მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, მთავარი გვედის ფოტო > ლაოდიკიელი ცრუმისიონერები (ნაწილი 2)

ლაოდიკიელი ცრუმისიონერები (ნაწილი 2)


3-04-2018, 00:02

ლაოდიკიელი ცრუმისიონერები (ნაწილი 2)

 

   ცრუმისიონერები ხშირად ქადაგებენ იქ, სადაც არ არის შესაფერისი სულიერი და ზნეობრივი გარემო. არსობრივად იქ, სადაც არ სურთ სარწმუნოების გათავისება. იდეოლოგიური თვალსაზრისით, ცრუმისიონერობა გახლავთ მცდელობა დაითანხმო ურწმუნო ირწმუნოს სარწმუნოების გათავისების გარეშე. ცრუმისიონერი ესაუბრება მათ, ვისაც არ სურს სახარებისეული ჭეშმარიტების წვდომა. შედეგად იგი შეურაცხყოფს ჭეშმარიტებას - „უგებს მარგალიტებს ღორებს". ამიტომ, თუ ქრისტიანული ქადაგება გასაგებია მათთვის, ვისაც სურს მისი მოსმენა, ე.ი. ის მისაწვდომია ყველასათვის - მსურველისა თუ არამსურველისათვის. ამდენად, ის, ვისაც არ სურს იხილოს, მოისმინოს და შინაგანად გულისხმა-ჰყოს, არ შეიძლება იყოს ქრისტიანული მისიის ობიექტი. რატომ? როგორც კი ის ღვთის სიტყვას მოისმენს, დასცინებს ან თავისი ბოროტი მიზნებისთვის გამოიყენებს მას. ჭეშმარიტი მისიისთვის მნიშვნელოვანია შემდეგ გარემოებათა არსებობა: 1) მზად არის კი ადამიანი მოისმინოს ჭეშმარიტება? 2) სურს კი ირწმუნოს ეკლესიის? თუ აპირებს ეკლესიის წიაღში, ამსოფლიური მოთხოვნისამებრ ადამიანი მზად უნდა იყოს სულიერი ფერისცვალების და განსაცდელად არა თავად ჭეშმარიტების საკუთარი ახირებისამებრ ჩასანაცვლებლად.

   წმინდა მღვდელმთავარი თეოფანე დაყუდებული ამბობდა:

   „ადამიანები, რომლებიც ვერ იაზრებენ ქრისტიანობაში მტკიცედ დგომის საკითხს და ქრისტიანისთვის აუცილებელ მისწრაფებას სრულყოფილებისაკენ, სხვისთვის სახიფათო და თავიანთვის დამღუპველ შეცდომაში ვარდებიან: იმის ნაცვლად, რომ საკუთარი თავი ქრისტიანული სწავლებისამებრ განაახლონ, ისინი თვით ქრისტიანობის თავისი ნებისამებრ განახლებას, ქრისტიანობისადმი მორჩილებას კი არა, ქრისტიანობის საკუთარი შეხედულებისადმი მორგებას ცდილობენ. რჩებიან რა უცვლელნი, ფიქრობენ, რომ წინ მიდიან და ქრისტიანულ წეს-ჩვეულებებსა და ეკლესიის კანონებში ცვლილებების შემოტანით სხვებსაც ხელს უმართავენ. ქრისტიანობა გადმოცემული სწავლების შენარჩუნებას მოითხოვს, ჩვენ კი ვაახლებთ და ვცვლით მას საკუთარი ნებისამებრ. ასე გამოდის, რომ არა საკუთარი თავის, არამედ ქრისტიანობის გამოსწორებას ვცდილობთ. ამით კი ჭეშმარიტი სრულყოფილების მიღწევის ყოველგვარი შესაძლებლობა გვერთმევა".4

   რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ცრუმისიონერები სარგებლის ნაცვლად უარყოფით ემოციას იწვევენ მართლმორწმუნე ქრისტიანებში. ნეოფიტებს (ახალმოქცეულებს) კი - ყალბ მდგომარეობაში ამყოფებენ, ვინაიდან მათი ქადაგება პრინციპულად არ შეესაბამება სახარებისეულ სულსა და განწყობას.

   ამრიგად, ცრუმისიონერი გვთავაზობს მხოლოდ იმას, რაც სეკულატური სულით გამსჭვალულ ადამიანს სურს, რაც ამ ადამიანისთვის არის ხელსაყრელი. ამიტომ, სინამდვილეში იგი არა ჭეშმარიტი სიტყვის მქადაგებელი, არამედ მასობრივი კულტურის ერთ-ერთი ნაწილია, პროექტია. შედეგად, ცრუმისიონერები ეკლესიის წიაღში მასობრივი და მარგინალური კულტურის გამტარებლებად გვევლინებიან, ვინაიდან მართლმადიდებლობის დამახინჯებული ფორმით წარმოჩენა მართლმადიდებლობის მოდერნისტული რევიზიაა.

   მათი მიზანია, ეკლესიის წიაღში დაამკვიდრონ ადოგმატური აზროვნების პრინციპი. ისინი უბრალოდ ვალდებულად მიიჩნევენ თავს, გაანადგურონ ეკლესიაში დოგმატური ცნობიერება, რასაც სტერეოტიპად და ჩამორჩენილებად სახელდებენ.

   ცრუმისიონერი არ ამხელს თანამედროვე ეპოქის საკვანძო ცდომილებებს, ერეტიკულ სწავლებებს (პაპიზმი, პროტესტანტიზმი), ისინი მისთვის ასევე ეკლესიებია. მაგრამ ისინი ხშირად გვევლინებიან „იაღოველების" მრისხანე მამხილებლებად (ცხადია, ესეც სამხილებელია).

   მათი აზრით, უნდა შეიცვალოს მეთოდიკა, დამკვიდრდეს თეოლოგიური და ისტორიული საკითხების ახლებური ხედვა. ისინი მუდმივად გაიძახიან, რომ ჩვენ უნდა გადავეჩვიოთ უკან, წარსულისაკენ ცქერას, რომ თანამედროვე სამყარო სულ სხვა კანონებითა და რეალობით ცხოვრობს. ერთი სიტყვით, თანამედროვე ქრისტიანებისაგან მინიმალურ დოგმატიზმსა და ზნეობას მოითხოვენ.

   ცრუმისიონერი ათავისუფლებს თავის ადეპტებს მართლმადიდებლური სარწმუნოებრივი პრინციპების სავალდებულო დაცვისაგან. ამიტომ მათი შემოქმედება შეუთავსებელთა შეთავსების მცდელობაა: რელიგიასა, პოლიტიკასა, შოუ-გადაცემებისა და ა.შ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მიწიერზე საუბრობენ ამაღლებულად, ხოლო ამაღლებულსა და სულიერზე - მიწიერად.

   თანამედროვე ადამიანი ამსოფლიური გამრყვნელი სულით დაღლილი და გამოფიტული, ეკლესიაში ეძებს ნუგეშს, სულის საზრდოს, იმას, რაც არ არის ამქვეყნიურ ცხოვრებაში. ცრუმისიონერის მოსმენის შემდეგ ასკვნის დამღუპველ აზრს: აქაც იგივეა, იგივე სული, მეთოდიკა, დამოკიდებულება, ეს ხომ ისედაც ნაცნობია. ამიტომ მისიონერი, რომელიც შეგნებულად თუ გაუცნობიერად არ წარმოაჩენს მართლმადიდებელი ეკლესიის რეალურ სახეს, სწავლებას, ასკეზს, სულიერ სიღრმეს, ის არ არის ნათელი და მარილი სოფლისა.

   არადა ისინი, ერთი შეხედვით, ყველაფერს აკეთებენ ეკლესიური ცხოვრების გამოცოცხლებისათვის. მრევლის მოსაზიდად აწყობენ შეხვედრებს, სუფრებს, ექსკურსიებს, მაგრამ მათი საუბრის თემა მხოლოდ დადებითზე საუბრით შემოიფარგლება - არავითარი მხილება, შეგონება თავის წრეში, რათა არავინ გააბრაზონ, „დააბრკოლონ". მთავარია არავინ წავიდეს ჩვენგან, არ შეაწუხოს სინდისის ქენჯნამ, არ იგრძნოს თავი დისკომფორტულად.

   მაგრამ განა ასე მოქმედებდა მაცხოვარი, როდესაც ვიღაცას მისგან წასვლა სურდა? მან თავის მოწაფეებს ჰკითხა: „ნუუკუე თქუენცა გნებავს წარსვლა?" (იონ. 6. 67) ანუ, სურვილის შემთხვევაში მათ წასვლის ნებას აძლევდა. განა ჩვენც არ გვმართებს ამგვარად მოქცევა?

   მეორე მხრივ: მსგავს ცრუმისიონერთა მოსმენის შემდეგ ადამიანი ფიქრობს, რომ ასეთი ქრისტიანობა მეტად ესადაგება. ის ხომ სულაც არ ფიქრობს საკუთარი ცოდვისაგან განშორებას. ამავდროულად, შესანიშნავად კვებავს და აკმაყოფილებს ზოგადი განათლების მსურველთა მოთხოვნებს, ადამიანი როგორიც იყო ამასოფლისაგანი, ისეთივე რჩება. ერთი განსხვავებაა: ის უკვე ეკლესიის წიაღში მოიაზრებს თავს, ვინაიდან ვერანაირი ხელისშემშლელი გარემოება, მისი ამსოფლიური ცხოვრების წესის მამხილებელი ვერ იპოვა „მისიონერულ ქადაგებაში".


 

მოამზადა დავით ჯინჭარაძემ 

Xareba.net - ის რედაქცია 

 

 

 

4Св. Феофан Затворник. Письма. М. 2001. с. 57.


უკან დაბრუნება