მთავარი > ჭეშმარიტი სასწაულები, მთავარი გვედის ფოტო > ქრისტე აღსდგა!

ქრისტე აღსდგა!


8-04-2018, 00:04

ქრისტე აღსდგა!

 

   დავით წინასწარმეტყველი ფსალმუნში ღმერთს შეჰღაღადებს: „არა დაუტეო სული ჩემი ჯოჯოხეთს, არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელსა" (ფსალმ. 15, 9). ეს წინასწარმეტყველება თავად დავითს, რა თქმა უნდა, არ ეხება, იგი გარდაიცვალა და დაკრძალული იქნა. საფლავი მისი ძვლებით ადასტურებს ამ აზრს.

   ძე ღვთისამ ჯვარზე განუტევა სული და მაშინ შთავიდა ჯოჯოხეთში და იქ უქადაგა მართალთა სულებს, რომელნიც ელოდნენ გამოხსნას და აი, ღვთაებრივი ნათლის სხივი გაბრწყინდა წყვდიადში მყოფ პატრიარქთა და წინასწარმეტყველთათვის.

   დღეს აღსრულდა დავით მეფსალმუნის წინასწარმეტყველება: „და შესწირედ მისა მსხვერპლი ქებისა და უთხრობდეთ საქმეთა მისთა სიხარულით" (ფსალ. 106, 22).

   მაგრამ უფრო გარკვევით, თავისი მკვდრეთით აღდგომის შესახებ მაცხოვარმა თავის მოწაფეებს ჯვარცმამდე განუცხადა რომ ივნებოდა, გარდაიცვლებოდა და მესამე დღეს მკვდრეთით აღსდგებოდა...

   როგორ გაიგეს ქრისტეს აღდგომის შესახებ მისმა მოწაფეებმა?

   გავიდა მაცხოვრის ჯვარცმის შაბათი. დადგა ჯვარცმიდან მესამე დღე. ამა სოფლის მოყვარულთათვის იესო ქრისტეს მოღვაწეობა დასრულებული იყო. არც მოწაფეთათვის იყო ნათელი, თუ რა მოხდებოდა მომავალში. ყველა ფიქრობდა, რომ ჯვარცმულის მკვდრეთით აღდგომა ისეთივე შეუძლებელი იყო, როგორც იორდანეს უკუქცევა. მაგრამ მას, ვინც არაფრისაგან შექმნა ქვეყნიერება, შეეძლო მარადიული სიკვდილისაგანაც ეხსნა ყოველნი მართალნი.

   ასეთია ძალა ღვთთისა, და საკვირველნი საქმენი მისნი!

   ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა მიწისძვრების თანხლებით მოხდა. თავისი აღდგომის შესახებ ქვეყნიერებას უფალმა ანგელოზის მეშვეობით შეატყობინა. ანგელოზი მცველების დასანახავად გარდამოვიდა ზეციდან, მივიდა უფლის საფლავთან, გადააგორა საფლავის ლოდი და ზედ დაჯდა. უფლის ანგელოზს თოვლივით თეთრი სამოსი ემოსა და ისე ბრწყინავდა, როგორც ელვა. იხილეს რა ანგელოზი, საფლავის მცველნი „შეძრწუნდნენ და იქმნეს, ვითარცა მკვდარნი".

   დაახლოებით ამავე დროს, დილით ადრე, მტრებს რომ არ დაენახათ, ქრისტეს საფლავთან მარიამ მაგდალინელი, სხვა მარიამი, დედა იაკობისი, სალომე და სხვანი დედანი მივიდნენ, რათა ნელსაცხებელი ეცხოთ მაცხოვრისათვის. მათ არ იცოდნენ, რომ საფლავს მცველები მიუჩინეს, ამიტომ ისინი იმაზე დარდობდნენ, ვინ გადააგორებდა საფლავის უზარმაზარ ლოდს. საფლავთან მისულებს ლოდი გადაგორებული დახვდათ. სამარხში მაცხოვარი ვეღარ იპოვეს. ისინი მწუხარებამ მოიცვა. მარიამ მაგდალინელმა დანარჩენები საფლავთან დატოვა და მოციქულებს მიაშურა - სიმონ-პეტრესა და იოანეს, რომელიც უყვარდა იესოს და უამბო მათ მომხდარის შესახებ. პეტრე და იოანე მაშინვე საფლავთან მივიდნენ.

   საფლავთან მდგომმა დამწუხრებულმა დედებმა თეთრით მოსილი ყრმა იხილეს, რომელიც საფლავის კარებთან იჯდა. ძალიან შეშინდნენ. ანგლოზმა კი უთხრა მათ: „ნუ გეშინინ თქვენ, ვიცი, რამეთუ იესუს ნაზარეველსა ჯვარცმულსა ეძიებთ, არა არს აქა, რამეთუ აღსდგა, ვითარცა თქუა". მოვედით და იხილეთ ადგილი, სადა დაიდვა უფალი. არამედ წარვედით და უთხარით მოწაფეთა მისთა და პეტრეს, ვითარმედ: აჰა, ეგერა წინაგიძღვს თქუენ გალილეას, მუნ იხილოთ იგი, ვითარცა გრქუა თქუენ". შეშინებულმა და ამავე დროს გახარებულმა დედებმა ეს მაშინვე აცნობეს მოციქულებს.

   აკლდამაში პეტრე და იოანე შევიდნენ. კვართი, რომელშიც იესო იყო გახვეული, იქვე იდო. ყოველივე იმაზე მეტყველებდა, რომ მაცხოვრის სხეული არავის მოუპარავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ დატოვებდნენ ძვირფას კვართს? ამ ვითარებამ უფლის საყვარელი მოციქულის გულში დაბადა რწმენა, რომ მოძღვარი გაცოცხლდა, ხოლო პეტრე ჩაფიქრებული გავიდა საფლავიდან, ის გაკვირვებული იყო მომხდარით. მოწაფეები სახლში დაბრუნდნენ.

   მოციქულების შემდეგ საფლავთან მარიამ მაგდალინელი მივიდა. მზე უკვე მოეფინა იერუსალიმს. მარიამი მწარედ სტიროდა და „ვითარ ტიროდა შთახედა საფლავსა მას" და იქ თეთრსამოსიანი ორი ანგელოზი იხილა. ერთი მაცხოვრის საფლავის თავთან იჯდა, მეორე - ბოლოში. „დედაკაცო, რაისა სტირ?" - მოესმა მარიამს ხმა საფლავიდან. „ადიდოს უფალი ჩემი საფლავით, და არა უწყი, სადა დასდვეს იგი" - იყო მტირალი მარიამის პასუხი. მაშინ მან ვიღაცის ხმა გაიგონა, მოიხედა, მაგრამ თვალზე მომდგარმა ცრემლმა არ მისცა საშუალება ეცნო უცნობი.

   ეს უცნობი იესო იყო. მარიამმა უფალი მებაღედ მიიჩნია, რადგან, მისი აზრით, ადრე დილით აქ მეტი არავინ იქნებოდა. „დედაკაცო, რაისა სტირი? - მოესმა კვლავ თანგრძნობით აღვსილი ხმა - ვის ეძიებ? „უფალო, უკეთუ შენ აღიღე იგი, მითხარ მე, სადა დასდევ, და მე წამოვიღო იგი" - შეევედრა მარიამი, მაგრამ თხოვნაზე პასუხი ვერ მიიღო. მაშინ ის კვლავ უფლის საფლავთან მივიდა. „მარიამ! - მოესმა ნაცნობი ხმა. მარიამმა მოიხედა და სიხარულისაგან აღფრთოვანებულმა თქვა: მოძღვარო და მირბიოდა შემთხვევად მისა". მაგრამ მკვდრეთით აღდგომილმა ღმერთმა მიუგო: „ნუ შემეხები მე, რამეთუ არღა აღსრულ ვარ მამისა ჩემისა. წარვედ ძმათა ჩემთა და არქუ მათ: აღვალ მამისა ჩემისა და მამის თქუენისა". ეს იყო მკვდრეთით აღდგომილი უფლის პირველი განცხადება. და ვის გამოეცხადა? - მას, ვისგანაც უფალმა შვიდი ეშმაკი გამოდევნა.

   მის შემდეგ სამარხიდან სახლში მიმავალ დედებს გამოეცხადა იესო. „გიხაროდენ!" - თქვა მან და დედების გულები აღავსო ზეციური სიხარულით. ისინი მიუახლოვდნენ უფალს და მის ფერხთით დაეცნენ. მაცხოვარმა უთხრა მათ: „ნუ გეშინინ, წარვედით და უთხართ ძმათა ჩემთა, რაითა წარვიდნენ გალილეას და მუნ მიხილონ მე". მაგრამ მისი კურთხევით დედები მაინც წარვიდნენ. და იყვნენ ისინი თითქოს და მოციქულნი თვით მოციქულთათვის.

   რჩებოდა კიდევ ერთი დამწუხრებული გული, რომელსაც ნუგეშისცემა სჭირდებოდა და მაცხოვარიც პეტრე მოციქულს გამოეცხადა. დამწუხრებული და მტირალი მოციქულის გულში უდიდესმა სიხარულმა დაივანა, თუმცა მის შესახებ ვრცლად არსადაა მოთხრობილი.

   დიდება აღდგომილს, დიდება!

   იესოს მკვდრეთით აღდგომის ამბავი საიდუმლოდ ვრცელდებოდა იერუსალიმში. სატანამაც არ დააყოვნა და თავისი მსახურების მეშვეობით მზაკვრული ინფორმაცია გაავრცელა.

   საფლავის მცველებმა მომხდარი სინედრიონის წევრებს უამბეს. სინედრიონის წევრები უხუცესებთან ერთად შეიკრიბნენ: „აჰ, რა შიში დაგვცა კვლავ იმ ჯვარცმულმა!" - ეჭვი არ არის, ასე ფიქრობდა სინედრიონის ყველა წევრი.

   მცველების მონათხრობის, რწმუნებისა და ფიცის შემდეგ, ამბის დაუჯერებლობა წარმოუდგენელი იყო, მაგრამ როგორ უნდა ეღიარებინათ სინედრიონის წევრებს, რომ მიცვალებული გაცოცხლდა? ამის აღიარება საშიში იყო, რაღაც სხვა უნდა მოეფიქრებინათ. და აი, ერთობლივად გადაწყვიტეს, გამოეყენებინათ ნაცადი ხერხი - ფულით მოსყიდვა და ხალხში გაევრცელებინათ მათთვის საყვარელი სიცრუე. იმავე დღეს უხმეს საფლავის მცველებს, მისცეს მათ უამრავი ოქრო-ვერცხლი და დაითანხმეს, „ეღიარებინათ, რომ იესოს ცხედარი ღამით მოწაფეებმა მოიპარეს".

   მცველებმა ფული აიღეს და ასეც მოიქცნენ. მაგრამ ვინ მოწმობს მაცხოვრის ცხედრის მოპარვის შესახებ? - მცველები! ისინი ამბობენ: „ჩვენ ვმოწმობთ, რომ იესოს ცხედარი მისმა მოწაფეებმა წაიღეს. და ჩვენ არ ვტყუით, იმიტომ, რომ იმ დროს, როცა მათ ლოდი გადააგორეს და ცხედარი წაიღეს, ჩვენ ყველას ღრმა ძილით გვეძინა. ასე, რომ არც გვიხილავს და არც გვსმენია არაფერი". რაღა მოწმეებია? თუ სიმართლეა ის, რასაც მცველები ამბობენ, რატომ არ დასაჯეს ისინი? რატომ არ მოძებნეს ქურდები?

   აშკარა ტყუილის მიუხედავად იუდეველებს, დღესაც უფრო მძინარე მოწმეების სჯერათ, ვიდრე თვით ჭეშმარიტების.

   ქრისტე აღსდგა!

   ჭეშმარიტად აღსდგა!



Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება