მთავარი > ჭეშმარიტი სასწაულები, მთავარი გვედის ფოტო > ქრისტე აღსდგა მკვდრეთით! - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით! - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


27-04-2020, 17:00

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით! - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   უბედურ და საბრალო არსებას, რომელსაც ადამიანი ეწოდება, არ შეუძლია სიკვდილზე გამარჯვება. მაგრამ, რაც შეუძლებელია ადამიანისათვის, შესაძლებელია ღმერთკაცისათვის. დიახ, ღმერთკაცმა გაიმარჯვა სიკვდილზე. რით? - თავისი მკვდრეთით აღდგომით და ამ გამარჯვებით გადაწყვიტა სიკვდილის პრობლემა. გადაწყვიტა არა თეორიულად, არა აბსტრაქტულად, არამედ მოვლენით, ფაქტით, მკვდრეთით აღდგომის ისტორიული ფაქტით. დიახ, ისტორიული ფაქტით. იმიტომ, რომ არ არსებობს მოვლენა, არა მხოლოდ სახარებაში, არამედ კაცობრიობის ისტორიაშიც, რომელიც ასე ძლიერად, ასე შეურყევლად დადასტურებულიყო, როგორც ქრისტეს აღდგომა. მთელი მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანობის ისტორია გვიდასტურებს ამ ფაქტს.

   მხოლოდ ქრისტეს აღდგომით ეფინება ნათელი ქრისტეს სიტყვებს, სასწაულებს, ჭეშმარიტებას, ყველა სახარებისეულ მოვლენას. იმიტომ, რომ ღმერთკაცის ჭეშმარიტება, ჭეშმარიტებაა მისი აღდგომის სინამდვილით და მისი სასწაულებიც რეალურია მისი აღდგომის რეალობით.

   გარდა ამისა, ღმერთკაცის აღდგომის გარეშე ვერ ავხსნით ვერ მოციქულების მოციქულობას, ვერც მოწამეების მოწამეობას, ვერც მღვდელმთავრების მღვდელმთავრობას, ვერც აღმსარებლების აღმსარებლობას, ვერც მლოცველთა მლოცველობას, ვერც ვერანაირ ქრისტიანულ სათნოებას. იესო ქრისტე რომ არ აღმდგარიყო და არ დაეჯილდოებინა თავისი მოწაფენი ღვთაებრივი ძალითა და სიბრძნით, ვინღა მიანიჭებდა ძალას, სიმამაცეს და სიბრძნეს ამ მშიშრებს, რათა მათ ასე მამაცურად და ბრძნულად ექადაგათ აღმდგარი ქრისტე? მკვდრეთით აღდგომილს რომ არ აღევსო ისინი ღვთაებრივი ძალითა და სიბრძნით, როგორღა აღანთებდნენ ისინი მთელ მსოფლიოს ახალი აღთქმისეული სწავლების ალით? ქრიტიანული სარწმუნოება რომ არ ყოფილიყო, მაშინ ვინღა გაამხნევებდა მოღვაწეებს მოღვაწეობის ღვაწლში, მმარხველებს მარხვის ღვაწლში და ნებისმიერ ქრიტიანს ნებისმიერ სახარებისეულ ღვაწლში?

   ქრისტეს აღდგომა რომ არ ყოფილიყო, ქრისტიანობა არ იარსებებდა; ქრისტე იქნებოდა პირველი და უკანასკნელი ქრისტიანი, რომელმაც ცხოვრება ჯვარზე დაასრულა. ხოლო მასთან ერთად დასრულდებოდა მისი საქმეებიც და მისი სწავლებაც. ამიტომ, ქრისტეს აღდგომა არის ანი და ჰოე მთელ მის ღმერთკაცობრივ სიმაღლეში, სიღრმესა და სიგანეში.

   ქრისტე ნამდვილად რომ არ აღმდგარიყო, რომელი გონიერი ეთაყვანებოდა მას როგორც ღმერთსა და უფალს? განა მოციქულები აღიარებდნენ მას ღმერთად და იქადაგებდნენ, ქრისტე ნამდვილად რომ არ აღმდგარიყო მკვდრეთით? რა ძალა მისცემდა მოციქულებს მოშურნეობას - კითხულობს წმ. იოანე ოქროპირი - მკვდრის საქადაგებლად? რა ჯილდოს, რა პატივს ელოდნენ ისინი მკვდრისაგან? მოწაფეები ხომ ცოცხალ უფალსაც გაექცნენ როდესაც ის შეიპყრეს; სიკვდილის შემდეგ როგორღა გაჰყვებოდნენ მას, თუ ის ნამდვილად არ აღდგა? ხოლო მათ რომ არ შეეძლოთ და არ სურდათ აღდგომის ფაქტის მოგონება, შემდეგიდანაც ჩანს: მაცხოვარი ხშირად ეუბნებოდა მათ თავისი აღდგომის შესახებ, მეტიც, სისტემატურად იმეორებდა, რომ აღდგებოდა მესამე დღეს (მათ. 27, 63). ამიტომ, ქრისტე რომ არ აღმდგარიყო, მოციქულები, როგორც გაცრუებულნი და ხალხის მიერ დევნილნი, უნდა განდგომოდნენ მას და არ ისურვებდნენ მისი სწავლების გავრცელებას. ხოლო ისინი რომ ვერ მოიგონებდნენ აღდგომის ფაქტს, ამის შესახებ საუბარიც არ ღირს. მართლაც, რისი იმედი უნდა ჰქონოდათ მათ? თავისი სიტყვის სიძლიერის? - ისინი ხომ გუნათლებელი ადამიანები იყვნენ. სიმდიდრის? - ისინი ხომ ღარიბები იყვნენ. წარმოშობის? - ისინი ხომ მეთევზენი იყვნენ. მრავალრიცხოვნების? - ისინი ხომ მხოლოდ თერთმეტნი, თან განბნეულნი იყვნენ. მასწავლებლის დანაპირების? მაგრამ რომლის? თუ ის არ აღსდგა, მაშინ არც სხვა დანარჩენი დანაპირებიც იქნებოდა სარწმუნო. და როგორღა დააცხრობდნენ ხალხის რისხვას? თუ მათგან უმთავრესმა (პეტრემ) ვერ აიტანა მოსამსახურე ქალის სიტყვები, ხოლო დანარჩენებმა, იხილეს რა ქრისტე შებორკილი, გაიქცნენ. როგორღა გაიფიქრებდნენ სხვადასხვა ქვეყანაში ცრუ სწავლების გავრცელებას? თუ ერთმა მათგანმა ვერ გაუძლო ქალის მუქარას, ხოლო დანარჩენებმა ვერ აიტანეს ქრისტეს დატყვვების ხილვაც კი, მაშინ როგორღა გაუძლებდნენ სხვადასხვა ქვეყნის მეფეების, მთავრების და ხალხის დევნას, რომლებსაც სიკვდილით დასჯის მრავალნაირი ხერხი ჰქონდათ, რომ არ ყოფილიყვნენ გაძლიერებულნი აღდგომილი ყოვლისშემძლეობით? ქრისტეს მიერ მრავალი სასწაული აღსრულდა, მაგრამ იუდეველებმა არ მიიღეს და ჯვარს აცვეს ის, ვინც შექმნა ისინი, და განა მოწაფეების უბრალო სიტყვას დაიჯერებდნენ ქრისტეს აღდგომის შესახებ? არა, არა! ყოველივე ეს აღდგომილის ძალისხმევით სრულდებოდა.

   ქრისტეს აღდგომა - გადატრიალებაა, პირველი რადიკალური გადატრიალება და რევოლუცია კაცობრიობის ისტორიაში. ამ მოვლენამ ისტორია ორ ნაწილად დაჰყო; პირველში მეფობდა ლოზუნგი: „სიკვდილი გახლავთ აუცილებლობა", მეორეში გამეფდა ლოზუნგი: „აღდგომა, უკვდავება გახლავთ აუცილებლობა". ქრისტეს აღდგომა არის წისქვილი კაცობრიობის ისტორიისა: ქრისტემდე ჭეშმარიტი პროგრესი შეუძლებელი იყო, ქრისტეს შემდეგ ის შესაძლებელი გახდა.

 

 

წიგნიდან: „Прогресс в мельнице смерти" 

მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება