მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, იდეოლოგიური ცდომილებანი, მთავარი გვედის ფოტო > გაყალბებული ფასეულობანი (ნაწილი 1)
გაყალბებული ფასეულობანი (ნაწილი 1)5-04-2018, 00:06 |
„ჭეშმარიტი ორიენტირები იკარგება, ყოფიერების სულიერი ცენტრი და ზნეობრივ ფასეულობათა საზომი ჩანაცვლებულია ყალბით" არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
„ჩვენ ვართ სიყალბისა და ყოველივე ხელოვნურის, მათ შორის, ყალბი ქრისტიანობის და ყალბი მართლმადიდებლობის ნაყოფი. მოდით, გამოვიჩინოთ საკმარისი თავმდაბლობა და ვაღიაროთ ეს" – ამ სიტყვებით აფასებს XX-ს ბოლოს მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი იმ საზოგადოებას, რომელშიც ცხოვრობს. ჩვენ დროს კი ეს მდგომარეობა გამძაფრდა, სიყალბემ მოიცვა ადამიანის ყველა ძირითადი ფასეულობა და ღირებულება; დაქვეითდა კეთილისა და ბოროტის ცნების გარჩევის უნარი, ყველგან და ყველაფერში ვლინდება ადამიანის ღირსების შეფასების ყალბი მიდგომა, ხდება შემწყნარებლობა უღირსი ქმედებებისა და მათი „პოზიტივად შეფუთვა". სიყალბე გვესმის ტელევიზიით, რადიოთი. მან მოიცვა ბეჭდვითი და ინტერნეტ სამყარო. სამწუხაროდ ყალბი და დამახინჯებული სწავლება გვესმის ზოგიერთი სასულიერო პირისაგანაც. ადამიანი იმდენად შეეჩვია სიყალბეს, რომ ვერც კი ამჩნევს, რომ მისი აზრი, სიტყვა და ქმედება ჭეშმარიტებას მოკლებულია და სამწუხაროდ გადამდებიც. ჩვენს საზოგადოებაში მყარად ჩამოყალიბდა ყალბი დამოკიდებულება თავისუფლების, სხვადასხვაგვარი სიყვარულის, კულტურის, მეგობრობის და რაც მთავარია, სულიერების, მართლმადიდებლობის მიმართ.
გაყალბებული თავისუფლება
"ჭეშმარიტად თავისუფალია ის, ვინც ქრისტესთვის ცხოვრობს: იგი ყველა უბედურებაზე მაღლა დგას. თუ იგი თავად არ მოისურვებს შეამთხვიოს საკუთარ თავს ბოროტება, მაშინ სხვა ამას ვერასდროს შეძლებს”. წმ. იოანე ოქროპირი
ჩვენს ქვეყანაში ბევრს საუბრობენ ადამიანის თავისუფლების შესახებ. იგულისხმება სინდისის, რელიგიის, საკუთარი მრწამსისა და შეხედულებების აღიარების და ა.შ. თავისუფლება. სინამდვილეში ამ საუბრის მიღმა ზნეობრივი და სულიერი, ტრადიციული ნორმებისა და პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების სურვილი იმალება და ყალბი თავისუფლების ცნება ყალიბდება. თანამედროვე ლიბერალიზმს თავისუფლება ესმის როგორც ვნებების გამართლება. ვნებებს არ შეუძლიათ ადამიანის სულის დაკმაყოფილება. ამიტომ ისინი, თავად გადაგვარებულნი, პათოლოგიურ ფორმებად გადაგვარებას განაგრძობენ. თავისუფლება, მათი აზრით, ყველაფრის დაშვებულებამდე უნდა მივიდეს, ამიტომ მათი ლოზუნგია: „იცხოვრე როგორც გსურს", ვიყოთ „თავისუფლები", „ძირს ცრურწმენა", „ძირს სირცხვილი" და ა. შ. მათი მიზანია - შეიქმნან ფასეულობათა ახალი სისტემა, სტილი თუ ცხოვრების წესი; შეიცვალოს ზღვარი სექსუალური ნორმისა და პათოლოგიის განსაზღვრაში; ყოველმხრივ წახალისდეს „თავისუფალი" წესით ცხოვრება. იგეგმება სექსუალური ნაირსახეობების პროპაგანდა - ე. წ. ტრეინინგები სხვადასხვა სფეროში, რათა სოციალურ ნორმად აღიარონ და დააკანონონ ყოველგვარი სქესობრივი პათოლოგია. დღეს ქალი თუ კაცი, დიდი თუ პატარა ცდილობს როგორმე ჩაიხშოს გულში სირცხვილის გრძნობა, როგორმე მიემსგავსოს „ცივილიზებულ ევროპულ" საზოგადოებას! იმ საზოგადოებას, რომელიც პროპაგანდირებს ფილოსოფიას: „ზნეობრივი პრინციპები შესაძლოა სიტუაციის მიხედვით შეიცვალოს", „სიკეთისა და ბოროტების ცნება შესაძლოა შენთვის მისაღები პრინციპებით განმარტო და დააკანონო". სამწუხარო და სავალალო ის გახლავთ, რომ ამ ლოზუნგებმა ლიბერალურ ქრისტიანებშიც გაიდგა ფესვები. მათ წრეებში ხშირად მოისმენთ, რომ ეს ყოველი ვნება ადამიანისთვის დამახასიათებელია, ბუნებრივია, მაშასადამე, ნებადართულია. ადამიანი ფიქრობს რომ თავისუფალია, შეუძლია აკეთოს ყველაფერი, რაც მოესურვება, სინამდვილეში კი საბრალო მონად, ცოდვის მონად იქცევა. არქიმანდრიტი რაფაელი ყალბი თავისუფლების მქადაქებლებს პასუხობს: „თავისუფლებაზე მოსაუბრეებს ავიწყდებათ, რომ თავისუფლებისთვის გარკვეული კულტურაა საჭირო: უპირველესად ადამიანისადმი პატივისცემის უნარი, ურომლისოდაც შეუძლებელია მისდამი სიყვარული. მაგრამ იმისათვის, რომ სხვას პატივი ვცეთ, პიროვნება საკუთარ თავში უნდა შევიმეცნოთ, ანუ ზნეობრივი საწყისი განვავითაროთ. ეს არ არის სასკოლო დავალება, რომლის ჩაბარებაც დასწავლილი გაკვეთილივითაა შესაძლებელი. ეს გამუდმებული, მძიმე ბრძოლაა საკუთარ თავთან, ჩვენს უპიროვნო მდგომარეობასთან. თავისუფლება - ეს გამარჯვების ტრიუმფია სულიერ ცხოვრებაში. ამის გარეშე თავისუფლება ცინიკოსის დაცინვა ან მოძალადის მხეცური ეშვების ღრჭენა იქნებოდა. ადამიანებს არ ესმით, რომ ყველაზე სამარცხვინო მონობის მდგომარეობაში იმყოფებიან, რისაგან მათი გათავისუფლებაც არანაირ გარეგან ფორმაციებს ან ლიბერალურ რეფორმებს არ ძალუძთ. ადამიანი თავისი ვნებების მონა სწორედ იმიტომაა, რომ ვნებები არ არის მისი, რომ ისინი ყოველთვის უცხოა სულისათვის. ეს სულში ჩაკრული და მისგან სასიცოცხლო ძალების მწოველი პარაზიტია. ადამიანი კი მათ თავის სულთან, თავის თავთან აიგივებს და ცდილობს შექმნას პირობები, რათა ეს ვნებები თავისუფლად, იოლად განხორციელდეს და საზოგადოების მიერ არა რაიმე მდაბიო, არამედ ცხოვრების ჩვეულ ნორმად იყოს აღქმული”. "ბიწიერების თავისუფლება - ეს ადამიანური ღირსებისაგან, როგორც ღვთის ხატებებისაგან და მსგავსებისაგან, განთავისუფლებაა. ნებისმიერ ზნეობრივ დაცემას სულის განძარცვა მოჰყვება. სულის, რომელიც მატერიალურითაა დამძიმებული და რომელსაც თავისი სხეულით გრძნობს ადამიანი". "თავისუფლება - ეს გულის გათავისუფლებაა ყოველივე უცხოსაგან. ის ღმერთისთვისაა შექმნილი, ამიტომ თავისუფლება - ღმერთშია. თავისუფლება - ეს მარადისობიდან გამოდინებული ნათელია. ადამიანი საკუთარ თავს მხოლოდ ღმერთში ჰპოვებს და თავისთავადი ხდება”.
გაყალბებული სიყვარული და ბედნიერება
თანამედროვე ადამიანს სიყვარული და ბედნიერება სხვადასხვაგვარად ესმის. შეიძლება ითქვას, რამდენი ადამიანიცაა, იმდენი განსხვავებული აზრია ამის შესახებ. ზოგი სიყვარულს და ბედნიერებას სიმდიდრეში და დიდების მოხვეჭაში ხედავს, ზოგი - ავხორცობაში და სექსში, სხვანიც - მყუდროდ ყოფნაში და სიმშვიდეში. არიან ადამიანები, რომლებიც გამუდმებული „ბედნიერების და სიყვარულის შეგრძნების" გამო ოჯახს ანგრევენ და ყალბი, ვნებიანი სიყვარულის ძიებაში ატარებენ წუთისოფელს. მათი გონება გამუდმებით ილუზიური და ფანტაზიური წარმოდგენებით იკვებება, რასაც საბოლოოდ იმედგაცრუება და სასოწარკვეთილება მოჰყვება. ჩვენ ხშირად გვესმის საუბრები მოყვასის სიყვარულზე. მაგრამ, რას ნიშნავს ნამდვილად გიყვარდეს სხვა? არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე) ამბობს: გიყვარდეს, ნიშნავს სხვასთან ერთად გსურდეს ბედნიერებით ტკბობა. ყოველ ადამიანს ბუნებრივი მოთხოვნილება აქვს ესწრაფვოს უსაზღვრო სიხარულს, ბედნიერებას, ე.ი კეთილდღეობას. მაგრამ, ღმრთისაგან განდგომის გამო ადამიანმა აღარ იცის რა არის ჭეშმარიტი ბედნიერება. შემოქმედმა ადამიანი იმისთვის შექმნა, რომ სიხარულს, ცხოვრების სისავსეს თუ სულიერ სიმდიდრეს ღმერთში პოულობდეს, კურთხეულ ერთობაში ღმერთთან და ღმერთში მოყვასთან. ადამიანს მხოლოდ ღმერთში შეეძლო ეპოვა ჭეშმარიტი ბედნიერება, ყველა შინაგანი სურვილის აღსრულება. ამგვარად, იმისთვის, რომ ჭეშმარიტად, ღმერთში გვიყვარდეს მოყვასი, მისთვის ნამდვილი სიკეთის მოსატანად, ვალდებულნი ვართ, უწინარესად, კარგად გვესმოდეს, სწორად ვეძებოთ საკუთარი ბედნიერება, გარდა ამისა, უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის სიყვარული! დიახ, ჩვენ გვიყვარს საკუთარი თავი, მაგრამ ამა სოფელში, მიწიერი სიკეთეები გვსურს, მიწიერი დიდება, წარმავალ წუთისოფელში ვეძებთ სიმშვიდეს, ნუგეშს, სიხარულს. მარადისობისათვის არ გვიყვარს საკუთარი თავი. საიქიო ცხოვრებას თითქმის არ ვიხსენებთ. ცხონებისათვის, შეწყალებისათვის, ცოდვით სიკვდილისაგან დახსნისათვის უგულოდ ვლოცულობთ. დღეს ადამიანმა ძალიან შეიყვარა ბიწიერი, კომფორტული ცხოვრება, ამა სოფლის სული, თავისი მომხიბვლელი საცთურებით, ფსევდოკულტურით და მისთ. ამას მოჰყვა ძიება ისეთი რელიგიისა, რომელიც არ დაგვსჯის ცოდვების გამო, რომელიც მყისიერად, ღვაწლისა და შრომის გარეშე მოგვანიჭებს სიყვარულს, სიმშვიდეს, ბედნიერებას, ამქვეყნიურ სიხარულს. ამ სავალალო ყოფაში შევძლებთ კი წმინდად დავიცვათ უფლის მცნება „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი" (მათ. 22-39)? სამწუხაროდ, ბევრ ჩვენგანს უნდა ვთხოვოთ არ ავნონ მაინც მოყვასს, როგორც საკუთარ თავს ვნებენ. მაშ, ასე, უპირველესად მოყვასში ღვთის ხატის თაყვანისცემას შევეცადოთ, მისი ცდუნებისა გვეშინოდეს, მის სულიერ ძიებას ვცეთ პატივი, გავუფრთხილდეთ, ღვთისკენ სავალ გზას არ ავაცდინოთ. მიწიერი, ცოდვიანი განწყობა არ გადავცეთ, არ ჩავუნერგოთ ჩვენი მცირედმორწმუნეობა, სულმოკლეობა, ხორციელი სიბრძნე. ჩვენი ნელთბილობით არ გავანელოთ მისი მოშურნეობა, ზეციურ მისწრაფებას არ მოვწყვიტოთ წარმავალ სიხარულთა შეთავაზებით. ჩვენი სულიერი ცხოვრების საწყის დონეზე ეს იქნება სწორი დასაწყისი მეცნიერების დასაუფლებლად: ქრისტეში გიყვარდეს მოყვასი შენი! ამასთანავე, უნდა ვიცოდეთ, რომ სიყვარული სულაც არ უნდა იყოს ბრმა. ჩვენ არ უნდა დავხუჭოთ თვალი ადამიანის სულიერ სნეულებებზე. ჭეშმარიტი სიყვარული სულაც არ ითხოვს გარეგნულ ურთიერთობას ადამიანთან, რომლისგანაც შეიძლება სულიერად დაზიანდე და მასაც ვერ მოუტანო სარგებელი. სიყვარული დისტანციაზეც, შორითაც შეიძლება გამოვლინდეს სხვა ფორმით - მეტწილად პირადი ლოცვითა და სიკეთის კეთებით. (გაგრძელება...)
მოამზადა დავით ჯინჭარაძემ
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |