მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ფსევდომოშურნეობის გამოვლინებანი
ფსევდომოშურნეობის გამოვლინებანი2-03-2021, 14:33 |
ეკლესიის თავისუფალი არსებობის პერიოდში თანამედროვე ქრისტიანებს უამრავი პრობლემა დაატყდათ თავს. საინფორმაციო საშუალებები, წიგნები, ჟურნალ - გაზეთები, განსაკუთრებით სოციალური ქსელები და რელიგიური საიტები - ყველგან შინასაეკლესიო პოლემიკაა. ეს კი ყოველთვის არ შეესაბამება მამებისეული საღვთისმეტყველო პოლემიკის პრინციპს. საღვთისმეტყველო პოლემიკა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ჩვეული მოვლენაა. წმინდა მამები ყველა დროში მართავდნენ საღვთისმეტყველო შეხვედრებს, წერდნენ თხზულებებს, პოლემიკურ წერილებს... ყველა ეპოქას თავისი ინტელექტუალური საფრთხე, ცრუსწავლება, შეცდომა, გამოწვევა ახასიათებდა. ამის გამო საჭირო იყო ადეკვატური რეაგირება, მართებული საღვთისმეტყველო სწავლების დადასტურება. ცხადია, დღესაც უამრავი ცრუსწავლება, შეხედულება ვრცელდება საზოგადოებაში. ესეც მოითხოვს სათანადო რეაგირებას, საჭიროებისას მოყვასის მხილებას, საღვთო მოშურნეობით სარწმუნოებრივი საკითხების აღიარებას, რათა მორწმუნე ერი არ ცდუნდეს და იქონიოს მყარი, მართლმადიდებლური მსოფლმხედველობა. სარწმუნობრივი საკითხების მიმართ მოშურნე ადამიანები დღესაც უყურადღებოდ არ ტოვებენ ჩვენი დროის გამოწვევებს. სამწუხაროდ, გარეგნული მსგავსების მიუხედავად, შიდასაეკლესიო პოლემიკა ჩვენს დროში ყოველთვის არ გამოირჩევა მამებისეული სულითა და ქმედებით. როგორც ცნობილია, ცოდვას ჩვევია მალვა სხვადასხვა სათნოების ნიღბით. მაგალითად, ქრისტიანული სიყვარულის ნიღბით ეწევიან ეკუმენისტური მსოფლმხედველობის პროპაგანდას, ხოლო მოშურნეობის სახელითა და საფარქვეშ სიძულვილის, განკითხვის შურისა და უსიყვარულობის ვნებები იმალება. პირველ შემთხვევაში საფუძველი, რა თქმა უნდა, არ არის სიყვარული, მეორე შემთხვევაში კი საფუძველი ფსევდომოშურნეობაა. არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე ფსევდომოშურნეობის შესახებ წერს: „ყოველ ჩვენგანში ძალზე ღრმად მკვიდრობს განკითხვის ეშმაკი. ამპარტავნობის, თავდაჯერებულობის, ქედმაღლობის, ბოროტების და სხვა ვნებების აღძვრის გამო მოყვასში მუდამ ვეძებთ უამრავ ნაკლს, შეცდომას, შეცოდებებს და ვპოულობთ კიდეც. თუ ასეთ ქმედებას კეთილმსახურებითი მოშურნეობით გავამართლებთ, მაშინ თავს ამ ვნებებით მოქმედების უფლებას მივანიჭებთ; მგზნებარედ გავაზვიადებთ მოყვასის უძლურებასა და ნაკლს, მის შეცდომებს დავხატავთ, როგორც ყველაზე საშინელსა და მიუღებელს; საკუთარ თავსა და სხვებში გავაღვივებთ აღშფოთებასა და მრისხანებას, მოუთმენელ სწრაფვას - გამოვასწოროთ მოყვასი, ვამხილოთ იგი; ვეშურებით მისთვის ჭკუის სწავლებას, შეურაცხყოფის მიყენებასაც კი და გვგონია, რომ ამას თავად კეთილმსახურებით ვიქმთ. ასეთი ცრუ, აღგზნებული მოშურნეობა მუდამ იწვევს უნდობლობას, ეჭვიანობას, ცილისმწამებლობას, სისასტიკეს, სიძულვილს, სულიერ ზიანს". „დიდი უბედურებაა, - განაგრძობს არქიმანდრიტი, - როცა აღგზნებული მოშურნენი კადნიერდებიან და ეკლესიის საქმეებში ერევიან, როცა ისინი, ვნებებით სავსე გულს და გონებას აყოლილნი ფიქრობენ იმის გამოსწორებას, რისი გამოსწორებაც შეუძლებელია, რაც მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის განსაკუთრებული მადლის საშუალებით მიიღწევა, რომლისთვისაც ნათელია მსჯავრნი უფლისანი".1 არსებობს საკმაოდ მკაფიო კრიტერიუმები ერთმანეთისაგან ღვთივსათნო მოშურნეობისა და ფსევდომოშურნეობის განსასხვავებლად, გასამიჯნად. შესანიშნავი განმარტებაა მოცემული მღვდელ გიორგის (მაქსიმოვი) ერთ-ერთ წერილში. 1) ჭეშმარიტი მოშურნეობა ღვთის გულმხურვალე სიყვარულით იბადება. ამიტომ ის არ გამოიხატება ღვთის სიტყვისადმი უდიერი დამოკიდებულებით. როგორც ცნობილია, მოყვასის მხილების წესი მკაფიოდ ჩამოგვიყალიბა მაცხოვრმა მათე მახარებელთან - პირველ რიგში პირადად უნდა ვუთხრათ სათქმელი მას, ვისთანაც გვაქვს პრეტენზია. შეგონების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ორი ან სამი პირის თანხლებით ვუთხრათ. მხოლოდ ამის შემდეგ ეცნობება ვითარება მთელ ეკლესიას (მათ. 18, 15-17). მამხილებლის მიერ ამ მცნების დაცვა არის პირველი კრიტერიუმი. წმინდა მამები ამ პრინციპით ხელმძღვანელობდნენ აშკარა ერეტიკოსებთანაც. წმ. კირილე ალექსანდრიელმა არაერთი მოკრძალებული წერილი გაუგზავნა ნესტორს, ვიდრე საქვეყნოდ შეუდგებოდა მასთან პოლემიკას. ასევე მოიქცა ვარლაამ კალამბრიელთან წმინდა გრიგოლ პალამა. თავდაპირველად იგი არკვევდა, რამდენად სწორად გაიგო მისი (ვარლაამის) სწავლების არსი. მხოლოდ ამის შემდეგ შეაგონებდა მას დაეტოვებინა თავისი ცრუსწავლება. წმინდანები ამგვარად იმიტომ მოქმედებდნენ, რომ ჰქონდათ ჭეშმარიტი სიყვარული ღვთისა და მოყვასისა. მხილების ადრესატს ღვთის სიტყვისამებრ ექცეოდნენ და არა ხალხის წინაშე მჭერმეტყველებისა თუ სიმამაცის დემონსტრირების მიზნით. სულ სხვაგვარად მოქმედებს ფარული სიძულვილითა და შენიღბული მოშურნეობითი რიტორიკით დასნეულებული ადამიანი. როგორც კი ვინმე არ მოეწონება, მყისიერად ისწრაფვის უთხრას მას ეს. ფსევდომოშურნეობით შეპყრობილი სიყვარულით არასდროს მიმართავს მას, ვინც სამხილებელია, რადგან არ აინტერესებს ის, როგორც პიროვნება, როგორც ძმა. ის მისთვის მორიგი მხილების ობიექტია - მორჩა. ასე იკმაყოფილებს თავის ვნებას. მაგონდება წმ. ისააკ ასურის სიტყვა: „ვინც ცდილობს მოყვასის გამოსწორებას, ის საკუთარ მანკიერებებს კურნავს, ხოლო ვინც მავანს საქვეყნოდ ამხელს, ის საკუთარ ნაკლოვანებებს ამრავლებს. ვინც ფარულად კურნავს თავის ძმას, ის მისდამი სიყვარულს ააშკარავებს, ხოლო ვინც შეურაცხყოფს მას მეგობართა წინაშე, ის შურის მძლავრებას წარმოაჩენს საკუთარ თავში".2 2) მეორე კრიტერიუმია უშუალოდ პიროვნებასთან ურთიერთობა, კონტაქტი. წმინდა მამებისთვის ერესის მხილებისას უმთავრესი ყოველთვის იყო ცდომილებისა და მანკიერების მხილება და არა ერეტიკოსთა და ცოდვილთა მხილების ახირება. არცთუ იშვიათად პოლემიკური ნაშრომების წერისას წმინდა მამები საერთოდ არ ახსენებდნენ გასაკრიტიკებელთა სახელებს. ეს კარგად ჩანს ღირსი ეფრემ ასურის ნაშრომებში „Против исследователей естества Сына Божия", ასევე წმინდა პაისი ველიჩკოვსკის თხზულებაში „Возражения пртив хулителей умной молитвы". ბუნებრივიცაა, მამებისთვის მნიშვნელოვანი იყო ცოდვასთან და არა ცოდვილთან, ცდუნებასთან და არა ცდუნებულთან ბრძოლა. ფესვდომოშურნეობის შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარადაა. მისთვის მთავარი დარტყმის ობიექტია, მსხვერპლად მოაზრებული პიროვნება, ხოლო სარწმუნოებრივ სიწმინდეზე აპელირება „კანონიკური" განკითხვაა და სხვა არაფერი. ამა თუ იმ აღმაშფოთებელი მოვლენის მხილება, - პიროვნების დაუსახელებლად, ფსევდომოშურნეს აზრადაც კი არ მოსდის. თუ ამას შესთავაზებ, უწადინოთ მოგისმენს და შესაძლოა მშიშრადაც შეგრაცხოს. ამგვარი მიდგომა მისთვის საერთოდ უინტერესოა. ამ დროს მისი ძირითადი მასტიმულირებელი მიზანი ქრება. რთული გასაგები არ არის, თუ რაა პოლემიკური ტექსტის ავტორისთვის უმთავრესი. წმინდა მამათა და ჭეშმარიტ მოშურნეთა ტექსტებიდან გვარსახელების ამოღება სულაც არ აკნინებს მათ შინაარსს. მაგრამ თუ ფსევდომოშურნის ტექსტიდან ამოიღებთ კონკრეტულ პიროვნებათა სახელებს, ის უშინაარსო და აზრსმოკლებული აღმოჩნდება. 3) დაბოლოს, მესამე კრიტერიუმი - ის შესაძლებლობას გვაძლევს განვასხვავოთ ჭეშმარიტი მოშურნე ფსევდომოშურნისაგან. იგულისხმება მეორეხარისხოვანის წინა პლანზე წამოწევის ფაქტი. წმინდა მამები და ჭეშმარიტი მოშურნენი მხოლოდ მაშინ იწყებდნენ მხილებას, როდესაც შეგნებულად, აშკარად ქადაგებდნენ ერესს. როცა იერარქი ნორმად მიიჩნევდა და აცხადებდა იმას, რასაც ღმერთი ცოდვას უწოდებს. მხოლოდ მსგავს ვითარებაში, შეგნებულად მრავალგზის წარმოთქმული, საფრთხისშემცველი სწავლების მოწმენი - იღებდნენ ხელში კალამს. ფსევდომოშურნეებთან ყველაფერი სხვაგვარადაა. მათთვის საკმარისია ერთი არასწორი ფრაზა, ერთი დაუფიქრებელი საქციელი, რომ ომი გამოაცხადონ და მამხილებელი წერილების წერას შეუდგნენ. წმინდა მამები საჯარო პოლემიკაში იმიტომ ერთვებოდნენ, რომ შეწყვეტილიყო შფოთი, გამოწვეული იმით, რაც უკვე ყველასათვის ცნობილია. ფსევდომოშურნენი კი თავად ქმნიან საცდურებს ეკლესიაში, ასაჯაროებენ იმას, რასაც მათ გარდა არავინ აქცევს ყურადღებას.3 გვინდა წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვის სიტყვებით დავასრულოთ: „მოშურნეობის მცდარი გაგებით მოტყუებულ, არაკეთილგონიერ მოშურნეებს ჰგონიათ, რომ თავიანთი მოშურნეობით ბაძავენ წმიდა მამებსა და მარტვილებს; არადა, ივიწყებენ რომ არიან არა წმიდანები, არამედ ცოდვილნი. თუ წმინდანები ამხელდნენ შემცოდებლებსა და ურჯულოებს, ამხელდნენ ღმერთის ბრძანებით, თავიანთი მოვალეობის შესაბამისად, სულიწმიდის შთაგონებით და არა საკუთარი ვნებებისა და დემონების კარნახით. ვინც გადაწყვეტს, თვითნებურად ამხილოს ძმა ან შენიშვნა მისცეს, ის ცხადად ავლენს, ადასტურებს რომ თავი მხილებულზე კეთილგონიერი და სათნოებით უფრო აღმატებული ჰგონია, რომ მოქმედებს ვნებას აყოლილი და ეშმაკისეული გულისსიტყვებით ცდუნებული".4
დავით ჯინჭარაძე Xareba.net - ის რედაქცია
1არქ. ლაზარე (აბაშიძე). სულის ფარული სნეულებანი. თბ. 2009. გვ. 140. 2Прп. Исаак Сирии. Слово 85. 3Свящ.Георгий Максимов. О ложной ревности и внутрицерковной полемике. 4Св. Игнатий Брянчанинов. Собрание сочинений. СПБ. 1905. Т 1-5. Стр. 275. უკან დაბრუნება |