მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, ჰუმანიზმი, მთავარი გვედის ფოტო > მართლმადიდებლობა და ჰუმანიზმი
მართლმადიდებლობა და ჰუმანიზმი2-05-2018, 00:04 |
სანამ შევუდგები ჩვენი თემის განხილვას, თავდაპირველად ვფიქრობ, მცირე მიმოხილვით ნათელი მოვფინო იმ ისტორიულ მოვლენებს, რომლის შედეგი ბოლშევიკური რევოლუცია გახდა. ამ ისტორიული პროცესის დასაწყისად რუსეთისათვის 1470 წელს მივიჩნევ, როდესაც ქ. ნოვგოროდში თანმხლებ პირებთან ებრაელი სხარია ჩავიდა. ერთი შეხედვით შეიძლება იფიქრო, რომ ნოვგოროდში ჩავიდა ებრაელი „ჟიდოვსტვოს" (ებრაული რჯულის რუსული გამოთქმით) საქადაგებლად, მაგრამ მისი მიზანი რუსი ადამიანის ებრაულ რჯულზე მოქცევა არ ყოფილა. ამ სწავლებით ცთუნებულ ადამიანებს სხარია წინადაცვეთას არ ავალდებულებდა, არამედ ეუბნებოდა: „გარეგნულად ქრისტიანები, ხოლო ფარულად იუდეველები იყავითო". ეჭვგარეშეა, „ჟიდოველების მწვალებლობა" ფართო მოძრაობის ის თავისებური ფორმაა, რომელიც გაიფურჩქნა დასავლეთში და „ჰუმანიზმი" ეწოდება. ჰუმანიზმის სწავლების თანახმად, ადამიანის გონება თავის სულიერ სამყაროს განეშორება და ფიზიკურ ბუნებას ემორჩილება, რის შედეგადაც, ბუნებრივია, ადამიანის სული საშინლად იტანჯება. პეტრე I-ის მეფობის პერიოდში ჰუმანიზმი, შეიძლება ითქვას, ოფიციალურად აღიარებული მსოფლხედველობა გახდა. თუმცა ქრისტიანობის მიმართ თავის მტრულ პოზიციას ჯერ კიდევ არ ამჟღავნებს. ის ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ არანაირი ბრძოლა ქრისტეს წინააღმდეგ არ არსებობს. მაგრამ ეს აშკარა სიცრუეა, რადგან ეკლესიისა და მისი სწავლების მიმართ ფარული დაპირისპირებით, ჰუმანიზმი ამბობდა ქრისტიანულ იდეალებს. მის ადგილს ადამიანის გონებრივი კულტი იკავებდა. თუ XVII ს-ი რუსი ადამიანის იდეალი სიწმიდე, ცოდვისაგან განრინება, სინანული და ზეცისაკენ ლტოლვა იყო, პეტრე I-ის ეპოქიდან ადამიანის იდეალი ევროპული განათლება და ბალ-ზეიმებზე გართობა გახდა. იმ პერიოდში მმართველ წრეებში გაბატონებულმა ამ სიცრუემ რუსეთი შემდეგში საშინელ შედეგამდე მიიყვანა. რჩებოდნენ რა ფორმალურად ქრისტიანები, ადამიანები ნელ-ნელა ღვთის შიშს კარგავდნენ. მართალია, ხალხს მეტწილად სწამდა ღმერთი, მაგრამ აღარ იყო ცხოვრება ღმერთში. თუ უბრალო ადამიანი ცხოვრობდა ქრისტიანულად, განათლებულმა ფენამ გადაუხვია ჭეშმარიტ გზას. XVIII-XIX ს-ის მრავალი წმიდა მამა: დიმიტრი როსტოველი, ფილარეტ მოსკოველი, ეგნატე ბრიანჩანინოვი, თეოფანე დაყუდებული და სხვები ჭეშმარიტ გზას დაადგნენ. მიუხედავად ამისა, დასავლეთიდნ რაციონლისტური და ანტიქრისტიანული იდეების გავრცელება თანდათანობით მძლავრდება. ჰუმანიზმი ლიტერატურას იპყრობს. ქრისტიანული იდეების ადგილს მასში ხორციელი სიყვარული იმკვიდრებს. უბრალო ხალხში განათლების შეტანა ანტიქრისტიანულად განწყობილი პირების მიერ ხორციელდებოდა, რის შედეგადაც ადამიანები გონების კულტის იდეებით იოლად იმსჭვალებოდნენ და ასევე თავისუფლდებოდნენ იოლად ცოდვის ჩადენის შიშისაგან. XIX საუკუნემ თავისი სოციალური მოძრაობითა და არნახული ტექნიკური პროგრესით საგრძნობლად გააძლიერა ჰუმანიზმის პოზიცია. წმიდა მამათა ქადაგების მიუხედავად, ანტიქრისტიანული განწყობილება უფრო და უფრო ძლიერ იმორჩილებდა ფართო საზოგადოებას. მზაკვრული ფორმულა „იყავი ქრისტიანი, მაგრამ იცხოვრე საკუთარი ცხოვრებით, საკუთარი ავხორცული ნებით" - მრავალ მიმდევარს პოულობდა. რუსეთის უდიდესი მწერალი და წინასწარმეტყველი, თ. დოსტოევსკი თვალნათლივ ხედავდა იმ კატასტროფის მოახლოებას, რომლისკენაც ჰუმანიზმის ცრუ იდეებში ჩაფლული რუსეთი მიემართებოდა. ის ხმამაღლა გაიძახოდა მომავალი რევოლუციისა და იმ კატასტროფის მოახლოების შესახებ, რომელიც თვითნება და ვნებებს აყოლილ ადამიანებს დაატყდება თავს. დიდი მწერლის წინასწარმეტყველება აღსრულდა - რევოლუცია მოხდა. ბოლშევიკების ერთ-ერთი პირველი აქტი ეკლესიისა და სახელწმიფოს ერთმანეთისაგან გაყოფა გახდა. ამ აქტშიც მორიგი სიცრუე იფარებოდა. გამარჯვებული ჰუმანიზმი ამბობდა, რომ რწმენა და ეკლესია - ეს ადამიანის პირადი საქმეა. მას შეუძლია, თუ სურს, აღიაროს ქრისტე და ილოცოს მისდამი, მაგრამ ისე უნდა იცხოვროს, როგორც სახელმწიფო ითხოვს - უღმერთოდ. ფაქტიურად ეს იმას ნიშნავს, რომ ოჯახები შექმნილიყო არა ეკლესიური კანონების, არამედ ავხორცული ვნებების საფუძველზე. მშობლები მშობიარობისაგან განთავისუფლბულნი იყვნენ და ნაყოფის განადგურება არც დანაშაულად, არც ცოდვად არ ეთვლებოდათ. თავიანთი შვილების აღზრდით შეშინებული მშობლები შვილებს აღსაზრდელად უღმერთოებს აძლევდნენ. ამის შედეგად ახალი უღმერთო თაობა გაიზარდა. თუ რევოლუციამდე ჰუმანიზმი ადამიანს ცოდვის ჩადენის შიშისაგან ათავისუფლებდა, რევოლუციის შემდეგ ბოლშევიკებმა სიტყვა „ცოდვა" საერთოდ ამოიღეს ხმარებისაგან. მრავალი ცოდვა გმირობად და საამაყო საქმედ ითვლებოდა. მაგალითად, რევოლუციის მტრების მკვლელობა, ბურჟუაზიის ძარცვა, დასმენა, შეურაცხყოფა. ლოზუნგმა „ყოველივე დაშვებულია" გააბრუა სულიერ საფუძველს მოკლებული ადამიანი და მხეცად აქცია. ქრისტიანობასა და ჰუმანიზმს შორის დაუნდობელი ბრძოლა უთუოდ უნდა დაწყებულიყო, რადგან ბოლშევიკებმა თავის მხარეს ყოველი უღმერთო და ანტიქრისტიანული ადამიანი გადაიბირეს. წმიდა ეკლესია, უღმერთოთაგან განთავისუფლებული, მონოლითურ ძალად გადაიქცა. ბოლშევიკების მიერ ეკლესიის შიგნიდან დანგრევის მცდელობამ მარცხი განიცადა. ეკლესიისა და მორწმუნე ერის პირდაპირი დევნაც ასევე უშედეგოდ დამთავრდა. დევნამ ათასობითა და ათიათასობით სასულიერო პირისა და ერისკაცის მოწამეობრივი აღსასრული მოიტანა, რითაც უფრო მეტად გააძლიერა ეკლესიის მონოლითობა. ქრისტიანული ყოფიერება გარეგნულად შევიწროებას განიცდიდა, მაგრამ ის მადლმოსილი ძალა, რომელიც მართლმადიდებელ ქრისტიანში სინანულსა და თავშეკავებას აღვივებდა, არ ქრებოდა. ადამიანები, რომლებიც რევოლუციამდე ქრისტიანობას ტრადიციად მიიჩნევდნენ და უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ გარეგნულად ასრულებდნენ ქრისტიანულ მოვალეობებს, აკრძალვისა და წართმევის შემდეგ უეცრად შეიგრძნეს მისი ფასი და მნიშვნელობა. მათ დაინახეს მასში იდეალი ცხოვრებისა და გაიაზრეს, რომ ეს მხოლოდ ქრისტიანული ყოფიერება დაიცავდა მათ უღმერთო ეპოქისაგან. ადამიანებს ეშინოდათ ეკლესიებში შესვლა, მაგრამ ეკლესია მათთვის არაჩვეულებრივ სავანედ, ნუგეშის მომცემელ წყაროდ გადაიქცა და თუ შიშის გადალახვით ისინი შეიპარებოდნენ ტაძარში, ეს მათ უდიდეს სიხარულსა და სულიერ ძალებს ანიჭებდა. თუ ადრე კუთხეში ჩამოკიდებულ ხატებს გულგრილად უყურებდნენ, ახლა ხატი მათთვის აღმსარებლობისა და მართლმადიდებლური ცხოვრებისაკენ მისწრაფების სიმბოლოდ იქცა. მართლმადიდებლური ყოფიერებისადმი ლტოლვა განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის დროს გამოვლინდა. გერმანელების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზეთითქმის ყოველ ოჯახში ხატები გამოჩნდა. სტიქიურად აღადგენდნენ და მეტიც, აშენებდნენ ტაძრებს. ადამიანები ეძებდნენ ტერორისაგან გადარჩენილ მღვდლებს და დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ ეწინამძღვრათ მათთვის. მრავალი ქრისტიანი საზღვარგარეთ გაიქცა. გაიქცნენ არა დახვრეტისა ან კომუნისტური რეჟიმის შიშის, არამედ მოპოვებული ქრისტიანული ცხოვრების წესის დაკარგვის შიშის გამო. ემიგრაციაში არ იყო სტალინი, კომუნიზმი, ეკლესიის დევნა, მაგრამ ისმის კითხვა, ჰპოვეს კი ემიგრანტებმა ჭეშმარიტი ქრისტიანული იდეალი? სამწუხაროდ, ჩემი აზრით, აქ არა მხოლოდ არამართლმადიდებლები, არამედ მართლმადიდებლებიც ჰუმანისტურ პრინციპებს იზიარებენ. თუ რუსეთში ჰუმანიზმმა მხოლოდ იერარქია მოიცვა და თითქმის არ შეხებია მართლმადიდებელ ხალხს, ემიგრაციაში მან რუსული საზოგადოების მნიშვნელოვანი ფენა მოიცვა. მრავალი თვლის რა თავს მართლმადიდებლად, სინამდვილეში ისინი მხოლოდ ფორმალური ქრისტიანები არიან და არა მხოლოდ თავისი განსჯითა და ავხორცული მიდრეკილებებით ცხოვრობენ. ემიგრაციული ცხოვრების კომფორტი საოცრად უწყობს ხელს ჰუმანიზმის განვითარებას. და არ არის გასაკვირი, რომ მრევლი წინამძღვრისაგან ეკლესიური ცხოვრების გათანამედროვებას ითხოვდა. დღეს უკვე მოიძებნება მღვდლები, რომლებსაც „ახალი ტიპის მღვდლობა" სურთ. ამ „პროგრესიული მოძღვრების" ხელმძღვანლობით იქმნება სხვდასხვა სახის დაწესებულებები, რომლებიც გარეგნულად მართლმადიდებლურია, მაგრამ ჰუმანისტურია არსით. ისმის კითხვა, გვჭირდება კი ჩვენ „პროგრესიული" სასულიერო პირები? გვჭირდება რეფორმირებული მოძღვრები? თუ პირიქით, მთელი ძალ-ღონით უნდა ვეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ ისინი ისეთები, როგორებიც იყვნენ ძველად. რაც მთავარია, გავუფრთხილდეთ მათ მთავარისათვის - ეკლესიის საიდუმლოებების შესრულებისათვის. რადგან ვერც საზოგადო მოღვაწე, ვერც მეცნიერი, ვერც მწერალი, ვერავინ ვერასდროს ვერ შეძლებს მის შესრულებას. მართალია, ცხოვრება წინ მიდის და ყოველივე იცვლება, დროის მიხედვით იცვლება ყოფითი ცხოვრებაც: ეკიპაჟები შეიცვალა ავტომობილით, წიგნი - ტელევიზიით, მაგრამ რელიგიურ-ზნეობრივი საფუძვლები ხომ არ იცვლება! რატომღა შეიცვალონ მოძღვრები? დღეს ისეთივე განსაცდელები, ისეთივე ვნებები ებრძვის ადამიანს, როგორიც ათასი წლის წინათ. ცოდვა ცოდვად რჩება ბოლომდე და არც ერთი იოტა, არც ერთი სიტყვა წმინდა წერილიდან არ შეიცვლება: „ცანი და ქვეყანა წარხდეს, ხოლო სიტყვანი ჩემნი არა წარხდენ". ქრისტიანი ცხოვრობს ეკლესიაში და ეკლესია მას ყოველთვის აძლევს რაც სჭირდება ცხონებისათვის და არაფრის არც დამატებას, არც გამოკლებას არ საჭიროებს. ადამიანმა მხოლოდ უნდა გამოიყენოს, სულიერად იკვებოს ამით. მართალია, ადამიანი ყოფითით ცხოვრობს, მაგრამ მან უნდა ეცადოს გაექცეს ცოდვას. სწორედ ამის დამძლევ სიმხნევეს გვანიჭებს ჩვენ ეკლესია. ეკლესიამ იცის ადამიანის სისუსტე, თანაუგრძნობს მას განსაცდელებსა და ცხოვრებისეულ სიძნელეში. აქ არ არის საჭირო საუბარი რეფორმებზე. თვით ღმერთმა ყოველივე მოგვმადლა თავისი ეკლესიის მეშვეობით. საკითხი მხოლოდ იმაშია, თუ როგორ გამოვიყენოთ ღვთისაგნ ბოძებული ეს სიმდიდრე. ჩვენს სავალალო დროში ჰუმანიზმი უფრო და უფრო დიდი სიმძლავრით მოქმედებს. ჩვენი ეკლესიური ცხოვრება ძირითადად გარეგნული ქრისტიანობით იფარგლება, ხოლო შინაგანი ცხოვრება დავიწყებას ეცემა. ჩვენი დროის ჰუმანიზმის ლოზუნგად კვლავაც ეს სიტყვები რჩება: „მოაჩვენე თავი ქრისტიანად და ავხორცული კანონებით იცხოვრე". მართლმადიდებელ ეკლესიას მხოლოდ ერთი მიზანი გააჩნია - მარადიული, ნეტარი ცხოვრების მიღწევა, რისკენაც მივყავართ დედა ეკლესიას, იმიტომ რომ ქრისტე აღსდგა!
ამერიკის ემიგრაციული ეკლესიის ეპისკოპოსი ანდრეი მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |