მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, მთავარი გვედის ფოტო > ლაოდიკიელი ცრუმისიონერები (ნაწილი 1)
ლაოდიკიელი ცრუმისიონერები (ნაწილი 1)2-04-2018, 00:03 |
ღვთის მადლით, დღესაც არიან ქრისტიანები, რომლებიც ფილადელფიის ეკლესიის მსგავსად, ერთგულად ემსახურებიან მაცხოვარს. ლაოდიკიის პერიოდშიც ვიპოვით ისეთ გულმხურვალე, მოშურნე მართლმადიდებლებს, დროის სულს რომ არ ეთაყვანებიან. ამიტომ ლაოდიკიის ეკლესიისადმი მამხილებელ სიტყვაში უნდა განვჭვრიტოთ საფრთხე, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდეს საკუთარი ცხონების მიმართ ზერელე, უდიერი დამოკიდებულების ადამიანი. როგორც შევიტყვეთ, ლაოდიკიის ეკლესიისადმი წარმოთქმული არც ერთი სიტყვა არ გამოხატავს მისდამი კეთილგანწყობას. იბადება კითხვა: იმთავითვე იმყოფებოდა ლაოდიკიის ეკლესია ამგვარ სულიერ მდგომარეობაში თუ შემდეგ აღმოჩნდა? წმინდა წერილიდან ირკვევა, რომ შემდგომმა პერიოდში დაივიწყა მან ღვთის სიტყვა და მიეცა ამასოფლის საზრუნავთ. კარგი საწყისები ლაოდიკიის ეკლესიასაც ჰქონდა. პავლე მოციქულმა მას თავის დროზე ეპისტოლეთი მიმართა. მას სურდა კოლასელებისადმი მიძღვნილ ეპისტოლეს ლაოდიკიაშიც გაცნობოდნენ: „როცა ამ წერილს წაიკითხავენ თქვენთან, ისე მოიქეცით, რომ ლაოდიკიელთა ეკლესიაშიც წაიკითხონ, ხოლო რომელიც ლაოდიკიელთათვისაა გაგზავნილი, თქვენც წაიკითხეთ" (კოლ. 4, 16). როგორც ჩანს ლაოდიკიის ეკლესიამ თანდათანობით, ეტაპობრივად გადაუხვია ჭეშმარიტებას. ჩვენ დროშიც ყოველ მხარეს ვაწყდებით ლაოდიკურ სულისკვეთებას, გნებავთ ქრისტიანობას. დღეს ვერავინ იტყვის, რომ ქრისტიანობა არ იჩენს აქტიურობას. არსებობდა კი ოდესმე, ისტორიის მანძილზე, ამდენი ბიბლიური, საღვთისმეტყველო სკოლა ან მისიონერული მოღვაწეობა (ზოგადქრისტიანული მასშტაბით)? ათასობით ადამიანი იკრიბება საღვთისმეტყველო კონფერენციასა თუ სიმპოზიუმზე. მართლმადიდებელ ეკლესიაშიც და მის მიღმაც დღეს მრავლად ვხედავთ საკმაოდ აქტიურ მისიონერებს. ისინი საკმაოდ ნიჭიერი ორატორები და თეოლოგები არიან, ენერგიას არ იშურებენ თავიანთი ცოდნისა და სულისკვეთების მსემენელთათვის გასაზიარებლად, დადიან შეხვედრებზე, განიხილავენ კინოფილმებს, სულიერ საზრდოს პოულობენ არამართლმადიდებლურ ლიტერატურასა თუ მხატვრულ ფილმებში და ა.შ. მათი ბაგეებიდან მუდმივად ისმის მოწოდებები სიყვარულისა და მოყვასის სხვა აღმსარებლობის ადამიანთა რელიგიურ შეხედულებების დაფასებისაკენ, მაგრამ მათ ბაგეებს არა და არ დაცდება მართალმადიდებლური სწავლების პრინციპული დაცვის ქადაგება, დოგმატური სწავლებისა და წმინდა მამათა საღვთისმეტყველო განსაზღვრებების უკომპრომისო დაცვის მოწოდება. მოკლედ რომ ვთქვათ, ვერ გაიგონებთ ერეტიკოსთა მამხილებელ სიტყვას. ამ დროს ჩვენი მოსიყვარულე მისიონერები სალანძღავ სიტყვებს არ იშურებენ მართლმადიდებლური სწავლების ერთგულ ქრისტიანთა მიმართ. მით უფრო მაშინ, როცა მამხილებელი სიტყვა, თუნდაც ირიბად, მათაც ეხებათ. თუკი მოიძებნებიან, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს თავის სახელს არქმევენ, ლაოდიკილები იმას კი არ იტყვიან, აი, ჭეშმარიტი გულმხურვალე მქადაგებელიო, არა! სავარაუდოდ ასე შეამკობენ მას: „რაღაცნაირი ჯიუტი, ხისტი, ფანატიზმისკენ მიდრეკილი ადამიანიაო!" ცოდვის თანაგრძნობა ლაოდიკიელთა გამორჩეული თვისებაა. შეხედულებათა და დოგმატურ სწავლებათა განსხვავების მიუხედავად, ეს „მისიონერები" ცუდს ვერაფერს ხედავენ იმაში, რომ გამართონ სიყვარულის დიალოგი მაშინაც, როდესაც ის დიდი ხანია საღვთისმეტყველო ჩიხშია მომწყვდეული. მეტიც: მართლმადიდებლური კანონების უხეში დარღვევით აღევლინება ერთობლივი ლოცვები ერეტიკოსებთან. ამდენად, ვფიქრობთ, მართებულია ამ ადამიანებს ცრუმისიონერები ეწოდოთ. ჩვენი დროის გამოჩენილმა პუბლიცისტმა და ღვთისმეტყველმა რ. ვერშილომ საფუძვლიანად შეისწავლა ცრუმისიონერობის ფენომენი და დაასკვნა: „ცრუმისიონერობა - მოდერნისტული პროექტია, რომელიც ქრისტიანს ინტელექტუალური თუ ზნეობრივი კუთხით მინიმალურ მოთხოვნებს უყენებს. ამავე დროს, ის პროპაგანდისტული მეთოდების ნაირსახეობაა, რომელიც ყალბი რელიგიური შეხედულებებით მართლმადიდებლობის ჩანაცვლებას ისახავს მიზნად. ცრუმისიონერიზმში მკაფიოდაა წარმოჩენილი ისეთი უარყოფითი მოვლენა, როგორიცაა რელიგიური ინდიფერენტიზმი, ე.ი. მისიონერულ მოღვაწეობას სარწმუნოებრივი და დოქტრინული საკითხებისადმი გულგრილი ადამიანები ეწევიან. დასავლეთის მაგალითზე მკაფიოდ წარმოჩნდა ცრუმისიონერობის ფიასკო თანამედროვე სეკულარულ საზოგადოებაში, რომელშიც თანამედროვე ევროპელი სულ უფრო ძლიერ მიილტვის აღმოსავლური (ისლამი, ინდუიზმი, ბუდიზმი და მისთ.) კულტებისა და რელიგიებისაკენ".1 ამა სოფელს მორგებული მისიონერები მართლმადიდებელ ეკლესიაში XX ს-ში გამოჩნდნენ, როდესაც დაიბადა ლოზუნგი: „გამოვაცოცხლოთ ეკლესია". აქ დაახლოებით ისეთივე მოვლენაა, როგორიც პოლიტიკურ სფეროში - „ეკლესიის გამომაცოცხლებლები" - საეკლესიო ბოლშევიკები არიან. ისინი ეკლესიას მიიჩნევენ კაცობრივ დაწესებულებად. ამიტომ მათ ლექსიკაში წინა პლანზეა ტერმინი „ეკლესიის გამოცოცხლება". ახალმოწამე მიხეილი (ნოვოსელოვი) მათ შესახებ წერდა: „მათი ნაწერებიდან და საქმეებიდან ვგებულობთ, რომ საჭიროა მხოლოდ ადამიანური ენერგია, ერთის მხრივ, და რიგი ცვლილებებისა საეკლესიო ორგანიზაციაში, მეორე მხრივ, რათა „დადამბლავებული" სხეული ეკლესიისა გაცოცხლდეს და იწყოს სწორად ფუნქციონირება. მათთვის ეკლესიის გამოცოცხლების წყარო საეკლესიო მოღვაწეები არიან - საჭიროა მხოლოდ ჭკვიანური შერჩევა ენერგიული მოღვაწეებისა, რომ გამოაცოცხლო, შეაგულიანო და აამოქმედო უსიცოცხლო ორგანიზაცია, რომელსაც ეკლესია ეწოდება".2 მარტოოდენ ენერგიული და ნიჭიერი მქადაგებლები რომ არ ყოფნის ამ საქმეს, მ. ნოვოსელოვმა თავად განგვიმარტა: „რომ ვილაპარაკოთ მრევლის ან ზოგადად საეკლესიო საზოგადოების გამოცოცხლებაზე, საჭიროა თავდაპირველად მკაფიო პასუხი გაეცეს კითხვას: რა არის ცხოვრება ქრისტიანული თვალსაზრისით? ნამდვილი ცხოვრება არის მარადიული ცხოვრება, ის კი უფალ იესო ქრისტეშია, რომელსაც წმინდა წერილში მარადიული „ცხოვრებაჲ" ეწოდება (იხ. იონ. 11. 25). ამდენად, საეკლესიო გამოცოცხლება არის გამოცოცხლება ქრისტეში, ღრმა წვდომა სულიერი სიმაღლეებისა, რომლებსაც ძე ღვთისას მეშვეობით ეზიარება მორწმუნე, პეტრე მოციქულის სიტყვით „საღმრთოსა მის ზიარ ბუნებისა" (2 პეტრ. 1. 4) ყოფნაში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანის ცხოვრების მიზანი განღმრთოებაა. სანამ ქრისტიანი ამას არ გააცნობიერებს, მანამდე მის რელიგიურ და საეკლესიო ცხოვრებაში ყველაფერი გაურკვეველი, აბსურდული, არასწორი, ყალბი, უმიზნო იქნება".3 ერთი სიტყვით, ტერმინი „ეკლესიის გამოცოცხლება" გვთავაზობს სულიერი და ასკეტური მოღვაწეობიდან ცენტრის ამქვეყნიურ მეთოდიკასა და ინტერესებზე გადატანას. ე.ი. რელიგიური და მარადიული ინტერესები, ფასეულობები, დროებითითა და მიწიერითაა ჩანაცვლებული. რ. ვერშილოსთან ასევე ვკითხულობთ, რომ ცრუმისიონერები, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ პროპაგანდის ძალას. საამისოდ მარჯვედ იყენებენ ინფორმაციის გავრცელების ყველანაირ საშუალებას. თუმცა... იქ ვერ მოისმენთ სარწმუნოებრივი საკითხების ძირეულ ანალიზს. სამაგიეროდ მრავლადაა ბედნიერ თუ უბედურ ადამიანთა ისტორიები, ლექსები თუ სიმღერები, ფილმების კომენტარები, დახვეწილი საუბრები თოქ-შოუებში და მისთ. (გაგრძელება...)
მოამზადა დავით ჯინჭარაძემ Xareba.net - ის რედაქცია
1Антимодернизм. ру. Р. Вершило. Лжемисионерство. 2М. Новоселов. Письма к Друзьям. М. 1999. 3იქვე მ. ნოვოსელოვთან.
უკან დაბრუნება |