით. ეს არის გამარჯვების გზა, გზა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გაგვიკაფა უფალმა იესომ, მას ტანჯვით მივყავართ აღდგომამდე. ჩვენ ვადგავართ ამ გზას, ამ ერთადერთ გზას, რომელიც მთავრდება აღდგომით, თუკი ვლოცავთ მათ, ვინც ჩვენ გვწყევლის, თუკი სიკეთეს ვუკეთებთ მას, ვისაც ჩვენ ვძულვართ, თუკი ჩვენი მტრები გვიყვარს, თუკი არ ვრისხდებით, როცა შეურაცხგვყოფენ, თუკი ვლოცულობთ, როცა გვაგინებენ, თუკი ლოცვით ვიტანთ, როცა გვაფურთხებენ. ჩვენ ვადგავართ იმ გზას, რომელიც მთავრდება სიკვდილზე ტრიუმფალური გამარჯვებით, თუკი მაშინაც კი, როცა ჯვარზე გვაკრავენ, ქრისტეს მსგავსად, ვლოცულობთ ჩვენი მტანჯველებისათვის: მამაო, შეუნდე მათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან! ამინ.


 


 



Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება