მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > აღმსარებლები

აღმსარებლები


27-03-2018, 00:01

 

   თითოეული ჩვენგანი ვცდილობთ ცხოვრება რაც შეიძლება რბილად, მეტი კომფორტითა და ნაკლები პრობლემებით განვვლოთ. ხშირად საერთოდ არ გვესმის, რატომ უნდა შევზღუდოთ თავი სარწმუნოებრივი საკითხების დაცვის გამო, რატომ უნდა ვამხილოთ უსჯულოება, რომელიც იმდენად თვალსაჩინოა, რომ უბრალოდ ვალდებულიც კი ხარ გამოხატო სათანადო რეაგირება, თუმცა... ამას შესაძლოა მოჰყვეს ბევრი თავის ტკივილი: უსიამოვნება, პრობლემები სამსახურში და მისთანანი, რაც, როგორც წესი, თავს იჩენს ამ დროს.

   ამიტომ ჩვენს დროში მართლმადიდებლობისა და ეკლესიის ღალატი ერთობ იოლია. ნელ-თბილი ქრისტიანისთვის უმნიშვნელო მიზეზიც კი - კარიერის სურვილი, შევიწროების შიში, სამსახურებრივი მდგომარეობა, კადნიერი დაცინვა და ა.შ. - თავის მართლების საფუძველს იძლევა. თუ პირველ საუკუნეთა სულიერ განწყობას, დევნის ეპოქებს თანამედროვეობასთან შევადარებთ, დავინახავთ, რაოდენ შორს ვართ იმ ამაღლებული სულისკვეთებისაგან, როგორ იცავდნენ მაშინ ქრისტიანობას! როგორი მიზანმიმართული, ძლიერი, პირდაპირი, უკომპრომისო და გულწრფელი პერსონები გახლდნენ ისინი და როგორი უსუსურნი ვართ თანამედროვე ქრისტიანები - ლაოდიკიელები. ამჟამინდელ საზოგადოებაში, ქრისტიანულის სახელს რომ ატარებს, რაოდენ ცოტაა არათუ სახარებისეული, არამედ უბრალოდ სულიერი, ღირსეული...

   სარწმუნოებრივი საკითხების მიმართ გულგრილობა გაუმართლებელია. მაგრამ ნელ-თბილი ქრისტიანი მაინც გამოსავალს ეძებს: „იქნებ არ ღირს თქმა", „განა მხოლოდ მე მევალება სარწმუნოების დაცვა?" - და მისთ. ამგვარად ან მსგავსად ფიქრობს თანამედროვე ქრისტიანი. ის მერყევ მდგომარეობაში განაგრძობს ცხოვრებას. შედეგი კი ასეთია: სარწმუნოებრივი საკითხებისადმი გულგრილობა ეჭვით ბოლოვდება. როდესაც რწმენის აღიარებისთვის მყარი საფუძვლები არ გაგაჩნია, ნელ-ნელა, შენთვის შეუმჩნევლად იცვლი რელიგიურ ხედვას. როგორც იაკობ მოციქული ბრძანებს: „დაუდგრომელ არს ყოველთა გზათა მისთა" (იაკ. 1. 8).

   ეჭვის გაქარწყლებისთვის კი სარწმუნოებრივი საკითხებისადმი გონების დამორჩილებაა საჭირო. განსაკუთრებით საჭიროა ეს ჩვენს საბრალო დროში, როდესაც „ცოდნა" ასე ძლიერ „აამაყებს" ადამიანს. სხვაგვარად, უტყუარი მტკიცებულების მიუხედავად, ეჭვი ურწმუნოებაში გადაიზრდება.

   როდესაც ასეთ საზოგადოებაში გამოჩნდება ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც ქრისტეს სწავლების კვალდაკვალ სვლა სურს, ისინი არასდროს იყვნენ და არც დღეს არიან სასურველნი. რატომ? იმიტომ, რომ ფეხდაფეხ არ მიჰყვებიან დროის სულს, უშლიან ბოროტებას თავის საქმეთა აღსრულებას. ამიტომ იწყება ამ ადამიანთა ყოველმხრივი შევიწროება. ხშირად მათ გასაქანს არ აძლევენ, ჩაგრავენ, დაბოლოს - აშკარად დევნიან. ასეა განსაკუთრებით მაშინ, როცა ქრისტიანები მდუმარედ არ სხედან, პირიქით, ცდილობენ ყველას აუხილონ თვალი იმაზე, რაც ქვეყნად ხდება და ამხილონ მოზეიმე ბოროტება.

   როდესაც ასეთი ადამიანი ლაოდიკიელთა, ანუ ნელ-თბილ ქრისტიანთა გარემოშია, მასზე ამბობენ: არანორმალურია, რადიკალიზმისკენაა მიმართული. თუ მსგავსი აღმსარებელი თავისიანების წრეშია, მას ალმაცერად უყურებენ, მასთან ურთიერთობაში ფრთხილობენ, სისტემატური თვალყური, დევნაა მისი მისამართით - გაღელვებს და შეურაცხგყოფს ყოველივე ეს მისგან, ვინც ერთგულ ადამიანად მიგაჩნია! ასეთი დამოკიდებულება სწორედ უახლესი ადამიანებისაგან არის განსაკუთრებით მძიმე. წარმოიდგინეთ, შედიხართ ოთახში, სადაც თქვენი ოჯახის წევრები, მეგობრები იმყოფებიან. თქვენი მისვლით სიტუაცია მყისიერად იცვლება, უხერხული სიჩუმე ჩამოვარდება და გრძნობთ, რომ თქვენზე ლაპარაკობდნენ, შესაძლოა განკითხვით, შესაძლოა თანაგრძნობით. თქვენ გსურთ კიდევ უფრო გულწრფელად უამბოთ მათ საკუთარი მოსაზრებების შესახებ, მაგრამ... ეჭვი იკვეთება ყველა თქვენი ქმედებისა თუ მოსაზრების მიმართ, თუგინდ ცამდე მართალი იყოს ის. შენ დარწმუნებული ხარ ჭეშმარიტებაში, უტყუარი არგუმენტებით ადასტურებ სიმართლეს, მაგრამ შენი სიტყვა მიუღებელია მათთვის. ამ დროს გაისმის უსაფუძვლო, უარგუმენტო ცრუბრალდება, ცილისწამება, რომლის მოსმენაც ძალიან მძიმეა ახლობელი ადამიანისაგან და ვერ ხედავ ვერანაირ გზას მათ დასარწმუნებლად, რომ არ ხარ ფანატიკოსი, „ზილოტი", რომელიც მათ ერთობლივი ძალისხმევით უნდა შეაჩერონ. წინააღმდეგ შემთხვევაში შენ უამრავ პრობლემას ქმნი. მათ (ჩვენ) ხომ საპატიო ადგილები გვიჭირავს საზოგადოებაში და ა.შ.

   ასე რომ, აბსოლუტურად ადეკვატური შეფასების მიუხედავად, თქვენი ახლობლებისთვის თქვენი მოსაზრებები უბრალოდ მიუღებელია ერთადერთი მიზეზის გამო - ის ქმნის უამრავ პრობლემას!

   ეს, ალბათ, ძალიან მძიმე გადასატანია ადამიანისათვის, მაგრამ ყოველივე უკიდურესად შეურაცხმყოფელი ფორმით გადაიტანა მაცხოვარმა, მოციქულებმა, წმინდა მამებმა, მოწამეებმა და აღმსარებლებმა.

   ჭეშმარიტი აღმსარებელი ქრისტიანი შეიძლება გახდეს ცრუბრალდების, შეურაცხყოფის მსხვერპლი იმიტომ, რომ ასე უანდერძა მაცხოვარმა თავის მიმდევრებს: „არა არს მოწაფე უფროს მოძღურისა თვისისა..." (მათ. 10, 24); „უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნენ" (იონ. 15, 20).

   დღესაც თვალნათლივ ვხედავთ, ამასოფლის სული როგორ ილაშქრებს მათზე, ვინც ღვთის სიყვარულისა და სიმართლისათვის გადაწყვიტა არ დადუმდეს, ამხილოს მოზეიმე ბოროტება.

   მაცხოვრის სიტყვისამებრ: „უკუეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თვისთა ჰყუარობდა; რამეთუ არა სოფლისაგანნი ხართ თქუენ, არამედ მე გამოგირჩიეთ თქუენ სოფლისაგან, ამისთვის სძულთ თქუენ სოფელსა" (იონ. 15, 19).

   ამრიგად, ვინც უფლის გზით სვლა გადაწყვიტა, მზად უნდა იყოს ცრუბრალდების, შეურაცხყოფისა და დევნის ასატანად.


მოამზადა დავით ჯინჭარაძემ 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება