მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, მთავარი გვედის ფოტო > სახე ქრისტიანი ქალისა - წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

სახე ქრისტიანი ქალისა - წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი


25-06-2018, 00:05

სახე ქრისტიანი ქალისა - წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

   თუ გადავხედავთ გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგებებს ხარების დღესასწაულთან დაკავშირებულს, ვნახავთ, რომ უმეტეს მათგანში წმინდანი ქალთა საკითხს ეხება. განა ეს შემთხვევითია? წმიდა გაბრიელი თავისი ფხიზელი თვალით ამჩნევდა, რომ დედანი საქართველოსი სხვა გზას ირჩევენ ცხოვრებაში, არა იმას, რომელიც ოდითგანვე მოგვმადლა ჩვენ. მათ დაივიწყეს ის იდეალი, რომელიც ქრისტიანობამ დაუსახა ქართველ ქალს. ის ხომ თავისი ცხოვრებით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ბაძავდა, ის ჰყავდა იდეალად დასახული, ამ მიბაძვით აღმობრწყინდა უკვდავი სახეები წმიდა შუშანიკისა, წმიდა ქეთევან დედოფლისა, წმიდა თამარ მეფისა.

   დღეს ქალმა მარტო ქრისტიანული ცხოვრების წესი კი არ დაკარგა, მას საერთოდ აღარ ახსოვს და არც იცის, თუ როგორი იყო იმ სულგანათებულ დედათა ცხოვრება, რომლებიც უნათებდნენ და უკვალავდნენ თაობებს გზას. ამიტომაც აუცილებლად მიგვაჩნია შევახსენოთ ჩვენ დედებს თუ როგორია სახე ქრისტიანი ქალისა, სულმნათი ეპისკოპოსის - გაბრიელის ქადაგების მიხედვით.

   ყოვლადწმიდა, რომელმაც დღეს მიიღო ხარება მთავარანგელოზისაგან, ღირსი შეიქმნა მსახურებად ღვთის განხორციელებისა. მან გვიჩვენა ჩვენ, როგორი უნდა იყოს ყოველი ქრისტიანი ქალი.

   რა სიახლე მოიტანა ახალმა დროებამ ჩვენში? - კითხულობს წმიდა გაბრიელი. ის, რომ ცოტ-ცოტად იცვლება სახე საზოგადოებრივი ცხოვრებისა, უმეტესად კი იცვლება აღზრდა, მდგომარეობა და ყოფაქცევა ქალებისა. ჩვენ ყველამ ვიცით, რანაირად ზრდიდნენ წინათ ქალებს. უწინ უმეტესად ქალის აღზრდა წარიმართებოდა ოჯახში. ქალი იზრდებოდა შინ, დედ-მამის მზრუნველობის ქვეშ. მას მისცემდნენ ხელში საღმრთო წერილს, ასწავლიდნენ დავითნს და ჟამნს, საეკლესიო გალობას, დაკვრას, მიაჩვევდნენ ოჯახის მოვლას, ასწავლიდნენ შინაურ ხელოვნებას. ვფიქრობ, რომ ასეთი აღზრდა უმჯობესად და კეთილგონიერად ამზადებდა ქალს მომავალი შინაური ცხოვრებისათვის, ვინაითგან იგინი ემზადებოდნენ მომავალი ცხოვრებისათვის. დღეს კი სხვანაირად მიმდინარეობს აღზრდა, სწავლა და ცხოვრება ქალებისა. ნუთუ ასეთ პირობებში აღზრდილი ქალი უმჯობესი იქნება უწინდელ დედებზე? ღმერთმა ინებოს და ჩვენს ქალებს არასოდეს არ დაეკარგოთ ფრიად საქები და საყვარელი თვისებები, რომლებიც ამკობდნენ ძველებურად მცხოვრებ ქალებს, ესოდენ ძვირფასებს ქრისტიანობისას და საზოგადოებისათვის.

   რომელია ეს თვისებები და ღირსებანი ძველებურ ქალთა? ქალის ბუნება იმით განსხვავდება მამაკაცის ბუნებისაგან, რომ იგი ცხოვრობს უმეტესად გულითა და გრძნობით, ხოლო მამაკაცი გონებით. ქალი მაშინ არის ბედნიერი და კმაყოფილი, როდესაც შეუძლია გულითადი სიყვარულის მიძღვნა ქმრისათვის, ძმისა თუ სხვა მახლობელთათვის. ე.ი. მაშინ არი ბედნიერი, როცა სხვას აბედნიერებს.

   ღმერთმა განგებ მიანიჭა ქალს მამაკაცისაგან განსხვავებული თვისებები. ვინაიდან მათი მდგომარეობა და მნიშვნელობა სხვაა, ვიდრე მნიშვნელობა და საქმე მამაკაცისა, დანიშნულება ქალისა, რომელიც მას ღმერთმა მისცა, კეთილად სრულდებოდა ძველებურად მცხოვრებ ოჯახებში. პირველად უნდა ავღნიშნოთ საკვირველი სიყვარული და ერთგულება ცოლისა ქმრისადმი, რომელიც ადრინდელ ოჯახებში სუფევდა. უმეტესად ის იყო საქები და საკვირველი, რომ როგორიც უნდა ყოფილიყო ქმარი, ღირსი თუ უღირსი, კარგი თუ ცუდი, მაინც უყვარდა იგი ცოლს. დღეს ხშირდ გვესმის, რომ ბევრი „განათლებული" და „განსწავლული" ქალი ხშირად შეურაცხყოფს ქმარს, მოიშლის ერთგულებას, თუ ქმარი მისი არის მასზე ნაკლები ჭკუითა და ღირსებით. ძველებურად გაზრდილ ქალთა თვისება იყო გამოუთქმელი სიყვარული შვილებისადმი. ეს სიყვარული ისეთი დიდი იყო, რომ დედა მთელ თავის ცხოვრებას უძღვნიდა შვილების აღზრდას. ვის არ ახსოვს, ძმანო ჩემნო, მანუგეშებელი და განმაცხოველებელი სიყვარული თავისი დედისა, ვინ არ ინუგეშებს თავს მწუხარების დროს დედის სიყვარულით?

ძველად ქალებს სიმდაბლე და სიმშვიდე ამშვენებდა. ზოგიერთი მათგანი ისეთი თავმდაბალი იყო, რომ თვითონაც არ იცოდა თავისი თავის ფასი. ისინი სიცოცხლეს შესწირავდნენ თავის მახლობელ და საყვარელ ადამიანებს და არაფერს ხედავდნენ ამაში განსაკუთრებულს. ამას უნდა დავუმატოთ მათი დაუცხრომელი შრომა, დაუძინებელი ზრუნვა და გულმტკივნეულობა ოჯახისათვის. ერთი სიტყვით, განსხვავებული და მოსაწონი შინაური ცხოვრება, ნამდვილი ქრისტიანული ყოფაქცვა - აჰა ღირსება ძველბურად განსწავლულ ქალთა.

   არავინ იფიქროს, რომ ჩვენ არ მოგვწონს განათლება და სწავლა აწინდელი დროებისა. სასურველი და სანატრელი იქნება, თუ ეს საშური თვისებები არ დაეკარგებათ მათ. ხოლო თუკი ნაცვლად ამისა, ქალები შეიყვარებენ გაფანტულ ცხოვრებას, განცხრომას, თავის მოწონებას, პირისახის შემკობას - ეს იქნება სამწუხარო და მავნებელი შთამომავლობისათვის.

   დიდია ქრისტიანობაში ქალის მნიშვნელობა. ყოველი ადამიანი თავის ცხოვრების პირველ წლებს ატარებს დედის კალთაში, მისგან სწავლობს პირველ სიტყვას, ქცევას, პირველ ლოცვას. შეიძლება ითქვას, ბედნიერება კაცისა დედაზეა დამოკიდებული, თუკი დედა ღვთისმოყვარეა. მაგრამ ჰოი, რა საშინელი და მავნებელია, როცა დედა არის ცუდი ხასიათის და შვილს თავის ხასიათს გადასცემს.

   დასასრულს მივაქციოთ გული და გონება ყოვლადწმიდა ღვთისმშობელისადმი. იგი იყო სრული სახე და მაგალითი ქრისტინი ქალის ცხოვრებისა. მას ვევედროთ, განამტკიცოს ნება ქალთა კეთილსა ცხოვრებასა შინა. ამინ!



შეადგინა დეკანოზმა ზაქარიამ (მარგალიტაძე) 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება