მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > წერილები სულიერ შვილებს - წმიდა ამბროსი ოპტინელი

წერილები სულიერ შვილებს - წმიდა ამბროსი ოპტინელი


28-04-2018, 00:04

წერილები სულიერ შვილებს - წმიდა ამბროსი ოპტინელი

 

   წინათ მოწერილ წერილში თქვენი შვილისაგან შემდეგი შეკითხვა გადმომეცით: „სახარებისეულად კაცობრიობა მეორედ მოსვლის წინ სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამით ადამიანის თანმიმდევრული სრულყოფის შესაძლებლობა გამოირიცხება. შესაძლოა კი, საზოგადოების კეთილდღეობისათვის რაღაცის გაკეთება, როცა სოფლის აღსასრულის წინ არანაირი საშუალებით არ მოხერხდება კაცობრიობის ზნეობრივი სრულყოფილება".

   შემდეგ წერილში კი იგივე შეკითხვა სხვაგვარად დასვით:

   „ქრისტიანი ვალდებულია აკეთოს სიკეთე და ეცადოს, რომ სიკეთემ გაიმარჯვოს ბოროტებაზე. სახარებაში სწერია, რომ ბოლო ჟამს ბოროტება სძლევს სიკეთეს. როგორღა არის შესაძლებელი სიკეთის გამარჯვება, როდესაც ამგვარი მცდელობა არ დასრულდება სიკეთის სასარგებლოდ?"

   უთხარით თქვენს შვილს, რომ ბოროტება უკვე დამარცხებულია. დამარცხებულია არა ადამიანის ძალითა და მონდომებით, არამედ თვით ღმერთით, უფლითა ჩვენითა იესუ ქრისტეთი, რომელიც სწორედ ამისთვის განკაცდა და ევნო კაცობრივი ბუნებით. თავისი აღდგომით კი დაამხო ბოროტება და ბოროტების თავი - ეშმაკი. მაცხოვარმა განგვანთავისუფლა ეშმაკისა და ცოდვის მონობისაგან, როგორც აღგვითქვა: „აჰა მიგცემ თქუენ ხელმწიფებასა დათრგუნვად გუელთა და ღრიანკალთა და ყოველსა ზედა ძალსა მტრისასა, და თქვენ არარაი გევნოს" (ლუკა 10, 19).

   ნათლობის შემდეგ ყოველ მორწმუნე ქრისტიანს ბოროტების დათრგუნვისა და სიკეთის ქმნის ძალა ენიჭება. ხოლო საკუთარი ძალებით ბოროტების დამარცხება, რომელიც უკვე დამარცხებულია მაცხოვრის მიერ, მართლმადიდებელი ეკლესიის საიდუმლოების უცოდინარობაზე, ადამიანის სიამაყესა და თვითდაჯერებულობაზე მეტყველებს.

   თქვენ მწერთ: სახარებაში ნათქვამია, რომ ბოლო ჟამს ბოროტება სძლევს სიკეთეს. წმიდა წერილში ამგვარი რამ არსად სწერია. ნათქვამია მხოლოდ: „ხოლო მორაი-ვიდოდეს ძე კაცისა, პოვოს-მეა სარწმუნოებაი ქვეყანასა ზედა?" (ლუკა 18, 8). ასე სწერია: „და განმრავლებითა უსჯულოებისათა განხმეს სიყვარული მრავალთა"  (მათ. 24, 12).

   წმ. პავლე მოციქული ამბობს, რომ მაცხოვრის მეორედ მოსვლის წინ გამოჩნდება კაცი იგი უშჯულოებისა, შვილი იგი წარწყმედელისა (II თეს. 2. 3-7), ანუ ანტიქრისტე, მაგრამ იქვე დასძენს: „და მაშინ გამოჩნდეს უსჯულო იგი, რომელი იგი უფალმან აღხოცოს სულითა პირისა მისისაითა და განაქარვოს იგი გამოჩინებითა მით მოსვლისაითა" (II თეს. 2, 8). სად სწერია აქ ბოროტების გამარჯვებაზე? და საერთოდ, ბოროტების ყოველგვარი გამარჯვება მხოლოდ წარმოდგენითი და დროებითია.

   მეორე მხრივ, არც ის არის სამართლიანი, რომ თითქოს ადამიანი დედამიწაზე სისტემატიურად სრულყოფილდება. პროგრესი მხოლოდ ადამიანის გარგნულ საქმიანობაში, კეთილმოწყობაში შეინიშნება, ხოლო ქრისტიანულ - ზნეობრივი თვალსაზრისით საყოველთაო პროგრესი არ არსებობს. ისტორიის ყოველ პერიოდში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ქრისტიანულ სრულყოფილებას აღწევდნენ. ასეთი ადამიანები ანტიქრისტეს პერიოდშიც იქნებიან, რომელთათვისაც სახარებაში ნათქვამია: „...ხოლო რჩეულთა მათთვის შემოკლდენ დღენი იგი"  (მათე 24, 22). ასევე, ისტორიის ყოველ პერიოდში იყვნენ ადამიანები, რომლებიც უზნეო, გარყვნილ ცხოვრებას ეწეოდნენ, ან სხვადასხვა მწვალებლობებში ეშვებოდნენ (I ტიმ. 6, 20).

   ზნეობრივი სრულყოფილება (არასრულფასოვანი) დედამიწაზე არა მთელი კაცობრიობის, არამედ ცალკეული მორწმუნე პიროვნების მიერ ღვთის მცნების აღსრულებით მიიღწევა, რომლის მოსამზადებელ პერიოდს ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრება წარმოადგენს. და თუ ადამიანის დანიშნულება მხოლოდ ამქვეყნიური არსებობით შეიზღუდება, თუ ადამიანისათვის ყოველივე დასრულდება ამ ქვეყანაზე, მაშინ რატომ თქვა წმ. პეტრე მოციქულმა: „ხოლო მოიწიოს დღე იგი უფლისა, ვითარცა მპარავი ღამისა, რომელსა შინა ცანი მძაფრიად წარხდენ და წესნი იგი დაიწუნენ და დაზულენ და ქვეყანაი და მას შინა საქმენი დაიწუნენ" (2 პეტ. 3, 10). მანვე დაუმატა: „ახალსა ქუეყანასა მსგავსად აღთქმისა მისისა მოველით, რომელსა შინა სიმართლე დამკვიდრებულ არს" (2 პეტ. 3, 13). მომავალი, ნეტარი, მარადიული ცხოვრების გარეშე დედამიწაზე ჩვენი დამკვიდრება უსარგებლო და გაუგებარი იქნებოდა.

   კაცობრიობის საკეთილდღეო მოღვაწეობა ერთობ სათნო საქმეა, მაგრამ არა ყველასათვის მისაწვდომი. წმ. დავით მეფსალმუნე ამბობს: „მოიქეც ბოროტებისაგან და ჰქმენ კეთილი"  (ფს. 33). დღეს კი ყოველივე პირიქით ხდება. მოყვასის კეთილდღეობისათვის ზრუნვა ხშირად მხოლოდ საუბრებით იფარგლება, თავის გამოსწორებაზე კი არავინ ფიქრობს. მეორე მხრივ, თუ ჩვენ არ ძალგვიძს კაცობრიობის საკეთილდღეოდ სარგებლობის მოტანა, მაშინ საერთოდ არ ღირს თავის შეწუხება - ასეთი აზრი მეორე უკიდურესობაა. ყოველი ქრისტიანი თავისი ძალისხმევისა და შესაძლებლობების განთვალისწინებით ვალდებულია იშრომოს მოყვასის საკეთილდღეოდ, მაგრამ ვიმეორებ, დროულად და თავის წესისამებრ, ხოლო ჩვენი შრომის შედეგები ღვთის ნებას მივანდოთ.



წმ. ამბროსი ოპტინელი 

მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება