მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > ეკლესიის ბრალმდებელი "მოშურნე ადამიანი"

ეკლესიის ბრალმდებელი "მოშურნე ადამიანი"


12-04-2018, 00:06

ეკლესიის ბრალმდებელი "მოშურნე ადამიანი"

 

 

   არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ თანამედროვე კაცობრიობის უმეტესობა განუდგა ღმერთს. ადამიანის ლექსიკაში სიტყვა „ღმერთის" გამოყენება, ძირითადად, ჩვევის ხასიათს ატარებს და არანაირი კავშირი არ აქვს ღვთაებრივ დიდებასთან, რწმენასთან და სათნო ცხოვრების წესთან. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. უღმრთო სულისკვეთებას ვაწყდებით ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და სამწუხაროდ, მდგომარეობა არ უმჯობესდება.

   გასული საუკუნისაგან განსხვავებით, როდესაც კომუნისტური წყობა ბობოქრობდა და ღვთის მიმართ, ძირითადად, ათეისტური იდეოლოგიის საშუალებებით ბრძოლობდნენ, დღეს სრულიად განსხვავებული სურათი გვაქვს. ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმართ ბრძოლის მეთოდები შეიცვალა. ამ ბრძოლას კი სათავეში, ჩვენდა სამწუხაროდ, „მორწმუნე ადამიანი" ჩაუდგა.

   მოსახლეობის უმეტესობას რომ ჰკითხოთ, სწამს ღმერთის თუ არა, დადებით პასუხს მიიღებთ. მათ შორის ისეთი ადამიანებისგანაც კი, რომელთა ცხოვრების წესი, პროპაგანდა და იდეოლოგია აშკარად ანტიეკლესიური და ანტიღვთაებრივია. ეს „მორწმუნე ადამიანები" წარმოადგენენ თანამედროვე საზოგადოების უმრავლესობას. მათი ცხოვრების წესი - არაეკლესიურია, შესაბამისად, ეკლესიურ საიდუმლოებებში მონაწილეობას არ ღებულობენ. გარდა ნათლობისა, რომელიც უფრო ტრადიციულ ხასიათს ატარებს. „მორწმუნე ადამიანის" მისდამი დამოკიდებულება დიდად არ განსხვავდება რიგითი ტრადიციული ადათ-წესის შესრულების რიტუალისაგან. ამის დასტური ის მარტივი ფაქტია, რომ გამოკითხულთა უმრავლესობამ არ იცის „მრწამსი", უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, არ იცის რისი სწამს მართლმადიდებელ ქრისტიანს. ასეთი „მორწმუნე ადამიანი", რომელმაც არ იცის რისი სწამს და არც აპირებს ისწავლოს, დღეს თამამად აცხადებს პრეტენზიას რწმენაზე, გამოთქვამს სურვილს ეკლესიის პრობლემების საზოგადოებრივ განხილვაზე, სასულიერო პირების გასამართლებაზე და ეკლესიის გაწმენდაზე.

   რა თქმა უნდა, მე შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ ეკლესიაში პრობლემა არ არსებობს და რიგ შემთხვევაში მათზე სათანადო რეაგირებაც უნდა მოხდეს საპატრიარქოს მხრიდან. მაგრამ ეს თანამედროვე „მორწმუნე ადამიანის" პრეროგატივა არ არის. განსაკუთრებით ტელეწამყვანების, ნიჰილისტი პოლიტიკოსების და სამოქალაქო საზოგადოების, რომელთა უმეტესობა უკვე ნახსენებ „მორწმუნე ადამიანებს" შეადგენენ.

   „მორწმუნე ადამიანო", რა გაქვს სათქმელი? ყალბი მოშურნეობით განმსჭვალულო, თითქოს სიყვარულით და ეკლესიის კეთილსაყოფად რომ ლანძღავ სასულიერო პირებს და ეკლესიის დამცველ ერისკაცებს. თავად თუ ცხოვრობ ღვთივ სათნოდ? სიყვარულს რომ გაიძახით, რაც უმაღლეს სათნოებად ითვლება ქრისტიანობაში, განა იღვაწეთ მისთვის? თუ თქვენი მდიდარი სექსუალური ცხოვრება გგონიათ სიყვარულის უმაღლესი გამოვლინება? სინამდვილეში ამ ფსევდო სიკეთის და სიყვარულის უკან ადამიანის მიმართ სიძულვილის სული იგრძნობა. წმინდა იოანე ოქროპირი მკაცრად ამხელს ამგვარ ფსევდო მოშურნეებს: „მათი სურვილია სათნომყოფელი ადამიანი განაშორონ სათნოებას, რათა ის მათნაირი გახდეს". და მართლაც, რა ხშირად შეგვინიშნია, რომ ეს „მორწმუნე ადამიანები" როგორ გამოხატავენ თავიანთ სიხარულს სასულიერო პირის ან ეკლესიური ადამიანის დაცემის (ცოდვის ჩადენის) შემთხვევაში. თითქოს ამით ისინი ღვთის წინაშე გამართლდნენ და ცოდვები მიეტევათ, თითქოს სათნოება შეიძინეს და აწი არაფერი აღარ აქვთ გამოსასწორებელი. სინამდვილეში, თავიანთი ცოდვების დაფარვის მიზნით და კომფორტული, ხშირ შემთხვევაში, აღვირახსნილი ცხოვრების „გასამართლებლად" გაიძახიან: - აი, ამიტომ არ მწამს ეკლესიის და მღვდლის. ეს არის ამ „მართალი" და „მორწმუნე ადამიანის" იდეოლოგია. მას რომ პასუხობ წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვებით: „თუ მღვდელი სწორად გმოძღვრავს, მის სიტყვებს უგდე ყური და ნუ იძიებ, თავად როგორ ცხოვრობს, ეს შენი კი არა, მისი საქმეა, ის თავად სცოდავს და თავადვე აგებს პასუხს. შენ კი, თუ მის მართალ სიტყვას ყურად იღებ, არ განიკითხები", ან, რომ ეკლესიაში მრავლად არიან პატიოსანი სასულიერო პირები, რომელნიც გასწავლიან ქრისტეს გზას და გიპასუხებენ კითხვებზე, - მათ არ აკმაყოფილებთ ეს პასუხი. არა იმიტომ, რომ არ სჯერათ. მათ მშვენივრად იციან, რომ მხოლოდ ეკლესიაშია ცხონება და გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს. არამედ ურჩევნიათ, ისაუბრონ ეკლესიაში მომხდარ ცუდ მაგალითებზე და გაამრავლონ ეს ინფორმაცია, რათა „გამართლდეს" მათი ცხოვრების წესი. ამავე დროს, იგივე „მორწმუნე ადამიანები" ერთ სიტყვას არ დაძრავენ იმ ათასობით კეთილ და თავდადებულ საქმეებზე, რომელთაც ყოველდღიურად სჩადიან ეკლესიის მსახურნი. ამიტომაც არის „მორწმუნე ადამიანების" ამგვარი ქმედება „ომი ღვთის წინააღმდეგ". მაშ მიპასუხე - რა გაქვს სათქმელი?

   ზოგ შემთხვევაში, სინდისისაგან მხილებული „მორწმუნე ადამიანი" მოდის ეკლესიაში და თითქოს მზადყოფნას აცხადებს იცხოვროს ეკლესიური ცხოვრებით. მაგრამ როდესაც იგებს, რომ ამისათვის ცოდვილი ცხოვრების წესის მიტოვებაა საჭირო და ვნებებთან ბრძოლა, ეს მას აღარ მოსწონს. შედეგად, ის ან უბრუნდება თავის ჩვეულ რიტმს, ან იწყებს იმ სასულიერო პირის ძებნას, რომელიც მას „გაუგებს", ცოდვილი ცხოვრების წესის შეცვლას არ მოთხოვს და მის მიმართ „შემწყნარებლური" დამოკიდებულება ექნება. სწორედ ამ დროს იჩენს თავს ლიბერალიზმი და მისი ერთგული ლიბერალ-მისიონერები, რომელთაც თამამად შეიძლება ვუწოდოთ ცრუმისიონერები. მათი ბაგეებიდან ვერ მოისმენთ მართლმადიდებლური სწავლების პრინციპულ დაცვას. ცოდვის თანაგრძნობა მათი გამორჩეული თვისებაა. წმინდა მღვდელმთავარი თეოფანე დაყუდებული ამხელდა ასეთ ადამიანებს: „ადამიანები, რომლებიც ვერ იაზრებენ ქრისტიანობაში მტკიცედ დგომის საკითხს და ქრისტიანისთვის აუცილებელ მისწრაფებას სრულყოფილებისაკენ, სხვისთვის სახიფათო და თავიანთთვის დამღუპველ შეცდომაში ვარდებიან: იმის ნაცვლად, რომ საკუთარი თავი ქრისტიანული სწავლებისამებრ განაახლონ, ისინი თვით ქრისტიანობის თავისი ნებისამებრ განახლებას, ქრისტიანობისადმი მორჩილებას კი არა, ქრისტიანობის საკუთარი შეხედულებისადმი მორგებას ცდილობენ. რჩებიან რა უცვლელნი ფიქრობენ, რომ წინ მიდიან და ქრისტიანულ წეს-ჩვეულებებსა და ეკლესიის კანონებში ცვლილებების შემოტანით სხვებსაც ხელს უმართავენ. ქრისტიანობა გადმოცემული სწავლების შენარჩუნებას მოითხოვს, ჩვენ კი ვაახლებთ და ვცვლით მას საკუთარი ნებისამებრ. ასე გამოდის, რომ არა საკუთარი თავის, არამედ ქრისტიანობის გამოსწორებას ვცდილობთ. ამით კი ჭეშმარიტი სრულყოფილების მიღწევის ყოველგვარი შესაძლებლობა გვერთმევა".

   დღეს, ადამიანმა ძალიან შეიყვარა ბიწიერი, კომფორტული ცხოვრება, ამა სოფლის სული, თავისი მომხიბვლელი საცდურებით, ფსევდო კულტურით. ამას მოჰყვა ძიება ისეთი რელიგიისა, რომელიც არ დაგვსჯის ცოდვების გამო, რომელიც მყისიერად, ღვაწლისა და შრომის გარეშე მოგვანიჭებს სიყვარულს, სიმშვიდეს, ბედნიერებას, ამქვეყნიურ სიხარულს. ამგვარი რელიგიის მქადაგებლებია თანამედროვე „მორწმუნე ადამიანები". პაისი ათონელმა შემდეგნაირად ახსნა მათი სიყალბე: „ადამიანებს სურთ სცოდონ და ჰყავდეთ კეთილი ღმერთი. ისეთი ღმერთი, რომელიც ყოველივეს შეგვინდობს, ჩვენ კი შეგვიძლია განვაგრძოთ ცოდვაში ყოფნა". XXI საუკუნის "მორწმუნე ადამიანი" კი უფრო შორს წავიდა. მას არ სსურს ცოდვების მიტოვება, ეკლესიური ლიტერატურის წაკითხვა, ეკლესიის ისტორიის და გამოცდილების ცოდნა და ამავე დროს ეკლესიის მხილება, გამოსწორება და მართალ გზაზე დაყენება სურთ.

   ბუნებრივია, ამგვარი ლიბერალური დამოკიდებულება შობს ისეთ „ქრისტიანობას", რომელშიც მართლმადიდებლური სწავლების საფუძვლები იგნორირებულია, ჭეშმარიტი სიყვარული კი სახეცვლილი, პროფანაციული სიყვარულითაა ჩანაცვლებული. ამდენად, ლიბერალური იდეოლოგიის ნიადაგზე ჩამოყალიბდა თანამედროვე „მორწმუნე ადამიანი", რომელიც ნებსით თუ უნებლიედ არის მსხვერპლი და ამავე დროს მეამბოხე ღმერთის წინააღმდეგ.

   მსგავსი სახის „ღვთის რწმენა", აბსოლუტური ანალოგია ათეიზმისა, მაგრამ მათი ეს შინაგანი მსგავსება დაფარულია მეტაფორული ბურუსით. თუ კომუნისტური რეჟიმის დროს ათეიზმი აშკარად ებრძოდა ეკლესიას. დღეს იმავეს, ოღონდ უფრო მზაკვრულად, აკეთებს „მორწმუნე ადამიანი" .

   კითხვაზე, - რა გაქვს სათქმელი „მორწმუნე ადამიანო" ?!

   სწორი პასუხია, - „უფალო შეგვიწყალენ"!



მოამზადა დავით ჯინჭარაძემ 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება