მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > შენდამი იხარებს მიმადლებულო, ყოველი დაბადებული, ანგელოზთა კრებული და კაცთა ნათესავი - წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი
შენდამი იხარებს მიმადლებულო, ყოველი დაბადებული, ანგელოზთა კრებული და კაცთა ნათესავი - წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი6-07-2018, 00:03 |
ვმადლობდეთ და ვადიდებდეთ ღმერთს, შემოქმედს და ჩვენს კეთილისმყოფელს, რომელმაც დღეს დასაბამი დაუდო იმ აღთქმათა აღსრულებას, რომელთაც ეტყოდა იგი მამათმთავართ წინასწარმეტყველთა პირით. დღეს გამოაჩინა ღმერთმა თავისი უმაღლესი განგებულება კაცობრიობისათვის! ღმერთმა აღუთქვა ოდესღაც ჩვენს წინაპრებს მოვლინება მხსნელისა, რომელიც აღადგენს დაცემულ ბუნებას კაცისას. წინასწარმეტყველნი მრავალგზის განიმეორებენ ღვთის აღთქმას, და აჰა, დღეს მთავარანგელოზი გაბრიელი ახარებს ყოვლადწმიდა მარიამს, რომ ის შობს მესიას, ემანუილს, რომელიც აღასრულებს ღვთის ყოველ განგებულებას ადამიანთა მოდგმისათვის. ზეცით მოვლინებული მთავარანგელოზი განუცხადებს დღეს ქალწულ მარიამს დიდ ხარებას:„გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის". ასეთი სიტყვები ვის არ გაახარებდა? მაგრამ ქალწულმა მარიამმა არ მიიღო დაუფიქრებლად ეს სიტყვა, არ დაანება მისი გული სიხარულს, არამედ შეძრწუნდა, დაფიქრდა: „ვითარმე არს მოკითხვა ესე". როდესაც ანგელოზმა შეატყო ქალწულს, რომ იგი შეშინდა და დაფიქრდა, უთხრა: „ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღვთისა", და შემდეგ აუხსნა, ვინ იშვებოდა მისგან და რაში მდგომარეობდა ეს დიდი საიდუმლო. ყოვლადწმიდა ქალწულმა მაინც არ დაიჯერა, კიდევ ეჭვით მიუგო: „ვითარმე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი". მთავარანგელოზმა აუწყა, რომ შობა მისი იქნებოდა სულისაგან წმიდისა; ამასთანავე გაახსენა მას ძალი და ყოვლისშემძლეობა ღვთისა, როცა უფალმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ნათესავ ელისაბედს, ვინაც იყო ბერწი, მისცა შვილი ღრმა სიბერის დროს. მხოლოდ ამის შემდეგ დაემორჩილა ყოვლადწმიდა მარიამი და უთხრა: „აჰა, ესერა მხევალი ღვთისა, მეყავ მე სიტყვისაებრ შენისა". ახლა, ძმანო ჩემნო, დავფიქრდეთ, როგორ მიიღო ეგოდენი კადნიერება ქალწულმა მარიამმა, როცა ხედავდა მის წინაშე ზეციურ მახარებელს. მან შეატყო, ის არის მთავარანგელოზი, და მაინც მაშინვე არ დაუჯერა, არამედ გამოავლინა ეჭვი და მოითხოვა მისგან დამტკიცება და ხსნა მისი ხარებისა. თავი მხრივ, როგორ დაუთმო ანგელოზმა, არ აყვედრა ქალწულს ეჭვიანობა და პასუხისგება. ახლა გავიხსენოთ, რომ როცა იგივე მთავარანგელოზი გაბრიელი უფრო ადრე გამოეცხადა ზაქარიას ტაძარში და ახარა მას შვილის შობა, ზაქარიამ არ დაიჯერა და ჰკითხა: როგორ იქნება ეს, როცა მე და ჩემი ცოლი ღრმა მოხუცებულები ვართო. მაშინ განურისხდა მას მთავარანგელოზი და ფიცხელი სასჯელი დაადო - მოაკლო მეტყველება. ყოვლადწმიდა ქალწული კი, არა თუ არაფერი აყვედრა, არამედკრძალვითა და მოთმინებით დააჯერა იგი, და არ განეშორა მას მანამ, სანამ არ გაიგონა მისგან: „აჰა ესერა მხევალი ღვთისა". ეს იმისთვის მოხდა, ძმანო ჩემნო, რომ ზაქარიამ მართალ გულში გამოიჩინა ურწმუნოება, ყოვლადწმიდა მარიამი კი არა ურწმუნოებითა და უსასოებით გამოჰკითხავდა მთავარანგელოზს, არამედ სასოებითა და სიმდაბლით. ღვთისმშობელს სისწორით უნდოდა შეეტყო ღვთის ნება, ეშინოდა, რომ არ შემცდარიყო, სურდა დამორჩილება ღვთის ნებას და როცა ყოველი კარგად გაიგო, მაშინ დაემორჩილა და თქვა: „აჰა ესერა მხევალი ღვთისა". რით და რისთვის მიიღო ქალწულმა მარიამმა მადლი ღვთისა, რომ იქნა გამორჩეული მთელ ადამიანთა მოდგმისაგან ღვთის ნების განსახორციელებლად? ის იყო შემკული ყოველი სათნოებით, რაც კი შესაძლებელია ადამიანური ბუნებისათვის. ყველა ღვთაებრივი სისრულე და დიდება მთელ მის სულსა და გულს მოიცავდა. მისი სრულყოფილება დაფარული იყო კაცთაგან, ღვთისათვის კი განცხადებული. ყოვლადწმიდა მარიამის სული იყო ტაძარი ღვთისა ცხოველისა მანამ, ვიდრე მისი სხეული შეიქმნებოდა ტაძარი ღვთის სიტყვის განხორციელებისა. გარეგნულად ღვთისმშობელი არ აჩენდა მის დაფარულ დიდებულებას. ვერავინ განარჩევდა მას სხვა ქალებისაგან, ვერც შესამოსელით და ვერც სხვა გარეგანი გარემოებით. მის გულში კი ნათობდა ღვთაებრივი ნათელი. ყოველი გონება მისი იყო გართული ზეციური არსით, გული სავსე ჰქონდა გამოუთქმელი სათნოებით. გარეგნულად იყო უბრალო და მსგავსი სხვა ქალებისა. მის ნიჭთა, მადლთა და სათნოებათა შორის უდიდესი და უსანტრელესი იყო სიმდაბლე და სიმშვიდე. ამ უკანასკნელი სათნოების გამო მიხედა მას ღმერთმა, როგორც თავად აღიარა სულიწმიდის შეგონებით: „რამეთუ მოჰხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა". არსებობს ერთი ძველი, მშვენიერი გადმოცემა ქალწულ ღვთისმშობელზე: როცა ის კითხულობდა ისაია წინასწარმეტყველის წიგნს და შეხვდა ადგილი: „აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვას ძე, და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ". დაფიქრდა ამ სიტყვებზე და თქვა თავის გულში: „რა სანატრელი იქნება ის ქალწული, რომელზედაც ითქვა ეს სიტყვები". შემდეგ მარიამი ევედრა ღმერთს, რომ აღირსოს მას ხილვა იმ ქალწულისა, რათა ემსახუროს მას, როგორც მხევალი. ასეთი სიმდაბლე ჰქონდა მას გულში! მან ღრმად დაინერგა გულში სიტყვა იმავე წინასწარმეტყველისა, რომელიც ამბობს: „ვის მივხედო, გარნა მდაბალსა, მშვიდსა და რომელი ძრწის სიტყვათა ჩემთაგან". ცხოვრობდა ღვთისმშობელი მყუდროდ, ადამიანთაგან დაფარულად, ყოველგვარი მოთხოვნილებისა და პრეტენზიების გარეშე. საღმრთო ფსალმუნების მგალობელი, წინასწარმეტყველი და მეფე დავითი ერთი თავისი ფსალმუნით ასე შეგვაგონებს:„ახარებდით დღითი დღე მაცხოვარებასა ღვთისასა ურთიერთარს". ყოველდღე ახარებდითო ღვთის მცხოვარებასო. თუ ღვთის მაცხოვარების ხარება ყოველდღე სასურველია და საჭირო, მით უმეტეს დღევანდელ ხარების დღეს, როცა მთავარანგელოზი გაბრიელი ახარებს ქალწულ მარიამს კაცთა მოდგმის ზეციურ მაცხოვარებას, რომელიც თავი და დასაბამია ჩვენი ცხოვრებისა, როგორც გალობს წმიდა ეკლესია და მეც გახარებთ თქვენ და გამოგიცხადებთ, რომ ჩვენ, ყოველნი ქრისტიანენი ვიქნებით უკვდავნი, ცხოველნი და ცხონებულნი უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგებების მიხედვით
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |