მთავარი > იდეოლოგიური ცდომილებანი, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ფანატიზმის შესახებ - არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი (ნაწილი 2)

ფანატიზმის შესახებ - არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი (ნაწილი 2)


30-03-2018, 00:03

ფანატიზმის შესახებ - არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი (ნაწილი 2)

 

   კონსერვატიზმი ფანატიზმი არ არის. სიტყვა „კონსერვატიზმს" მხოლოდ უარყოფითი მნიშვნელობა როდი აქვს, როგორც ეს ხშირად ჰგონიათ, „კონსერვო" ლათინურად შენახვას ნიშნავს. მართლმადიდებელი ეკლესია, რომის კათოლიკური ეკლესიისაგან განსხვავებით, არ განიცდის ევოლუციას. მართლმადიდებლობა გვასწავლის, რომ დოგმატების სფეროში ევოლუცია არ არსებობს, რომ წმ. მამები და მსოფლიო საეკლესიო კრებები მხოლოდ წარმოაჩენდნენ იმ დოგმატებს, რომლებიც თავდაპირველად გამოცხადებაში არსებობდა. თვისობრივად მათ ახალი არაფერი შემოუტანიათ, მხოლოდ გამოავლინეს, გააცხადეს და განსაზღვრეს ყოველივე ის, რაც უკვე იყო. ევოლუცია არის მარტივიდან რთულისაკენ, დაბალიდან მაღლისკენ განვითარება. ევოლუციის პრინციპი დოგმატურ სფეროში ყოველთვის გულისხმობს, რომ მომავალში შესაძლებელია გაჩნდეს რაღაც ახალი სწავლებები, დოგმატები და გამოცხადებები, მაგრამ ეკლესია გვასწავლის, რომ ჩვენ სიღატაკიდან კი არა, სიმდიდრიდან მოვდივართ - მთელი სიმდიდრე უკვე გვიბოძა თავის მოძღვრებაში უფალმა იესო ქრისტემ, ეს თავდაპირველი სიმდიდრე ჯერ კიდევ პირველი საუკუნეების ეკლესიაში იყო ჩადებული. წმ. მამებმა და მსოფლიო კრებებმა კი ტიტანური, კოლოსალური სამუშაო ჩაატარეს. მაგრამ, რა სახის სამუშაო? მათ მოახდინეს ყოველივე იმის ფორმულირება, რაც წმ. გადმოცემასა და წმ. წერილში იყო მოცემული, ისე რომ მათში ახალი არაფერი შეუტანიათ, და ამ დოგმატებს უზადო სიტყვიერი ფორმა მისცეს. სწორ დოგმატურ ფორმულირებებს კი უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა მაშინ, როდესაც სხვადასხვა მართლმადიდებლურ დებულებათა არასწორი გაგების საფრთხე არსებობდა, ამიტომ ხშირად დოგმატური ფორმულირებების გაჩენის უშუალო საბაბი მწვალებლების მიერ წმ. წერილის მრუდე განმარტება ხდებოდა. მართლმადიდებელი ეკლესია გვასწავლის, რომ ქრისტიანული მოძღვრება არ ვითარდება - მასში არ შეიძლება არავითარი ახალი ელემენტის შეტანა, რადგანაც უფალმა ერთხელ და სამუდამოდ უკვე მოგვცა სრული ჭეშმარიტება; მან თავისი ქადაგების დასაწყისშივე გვიბოძა ღვთაებრივი ენერგიის სავსება და ამ ენერგიით იკვებება ეკლესია მთელი თავისი ისტორიის მანძილზე. ჩვენ ახლა იმაზე მეტო როდი ვიცით, ვიდრე ეკლესიამ ათასი წლის წინ იცოდა, თავის მხრივ არც იმ ათასი წლის წინანდელმა ეკლესიამ იცოდა მოციქულთა დროინდელ ეკლესიაზე მეტი. ეკლესია ყოველთვის თავისი თავის მსგავსია, მასში არ არსებობს არავითარი დამატებები, არსებობს მხოლოდ წარმოჩენა - სიმბოლოების წარმოჩენა, სახეების წარმოჩენა. თვითონ ღმრთისმეტყველება არის ეკლესიის მარადიული დოგმატების გადმოცემა თანამედროვე ადამიანისათვის გასაგებ ენაზე, მაგრამ ღმრთისმეტყველება ვერავითარ ახალ აღმოჩენას ვერ მოახდენს, როგორც ეს ფიზიკისა და ქიმიის სფეროში ხდება. მაშინაც კი, როდესაც „რელიგიურ პრობლემატიკაზე" ვლაპარაკობთ, ეს მთლად ზუსტი განსაზღვრება არ არის. ეკლესიაში არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს რაიმე „რელიგიური პრობლემატიკა", შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული სიძნლეების გაჩენა ზუტი სიტყვიერი ფორმულირებების ძებნისას, უკვე ცნობილი საეკლესიო ჭეშმარიტებების წარმოჩენის პროცესში, რადგან, როგორც ვთქვით, საეკლესიო ჭეშმარიტებები ეკლესიის სწავლების წარმოჩენაა, იმ სწავლებისა, რომელიც ყოველთვის არსებობდა. მაგალითად, XIV საუკუნეში მიმდინარეობდა ე.წ. პალამიტური კამათები, სადაც გრიგოლ პალამას ოპონენტები ამტკიცებდნენ, რომ პალამას ეკლესიაში ახალი დოგმატი შეჰქონდა ღმრთაებრივი არსისა და ღმრთაებრივი ენრგიების შესახებ. მაგრამ თუ პატრისტიკას გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ პალამიტები ჯერ კიდვ გრიგოლ პალამას დაბადებამდე კარგა ხნით ადრე ყოფილან წმ. სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი, წმ. გრიგოლ სინელი, წმ. მაკარი დიდი და სხვები, და რომ ეს მოძღვრება აღმოსავლეთის ეკლესიის მამების დროს არსებობდა. უკვე ბასილი დიდი გვასწავლიდა ღმრთაებრივ თვისებებსა და ღმრთაებრივ არსზე - მისი წიგნი „ევნომიოსის წინააღმდეგ" შეიცავს მოძღვრებას ღვთაებრივ ბუნებასა და ღვთაბრივ სახელებზე. წმ. გრიგოლ პალამამ მხოლოდ წარმოაჩინა მართლმადიდებლური სწავლება, რომელიც კონსტანტინოპოლის ორმა მსოფლიო კრებამ დაამტკიცა. მაგრამ ეს არ ყოფილა ქრისტიანული დოგმატიკის განვითარების ახალი საფეხური.

   პოზიცია, რომლის მიხედვითაც არ შეიძლება ურთიერთგამომრიცხველი ნებების შეერთება, რადგანაც მართლმადიდებლობა ჭეშმარიტების სავსებას იმარხავს და არ საჭიროებს გარედან შემოტანილ დამატებებს, ვერ ჩაითვლება ფანატიზმის გამოვლინებად. ამ ეკლესიის ისტორია, წმ. მამების მაგალითი, ასევე მსოფლიო და ადგილობრივი კრებების დადგენილებები, რომლებიც ეკლესიას არ გაუუქმებია და არც არასოდეს გააუქმებს: ეს თვით წმ. მართლმადიდებლობის გაუქმების ტოლფასი იქნებოდა. სხვა საკითხია, რამდენად არის შენარჩუნებული ჭეშმარიტება სხვა რელიგიებში, ან რამდენად არის დამახინჯებული ჭეშმარიტება ამა თუ იმ კონფესიაში? ვიმეორებთ, ეს სხვა საკითხია. პავლე მოციქული ამბობს, გარეშეებს ჩვენ არ განვიკითხავთო (კორ. 5. 12). ჩვენ ვიცით, რომ ცხონება მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაშია. რაც შეეხება სხვა რელიგიებისა და კონფესიების განსჯას, ეს ჩვენი საქმე არ არის. სხვა რელიგიების და კონფესიების გარეშენი არიან - გარეშეებს ჩვენ კი არა, ღმერთი განიკითხავს.

 

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება